ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო დეპარტამენტი: ბევრს ვიმუშავებთ, რათა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო კოორდინაციით, ფინიშის ხაზი გადავლახოთ

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებების უზრუნველყოფით დაინტერესებულია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. კითხვა ეხებოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, „ილჰამ ალიევი მზადაა, მოსკოვში წავიდეს ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად.“ „ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ფინიშის ხაზი გადავლახოთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და დანარჩენებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ,“აღნიშნა პატელმა. მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ ლუის ბონოს როლს გაუსვა ხაზი. რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს  

ჯონ კირბი: მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება

შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სჯერა, რომ უკრაინის ბრძოლის ველებზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება მისი მთლიანი თავდაცვითი ძალისხმევისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება. ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინის გამარჯვება სურს. „ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა,“ - აღნიშნა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა

თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან დაპირისპირებაა. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა. აღსრულების პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებული იყო - საბოლოოდ, სადარბაზოს კარი სამაშველო სამსახურის დახმარების შედეგად გახსნეს. ამ დროისთვის, აღსრულების ბიურო უშუალოდ ბინაში შესვლას ცდილობს. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ. ადგილზე მისულია საპატრულო პოლიციაც.  როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი, მთლიანობაში გადახდილი აქვთ - $80 000. კოვიდპანდემიის გამო, მარტის დასაწყისში, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა. ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება, ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში გასულ წელსაც იყო მისული და მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო.  

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი. „RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3 პროცენტი). 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სალომე ზურაბიშვილი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს პოსტს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით. პრეზიდენტი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებზე. „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!" - წერს პრეზიდენტი. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა  

უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთმა საჰაერო ძალები გაააქტიურა

უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთის არმიამ თვითმფრინავი გაააქტიურა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იტყობინება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონეთმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, თავისი თვითმფრინავები გაააქტიურა. მსგავსი ფაქტი ბოლოს 13 იანვარს დაფიქსირდა. უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი 2 იანვარსაც აამოქმედა. უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას დღეს მსხვერპლი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მასიური დაბომბვის დროს, ამოუცნობმა ობიექტმა NATO-ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო. ინციდენტის საპასუხოდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მაკეი კლიშის თქმით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.  

სტოლტენბერგი: გავაფორმეთ $1,2 მილიარდიანი კონტრაქტი, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, როდესაც NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის მიზნით, 1,2 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტს მოაწერა ხელი. „მივესალმები მოკავშირეების ვალდებულებას, განახორციელონ ძირითადი ახალი ინვესტიციები. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს ყველაფრისთვის, რასაც ამის შესასრულებლად აკეთებენ. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო მოკავშირეებს თავიანთი რესურსების გაერთიანების საშუალებას აძლევს. მათ უნდა მივცეთ იარაღი და საბრძოლო მასალა, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით NATO-ს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე გასულ ივლისში, NSPA-მ დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო. ეს მოიცავს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს ჰაუბიცის ჭურვებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალისთვის, 5,5 მილიარდ დოლართან ერთად, რომელიც  Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის იყო განკუთვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენი ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რომელიც გვეხმარება, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები და გავაგრძელოთ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.   

ქემერონი: „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებმა შედეგი გამოიღო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებმა პროგრესს მიაღწია და მათი შეტევების უნარი შეამცირა. მან ხაზი გაუსვა, „ჰუსიტების“ თავდასხმები საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და ამწვავებს რეგიონში დაძაბულობას. „ეს თავდასხმები არის უკანონო და მიუღებელი. ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო მესიჯი, რომ გავაგრძელებთ მათი თავდასხმების უნარის დაქვეითებას. ჩვენ მოქმედებით მხარს ვასრულებთ ჩვენს სიტყვებსა და გაფრთხილებებს,“ – განაცხადა ქემერონმა. წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.  

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი პროტესტის ფონზე გამოასახლეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალურად ცნობა არ დადასტურებულა. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა  

რა როლი შეასრულა NATO-ს სამმა წევრმა შავი ზღვის გავლით უკრაინული პროდუქციის ექსპორტში - ბრიტანული დაზვერვის ანალიზი

უკრაინის შავი ზღვის მთავარი პორტების ხელახალი გახსნისა და ცალმხრივი გადაზიდვების საექსპორტო არხის შექმნის გამო, 2023 წლის დეკემბერში უკრაინის პორტებმა მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაატარეს, ვიდრე  - ნებისმიერ დროს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში საუბრობს. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ყოველთვიურ მოცულობას, რომელსაც გაეროს და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს მიაღწიეს. „უკრაინამ მიაღწია ამას, რადგან მან დიდწილად ხელი შეუშალა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოპერირებას შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც ისინი უკრაინული ძალებისგან საფრთხეს გრძნობენ,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა. ბაზრის სანდოობას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის შუამავლობით მოქმედი ეფექტიანი სადაზღვევო პაკეტი და განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა საზღვაო ნაღმების საწინააღმდეგო ძალები შექმნეს. როგორც უკრაინული მედცია წერს, ამ საექსპორტო მარშრუტის სიჯანსაღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში: როგორც უკრაინის საექსპორტო შემოსავლისთვის, ისე რისკების შემცირებისთვის და შავ ზღვაში ყველასათვის უფრო დიდი ვაჭრობისთვის. შეგახსენებთ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea). ინიციატივის მიზანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფა. „MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ შავი ზღვის არეალში NATO-ს ყოფნის, შეკავებისა და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევა არ ჩანაცვლდება,“ - წერია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფაქტი დადებითად შეაფასა ამრიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. „მოხარული ვარ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სურსათის ფასებზე გავლენას ახდენს ის, რაც ხდება შავ ზღვაში და განაღმვის ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას,“ - წერს შაჰინი. ცნობისთვის, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც გასულ წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა 2014 წელს დაიწყო უკრაინაში აგრესია, ყირიმის ანექსიის სახით, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია

ლავროვი: ტრამპის დაბრუნება არ გააუმჯობესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ლავროვის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "უამრავი კეთილგანწყობის ჟესტი უგულებელყო." მან არ განმარტა, რაზე იყო საუბარი. მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს ურთიერთნდობის „ეროზია“ დაიწყო. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხზე. ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.  ვაშინგტონს ლავროვის ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNBC-თან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მან შესაძლოა, შემდგომი აგრესია NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ განახორციელოს, რაც აიძულებს აშშ-ს, უშუალოდ ჩაერიოს კონფლიქტში. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია  

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კეკელიძის ქუჩაზე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატში, ცხელი ხაზზე შესული განცხადების თანახმად, შეკრების მონაწილე 7 პირია დაკავებული, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.  სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება გაავრცელა აღსრულების ბიურომაც. „2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს,“ - წერია განცხადებაში. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი პროტესტის ფონზე გამოასახლეს  

ტოივო კლაარმა სომხეთში ვიზიტი შეაჯამა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა სომხეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ხაზი გავუსვი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოგვარების უზრუნველსაყოფად. მოხარული ვარ ბაქოსა და ერევანს შორის არსებითი ორმხრივი კონტაქტებით და მოუთმენლად ველით აზერბაიჯანელ თანამოსაუბრეებთანაც ხელახალ სრულად ჩართულობას არჩევნების შემდეგ,“ - წერს კლაარი. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში  

შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო კეკელიძის ქუჩაზე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი. „მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები. შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი. გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები,“ წერია გავრელებულ განცხადებაში. კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის  

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ შირვანში მოხდა.  ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.      

ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ეს არის მიზანმიმართული ტერორი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები,“ - წერს ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „კიევში, დაბომბვის შედეგად, 22 ადამიანი დაშავდა, ხარკოვში რუსეთის ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის არის 4 ბავშვი.“ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6588 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8971 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8946 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ყაზახეთმა პაკისტანს შუა დერეფნის განვითარებაში ჩართვა შესთავაზა

ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი პაკისტანის კავშირგაბმულობის, რკინიგზისა და საზღვაო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს საიდ მაჟარ ალი შაჰს შეხვდა. ყაზახური მედიის ცნობით, მხარეებმა რკინიგზის სექტორში და საგზაო და საზღვაო კომუნიკაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლასტაევმა დაადასტურა ყაზახეთის განზრახვა, ითანამშრომლოს პაკისტანთან და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ორმხრივი პარტნიორობის გასაძლიერებლად. „ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანზიტო დერეფნების ათვისების კუთხით. ყაზახეთი დაინტერესებულია ML-4 Gwadar-Quetta და Kohat-Tal-Harlachi სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებით, ვაჭრობის გაფართოებისა და გამარტივების მიზნით,“ - განაცხადა ტალგატ ლასტაევმა. ტალგატ ლასტაევი პაკისტანურ მხარეს საზღვაო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. როგორც ყაზახური მედია წერს, მან  პაკისტანურ მხარეს ჩრდილოეთ-სამხრეთის და TITR დერეფნების ერთობლივი განვითარება შესთავაზა.„ჩვენ გთავაზობთ, განვიხილოთ საკონტეინერო ტრანსპორტირების ორგანიზების საკითხები და საქონლის ექსპორტი ყაზახეთიდან ჩინეთში აქტაუს პორტით და შემდგომ პაკისტანში, ომანის ყურის გავლით,“ განაცხადა ვიცე-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

სომხეთის არმია ფორმას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად შეცვლის

სომხეთის შეიარაღებული ძალების ახალი ფორმა NATO-ს სტანდარტებს ითვალისწინებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის არმიაში ფორმების შეცვლის პროცესი დაიწყო და შესაბამისი სამუშაო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს. „ახალი ფორმის არჩევისას სომხეთის რესპუბლიკა თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს კვლევებით, რომლებიც ტარდება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლის გზითა და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად,“ აღნიშნავს სამინისტრო.  სამინისტრომ განმარტა, რომ შეისწავლა NATO-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის უნიფორმების მაგალითები. რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან  

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის იმპორტის აკრძალვის შეტანას ითხოვენ. ეს ქვეყნები ასევე მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორში სანქციების გამკაცრებას და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე