ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანმა რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანამ 2023 წელს რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა რუმინეთში 621 947,79 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 382 756 670 დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15,5%-ით მეტია.
უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს
უკრაინა 22 იანვარს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. 1919 წელს, ამ დღეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (UPR) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (WUPR) გაერთიანების აქტს მოაწერეს ხელი. დღესასწაული ოფიციალურად 1999 წელს დაარსდა. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომაზე, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიიღეს. უკრაინელებმა მას მხარი 1991 წლის პირველ დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს. უკრაინა მეორე წელია, ამ დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე ხვდება.
HRC: 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია 7-9 მარტის აქციებიც, სადაც, HRC-ის შეფასებით, რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა: აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებების დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების უგულებელყოფა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის განთავსების აკრძალვა, აქციის ფასილიტაციის პროცესში არაპროპორციული რაოდენობის და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მობილიზების ტენდენცია. აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის: 1. აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი; 2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა; 3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები. პოლიციამ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალებებით რამდენჯერმე დაშალა. 7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის სპრეი. მალევე, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, შესაბამისი გაფრთხილების გაკეთების გარეშე. კითხვები არსებობდა გამოყენებული სპეციალური საშუალებების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ, იმ პირობებში, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც. ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულმონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ.81 ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება.82 წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე. ამდენად, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას უნდა მოხდეს ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას ეხმიანება,“ - წერს ორგანიზაცია. მისივე თანახმად, „შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა.“ ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომელიც პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუგზავნა.
პრემიერი: იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი, აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო
მთავრობის მიერ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.“ როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. „სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოს შესყიდვის პროცედურებს იწყებს. „საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.
უკრაინელები დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. 21 იანვარს, ღამით გაავრცელებულ განცხადებაში „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე. რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად „დანიშნული“ დენის პუშილინის მტკიცებით კი, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ მიმართა, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, რადგან მან რუსული დაბომბვის სამიზნეები აღწერა. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თავის ღამის ვიდეომიმართვაში პირდაპირ არ უხსენებია, თუ ვინ დგას დონეცკზე თავდასხმის უკან, მაგრამ რეგიონში ბრძოლებს "განსაკუთრებით სასტიკი" უწოდა, მან რუსული დაბომბვის სამიზნეებზე ისაუბრა. „მხოლოდ ამ დღეს რუსმა ველურებმა ასზე მეტი ქალაქი და უკრაინული სოფელი დაბომბეს ცხრა რეგიონში: ჩერნიგოვიდან და სუმიდან მიკოლაივამდე და კიროვოგრადამდე. რუსეთის ყველაზე სასტიკი თავდასხმები დონეცკის რეგიონში იყო. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი 2014 წლიდან დაკარგა, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით, ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს. 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი: ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთი უკრაინის ამ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
WSJ: ევროკავშირის ახალი გეგმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის $22 მილიარდის გამოყოფა იქნება შესაძლებელი
ევროკავშირი ამზადებს ახალ გეგმას, რომლითაც 22 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე, გასული წლის ბოლოს უნგრეთმა კიევის დასახმარებლად განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი დაბლოკა. Wall Street Journal-ის ცნობით, რომელიც ევროკავშირის შიდა დოკუმენტებს ეყრდნობა, ეს გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი ევროს გამოყოფას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. დახმარება გამოიყოფა ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც 2024-2027 წლებში, წელიწადში 5 მილიარდი ევროთი შეივსება. ვარაუდობენ, რომ ეს 20 მილიარდი ევრო კომპენსაციის სახით დაუბრუნდებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ათეულობით მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რასაც ისინი უკრაინას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუწევენ . „ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საკუთარი მარაგები იმ დონემდე ამოწურა, რომ აღარ შეუძლიათ უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ამ სირთულეების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ უკრაინისთვის შეიქმნას ახალი სპეციალური სამხედრო ფონდი, რომელიც შთანთქავს მშვიდობის ფონდში დარჩენილი აქტივების ნაწილს და უახლოესი ოთხი წლის მანძილზე ყოველ წელს 5 მილიარდი ევროთი შეივსება,“ წერს გამოცემა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა, ეს ფული გამოყენებული იყოს იმ ქვეყნებისთვის კომპენსაციის გადასახდელად, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალას, დრონებსა და რაკეტებს მიაწვდიან. დანარჩენი თანხა გამოყენებულ სამხედრო მომზადების მზარდი ხარჯებისთვის გამოიყენება.
„ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოკუპირებული სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს. „ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე,“ წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ
ტუსკი კიევში: რუსეთთან ომში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერა ნომერ პირველი პრიორიტეტია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის დროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი არაფერია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მისმა ოფისმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განცდა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო და სტაბილური მოკავშირეა „ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.“ დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა
უკრაინამ უნგრულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის პრიორიტეტი დაასახელა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე, უჟჰოროდში განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას. მან შეხვედრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება უმთავრესი ამოცანა 29 იანვარს უჟჰოროდში ჩვენი შეხვედრის დროს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, დახარჯონ „იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა ყველა საკითხის განსახილველად და იმის გასაგებად, თუ როდის, სად და რა პოტენციური შეთანხმებებით შეიძლება, გაიმართოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ერმაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს იგეგმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი საკითხების „მთელი სპექტრის გავლა.“ „უნგრეთი ჩვენი მეზობელია. უნგრეთი არის ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და დავამყაროთ კონსტრუქციული დიალოგი." - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
Guardian: ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისრაელთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. The Guardian-ი წერს, რომ ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს მისი შეფასებით, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია. „მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა,“ განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი სახელმწიფოს პრინციპს ემხრობა. „რა სხვა გადაწყვეტა აქვთ მათ მხედველობაში? რომ ყველა პალესტინელი წავიდეს? მათი ამოხოცვა?” - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრის საბოლოო მიზანი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის, თუ როგორ ცდილობს ისრაელი მებრძოლი ჯგუფის განადგურებას, არასწორია და თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებს გადაეცემა. დღევანდელ შეხვედრას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკიც ესწრებიან. ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება
რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, ზელენსკი გეგმას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება დღეს, 22 იანვარს გამოსცა. უკრაინა დღეს სახელმწიფო დღესასწაულს - ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ზელენსკის შეფასებით, რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს უკრაინელების ჩაგვრის, ეროვნული იდენტობის განადგურების და მათი უფლებების და თავისუფლების დარღვევის მიზნით, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ რუსეთის ტერიტორიებზე. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაიცვას და უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების, სამოქალაქო, სოციალური, კულტურული და რელიგიური უფლებები. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტმა საერთაშორისო ექსპერტების, უკრაინელების მსოფლიო კონგრესის, მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა შეიმუშაოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ მიწებზე. ასეთ ტერიტორიებად დასახელებულია დღევანდელი კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები. გეგმაზე მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიების და დეპორტაციის ამსახველი ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა, ისტორიული მეხსიერების აღდგენა და შენარჩუნება და მუშაობის გააქტიურება რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ.
ტუსკი კიევში: დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა
„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონლდ ტუსკის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. „პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს,“ - განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ომში მარტო არ არის და ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ტუსკს სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. „დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა,“ - განაცხადა ტუსკმა. დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ
Reuters-ის ცნობით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, ვიდრე ისინი იქ კვდებიან. გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ - სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები. მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს. „ჰამასის„ მხრიდან რეალური წინადადება არ არსებობს. მე ამას ვამბობ რაც შეიძლება ნათლად, რადგან არის ამდენი არასწორი განცხადება, რომელიც რა თქმა უნდა, მტანჯველია თქვენთვის," - ციტირებს ნეთანიაჰუს ოფისი პრემიერის სიტყვებს, რომლითაც მან ოჯახებს მიმართა. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია. შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, დაახლოებით, 130 მძევალი იმყოფება. „ჰამასი“ ისრაელს 2022 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ 1:200 000-იანი რუკის გამოყენება რელევანტური არ იყო, დარსალიამ განაცხადა, რომ "კომისიაში განსხვავებული პოზიციები თავიდანვე იყო." „სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია," - განაცხადა დარსალიამ. კითხვას, დანაშაული იკვეთება თუ არა ბრალდებულების მხრიდან, დარსალიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა. „ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა. მე არ ვიცი, ისინი რას დაეყრდნენ, მე შემიძლია ვისაუბრო 2019 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა - კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია, მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი," - განაცხადა დარსალიამ. ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.
