ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთი განაახლებს სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც წითელ ზღვაში იყენებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება სარაკეტო სისტემის განახლებისთვის 405 მილიონ ფუნტს (514 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო, არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ ადაპტირება, რათა დავიცვათ გაერთიანებული სამეფოს, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაახლოებით 10 დღის წინ დაარტყეს. აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტი“ ბოევიკებისგან, და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნული იყო გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა. თავის მხრივ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებდნენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“ ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნავდა ჯო ბაიდენი. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.
სუს-ი: ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. შესაბამის განცხადებას სუს-ი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს. ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართულნი არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვი ნიუ-იორკში „არამეგობრული ქვეყნების“ გვერდის ავლით ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. საბჭომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელოს. სახელისუფლებლო სააგენტო, რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა, „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების" გარეშე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი ნიუ-იორკში 22-24 იანვარს იქნება და გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის გარდა, „რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას“ გამართავს. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, სერგეი ლავროვი აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა, თუმცა, როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად ითვლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წლის სექტემბერშიც, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად. რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა აუკრძალეს.
NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
22 იანვარს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს დღეს, 22 იანვარს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. Steadfast Defender 2024-ს დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი უნდა შეუერთდეს - 31-ვე მოკავშირიდან და მომავალი წევრი - შვედეთიდან. Steadfast Defender 2024-ის სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან.“ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის, ავიამზიდები და გამანადგურებლები. მანევრებში ჩაერთვება 80-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სუ მცირე 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის, 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ალიანსის განცხადებით, ეს იქნება NATO-ს ყველაზე დიდი წვრთნები ათწლეულების განმავლობაში, რომელშიც 31-ვე მოკავშირის და შვედეთის 90 000 სამხედრო მოსამსახურე ჩართვება. სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარის თანახმად, რუსეთი NATO-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც, ალიანსი აამოქმედებს NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ. Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ამ სწავლებით ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში. "ეს წვრთნები ჩვენი ტრანსატლანტიკური ერთობისა და ნებისმიერ პირობებში ჩვენი ძალების სწრაფად განლაგების უნარის დემონსტრირებაა." რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ „ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება.“ NATO-ს განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის, თუმცა მისი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი რუსეთს NATO-ს წევრების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ასახელებს. NATO-მ მსგავსი წვრთნები ბოლოს 1988 წელს ჩაატარა და მასში ჩართული იყო 125 000 მონაწილე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ყველაზე მასშტაბური სწავლება 2018 წელს ჩაატარა 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ჩაატარა. NATO-ს მაღალჩინოსანმა აღნიშნული წვრთნების წინ განაცხადა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის. „უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის," - აღნიშნა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში, ცივი ომის შემდეგ ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის დაწყების წინ. „ალიანსი მძლავრად უნდა იყოს მობილიზებული და "მოულოდნელს უნდა ელოდოს. სრულად ეფექტიანები რომ ვიყოთ, მათ შორის, მომავალშიც, ჩვენ გვჭირდება NATO-ს საბრძოლო ტრანსფორმაცია," განმარტა მან. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორი პისტორიუსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს. „კრემლისგან მუქარა თითქმის ყოველდღიურად გვესმის - ახლახან კვლავ ბალტიის ქვეყნებში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ," - განუცხადა პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს 19 იანვარს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთის მიერ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთი NATO-ს შეუქმნის საფრთხეს, ამიტომ, მოსკოვს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცენ. რობ ბაუერმა ხაზგასმით, აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება - ჯანმო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან ერთი მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო. ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანამ წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები - 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა. „ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლის კუთხით პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ იმ მასშტაბით, რაზეც თამბაქოს ინდუსტრია წავა საკუთარი მოგების გასაზრდელად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მთავრობა იფიქრებს, რომ მან მოიგო ბრძოლა, თამბაქოს ინდუსტრია ისარგებლებს შესაძლებლობით, მოახდინოს ჯანმრთელობის პოლიტიკის მანიპულირება და სასიკვდილო პროდუქტების გაყიდვა,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი. ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ. ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი - 25,3%. ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები - 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მცირდება, 2025 წლისთვის მსოფლიო თამბაქოს მოხმარების შემცირებას მხოლოდ 25%-ით მიაღწევს, რითაც შეუსრულებელი დარჩება ნებაყოფლობითი გლობალური მიზანი 2010 წელთან შედარებით 30%-იანი შემცირების შესახებ. გლობალურად მხოლოდ 56 ქვეყანა მიაღწევს ამ მიზანს, რაც 4 ქვეყნით ნაკლებია, 2021 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვის რესპუბლიკა. ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ თამბაქოს კონტროლში, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023“, გამოქვეყნებული STOP-ისა და თამბაქოს კონტროლის კარგი მმართველობის გლობალური ცენტრის მიერ, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა. კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ. მომავალი თაობების დასაცავად და თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ჯანმო წლევანდელ „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“-ს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისგან ბავშვების დაცვას მიუძღვნის. მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა. FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში.
თელავში სამი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.კ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თოვის გამო, გზებზე შეზღუდვებია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალება
თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა ყაზახეთთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადების შემდეგ აეკრძალება. ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებელ ზომებს უკვე იღება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. „სახელმწიფო ასეთ რამეს არასდროს აპატიებს. დიდი ალბათობით, მას არც მოუნდება აქ ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს არ შემოვუშვებთ," – ამბობს სმადიაროვი. ცნობისთვის, წლის დასაწყისში ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია. კანდელაკმა ამასთან დაკავშირებით Telegram-ზე ისაუბრა. „როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა.... ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა," – წერდა კანდელაკი. ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით, ეს ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.
„ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს“ - უკრაინის სახმელეთო ჯარების წარმომადგენელი ხარკოვის ოლქის სოფლიდან გასვლაზე
უკრაინის სამხედროებმა 21 იანვარს დაადასტურეს, რომ მათმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე დატოვეს. სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა ვოლოდიმირ ფიტიომ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყებამდე სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა. ფიტიოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს საფრთხეს ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც სოფლის მეზობლად არიან განლაგებული მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე. „ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღე იცვლება,“ - განმარტა ვოლოდიმირ ფიტიომ. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მანამდე იტყობინებოდა, რომ 20 იანვარს რუსეთის ჯარებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შემტევი ოპერაცია განახორციელეს და სოფელ კრახმალნოეზე კონტროლი დაამყარეს. „სრულმასშტაბიან შეჭრამდე, სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, ანუ დაახლოებით ხუთი სახლი იყო და ეს სახლები რუსმა ჯარმა გაანადგურა. ამიტომ, ამ რამდენიმე ასეულ მეტრს, რომელიც რუსებმა აიღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა დამცველებმა უკან დაიხიეს უფრო მომზადებულ ხაზებზე, სადაც მათი სიცოცხლე უსაფრთხოა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ფიტიომ უკრაინის სატალევიზიო ეთერში საუბრისას. მისივე თქმით, აღნიშნულ სოფელზე კონტროლის დაკარგვა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს. სოფელი კრახმალნოე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაიპყრეს, მაგრამ 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ის ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის დროს გაათავისუფლეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ცენტრის ექსპერტები 21 იანვრის გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე მიუთითებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ავდეევკაში, რესტორან „სამეფო ნადირობის“ რაიონში, რომელიც ქალაქის სამხრეთში მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეივანთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 22 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა 68 საბრძოლო შეტაკება. გენშტაბის თანახმად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ავდეევკა რჩება. უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოგერიებულია 17 შეტევა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერი გახდა. ტუსკი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია იწყებს
ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ - ევროპის მხარდაჭერა გრძელდება - ჯოზეფ ბორელი
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. „ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და გაგრძელდება,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. ბორელის თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს. „მე არ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მაგრამ მსურს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პროცესი,” - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
2023 წელს საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა - შსს
2023 წელს, საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი, 1 887 223-მა პირმა დატოვა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ბოლო - მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული სამი კვარტლისაგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ, თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ბოლო კვარტალში ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი. შსს-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა. განხორციელებული საზღვრის კვეთის 33% ქართველებზე, 67% კი, უცხოელებზე მოდის. უწყების ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 563 549 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 1 533 655 კი გავიდა.
საქსტატი: 2023 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია - საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი, ხოლო საიმპორტო - თურქეთი, აშშ და რუსეთი. „2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 14.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წელს, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703.0 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 979.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 401.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (2 046.3 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 126.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259.0 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 162.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 166.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი),“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე: მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს
„დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა. „დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს უბრალოდ გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია. მე პირდაპირ ვიტყვი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მედიაში 20 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის დინამოს ყიდვით არის დაინტერესებული. „ფორმულა“ წერდა, რომ ინფორმაცია დინამო თბილისის გაყიდვაზე რომან ფიფიამ ოფიციალურად დაადაასტურა. ის ამბობს, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება, ამიტომ, მოედანზე ახალი მოთამაშე სჭირდება. ბიზნესმენი, რომელმაც დინამოს მოდერნიზება 11 წლის წინ დაიწყო, მზად არის 50% წილი ახალ ინესტროს გადააბაროს. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით, ახალი ბიზნეს პარტნიორი მის შემოთავაზებებს უნდა დათანხმდეს. რომან ფიფია ადასტურებს, რომ ორ ქართველ ბიზნესმენს კლუბის ყიდვა სურდა, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გრძელდება.
ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერისა და მინისტრების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო“, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში, ასევე დაინტერესდება შემდეგი უწყებების დასაქმებულთა ქონებრივი დეკლარაციებით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“; საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია“; ცენტრალური საარჩევნო კომისია; „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი“, „საქართველოს განვითარების ფონდი“, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; საპენსიო სააგენტო; სატყეო სააგენტო; შემოსავლების სამსახური; თვითმმართველი ერთეულების მერები.
როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე
22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. გარემოს ერონული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა. „უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა ლუბიმოვამ მომხდარს „აფხაზეთისთვის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ცნობისთვის, ხანძრის შედეგად „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი. აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.
აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა. 2023 წელს აზერბაიჯანმა ხორვატიაში 590,404,890 აშშ დოლარის ღირებულების 975,165,93 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა. ამ ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. ანგარიშის თანახმად, მონაცემების შესაბამისად, ბაქომ ხორვატიაში წინა წელთან შედარებით, 15,9%-38%-ით ნაკლები ექსპორტი განახორციელა.