ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ აკრძალული კომპარტიის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე ძებნა გამოაცხადა. უკრაინის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს კიევიდან ევაკუაციის ოპერაცია რუსეთის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა. ამავდროულად, SBU ამტკიცებდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიმონენკო ბელორუსის გავლით რუსეთში გადაიყვანა რუსულმა სპეცრაზმმა. „კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მან მიმართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესორ სახელმწიფოში „ევაკუაციის“ თხოვნით“, - ნათქვამია სბუ-ს განცხადებაში. რუსეთში სიმონენკომ "საერთაშორისო კომუნისტური გაერთიანების „კომუნისტური პარტიების კავშირისა - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. უკრაინაში კომუნისტური პარტია აკრძალულია და არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან ჩაერთოს რაიმე სხვა საქმიანობაში. 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში სიმონენკო იყო ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ასევე იყო უმაღლესი რადის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის ლიდერი. თუმცა, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მას ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-მა, 2014 წელს კი ხმების მხოლოდ 4%-ზე მიიღო და ვერ გადალახა რადაში გასასვლელად საჭირო 5%-იანი ბარიერი. ჯერ კიდევ 11 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ სიმონენკო ეჭვმიტანილი იყო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში.  

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადს თავს დაესხნენ. Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა. სერიოზულად დაშავდა ერაყის უშიშროების ძალების თანამშრომელი. შაბათს, 20 იანვარს დამასკოში ისრაელის ავიადარტყმის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი და კორპუსის კიდევ 4 წევრი დაიღუპა. ჰამასი ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, საპასუხოდ ისრაელმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ერაყსა და სირიაში პროირანული დაჯგუფებები რეგულარულად ესხმიან თავს სამხედრო ბაზებს, რომლებსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარები იყენებენ. „კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.  

აზერბაიჯანმა საზღვაო გადაზიდვები ორჯერ გაზარდა

2023 წელს აზერბაიჯანში საზღვაო ტრანსპორტით 1 924 683 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 602 380 ტონა ტვირთი ტრანსპორტირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2,1-ჯერ და 49,6%-ით მეტია, იუწყება აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 78,913 ტონა (+48%) 182,486,000-ის ღირებულების (+2,6-ჯერ) ტვირთი, ხოლო 1 742 215 000 ღირებულების ტვირთი (+43%) (2,523,467 ტონა) საზღვაო გზით გადაიზიდა.  

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.  

ოკუპირებული სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება „აფსნი-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის „მინისტრმა“ დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის.“ „შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის გამოუსწორებელი დანაკარგია. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი," - ამბობს დინარა სმირი. საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სამორიგეო სადგურმა ღამით, 03:38 საათზე მიიღო. ხანძრის ჩაქრობაში სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან გაგზავნილი 11 სახანძრო ეკიპაჟი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ცეცხლის ლოკალიზება დილის შვიდი საათისთვის შეძლეს. სამხატვრო გალერეის „დირექტორის“, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. „მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი განადგურდა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია,“ - განაცხადა საკანიამ.  

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიამდე პილოტმა დისპეტჩერს ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.  თვითმფრინავი გაია - ტაშკენტი - ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.  

პარიზის მოდის კვირეულზე, KidSuper-ის შოუ აჭარული განდაგანას ფონზე დაიხურა

პა­რი­ზი მო­დის კვი­რე­ულს მას­პინ­ძლობს. ამერიკელი მხატვრის, მოდის დიზაინერის მიერ დაფუძნებული ბრენდის - Kidsuper-ის შოუზე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის რიტ­მი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. KidSuper-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენების ფინალი აჭარული განდაგანას ფონზე დაიხურა. ვი­დე­ო Women’s wear daily-ის (WWD) Instagram-ზე გამოქვეყნდა. ცნო­ბი­ლ გა­მო­ცე­მას 1,8 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გამომწერი ჰყავს. ჩვენებაში ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო მონაწილეობდა.  

რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმა იყო. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტულის თავზე დრონები ჩამოაგდეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის პროლეტარსკის რაიონში, სადაც „შჩეგლოვსკი ვალის“ ქარხანა მდებარეობს, აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანაში Pantsir-S ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც აწარმოებენ. შეგახსენებთ, დღეს, 21 იანვარს გაგვრცელდა ინფორმცია, რომ რუსეთის ლენინგრადის ოლქში, საზღვაო სავაჭრო პორტის ერთ-ერთ ტერმინალში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.  

კირილ ბუდანოვი: რუსეთის ძლევამოსილების შესახებ ლეგენდა საპნის ბუშტია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელი უკრაინისთვის რთული იქნება. ამავე დროს, ბუდანოვი პროგნოზირებს, რომ უკრაინა კვლავ შეძლებს ვლადიმერ პუტინის შეკავებას. ბუდანოვის შეფასებით, ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ „რუსეთის ძლევამოსილების შესახებ მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია.“ Financial Times-ის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს. „ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ," - განაცხადა თავის მხრივ, ბუდანოვმა.  

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქების შესახებ იუწყებიან

BBC-ის ცნობით, რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, გაზის ტერმინალში აფეთქება მოხდა. გამოცემა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებამ დიდი ხანძარი გამოიწვია.  ამასთან, ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. როგორც წესი, უკრაინა არ აღიარებს ასეთ თავდასხმებს, მაგრამ უკრაინული მედია წყაროებს ციტირებს და წერს, რომ მომხდარის უკან კიევი დგას. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. რუსეთის ქალაქ ტულაში, თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან  

ნიდერლანდებმა უკრაინას მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ნიდერლანდებმა მესაზღვრეებს მობილური საველე ჰოსპიტალი გადასცა. მესაზღვრეების თქმით, ჰოსპიტალი დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირებს. კომპლექსში სხვა საჭიროებებთან ერთად შედის:საოპერაციო ბლოკი, 36 საწოლზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 2024 წლის პირველი დახმარების პაკეტის ფარგლებში, ნიდერლანდებმა ჰუმანიტარული დახმარებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის 102 მილიონი ევრო გამოყო. ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გაწევას გეგმავს.  

ზელენსკი: ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტი ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ხედავს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედროების ყველა ხელფასი და წვრთნა უკრაინის ბიუჯეტიდან არის გადახდილი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე სამხედროების ჩანაცვლებისთვის მობილიზაციაა საჭირო. „პირადად მე ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხის გაცემა და ვინმეს მოწონება მინდა. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრება, ცხოვრება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. და მეორე ამბავია - შესაბამისი მოქმედებები, ოპერაციები. ჯერ არ მინახავს იმდენი მკაფიო დეტალი, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო. და მესამე ფულია. მთელი ეს ფინანსები - ეს ნამდვილად არ მოდის პარტნიორებისგან, მინდა, ეს ყველამ გაიგოს," - განაცხადა ზელენსკიმ.  

გაერთიანებულმა სამეფომ ლაზერული იარაღი წარმატებით გამოსცადა

დიდმა ბრიტანეთმა ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების ცნობით, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ცდა ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული "დიდი ნაბიჯია." როგორც თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, ლაზერული იარაღი რაკეტების დაბალფასიან ალტერნატივად განიხილება და მისი განვითარების შემთხვევაში ძვირადღირებულ საბრძოლო მასალაზე დამოკიდებულებასთან ერთად, თანმხლები ზიანის რისკის შემცირებასაც იმედოვნებენ.  

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ევაკუაცია გამოცხადდა

პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა დატოვეს. პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა. გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ. ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება. ცნობისთვის, გუშინ, 20 იანვარს გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.  

ზელენსკი: მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც, დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. „მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს. თუ ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს აგრესია განმეორდეს, მაშინ ჯობს, ახლავე გავუმკლავდეთ მას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად უმჯობესი, უდავოდ, პოლიტიკური გზის გამონახვაა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. „მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ. თბილისის სატელევიზიო ანძა სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა. ცნობისთვის, 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ. წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება. კერძოდ: ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც  დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას შეცვლილი განრიგით იმოძრავებს მეტრო „სარაჯიშვილისკენ“ და გურამიშვილის გამზირით დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით; ავტობუსი N386 სადგურის მოედნისკენ გადაადგილებისას, დავით გურამიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ცოტნე დადიანის ქუჩისკენ და ფიროსმანის ქუჩით დაუკავშირდება სადგურის მოედანს. უკუმიმართულებისას  ცოტნე დადიანის ქუჩით დაუკავშირდება გურამიშვილის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. მიკროავტობუსი N550 ვარკეთილის დასახლებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან.  

თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო, კმ100-კმ178 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შუა დერეფნის წარმატებით ფუნქციონირება მარშრუტის ყველა მონაწილის ძალისხმევას მოითხოვს - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) მწვანე მარშრუტი ხდება.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა განაცხადა. კუანტიროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება მოითხოვს მარშრუტის მონაწილე ყველა ქვეყნის ძალისხმევას, რათა მისი განვითარების ხელისშემშლელი ბარიერები აღმოიფხვრას. „ეს მარშრუტი მწვანეა, რაც, თავის მხრივ, პარიზის შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად ყაზახეთის პოლიტიკას შეესაბამება. ზოგადად, TITR ითვლება ერთ-ერთ ეფექტიან პროექტად, რომელიც დამატებითი სატრანსპორტო არტერიით, აზიასა და ევროპას აკავშირებს,“ - განაცხადა ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას ველოდებით - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორში ტერორს დააფინანსებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორში ტერორს დააფინანსებს შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.  ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ. ის ხაზს უსვამს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის. „ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება