ძებნის რეზულტატი:
ბაიდენი და მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით
ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. შესაბამის განცხადებას აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ავრცელებენ. ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“ „ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ქართველი ხალხის გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში, ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად,” - განაცხადა მილერმა. 6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ისტორიაში პირველად, უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე Su-57 გაანადგურეს - კიევი
უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის არმია დრონების იერიშის შემდეგ პირველად მისწვდა რუსულ მრავალფუნქციურ მოიერიშე თვითმფრინავს, Su-57-ის ტიპის გამანადგურებელს. ეს არის ხომალდი, რომელიც რუსეთის შეიარაღებაში არსებულ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, თვითმფრინავზე დარტყმა რუსეთის ასტრახანის რეგიონში, ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში. დაზვერვის ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იდგა Su 57 აეროდრომზე 7 ივნისს დაუზიანებელი, 8 ივნისს კი, მის მახლობლად აფეთქების კრატერები და ხანძრის დამახასიათებელი ლაქები გაჩნდა. „Su-57-ის განადგურება პირველი ასეთი შემთხვევაა ისტორიაში“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში. „Su-57“-ი მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია, დარტყმისთვის Х-59 და Х-69 რაკეტები გამოიყენოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუ-57-ის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი, 7 ივლისს გაიმართება. მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების შედეგებით, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის. „ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის." მანვე აღნიშნა, საფრანგეთს სჭირდება „მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ „მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი. „მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ,” - აღნიშნა მაკრონმა. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას სრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები. რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.
ილია II: მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერით გაამდიდრა
იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. „დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ,“ წერია პატრიარქის ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ამავე ცნობით, ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა. „კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!,” - წერს გრძელიშვილი. აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.
სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს. ჰანტერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ, როდესაც მისი მშობელი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა ჰანტერ ბაიდენის დანაშაულები ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებამდე იქნა ჩადენილი. ჰანტერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია. ჰანტერ ბაიდენის მამამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს განაჩენზე. „როგორც გასულ კვირას ვთქვი, ამ პროცესის შედეგს მივიღებ და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას იმ პერიოდში, როდესაც ჰანტერი გასაჩივრებას განიხილავს. ჯილი [ბაიდენის მეუღლე] და მე ყოველთვის სიყვარულითა და მხარდაჭერით გვერდში დავუდგებით ჰანტერს და ჩვენს დანარჩენ ოჯახს. არაფერი არასდროს არ შეცვლის ამას,” - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აქამდე, 6 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა.
ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
უკრაინა ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა. „დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას. ამავე დროს, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმა“ არის იმის საფუძველი, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან. „ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება,“ - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. “უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები.“ ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს. ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება, მეტად გაამწვავოს. ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ,“ წერია განცხადებაში.
ფაშინიანი ბელორუსში არ ჩავა, ვიდრე ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება
სომხეთმა ბელორუსიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი რაზმიკ ხუმარიანი გამოიძახა. ინფორმაციას სომხური მედია News.am-ი ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ მიუთითებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით კი, დღეს, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელორუსში არ ჩავლენ, ვიდრე ამ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს. ფაშინიანის თქმით, როცა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, ბელორუსის პრეზიდენტთან განსახილველი არაფერი აქვს. ლუკაშენკომ, რომელიც მაისში აზერბაიჯანს სტუმრობდა, განაცხადა, რომ იცოდა ყარაბაღში პრეზიდენტ ალიევის გეგმების შესახებ და იზიარებდა პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილებას. „გამახსენდა ჩვენი საუბარი თქვენი ომის, თქვენი გამათავისუფლებელი ომის წინ, როცა ორნი სადილზე ფილოსოფიურად ვმსჯელობდით. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომში გამარჯვება შეიძლება,“ - მიმართა ლუკაშენკომ 16 მაისს, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს. დღეს, ბელორუსის სახელმწიფო მედია BelTA წერდა, რომ სომხეთიდან თავის ელჩს კონსულტაციებისთვის მინსკიც იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს. „სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში,“ – განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანატოლი გლაზმა. დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ბელორუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) უნდა გაირიცხოს. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის „ASFAT“ გენერალური მენეჯერიც. ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით NATO-ს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
„კავკასიის არწივი 2024“ - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი წვრთნები გაიმართა
„კავკასიის არწივი - 2024“ - ბაქოში საერთაშორისო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სამხედრო ორკესტრმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შეასრულა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ წვრთნამ ხელი შეუწყო სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოცდილების გაცვლას და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწავლების მონაწილეებმა დაკისრებული ამოცანები შეასრულეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები. ცნობისთვის, „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით, სამივე ქვეყანაში ტარდება. 2022 წელს სამხედრო სწავლებას საქართველომ უმასპინძლა. წვრთნების მიზანია სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე, გამოცდილების გაზიარება.
