ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ს მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. „დღევანდელი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვინც დაარღვევს ფასების ზღვარს, ამას შედეგები მოჰყვება,“- განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ უოლი ადეეომ. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის.  

„ძლიერი NATO გვჭირდება ისე, როგორც არასდროს“ - მოკავშირეთა თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეკრების ფოკუსი

17-დან 18 იანვრამდე, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. მოკავშირეთა თავდაცვის 31 მეთაურმა და მოწვეულმა შვედეთმა ყურადღება გაამახვილეს ალიანსის ახალი თავდაცვის გეგმების შესრულებაზე, NATO-ს საბრძოლო შესძლებლობების ტრანსფორმაციაზე, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერასა და სამხედრო თანამშრომლობაზე ალიანსის პარტნიორებთან ავსტრიასთან, ავსტრალიასთან, ირლანდიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან, შვეიცარიასთან და კორეის რესპუბლიკასთან. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მეთაურები NATO-უკრაინის საბჭოს ფორმატში პირველად შეხვდნენ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის სესიის გახსნისას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან ერთად, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დიდი ზეწოლის ქვეშაა. „შედეგად ჩვენ ყველაზე საშიში სამყაროს წინაშე ვართ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კოლექტიური თავდაცვის ამ ახალ ეპოქაში ჩვენ უნდა დავიცვათ არამხოლოდ ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის და 31 (მალე 32) ერის ფიზიკური უსაფრთხოება, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას და დემოკრატიას,“ აღნიშნა ბაუერმა. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა გლობალური უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევას. „დღეს ჩვენს მშვიდობას საფრთხე ემუქრება. ომი, ტერორიზმი, არასტაბილურობა. ავტორიტარული სახელმწიფოები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ღირებულებებს. ძლიერი NATO გვჭირდება ისე, როგორც არასდროს და ძლიერი NATO არის ის, რაც გვაქვს,“ - აღნიშნა ჯოანამ. ადმირალი ბაუერი: უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ამ ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს  

გერმანიის საელჩო: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს NATO-სთან დაახლოების გზაზე

გერმანიის საელჩო საქართველოსთვის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის ძალებს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს. „დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფისათვის განკუთვნილი ტექნიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის „პარტნიორების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში იქნა შესყიდული. გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროშიც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე,“ - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის ძალებს გერმანიის მხარდაჭერით შეძენილი ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა გადაეცა  

ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა

ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წლებში გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, ახალი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში ნაკისრი ვალდებულებები შესრულების ძალისხმევაში. ევროპის საბჭოს ცნობით, სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, იმ პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით, რომლებით საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოებს. სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.  

წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. თბილისისს მერიის ცნობით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება,“ - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფილიპ გორდონი: უკრაინის მხარდაჭერის დამტკიცების გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა, რომ კონგრესის ორივე პალატის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის წინადადებას. მისი თქმით, იმ კანონმდებლებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ, სხვა პრიორიტეტები აქვთ და ისინი დაკავშირებულია აშშ-ის შიდა საზღვრის უსაფრთხოებასთან. გორდნი ხაზს უსვამს, რომ დისკუსია არ არის ორიენტირებული იმაზე, ღირს თუ არა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება და აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია. „ვფიქრობ, საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით. მათ დაეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, თუ ხელს შეუშლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას,” - აღნიშნა გორდონმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ტერორის დაბლოკვაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს. „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე," - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აბსტრაქტული საკითხი არ არის.   „ეს ეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღს, კერძოდ რაკეტებს. ყველა რუსულ რაკეტას აქვს ათობით კრიტიკული კომპონენტი, რომლებიც წარმოებულია საზღვარგარეთ და ბევრი მათგანი თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის, და ყველასი მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში," - განაცხადა ზელენსკიმ.  

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ­ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოსცადა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, "Haeil-5-23"-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა, თუმცა გამოცდის თარიღი მითითებული არ არის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები აღმაშფოთებელია და კატასტროფული შედეგები მოჰყვება. „ჩვენი არმიის სხვადასხვა საზღვაო და წყალქვეშა საპასუხო ქმედებები გაგრძელდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით," - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი რეგულარული წვრთნები გამართეს. წვრთნები ფხენიანის მხრიდან მზარდ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა.  

გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს

გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს, რისთვისაც 1,4 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს. Reuters-ის ცნობით, მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები განკუთვნილია ჯარების დასაცავად ტაქტიკურ დონეზე, მაგალითად, განლაგების ოპერაციების დროს ან რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისას, ასევე, დაბალ დონეზე მფრინავი თვითმფრინავებისგან დასაცავად. გერმანული კომპანიების მთავარი ამოცანა იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემის შემუშავება მოკლე დისტანციებზე, დაწყებული სამი კილომეტრიდან და ძალიან მოკლე მანძილიდან ქვემოთ, სადაც საფრთხე ძირითადად მცირე ზომის დრონებიდან მოდის. მანამდე გერმანია ძირითადად Gepard-ის საზენიტო სატანკო სისტემას ეყრდნობოდა. ეს იარაღი უკრაინას აქტიურად მიეწოდება, თუმცა მისი ჩანაცვლება ბერლინმა მანამდე გადაწყვიტა.  

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი აცხადებს. მისი მტკიცებით, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევა სცადეს „უკრაინელმა ტერორისტებმა“, რომელთა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით „ჩაახშეს.“ ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და „აღკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“ ხანძრის მასშტაბურობას ადასტურებს „მოსკოვის რკინიგზის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობა, რომ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად  სახანძრო მატარებელი 120 ტონა წყლით და 5 ტონა ქაფით გაგზავნა. ბრიანსკის ოლქის ქალაქი კლინცი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 550 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინას კლინცის ნავთობის ბაზაზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის შიგნით შეტევებისა და ხანძრის შესახებ ცნობები ხშირია.  

რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს

აზერბაიჯანული მედია გასული კვირების განმავლობაში აქტიურად წერდა ვაშინგტონსა და ბაქოს შორის კიდევ ერთ შესაძლო უთანხმოებაზე, რომლის გამოხატულებად კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ლუის ბონოს ვიზიტზე აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო უარს ასახელებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. 9 იანვარს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნული იყო სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ბაქოში ლუის ბონოს შესაძლო ვიზიტით დაინტერესდა და საელჩოს მიმართა. შესაბამისად, მედია ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ იყო დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავდა თუ არა ჩასვლას. დეტალებზე ამერიკული მხარე არ საუბრობდა. უკვე 18 იანვრის ტრადიციულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ჰკითხეს, თუ „რატომ აარიდა ლუის ბონომ თავი ბაქოში ვიზიტს და რა იყო ამის მიზეზი, ასევე, რა მესიჯი ჩაიტანა ბონომ სომხეთში, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ შეხვედრების შინაარსზე ვერ ისაუბრებს. „ჩვენ მივესალმებით იმ სამუშაოს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ არის მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აღიარებს ასეთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ წინა მოლაპარაკებების იმპულსი და დადონ ეს შეთანხმება,“ - განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ბაქო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარებით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვაშინგტონის საპასუხოდ გააუქმა ყველა დონის მაღალი ვიზიტი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს უთანხმოება ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გაქარწყლდა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

„გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. ამ მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ის აღნიშნავს, რომ უმრავლესობა უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების დამტკიცებას მხარს უჭერს, თუმცა, ბაიდენი "კატასტროფული" სცენარის შესაძლებლობას აღიარებს.  „ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. თავის მხრივ, CNN თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი შეხვდა დეპუტატებს, რათა მათთვის განემარტა, რა დევს სასწორზე უკრაინისთვის. წყარო ამბობს, რომ პრეზიდენტმა მიმართა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანსა და ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავრილ ჰეინსს სთხოვა,  კონკრეტული სურათი ჩამოეყალიბებინათ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინას უახლოეს თვეებში ამოეწურებოდა, თუმცა მეტ დეტალს წყარო არ ამჟღავნებს. კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს კონკრეტულად მიუთითეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, რომლებიც შეიძლებოდა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამოწურულიყო. ბაიდენი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომი NATO-ს ტერიტორიაზე გავრცელდა, აშშ იძლებული იქნება, პირდაპირ ჩაერთოს კონფლიქტში. CNN-ის ცნობით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მიუთითა, რომ უკრაინის დაფინანსების გაგრძელება შესაძლოა, იმის საფრთხეს ქმნიდეს, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი გახდეს. „ჩვენ არ შეგვიძლია მილიარდობით დოლარის დახარჯვა მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბების გარეშე და მე ვუთხარი პრეზიდენტს დღეს შეხვედრაზე, როგორც არაერთხელ ვამბობდი: თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ სტრატეგია. რა არის საბოლოო შედეგი,“ აღნიშნა მან CNN-თან ინტერვიუში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. კომპანია ხაზს უსვამს, რომ იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი. ,,გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფელის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხმარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა,“ განაცხადა ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ. „რა თქმა უნდა კომენტარი ზედმეტია, მხოლოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები. თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უნდა მოხდეს უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოდ, რათქმაუნდა ღიმილისმომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება. ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა, 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი რომ 30-40 რაინის მოხმარება მოხერხდეს, ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა? აგრეთვე რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ჩვენს ბაზაში არსებულ აბონენტებს დროულად და ხარისხიანად გავუგზავოთ სმს-ები, ავარიული გათიშვების თუ გეგმიური შეზღუდვების შესახებ. რაც შეეხება რეალურ საქმეს, თუ მართლაც მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს, ალბათ აუცილებელია გაანალიზდეს სამწუხარო, თუმცა სავსებით შესაძლო სცენარი - დავუშვათ მესტიაში ფიქსირდება მინუს 20-25 გრადუსი; ელექტროენერგიის იმედათ, ოჯახების უმეტესობას როგორც წესი არ აქვს მომარაგებული შეშა; რეგიონში არ არსებობს გაზმომარაგება; დიდთოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულებით ჩახერგილია გზები და ამ დროს 1-2 სრული დღით ან უფორ მეტი ვადით წყდება ელექტროენერგიით მომარაგება. ამ შემთხვევაში რა ხდება? არის მესტია მზად ამისთვის? რა შედეგი შეიძლება დადგეს? რა თქმა უნდა, ყოველ ზემო აღნიშნულ საფრთხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყინებენ იმ დიდ სიკეთეს რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია ენერგო-პროსგან, უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი,“ - ამბობს მიხეილ ბოცვაძე. რაც შეეხება გამოსავალს, მისი თქმით: „ჩვენს მიერ ოპარაციათა სრულად წარმოების შემთხვევაში, 1 წელიწადში მესტიაში დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, დარეგულირდება მიწოდებული ელექტროენერგიის ყველა პარამეტრი, შემცირებას დაიწყებს ავარიული გათიშვების ოდენობა, მესტიის მოხმარება გახდება გონივრული და ამ ყველაფრით რეგიონს თავიდან ავაცილებთ გარდაუვალ ენერგეტიკულ კოლაფსს. ეს გამოსავლები პირველ რიგში სჭირდება მესტიის კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ზოგადად მთელს ზემო სვანეთს და არა ენერგო-პროს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მზადყოფნას კვლავ ვადასტურებთ დავიწყოთ შესაბამისი ცვლილებები.“  

„ჰუსიტები“ პირობას დებენ, რომ წითელ ზღვაში მათ შორის რუსულ და ჩინურ გემებზე იერიშს არ მიიტანენ

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, წითელ ზღვაში რუსული და ჩინური გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჰუსიტების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები ისრაელთან რაიმე კავშირში მყოფ ნებისმიერ გემზე კვლავ გაგრძელდება.  „რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, რეგიონში მათ გადაზიდვას საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მათი გემების უსაფრთხო გავლა წითელ ზღვაში, რადგან უფასო ნავიგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ალ-ბუხაითიმ. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 იანვარსაც გავრცელდა.  

ბაიდენის თქმით, ირან-პაკისტანის შეტაკება აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ არის პოპულარული

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირაში ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ ირანი არ არის პოპულარული რეგიონში. „როგორც ხედავთ, ირანი არც ისე პოპულარულია რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს,“ – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ არ სურს ესკალაცია. „ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან,“ – განაცხადა ჯონ კირბიმ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორის შეფასებით, პაკისტანზე თავდასხმა რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა  

უკრაინამ რუსეთში დენთის ქარხანას და ნავთობბაზას დრონებით შეუტია - უკრაინული მედია

