ძებნის რეზულტატი:

მეთიუ მილერი: განვიხილავთ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე. უწყების პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, „ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, შესაძლოა, მან სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზირება მოახდინოს; ჩაახშოს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის აშშ-ს ურთიერთობას საქართველოსთან.“ „ამიტომაც გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ პასუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე,“ ამბობს მილერი. რაც შეეხება სანქციებს, მილერი აღნიშნავს, რომ აშშ მის დაწესებას არ მოერიდება. ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა. კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ამას შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები გამოეწვია. „ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვიყოყმანებთ (სანქციების, რედ.) მათ დაწესებაზე,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. რატომ არ ახსენა საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთან პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი აშშ დოლარის დახმარებას საქართველოსთვის, და ასევე გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა.“ „მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ გამოაცხადა, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც სავსებით უნდა ელოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედების ნახვას. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებუელბა, ერთგულება ამის შესახებ, საკმაოდ ნათელია," აღნიშნა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

პაპუაშვილი: თუ ტელევიზიით გადის ფილმი, სადაც არის ინტიმური სცენა ამ (ლგბტ) შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას, სექსუალური უმცირესობების შეკრებას. „გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი. პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ, კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა. მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში. მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს - აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ. ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე," - განაცხადა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს, ეს შეეხება ინტიმური სცენების არგაშვებას, არა თემატურად და შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ - სცენების. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ის ეხება მაუწყებლებს და კინოჩვენებას - ეს არ ეხება კულტურულ ღონისძიებებს. მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად, თუკი ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და თუკი იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული,“განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს. „მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში [სრულდება 28 ივნისს] ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა 16 მაისს დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ პროექტის განხილვას პარლამენტში.  

უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს

აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩინეთის მიერ სასარგებლო დიპლომატიური როლის შესრულების პოტენციალს ვეღარ ხედავს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო სამიტს. ჩვენ გვინდა, რომ ის წარმატებული იყოს და ამიტომაც ხედავთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება ამ სამიტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას. ამის თქმით, ჩვენ ყოველთვის ცხადი ვიყავით, რომ ჩინეთს შეეძლო, ეთამაშა სასარგებლო დიპლომატიური როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თუ მას ეს სურდა. თუმცა ახლა რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ ამ როლის შესრულებას იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ვნახეთ, რომ ჩინეთმა ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღსადგენად. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვაპირებთ, ჩინეთს ნათლად ვუთხრათ, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ქმედებებს, რომ ჩვენ დავაყენებთ პასუხისმგებლობას ამ ქმედებებზე და ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც იგივეს ამბობენ,“ განაცხადა მილერმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე ჩინეთს "პუტინის ინსტრუმენტი" უწოდა და ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობასა და შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა. წინა კვირას ჩინეთმა განაცხადა, რომ ის სამშვიდობო სამიტზე დელეგატს არ გააგზავნიდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ ეხმარება ჩინეთი მოსკოვს ომის წარმოებაში, მიუხედავად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიერ წინა წლის სატელეფონო საუბრისას დადებული პირობისა, რომ პეკინი არ ჩაერეოდა რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში. „რუსეთი, ჩინური გავლენისა და ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს სამშვიდობო სამიტის ჩატარებას," - განაცხადა ზელენსკიმ შანგრი-ლას დიალოგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე თვეში, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი "ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე". ჰარისი "კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან."  

იტალია უკრაინას SAMP/T-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს. მისი თქმით, იტალიის მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება. „მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის“, - აღნიშნა ტაიანიმ. როგორც ცნობილია, იტალია არ გაგზავნის სამხედრო პერსონალს უკრაინაში და იტალიური იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.  

თურქეთი და აზერბაიჯანი შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდების ხელშეკრულებას ახანგრძლივებენ

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია 2025-2028 წლებში, უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ენერგეტიკული პარტნიორობის გაგრძელებას. 2021 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის საშუალებით, 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ითვალისწინებდა 3,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წლიურ მიწოდებას Shah Deniz Stage-1-დან. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება დაიწყო 2021 წლის პირველ ოქტომბერს. შაჰ-დენიზის საბადოს შესწავლის, განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ შეთანხმება თავდაპირველად, 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა ხელი და ის რატიფიცირებულია 1996 წლის 17 ოქტომბერს. 2013 წელს შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების შეთანხმების ხანგრძლივობა 2036 წლიდან 2046 წლამდე გაგრძელდა, რაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, BP, როგორც ოპერატორი, 29,99%-იან წილს ფლობს, მას მოჰყვებიან Lukoil (19,99%), TPAO (19%), NIKO (10%) და SGC Upstream (21,02%).  

