ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი რუსეთზე: დაგვიჯერეთ, უნდა ვუპასუხოთ, ძალის გარდა მათ არაფერი ესმით, არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუს დროს მოუწოდა აშშ-ის პრეზიენტს, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება. „შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი,“ - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მწვანე შუქის გარეშე სხვა მოკავშირეებმაც, შესაძლოა, უკრაინას არ მისცენ უფლება მათ მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს. „გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მინისტრები თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან    

პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 7 მსჯავრდებული შეიწყალა. 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.  

ლიეტუვა მზადაა, უკრაინაში სახმელეთო ჯარები განათავსოს - ლანდსბერგისი

ლიეტუვა მზადაა, შეუერთდეს საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივებს უკრაინაში ჯარების გაგზავნისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ელემენტების გადაცემის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს კიევის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელიც პარასკევს პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ მედიას ესაუბრა. ლიტველმა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა აჩვენოს თავისი განზრახვების მთელი სერიოზულობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და მისი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების მიმართ, მათ შორის, ალიანსში ახალი წევრების მიღების კონტექსტში. უმაღლესი დიპლომატის თქმით, აქამდე ალიანსი კარგად ახერხებდა „კარგი სიტყვებისა და დაპირებების“ თქმას და ახლა მათი განხორციელების დროა. მანვე აღნიშნა, რომ საუბარია არამხოლოდ ქვეყნებზე, რომლებიც მოკავშირეების დაპირებების შესრულებას ელოდებიან, არამედ, თავად NATO-ს მიმართ სანდოობაზეც. „ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ, გავზარდოთ ალიანსის წევრების რაოდენობა, “განაცხადა ლანდსბერგისმა. ლიეტუვამ 2023 წლის განმავლობაში 2900 უკრაინელი რეკრუტი მოამზადა, 2024 წელს კი, კიდევ 3500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს. ცნობისთვის, საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, საფრანგეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადებს. საფრანგეთი იმედოვნებს იმ ქვეყნების კოალიციის შექმნასა და ხელმძღვანელობას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი რუსეთთან შესაძლო პირდაპირი კონფლიქტის გამო შიშობს. როგორც სააგენტო წერს, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი – რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლას 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე გეგმავს.  

საქსტატი: აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0% განისაზღვრა. კერძოდ, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. „საქსტატის“ ცნობითვე, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.  

გერმანიის მთავრობა: უკრაინას შეუძლია, ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად გერმანული იარაღი გამოიყენოს

კიევს შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო ახორციელებს. „ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენ მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა. უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მინისტრები თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს

"უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. "საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, NATO-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 28 მაისს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის პასუხზე "საგარეო საქმეთა ივნისის საბჭოზე იმსჯელებენ.“ რადიო თავისუფლება NATO-ს გენერალურ მდივანს ჰკითხა, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. იენს სტოლტენბერგი: "ეს საკითხი არ განხილულა. და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია." _დარჩება, თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად? იენს სტოლტენბერგი: "დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.“  

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია

„რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ღონისძიებას.   „ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შსს-ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას. ამას გარდა, გახსოვთ, მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას ესწრებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

NATO-ს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს - ბლინკენი

ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „NATO-ს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით, უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოგვმართა და იმ იარაღის გამოყენების ნებართვა ითხოვა, რომელსაც ჩვენ ამ აგრესიისგან დასაცავად ვაძლევთ, მათ შორის, რუსეთის იმ სამხედრო ნაწილებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილი და თავს ესხმიან უკრაინას. ეს არის პრეზიდენტის უფლება და, როგორც მოისმინეთ, მან დაადასტურა ჩვენი [მიცემული] იარაღის ამ მიზნებისათვის გამოყენება," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ამჟამად უკრაინას შეიარაღებაში აქვს ამერიკის მიერ მიწოდებული ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ები.  