ყაზახეთი და IFC შუა დერეფნის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ
ყაზახეთმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს. ეს თემა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ტალგატ ლასტაევსა და IFC-ის წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ყაზახეთის ზოგიერთი აეროპორტის, მშრალი პორტებისა და ლოგისტიკური პარკების განვითარებაზე, ყაზახეთის საზღვარზე ჩინეთთან მესამე საგუშაგოს, აქტაუს პორტში საკონტეინერო კვანძისა და სარჟას მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობაზე. ასევე, მთელი რიგი მაგისტრალების რეკონსტრუქცია. „მომდევნო 5 წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო სატრანსპორტო ინდუსტრიაში დასახული ყველა ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდა. სამინისტრომ ჩამოაყალიბა 36 პროექტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის, ავიაციის და საავტომობილო გზების სფეროებში,“ - განაცხადა ლასტაევმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
პოლონეთი უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს
პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის, დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ხელშეკრულებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ორი ლიდერი ასევე მიესალმა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებს. „არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის უფრო ფართო შესყიდვის მიზნით," - განაცხადა ზელენსკიმ. ტუსკი კიევში: დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა
გაეროს წარმომადგენლები უკრაინელი ბავშვების ბედზე რუსებს „დაკითხავენ“
22 იანვარს გაეროს შეხვედრაზე მოსკოვს მოსთხოვენ ახსნას, რა ბედი ეწია ათასობით უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გაგზავნეს რუსეთში. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც 18 დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, რეგულარული განხილვის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს რუსეთის მონაცემებზე. კითხვების ნაწილი მოსკოვს 2023 წლის პირველ ნახევარში გაუგზავნეს. კომიტეტს სურს დაადგინოს, რამდენი ბავშვი გაიყვანეს იძულებით რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის არეალებში. კიევის შეფასებით, 20 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში.
თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის [კმ36-კმ60] თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. უწყება აცხადებს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის. გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აშშ-მ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასს“ სანქციები დაუწესეს
შეერთებული შტატები დღეს, 22 იანვარს „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მეხუთე რაუნდს აწესებს მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო ასევე აწესებენ სანქციებს „ჰამასის“ მთავარი აქტორებისა და მათი პარტნიორების წინააღმდეგ. „ავსტრალიელ და გაერთიანებულ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დამატებით სანქციებს ვუწესებთ „ჰამასს.“ 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ეს აშშ-ის მიერ სანქციების მეხუთე რაუნდია. დღევანდელი ქმედების სამიზნეა „ჰამასთან“ აფილირებული ფინანსური ქსელები ღაის სექტორში, მათ მფლობელები და პარტნიორები,“ - წერს სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებული ექვსი პირი 20 იანვარს დაასანქცირა.
ჯანდაცვის სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" პერსონალს კომპენსაციები შესთავაზა
„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან" დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს შეხვდნენ მანამდე მთავრობის სხდომაზე მიიღეს განკარგულება შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე. შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის პაკეტი თანამშრომლებთან ნაწილობრივ განიხილეს. ამჟამად „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 650-მდე თანამშრომელი მუშაობს. თავართქილაძისთვის უცნობია, მას შეეხება თუ არა კომპენსაციასთან დაკავშირებული წინადადება. „თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა მწვავე იყო," - განაცხადა თავართქილაძემ. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველოს და თბილისს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სახელმწიფო კლინიკა: „მე ვარ მისი აშენების მომხრე." დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი მიხედვით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.“ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. უწყება შეთავაზებების პაკეტზეც ავრცელებას ცნობას. მისი მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის. სამინისტროს განცხადებით, „აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.“ ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 1973 წელს გაიხსნა. 2008 წელს მას გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა.