ძებნის რეზულტატი:
პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი „ადრე არ დაიწყო“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას არ ნანობს და მიიჩნევს, რომ NATO საჭირო აღარ არის. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან,“ - ამის შესახებ მან "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა. პუტინის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა. „ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს,“ - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. „მე არ მითქვამს, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რუსეთზე NATO-ს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება. საუბარი ეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ გაფართოებას, რომელში გაწევრიანებასაც კიევი გეგმავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებდა და გვაწუხებს უკრაინის NATO-ში შეთრევის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე,“ - აღნიშნა პუტინმა. რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან ინტერვიუში პუტინმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ „ძალადობდა“ კიევი დონბასზე და როგორ გადაარჩინა მოსკოვმა დონბასელები მათი „დამოუკიდებლობის აღიარებით" და შემდეგ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აქვს“ გამოცხადებული და საჯარო სივრცეში ომის ხსენება აკრძალულია, პუტინმა ეს სიტყვა თავად გამოიყენა.
NBC News: რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად
რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად, – ამის შესახებ NBC News სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის სამი წყაროს ინფორმაციით, იგულისხმობა რუსეთის ძალისხმევა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე, რომელსაც შეეძლო თანამგზავრების განადგურება და რომლებიც გადამწყვეტია აშშ-ის სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციებისა და დაზვერვის შეგროვებისთვის. როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ საქმე „სერიოზულადაა“, მაგრამ არსებობს გზები, რათა „შეაკაონ“ საფრთხე მასობრივი პანიკის გამოწვევის გარეშე. აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით "სერიოზულ საფრთხეზე ეროვნული უშიშროებისთვის"
გაითვალისწინეს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე - SJC
ორგანიზცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას საბჭომ გაითვალისწინა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა. „დღეს, 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამ პროცესში, ისევე როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” უწევდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა. ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე. დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით შემოგთავაზებთ საქმის ვრცელ სამართლებრივ შეფასებას,” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გიორგი მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვლის საღამოს გათავისუფლდა. მას სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დაცვის მხარემ საბჭოს საქმის განხილვისთვის 2023 წლის ნოემბერში მიმართა.
F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ. ბუდანოვის თქმით, რამშტაინის ფორმატში მათ უფრო დეტალურად განიხილეს ტექნიკური საკითხები, როგორიცაა F-16-ებისთვის უკრაინის ინფრასტრუქტურის უზურნველყოფა და მზადყოფნა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო აეროდრომის ბაზის მზადყოფნას. „რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება,“ - განაცხადა ბუდანოვმა. როდის მიიღებს უკრაინა დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სწრაფად. „უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან," - აღნიშნა ბუდანოვმა. ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დანიამ და ნიდერლანდებმა დაპირება მისცეს უკრაინას 61 F-16 გამანადგურებელს გადასცემდნენ. ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ადრე დაპირებული F-16-ების ნაცვლად, კიევს დამატებით 6 ასეთ თვითმფრინავს მიაწვდიან.
Reuters: იაპონიამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა
Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა. მედიის ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება. 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ, ერთ პროცენტიანზე დაბალ ზრდას ვარაუდობენ. გერმანიას ბაზრის პრობლემებთან ბრძოლა უწევს.
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
14-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც. „შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე,“ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თავდაცვის მინისტრი: სამხედრო მრეწველობის განვითარებას, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც სჭირდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრა. „გვაქვს ძალიან კარგი შედეგები გარკვეულ სფეროში, თუმცა არის პროექტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გაგრძელება - ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო მრეწველობაზე, ჩვენთვის პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებები და შესაბამისად, გვქონდეს ამ საჭიროებების სწრაფი შევსების შესაძლებლობა. მაგრამ, მხოლოდ ჩვენს მოხმარებაზე არ შეიძლება და შეუძლებელია, ვიყოთ ორიენტირებულები. აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სახელმწიფოსთან ერთად, სჭირდება კერძო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც. მინისტრის განცხადებით, საჭიროა არსებული ბიზნესმოდელის შესაბამისი შეფასება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას წარმატებული ბიზნესის პროექტი. „აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე,“ ამბობს ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პროგრამას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“ და ორი სხვა კლინიკა, მათ შორის „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. კლინიკებს შორის, რომლებშიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობაა შესაძლებელი ასევე არის: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“; ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“; ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია. „18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“ - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში მყოფ პალესტინელებს დეპორტაციისგან იცავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო პასუხის შედეგად, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ჯო ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ში მყოფ პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.
ქემერონი: არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ
The Hill-ისთვის დაწერილ სტატიაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან პუტინი ჰილტერს შეადარა, უკრაინის დაფინანსების საკითხზე საუბრისას კი, რომელიც კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოსთან გაავლო პარალელი. დევიდ ქემერონი თავდაპირველად გაფრთხილებით გამოვიდა, რომ პუტინის მიმართ არ უნდა გამოიჩინონ ისეთი „სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში." ქემერონმა მოუწოდა კონგრესს , სადაც კითხვის მიშნის ქვეშ დგას უკრაინის დაფინანსების საკითხი, მხარი დაუჭიროს დაფინანსების პაკეტს. „არ მინდა, გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში. ის დაბრუნდა მეტის გამო, რაც გაცილებით მეტი სიცოცხლე დაგვიჯდა მისი აგრესიის შესაჩერებლად. არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ გაურკვეველი პასუხი, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო - ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა,“ აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი. ის ამ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინ ეწვევა ბულგარეთსა და პოლონეთს, სადაც მოსალოდნელია, რომ მოუწოდებს თავის კოლეგებს, გაზარდონ უკრაინისთვის თავდაცვის წარმოება. „მე მინდა, ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე," - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ვიზიტებამდე გამოქვეყნებულ წერილში.
NYT-ის წყარო: საფრთხეზე მინიშნებით ტერნერი, სავარაუდოდ, კონგრესზე წეზოლას ცდილობს, რათა უკრაინის დახმარება გაგრძელდეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „სერიოზული საფრთხის“ შესახებ განაცხადა.როგორც მედია წერს, ტერნერის განცხადება ნაწილობრივ იმისთვის გაკეთდა, რომ მან ზეწოლა მოახდინოს კონგრესის წევრებზე, რათა კანონმდებლებმა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა განიხილონ. შესაბამის სტატიას New York Times აქვეყნებს. წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ტერნერი, სავარაუდოდ, ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა წარმომადგენელთა პალატაზე, რათა ის დათანხმდეს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა. გამოცემა წერს, რომ ტერნერი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გულმხურვალედ უჭერს მხარს და ცოტა ხნის წინ კიევსაც ეწვია. ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ კონგრესმენებთან დახურული შეხვედრა გაიმართება, თუმცა მას არ უთქვამს, რაზე იქნება საუბარი. ამერიკული სატელევიზიო არხის NBC News-ის ორი ინფორმირებული წყარო ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე“, რომელიც 14 თებერვალს განიხილებოდა, ეხება რუსეთის სავარაუდო განზრახვას კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვების შესახებ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ტრამპმა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება კომპლიმენტად მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპლიმენტად აღიქვა პუტინის განცხადება, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია. სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ საქმეებს გააკეთებს“, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს. „რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის. ახლა ეს კომპლიმენტია. მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი," – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია.
უკრაინის მხარდასაჭერად საჰაერო თავდაცვის კოალიციას 15 ქვეყანა უერთდება
კოალიციამ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ინიციატივას გერმანია, საფრანგეთი და აშშ ხელმძღვანელობენ და მას სულ 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა. „უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია კონფლიქტის მომავლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს უმეროვმა ასევე გამოაცხადა "დრონების კოალიციის" ოფიციალური დაწყების შესახებ, რომელსაც ლატვია ხელმძღვანელობს და რომელიც სხვა შვიდ ქვეყანას მოიცავს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ინიციატივას ახლახან შეუერთდნენ ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი. უმეროვმა რამშტაინის ფორმატის ადრინდელ სამიტზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, ავიაციის, საზღვაო ძალების და ჯავშანტექნიკის ირგვლივ კონცენტრირებული კოალიციების შექმნა მოკავშირეთა მთავარი პრიორიტეტებია.
ომბუდსმენი გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას მიესალმება
სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს დადებითად აფასებს. ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა. დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად. საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.
ყოფილი აზოვის პოლკი სასწრაფოდ გადაისროლეს ავდიივკაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადამ დაადასტურა, რომ ყოფილი აზოვის პოლკი სასწრაფოდ გადაყვანილია ავდიივკაში. მე-3 თავდასხმის ბრიგადა 2023 წლის იანვარში, აზოვის პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალებისგან ჩამოყალიბდა. „ვითარება ავდიივკაში კვლავ საშიში და არასტაბილურია. მტერი აგრძელებს ჯარების აქტიურ როტაციას და ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს," - სარდლობის ინფორმაციით, რუსეთს ქალაქის ირგვლივ შვიდი ბრიგადა ჰყავს კონცენტრირებული. უკრაინის სარდლობამ ქალაქ ავდეევკაში ახალი ძალები გადაისროლა
ნორვეგია უკრაინელ საზღვაო ქვეითებს მოამზადებს
ნორვეგია მცირე გემებით ოპერაციების ჩატარებაზე უკრაინელი საზღვაო ქვეითების მომზადების კურსს გაზაფხულზე დაიწყებს. ოსლო ასეთ ნავებს აღჭურვილობით, ასევე მიაწვდის უკრაინას. წვრთნები ნორვეგიის წვლილია „საზღვაო კოალიციაში“, რომელსაც ის რამშტეინის ქვეყნებს შორის ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს. „ნორვეგიამ უკვე დაამყარა კარგი თანამშრომლობა უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ნორვეგიაში, სწავლის პერიოდში. ახლა ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვართ და ვიწყებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამას," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. საზღვაო ქვეითები სანაპირო ზონაში გაივლიან სწავლებას და მდინარის გადასასვლელებზე ოპერირების მიზნით, მოერგებიან იმ პირობებს, რომლებშიც მათ უკრაინაში მოუწევთ მუშაობა.
საბერძნეთი და თურქეთი „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდებიან
თურქეთი და საბერძნეთი ოფიციალურად შეუერთდებიან გერმანიის ეგიდით Sky Shield ერთობლივ ევროპულ საჰაერო თავდაცვის პროექტს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ევროპული ცის ფარის ინიციატივის წევრთა რაოდენობა 21-მდე ირზდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხელმოწერის ცერემონია ხუთშაბათს იმართება. საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა. პისტორიუსმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ხუთშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თავის სლოვენიელ კოლეგასთან IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად. ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს
FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა
Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო. მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალი კვირის ოთხშაბათს მიაღწევენ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: NATO-ს რუსეთთან მკაცრი მიდგომა ესაჭიროება
NATO-ს რუსეთთან კაცრი მიდგომა ესაჭიროება. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, რომ ალიანსმა პოტენციური აგრესიისგან საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს. „ჩვენ ძალის პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, იმის გაგებით, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რუსეთთან და ბელარუსთან ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვარი უნდა გაძლიერდეს,“ - განაცხადა ანდრის სპრუდსმა. სპრუდსის თქმით, ალიანსმა უკრაინასთან დაახლოება არ უნდა გააჭიანუროს. „ვილნიუსში შევთანხმდით, რომ უკრაინა გაწევრიანებისკენ სვლას გააგრძელებს. ვაშინგტონამდე კი ბევრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
ფაშინიანი: აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი სთავაზობს ბაქოს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დროს გამოყენებული იყოს საბჭოთა პერიოდის რუკები და ამ ხაზებიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილი იყოს. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და დროდადრო აყენებს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ანკლავის საკითხს. ამასთან, არაფერს ამბობს, იმაზე, რომ დღეს აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ სომხეთის 30 სოფლის ტერიტორიაა. მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით. „მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება, არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის, ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, 13 თებერვალს, „აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა.“ „საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.