ვინ შეცვლის მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოზიციაზე

ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. გარეთ უორდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება. საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. „გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს. მისი სრული სახელი გარეთ ედუარდ უორდია. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია: 2022 – 2024 წლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი; 2018 -2022 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი ვიეტნამში; 2017 წელი- უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია; 2014-2017 წლებში გარეთ უორდი იყო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO) დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი; 2010 -2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული სანკტ-პეტერბურგში; 2007-2010 წლებში იკავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივნის თანამდებობას, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინში; 2002-2006 წლებში იყო ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO); 1998 – 2002 იკავებდა მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მეორე პოლიტიკური მდივანის თანამდებობას,” - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

ზელენსკი: აშშ-მ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს. სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე. მანამდე, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციაზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის შეზღუდული ნებართვა მიიღეს. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არამხოლოდ ხარკოვის, არამედ სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე. "საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის. „ასე რომ, მათ აქვთ ეს იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

FT: „ციმბირის ძალა 2-ის“ გაზსადენზე რუსეთსა და ჩინეთს შორის გარიგება ჩიხშია

რუსეთის მცდელობები, ჩინეთთან მიაღწიოს გარიგებას „ციმბირის ძალა 2-ის“ გაზსადენის ასაშენებლად, ჩიხში მოექცა ფასებსა და მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო. კრემლმა არ უპასუხა კომენტარის თხოვნას, „გაზპრომმა“ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, წერს FT. Financial Times-ის წყაროები იტყობინებიან, რომ ჩინეთი აპირებს, „ციმბირის ძალა 2-ის“ მეშვეობით მიწოდებულ გაზში გადაიხადოს ფასი, რომელიც ახლოსაა რუსეთში საწვავის შიდა ფასებთან, რომელთა სტაბილურობას სახელმწიფო სუბსიდიები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პეკინს სურს, შეიძინოს მხოლოდ მცირე ნაწილი 50 მილიარდი კუბური მეტრი საწვავისა, რის მიწოდებაზეც არის გათვლილი გაზსადენის სიმძლავრე. ხსენებულ საკითხზე უთანხმოება გახდა მიზეზი იმისა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაისში, ჩინეთში ვიზიტის დროს არ ახლდა თან. „მილერის არყოფნა ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებებში იყო „ძალიან სიმბოლური,“ აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა ტატიანა მიტროვამ FT-სთან ინტერვიუში. მილსადენთან დაკავშირებით პეკინის მკაცრი პოზიცია ცხადყოფს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა პუტინს სი ძინპინზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, აღნიშნავს გამოცემა. „ციმბირის ძალა 2“-ის თაობაზე გარიგება ერთ-ერთი იყო სამი ძირითადი თემიდან, რომლებიც განიხილა პუტინმა სისთან შეხვედრაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს ასევე სთხოვა რუსეთში ჩინური ბანკების საქმიანობის გაძლიერებისა და ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში ჩინეთის არმონაწილეობის შესახებ. პარასკევს პეკინმა გამოაცხადა, რომ არ დაესწრება უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტს ჟენევაში. გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ჩინურ ბანკებთან რუსეთის თანამშრომლობის მასშტაბები გაცილებით მცირე რჩება, ვიდრე მოსკოვმა მოითხოვა. მათი თქმით, ჩინეთი და რუსეთი განიხილავენ ერთი ან მეტი ისეთი ბანკის შერჩევის საკითხს, რომლებიც დააფინანსებენ რუსული თავდაცვის მრეწველობის კომპონენტებით ვაჭრობას, რასაც, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მოჰყვება მათ მიმართ ამერიკული სანქციების დაწესება.  

მთავრობის განკარგულებით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარია. „დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით, სრულად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პროცედურის მიხედვით, თუ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და ამ დროიდან შეიძენს სამართლებრივ სტატუსს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლებას მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ. POLITICO-სთან ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში. მისივე განმარტებით "ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს." „ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს ნათქვამია გაეროს წესდებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იყენებენ მას სამხედრო მიზნების მისაღწევად, რაც თავდაცვის მიზნით სჭირდებათ,“ - აღნიშნა მინისტრმა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დანიამაც მიიღო, რომელიც ასევე მიაწვდის უკრაინას F-16-ებს.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ. რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

რა გაძვირდა და რა გაიაფდა

წელს მომხმარებელს 2 ლარით მეტის გადახდა უწევს პროდუქტებში, რომლებშიც გასულ წელს 100 ლარს ხარჯავდა. განახლებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. მაისში წლიური ინფლაცია 2% იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე, ხილსა და ტკბილეულზე. საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი). ბოლო ერთ წელში ფასები ყველაზე მეტად, 12,3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა. ავტომობილის რეცხვა გაძვირდა 41%-ით; ბენზინი - 32%-ით; ავტომობილის შეკეთება 16%-ით. 7,7-პროცენტიანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში. რესტორანში ხინკალი გაძვირდა 12%-ით; ყავა კაფეში - 12%-ით; ლუდი კაფეში - 5%-ით; ხაჭაპური რესტორანში - 5%-ით. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა ჯამში 3,5 პროცენტით: ლუდი - 10%-ით; ჩამოსასხმელი ღვინო 8%-ით. ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნიორზე - 99%-ით; მწვანილზე - 68%-ით; ატამზე - 66%-ით. „ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ლონდონი შუა დერეფნის განვითარების შესახებ კონფერენციას უმასპინძლებს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC). კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართება. „შუა დერეფნის პოტენციური კომერციული და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა იყოს ეფექტური, მდგრადი და განვითარების თვალსაზრისით გამართლებული. ეს კონფერენცია შეისწავლის დერეფნის გასწვრივ ბიზნესის კოორდინაციის, პრიორიტეტებისა და ეფექტურად წარმართვის გზებს,“ - განაცხადა CPC-მ. ღონისძიებაზე განიხილება ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას ინსტიტუციური დაბრკოლებები ბიზნესის წარმართვისთვის კასპიის რეგიონში და ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოება შუა დერეფნის ფარგლებში. გარდა ამისა, კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმობა შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის და სხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით. ცნობისთვის, 25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც. ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას მხარს დაუჭერს - ფაშინიანისა და ლაიენის ერთობლივი განცხადება შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება  

ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“, რომელზეც ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მივიდნენ. „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს. დოკუმენტს შეუერთდნენ: „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია); „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე); „დროა“ (ელენე ხოშტარია); „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე); „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა); „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი); „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე); „ახალი“ (ნიკა მელია); „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი); „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია); „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ (პაატა მანჯგალაძე); „ევროპული საქართველო“ (გიგა ბოკერია); „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი); „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა); „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე); "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა); დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი როსტომ ჩხეიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია; დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე; დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.  

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში, სომხეთში ჩინეთიდან პირველი სატვირთო ავტომობილი შევიდა - ერევანი

სომხეთის მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტ - „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიდან პირველი სატვირთო მანქანა სომხეთის დედაქალაქ ერევანში 31 მაისს ჩავიდა. მან გაიარა ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიები. ამ გადაზიდვას ჩინეთიდან სომხეთში დაახლოებით 20 დღე დასჭირდა, იტყობინება სომხური მედია. პირველი სატვირთო ავტომობილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ყაზახეთის ელჩი სომხეთში ბოლატ იმანბაევი, თურქმენეთის ელჩი სომხეთში მუჰამეტნიიაზ მაშალოვი და სომხეთის ელჩი უზბეკეთში არამ გრიგორიანი. „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ძალისხმევას, რომელსაც ვხედავთ სატრანსპორტო ურთიერთკავშირებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით,“ - განაცხადა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. სამინისტროს ცნობით, შემუშავებულია შესაბამისი მექანიზმები როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა  

პრეზიდენტი: ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან

„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთელი ფოკუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე იყო, რის გამოც ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. „ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო. მაგალითად, „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის. ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით. მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.