აზერბაიჯანმა შესაძლოა, ჩინეთში სარკინიგზო ტერმინალი შეიძინოს
აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC ჩინეთში ტერმინალის შეძენის ან აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Report-ს რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა. „ჩინეთის ბაზარი აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ამჟამად აზერბაიჯანის რკინიგზასწავლობს ჩინეთის ბაზარს. სამომავლოდ, შეიძლება, გავხსნათ წარმომადგენლობა ჩინეთში. მოგვიანებით, ჩვენ ვფიქრობთ ჩინეთში ტერმინალის შეძენას ან აშენებას. ჩვენ მიზანმიმართულად შევდივართ ჩინეთის ბაზარზე,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის საშუალებით, ყოველწლიურად, 60 ათასი ტონა სპილენძის ტრანსპორტირება იგეგმება
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი წელიწადში 60 000 ტონა სპილენძს გადაიტანს. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. „ჩვენმა ზოგიერთმა მომხმარებელმა მაშინვე მოგვმართა სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი ქართული ნაწილის სარემონტო, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ. ტვირთების გადაზიდვა BTK-ით 2024 წლის 20 მაისს განახლდა. ამ დღეს 20 კონტეინერისგან შემდგარი პირველი სატვირთო მატარებელი აბშერონ ლოგისტიკური ცენტრიდან საქართველოში გადავიდა. 20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა
უნგრეთმა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების საზღვარზე მოპყრობის პოლიტიკაში ცვლილებების შეუსრულებლობის გამო, 200 მილიონი ევროს (216 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ 13 ივნისს განაცხადა. „გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ბუდაპეშტის მთავრობას, რომელმაც მანამდე უარი განაცხადა სასამართლოს მიერ 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე, ასევე მოეთხოვება დღიური ჯარიმის გადახდა ერთი მილიონი ევროს ოდენობით (1.08 მილიონი აშშ დოლარი), ვიდრე ის სრულად არ შეასრულებს მოთხოვნილ ზომებს. ორბანის მთავრობა ამტკიცებს, რომ 2020 წლის გადაწყვეტილება საეჭვო იყო, რადგან მან უკვე დახურა ეგრეთ წოდებული „ტრანზიტული ზონები“, ხოლო ასევე გაამკაცრა წესები თავშესაფრის მომავალი განმცხადებლების აკრძალვის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის საელჩოებში მეზობელ სერბეთში ან უკრაინაში. ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, რეგულარულად უკან აბრუნებენ. ორბანმა, რომელიც ხშირად ეჯახებოდა ევროკავშირის აღმასრულებელ კომისიას უნგრეთის სასამართლოს დამოუკიდებლობისგან უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხებზე, 2021 წელს პირობა დადო, რომ „შეინარჩუნებს არსებულ რეჟიმს (თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებით), მაშინაც კი, თუ ევროპულმა სასამართლომ მისი შეცვლა დაავალა. ევროკომისიამ სასამართლოში მეორე განცხადება 2022 წლის დასაწყისში შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთს არ მიუღია ყველა საჭირო ზომა კოლეგიის 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად. „ეს წარუმატებლობა, რომელიც გულისხმობს მთლიანად ევროკავშირის საერთო პოლიტიკის გამოყენების განზრახ აცილებას, წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას,“- ნათქვამია ხუთშაბათის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ჯიმ ო'ბრაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი. „ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. კითხვას, იქნება თუ არა შეერთებული შტატები მზად, იმოქმედოს, როგორც ორ მხარეს შორის შეთანხმების გარანტორმა, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ აშშ-თვის არცერთ მხარეს არ უთხოვია ამ როლის შესრულება. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს. რეალურად, ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, შეგვეძლება რაიმე როლის შესრულება თუ საერთოდ არანაირი როლი არ დაგვეკისრება. ჩვენ არ ვცდილობთ, ჩავერიოთ პროცესებში ან ვიმოქმედოთ, როგორც ზესახელმწიფომ რეგიონში,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
უკრაინამ და ამერიკამ უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და აშშ-ის შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი უსაფრთხოების ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, შეთანხმებას პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ჯო ბაიდენის განცხადებით, ხსენებული შეთანხმება უკრაინას უფრო გააძლიერებს. აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით, 300 ახალ სანქციას აწესებს. ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები ამას აღკვეთს. „პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში,“ – განაცხადა ბაიდენმა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. „ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და სხვა იარაღს, რომელსაც უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს. ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა," ნათქვამია დოკუმენტში. ის ასევე აფიქსირებს აშშ-ის განზრახვას, მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციონალური და სხვა დახმარება „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასავითარებლად, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესია შეაკავონ.” უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში კონსულტაციებისთვის შეხვდებიან იმის გასარკვევად, თუ რა დამატებითი თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას. ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციურად, ნებისმიერ შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია, ვინაიდან დოკუმენტი კონგრესის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებს. ერთი წლის წინ, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, G7-მა მიიღო დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად. კერძოდ, ეს მოიცავს: დახმარებას უსაფრთხოების სექტორში და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას კიევისთვის; თავდაცვითი-სამრეწველო ბაზის მხარდაჭერას; უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებასა და დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, დიდი შვიდესულის ჯგუფთან. მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, იყო გაერთიანებული სამეფო. უკრაინას ასევე აქვს უსაფრთხოების შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, დანია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ფინეთი, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია. გარდა ამისა, The Washington Post-ის თანახმად, სულ კიდევ 16 ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ კიევთან მსგავსი შეთანხმებები გააფორმოს. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
აშშ ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერას გააგრძელებს - ელჩი დანიგანი
აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროკავშირის წევრობისადმი ერთგულებას ავლენს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც ამერიკელი დიპლომატის თქმით, სრული სიცრუეა. მან ისაუბრა პროექტის, როგორც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების მნიშვნელობაზე. „სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“ და თითქოს, ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს, ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია, ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორიაა, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ,“ - აღნიშნა ელჩმა. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ. „გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა, გავიმეორო აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
რუმინეთის არმიას თავის არსენალში თურქული წარმოების Bayraktar-ის დრონები შეემატა
თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები რუმინეთის სახმელეთო ჯარების არსენალში შევიდა. იტყობინება რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო. დრონების საერთო ღირებულება დაახლოებით $321 მილიონი იქნება. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები პირველი საცდელი ფრენების განხორციელებას 2024 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში შეძლებენ. 2024 წლის თებერვალ-ივნისში რუმინული პერსონალის პირველ ჯგუფს თურქეთის საწარმოო ქარხანაში ტრენინგი ჩაუტარდა. უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთს ეტაპობრივად, 2024 წლის ივნისში, 2024 წლის სექტემბერსა და 2025 წლის იანვარში მიეწოდება. მხარეებს შორის კონტრაქტი გასულ წელს გაფორმდა. ცნობისთვის, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის დაცვაში, რუსეთთან მიმდინარე ომის დროს.
ჯიმ ო’ბრაიენის შემდეგ, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა 17-19 ივნისს ერევანში ჩადის. სომხეთში მისი ვიზიტის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს აშშ-სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში, რომელიც დემოკრატიის საკითხებს ეხება. ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. „ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს განზრახვას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები სომეხ ხალხთან,“ აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი. მდივნის მოადგილე ვერმა სახელმწიფო და ადგილობრივი ოფიციალური პირების დელეგაციას უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფში შედიან კალიფორნიის, კანზასის, მიჩიგანის, მონტანის და პენსილვანიის წამომადგენლები. ვერმას ასევე თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი საქალაქო და სახელმწიფო დიპლომატიის საკითხებში ნინა ჰაჩიგიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ახალ სუბნაციონალურ დიპლომატიის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში. ამერიკელ დიპლომატთან ერთად სომხეთში ასევე ჩადის სპეციალური წარმომადგენელი კომერციულ და ბიზნეს საკითხებში სარა მორგენთაუ. დელეგაცია შეხვდება საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ცნობისთვის, უფრო ადრე სომხეთში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენი ჩავიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული დიალოგის მთავარი შეხვედრის ერევანში გამართვის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ახალ იმპულსს მისცემს მრავალსექტორული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის თანმიმდევრულ მხარდაჭერას სომხეთში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 5 მაისს ბრიუსელში გამართული სომხეთ-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელება. ჯეიმს ო’ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხდომა ეფექტიანად ჩატარდა და დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების ხელშეწყობაში. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების, ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, სომხეთის მთავრობის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი და მისი პრინციპები. ჯიმ ო'ბრაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი
მამუკა მურჯიკნელმა კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ყოველწლიურ რეგიონულ ფორუმზე, „შუა დერეფანში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ყოველწლიურ რეგიონულ ფორუმზე, სპიკერად იყო მიწვეული. მიმდინარე წლის ივნისში, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, კავკასია-ცენტრალური აზია-ავღნეთი-მონღოლეთის (CAMCA) ყოველწლიური რეგიონული ფორუმი გაიმართა. აღნიშნული ფორუმის მთავარ საკითხს „შუა დერეფანი“ და რეგიონში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (AFPC) ექსპერტისა და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (CACI) თავმჯდომარე, დოქტორი ფრედერიკ სტარის ხელმძღვანელობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „დიდი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურული პროექტები.“ აღნიშნულ დისკუსიაში იყო სპიკერად მიწვეული მამუკა მურჯიკნელი, რომელმაც ამერიკელ, ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად განიხილა „შუა დერეფანში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო შესაძლებლობები და გამოწვევები. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ვაშინგტონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საჭიროა ინვესტიციები საქართველოს პორტების განვითარებაში