„უკრაინსკა პრავდა“ (УП) უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 19 იანვარს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დრონებით შეუტია რუსეთის ქალაქ ტამბოვში მდებარე დენთის ქარხანას და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზას. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თქმით, ტამბოვის ქარხანაზე დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა, კლინცის ობიექტი კი, მნიშვნელოვნად დააზიანეს. როგორც გამოცემის წყარო ამბობს, პუტინმა რადიოელექტრონული ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის ყველაზე მეტ საშუალებას თავი მოუყარა უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში და არა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების „დამუშავებას“ მომავალშიც გააგრძელებენ. რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის  

იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის

მზარდი რეგინული საფრთხეების ფონზე, იაპონია აშშ-სგან 400 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას შეისყიდის. შესაბამის შეთანხმებას ტოკიომ ვაშინგტონთან მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ხელმოწერას აშშ-ის მხრიდნ, ელჩი რამ ემანუელი ესწრებოდა. პრემიერმა ფუმიო კიშიდამ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგების პირობა დადო, რაც სამხედრო სფეროში დახარჯული სახსრების მხრივ, იაპონიას შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ქვეყნად აქცევს. იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს  

17-თვიანი პაუზის შემდეგ პარაპლანით ფრენები აღდგა

17-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში, ფრენები 19 იანვრის მდგომარეობით ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება. „ფედერაციის საქმე იყო, დაგვესაბუთებინა რაღაც ადგილებში საჰაერო სივრცეების გამოყოფის საჭიროება. ამ სამ ადგილში ყველაზე მაღალი იყო დაინტერესებული პირების მოტივაცია და ინტერესი, თუმცა ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც, მესტიაში, კახეთში და თბილისის ზღვასთან ნებართვების მიღებაზე. გუდაურში ოპერატორი კომპანია უკვე გვყვავს, ყველაფერი თავმოყრილი და გაკეთებული აქვთ და მუშაობენ, ბაკურიანში ოპერატორი გვყვავს, მზად არის ოპერირებისთვის, თუმცა გარკვეული დეტალების გავლა სჭირდებათ, ანანურში ოპერატორი კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს მუშაობის დაწყებისგან, ზამთრის პირობებში ცოტა რთულად მისადგომია ის ადგილი და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს კომერციულ ფრენებს. ოპერატორი კომპანიების ვალდებულებაა წესრიგის უზრუნველყოფა იმ სივრცეში სადაც დაფრინავენ, ასევე ასაფრენ და დასაჯდომ მოედნებზე. გარდაა ამისა, გააკონტროლოს, რომ ყველა პილოტი იყოს სერტიფიცირებული და ჰქონდეს გამართული საფრენი აპარატურა და დაზღვევა," - განუცხადა რადიო თავისუფლებას ირაკლი კაპანაძემ. ფედერაციამ პარაპლანით ფრენების ნებართვების მიღებამდე უზრუნველყო პილოტების კვალიფიკაციის შემოწმების და სერტიფიცირების პროცესი და შეიმუშავა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად დაზღვევის პაკეტი, რომლის ქონაც პილოტებისთვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელია. ეს დაზღვევა გულისხმობს მესამე პირის, ანუ მგზავრის ჯანმრთელობის ზიანის დაზღვევასაც. პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის საჭიროება პარაპლანით მფრინავი ეკიპაჟის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ამ ეკიპაჟიდან დაიღუპა ერთი ადამიანი. სულ, საქართველოში პარაპლანით ფრენისას დაღუპულია 7 ადამიანი. პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო მას შემდეგ, რაც გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა. ცნობისთვის, 2023 წლის 15 ივნისს პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა. პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პროექტი 2023 წლის 8 აგვისტოს დამტკიცდა.  

გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს ზომებს იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი. ახალი კანონის შესაბამისა, მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, უნდა დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. კანონი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივებაა. ასევე, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად დეპორტაციის შესახებ კი წინასწარ გაფრთხილება აღარ მოხდება. გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის. კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას ასევე აძლევს, გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს შესაძლებელი იყო ცხრა თვის შემდეგ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16 430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია  

ყაზახეთის პრეზიდენტი: ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ეფექტიანად ავსებს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიაციატივას.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში, იტალიური ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი რეგიონულ ჰაბად რომ ისცეს, ის აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს. „ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გლობალური კარიბჭის სტრატეგიას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ G7-ის ძალისხმევას - „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის,“აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 1300 კილომეტრზე მეტი მოცულობის რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთში, სამხრეთ აზიასა და ევროპაში. ამიტომ, ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში,“ - აღნიშნა თოყაევმა.