ძებნის რეზულტატი:
გურჯაანში 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. „მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. თავად ბრალდებული კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი მუშაობს.
ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა
ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
რა არგუმენტები წარადგინეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დავით გარეჯის საქმეზე
საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა. „რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება, გამოიყოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ. „ლაშა დარსალია შეიძლება, კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა,“ განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილი რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა. „დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი. მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას აძლევს
ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
NATO-ს ოთხი ხომალდი ლიეტუვაში, კლაიპედის პორტში შევიდა
NATO-ს ერთ-ერთი მუდმივი საზღვაო ჯგუფის გემების ჯგუფი ლიეტუვის საზღვაო პორტს კლაიპედას სტუმრობს. იუწყება The Baltic Times-ი. ესპანური, გერმანული და იტალიური გემები და ფრეგატები ბალტიის ზღვის ტერიტორიულ წყლებში 24 იანვრამდე დარჩებიან. „NATO-ს გემების ვიზიტი ხაზს უსვამს ლიეტუვისა და NATO-ს ძლიერ კავშირებს და ლიეტუვის ძალების მნიშვნელოვან როლს ალიანსში,“ - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გემები ამჟამად განლაგებულნი არიან ბალტიის ზღვაში მოკავშირეთა სოლიდარობისა და კოლექტიური თავდაცვის ერთგულების უზრუნველსაყოფად. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე მოქალაქეობის ქონის უფლებას მოიცავს, რაც უცხოელ მეომრებს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მოქალაქეობის დათმობის გარეშე მიიღონ უკრაინის პასპორტები. 22 იანვარს თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს კანონი არ შეეხება "აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს." „დღეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ არამხოლოდ უკრაინის და ჩვენი ხალხის ერთიანობისთვის, არამედ, უფლებებისა და თავისუფლებების ერთიანობისთვის, უკრაინელების ჭეშმარიტებისთვის, ჩვენი ჭეშმარიტებისთვის, ჩვენი ისტორიის ჭეშმარიტებისთვის," - აღნიშნ ზელენსკიმ კანონპროექტის შესახებ საუბრისას. უკრაინა დღეს სახელმწიფო დღესასწაულს - ერთიანობის დღეს აღნიშნავს რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, ზელენსკი გეგმას ითხოვს
აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა. ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რეგულარულ შეტევებს ახორციელებდნენ. სანქციები ერაყის ავიაკომპანია Fly Baghdad-სა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწესდა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღს მთელი რეგიონის მასშტაბით აწვდის. „ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ, რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ,“ - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ირანის უკანონო ქმედებებისთვის ხელის შეშლას. აშშ თეირანს რეგიონის სტაბილურობის შერყევაში ადანაშაულებს.
პოლონეთმა სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე, ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა
პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე სარჩელის შეტანაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია. მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თქმით, განაცხადის წარდგენა, რომელსაც წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს, სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელებს არასაჭირო ხარჯების წინაშე აყენებს. მანამდე, გასული წლის ბოლოს პოლონეთის ახალმა მთავრობამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელი კომისია გააუქმა.
ბელგია 2024 წელს უკრაინას $665 მილიონის სამხედრო დახმარებას ჰპირდება - უმეროვი
ბელგიამ პირობა დადო, რომ 2024 წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს (665 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან ლუდივინ დედონდერთან 22 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. ეს მაჩვენებელი აღემატება მთელ თანხას, რომელიც ბელგიამ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოუყო - 496 მილიონი ევრო (540 მილიონი დოლარი). ბელგია დამფუძნებელი წევრია „მოიერიშე რეაქტიულ კოალიციაში“, რომელიც F-16-ებისთვის უკრაინელების მომზადებას ისახავს მიზნად ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ 4 იანვარს გამოაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადების მხარდასაჭერად დანიაში ორ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს და 50 სასწავლო პერსონალს გაგზავნის. უმეროვმა 22 იანვარს განაცხადა, რომ დედონდერთან „განიხილა ფრონტის ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.“ მანვე დაამატა, რომ საჰაერო ძალების კოალიციაში, განსაკუთრებით, პილოტების მომზადების პროგრამაში მონაწილეობის გამო, ბელგიის მადლიერია.“
ტუსკი აკრიტიკებს მათ, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დაგმო ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურად დარჩენა აირჩია. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა. „დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში ნეიტალიტეტს ითხოვს, ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს. ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ბორელი უკრაინას ეწვევა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინას ეწვევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ. „პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ. „იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას,“ - აღნიშნა ბორელმა.
სუნაკმა და ბაიდენმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებაზე ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი ჯონ კირბი ავრცელებს. „მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორის ცნობით, ბაიდენმა და სუნაკმა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელი საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.
ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. Reuters-ის ცნობით, განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის შემოსავლების გადაცემის შესახებ სამუშაო მალე დასრულდეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე დასრულდება… დისკუსიები გაგრძელდება ელჩების დონეზე, მაგრამ ვხედავ, რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მან განმარტა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს, ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო შეხვედრამდე, რომელიც 19 თებერვალს არის დაგეგმილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ. ბორელი უკრაინას ეწვევა
Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ცეცხლის ორი თვით შეწყვეტა შესთავაზა
ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკული გამოცემის წყაროების თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები და კაცები და მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგი ეტაპები მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას და ისრაელისთვის გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.
წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის
წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად, თავდაცვის ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყანა გაგზავნის. შესაბამისი განცხადება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია,“ - განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა. როგორც ლუქსონმა აღნიშნა, თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თავდაცვის ჯგუფის განთავსება ახალი ზელანდიის მიერ თავისუფალი ნაოსნობის დაცვის ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები - 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით,“ -წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, პირველი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო კი, 440 ლარი იქნება
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და პირველი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატა. შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს. მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის პირველი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება. წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.
არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგო პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. „შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა. საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს „whatsapp” -ის საშუალებით გადაუგზავნა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების და მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში აქტიურ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს. ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16),“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. 23 იანვარს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა 23 იანვარს გამთენიისას სარაკეტო დარტყმების სერია კიევზე, კიევის ოლქზე, ხარკოვსა და პავლოჰრადზე განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს თქმით, თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა. კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საბავშვო ბაღის შენობა. დამწვარია ავტომობილები. შენობაში რაკეტის აუფეთქებელი ნაწილის აღმოჩენის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3 აფრინდნენ. სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.