რა გადაწყვეტილებას ამზადებს თეთრი სახლი უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე

თეთრი სახლი არ გამორიცხავს, ​​რომ მომავალში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინას იარაღის გამოყენების უფლებამოსილება გაუფართოოს. ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველი ჯონ კირბი. კირბი აღნიშნავს, რომ ომის ყოველ ნაბიჯზე, როცა ბრძოლის ველზე ვითარება იცვლებოდა, აშშ-ის მთავრობაც შესაბამისად მოქმედებდა. როდესაც სთხოვეს დაწვრილებით განეხილა, თუ რა სახის ნებართვის გახანგრძლივება შეიძლება, განიხილებოდეს, კირბი ამბობს: „მე არ გავუსწრებ წინ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის მიღებული." მისი თქმით, შეერთებული შტატები არ გადაუხვევს უკრაინის საჭიროებებს და გააგრძელებს მხარდაჭერის განვითარებას, ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მანამდე, 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. 31 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. ამერიკული მხარიგან გამოგზავნილი ეს "მესიჯი" ამ დილით ჩემი სამხედროებისგან მივიღე. დეტალებს ვერ გეტყვით," განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა აშშ-ის გაფაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს."  

„NATO Tiger Meet 2024“ - შვეიცარია გერმანიაში მიმდინარე წვრთნებში ერთვება

შვეიცარიის არმია 13 ივნისამდე მიიღებს მონაწილეობას მრავალეროვნულ წვრთნებში "Tiger Meet", რომელიც გერმანიაში იმართება. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო სწავლება ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანიაში შვეიცარიის საჰაერო ძალების პილოტები გამოიყენებენ ოთხ F/A-18-ის თვითმფრინავს საზღვრისპირა საჰაერო თავდაცვის სფეროში თავიანთი ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად. წვრთნებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების 50 წევრი ჩაერთვება. მასში სულ ათი ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, ათი ვერტმფრენი და 1500 პერსონალი. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წვრთნას 1960 წლიდან ყოველწლიურად აწყობს NATO Tiger Association.  

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს 400-მდე ჯარისკაცი დაიცავს - მედია

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს. გამოცემა El Mundo-ს ცნობით, 5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო სამიტისთვის სხვადასხვა ამოცანას შეასრულებს. შვეიცარიის ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს. ამასთან, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება სამიტის ტერიტორიაზე 13-დან 17 ივნისამდე. ეს გავლენას მოახდენს არაკომერციულ ფრენებზე და დრონებისა და სხვა უპილოტო თვითმფრინავების მუშაობაზე. ტერიტორიაზე განუწყვეტლივ პატრულირებენ F/A-18-ის საბრძოლო თვითმფრინავები. უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, ქალაქ ბიურგენშტოკში 15-16 ივნისს გაიმართება. სამიტს, სავარაუდოდ, 160 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე თვეში, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი "ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე". ჰარისი "კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან."  

„მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ“ - კონგრესში MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. მოსმენა სახელწოდებით - "საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა" - ვაშინგტონში, 4 ივნისს გაიმართა. „ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი.” ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს. კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარია. "ახლახან, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ანტიდასავლური კურსის შეცვლის და ამასთან ერთად, რუსეთთან, თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი, დაკავშირების ღია დეკლარაციას წარმოადგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში გატარებული პროდასავლური, დემოკრატიზაციისკენ მიმართული და ევროატლანტიკური სტრატეგიული დღის წესრიგის შემდეგ, საქართველოს მთავრობა აშკარად და ძალადობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ რწმენას, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონებისა და პოლიტიკის უხეში წესით მიღებაში. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ვექტორის ამ სტრატეგიულმა ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და [ამ ქმედებით ასევე] არღვევს ქვეყნის ისედაც მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ამგვარი კანონმდებლობის სრულად ამოქმედება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. და შედეგად, ევროპარლამენტმაც მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლებითაც საქართველო ევროკავშირისგან სარგებლობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში, კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უზარმაზარ და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის - პოტენციურად, ინდივიდუალური ვიზების აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დემოკრატიის მომხრე და პროდასავლურ მოსახლეობას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ ექაჩება და მზადაა ამ გზაზე ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს." ამერიკის ხმის ცნობით, ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის ზემოქმედებაზე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების შესაძლო პოლიტიკურ რეაგირებაზე. მოწმეების სახით, ჰელსინკის კომიტეტში დღეს მოუსმინეს: ვანო ჩხიკვაძეს - სამოქალაქო საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ნატალი საბანაძეს - კონსულტანტს საქართველოს საკითხებში ევროპის დემოკრატიის ფონდში, "ჩათამ ჰაუსის" უფროს მკვლევარს და ასევე უილიამ კორტნის, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში, რომელიც ახლა "კორპორაცია რანდში" უფროსი მკვლევარია. სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. მან 1991 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ტრადიციაზე ისაუბრა. კონგრესმენმა უილსონმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული 6 მილიარდ დოლარზე მეტი უშუალო დახმარების შესახებაც ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლის ფაქტს ერაყსა და ავღანეთში. კონგრესმენის თქმით, საქართველოსთვის ახლა „კრიტიკული მომენტი“ დადგა და აშშ-სა და საქართველოს მტკიცე კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. კონგრესმენ უილსონის განცხადებით, ამის დასტურია „პუტინის სტილის“ კანონის შემოღება საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს ამას. „კანონი ღიად არის გამიზნული ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციისა და მათთვის ძირის გამოსათხრელად და კრიტიკული აზრის გამოხატვის შევიწროებისათვის. ეს „უცხოეთის აგენტების“ კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია, მთავრობის ანტიდემოკრატიული მიმართულებით შემობრუნების საქმეში,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა. კონგრესმენის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, „ამ ფონზე საქართველოს მმართველმა პარტიამ შეძლო, გამოენახა “ომის კრიმინალ პუტინთან” საერთო მიზანი,“ აღნიშნა უილსონმა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს კავშირების გაღრმავებას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არ დაუშვებს ქართულ დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმის უპასუხოდ დატოვებას. „ამიტომაც მივესალმები [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოცხადებულ პოლიტიკას სავიზო შეზღუდვებზე იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას,“ აღნიშნა მან. კონგრესმენი უილსონი ასევე მიესალმა კონგრესში წარდგენილ ახალ კანონპროექტს, აქტს სახელად „მეგობარი“, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესებისას, დამატებით დამხმარე წყაროდ და გზამკვლევად გამოადგება. კონგრესმენმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ იგივე კანონპროექტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის უფრო „მოქნილი“ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, „მძლავრი ეკონომიკური და უსაფრთხოების დახმარების პაკეტების“ წარმოდგენით. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ, MEGOBARI Act სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადდება,“ - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა. მისი თქმით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. „სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება,“ - განაცხადა უილსონმა. სხდომაზე მიწვეულ მოწმეთა ჩვენებების მოსმენასთან ერთად, ორპარტიულ ჰელსინკის კომისიაში სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი სტივ კოენი, სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ვიქტორია სპარცი. მოსმენის დასასრულს, ვანო ჩხიკვაძემ, ნატალი საბანაძემ და უილიამ კორტნიმ, შეერთებული შტატების კანონმდებელთა კითხვებს უპასუხეს. ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა, ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის.“ „ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლების სვლას რუსეთის ორბიტისაკენ,“ - განაცხადა ივანე ჩხიკვაძემ. ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს „მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად რაცხავს კრიტიკულ ხმებს. “ეს კანონი სიმპტომია და არა მიზეზი“ - რეპრესიის იარაღია, რომელიც წინასაარჩევნოდ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობას.“ უილიამ კორტნიმ მიმოიხილა დამოუკიდებელი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ამერიკა მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “თითქმის ოცდაათი წელია, რაც აშშ-სა და საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა გააჩნია. ახლა კი, ამერიკამ განაცხადა ვიზების შეზღუდვის შესახებ მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს - განაცხადა უილიამ კორტნიმ და აღნიშნა, რომ ამერიკამ შეიძლება, ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.  

გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებაზე 103 ქვეყანა მიემხრო

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.“ რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „78-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით. დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის," - წერს ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე. რაც შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ის ასეთია: მწვანედ მონიშნულია მხარამჭერი ქვეყნები; წითლად - მოწინააღმდეგეები და  - ყვითლად ქვეყნები, რომლებმაც ხმის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს. ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ გასულ წელს დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა, ხმის დაფიქსირებისგან შარშანდელის მსგავსად თავი შეიკავა. შარშანწინ მან წინააღმდეგ მისცა ხმა. უკრაინა მხარდამჭერთა რიგებშია. წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთის მოკავშირე ბელორუსმა. ასევე - კუბამ, ბურუნდიმ, მალიმ, ზიმბაბვემ, ნიკარაგუამ. მხარდამჭერებს შორის არიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი. რა წერია რეზოლუციაში საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. „ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის რეკორდულად ზრდის გამო, მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეზოლუცია ბოლო წლებში უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. 2024 წელს რეზოლუციის თანაავტორი 64 ქვეყანა გახდა.რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს,“ წერია რეზოლუციაში. ცნობისთვის, რეზოლუციას შარშან 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.  

აშშ მექსიკიდან მიგრანტების მიღებას შეამცირებს

აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს. შემზღუდავი ზომები იმოქმედებს სამხრეთის საზღვრის გადატვირთვის შემთხვევებში, როცა მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებს, დროულად მიიღონ საჭირო ზომები. ასეთ დროს მათ მიგრანტების სწრაფად დეპორტაციის უფლება ექნებათ. გამონაკლისი შეეხება ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. აკრძალვა შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება. „ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. 2023 წლის დეკემბერში მიგრანტების რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს - დღეში 10 000-ს მიაღწია. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად აკავებენ 4000-მდე მიგრანტს. პრობლემის დაძლევა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჯო ბაიდენმა მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე გადაწყვიტა. მიგრანტებისადმი მკაცრი პოლიტიკით ცნობილია ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის განკარგულება რეალურად არაფერს ცვლის. მოელიან, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია.   

„რაც საქართველოში ვნახეთ, წინააღმდეგობაა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონისადმი“ - მილერის პასუხი რუსულ პროპაგანდაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვას რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდის შესახებ, მათ შორის, საქართველოში. „კრემლი ასევე იმეორებს საქართველოს მთავრობის პროპაგანდას. „დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან გავიგეთ, რომ „აშშ ოქტომბერში „გეგმავს“ ახალი მაიდნის განხორციელებას საქართველოში.“ გაქვთ ამაზე პასუხი?“ მიმართა ჟურნალისტმა უწყების პრესსპიკერს. „ვფიქრობ, პასუხი, რომელიც ახლახან გავეცი დეზინფორმაციის შესახებ, რომელსაც კრემლიდან ხედავთ, ალბათ, აქაც კარგად გამოდგება. ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი საერთო არ აქვს შეერთებულ შტატებთან,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. მანამდე მან უპასუხა შეკითხვას ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ: „ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გაზრდის შესახებ. როგორია თქვენი შეშფოთების დონე ამ ცნობებთან დაკავშირებით?“ „ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვიყავით რუსული დეზინფორმაციით. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბრის თემა გასულ კვირას პრაღაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რაც მდივანმა წამოწია და არამხოლოდ წამოწია, არამედ, შემდეგ მოისმინა მნიშვნელოვანი შეშფოთება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მთავრობა იყენებს დეზინფორმაციას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მთავრობა იყენებს დეზინფორმაციას სიცრუისა და ჭორების გასავრცელებლად ევროპასა და მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ამაზე რეაგირების საუკეთესო გზების შესახებ,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. გალუზინი ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების "მაიდანის სცენარით" ცვლილება და რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერის შექმნა სურს.  შეგახსენებთ, გასული წლის 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. ამავე თემაზე: ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ  

აშშ უკრაინას $225 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს - Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს ახალი, 225 მილიონი დოლარის იარაღების პაკეტს უკრაინისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უახლესი პაკეტის დეტალები გავრცელდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს ხუთშაბათს, საფრანგეთში. „ნორმანდიაში ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ასევე ის საკითხი განიხილოს, როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, კვლავ შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში,“ - აღნიშნავდნენ თეთრ სახლში მანამდე. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისიებებზე დასასწრებად ჩადიან. ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.  

Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს

დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები და ბელგია ამ ზაფხულს, კიევში 60-ზე მეტი ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავენ. იტყობინება Politico. უკრაინელები მიიჩნევენ, F-16-ების ფრენის მეტი შესაძლებლობა კიევს დაეხმარება, უკან დააბრუნოს რუსული ძალები ფრონტის ხაზებიდან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ხარკოვი, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში წინ მიიწევდა. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავს მიაწვდიან. დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს. დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.  

აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები განახლებადი ენერგიის სფეროში ერთობლივ პროექტს იწყებენ

აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანში მზისა და ქარის სადგურის სამი ძირითადი პროექტის (1 გვტ სიმძლავრის) მშენებლობის ითვალისწინებს. იუწყება Euronews-ი. პროექტები მოიცავს 445 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ბილასუვარში, 315 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ნეფჭალაში და 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს აბშერონ-გარადაღში. მოსალოდნელია, რომ ქარხნები გამოიმუშავებენ საშუალო წლიურ ენერგიას 2 მილიარდ 3025 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიით, რაც თავის მხრივ, დაზოგავს 496 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს წელიწადში და ხელს უშლის 943 ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას.  

ბაიდენი: პუტინი დიქტატორია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დგანან. ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბატონობისკენ მიდრეკილი ტირანი შეიჭრა. „უკრაინელები არაჩვეულებრივი სიმამაცით იბრძვიან, დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკან არასდროს იხევენ. შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას, მსოფლიოს ავტოკრატები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ნახონ რა მოხდება უკრაინაში. ნახონ, გავუწევთ თუ არა ამ უკანონო აგრესიას წინააღმდეგობას. ამას ვერ დავუშვებთ. მოძალადეების წინაშე კაპიტულაცია, დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა უბრალოდ წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა - ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია. ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს. “მას [პუტინს] 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის. ის დიქტატორია. იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [უკრაინას] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეს, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის,” - განაცხადა ბაიდენმა. გარდა ამისა, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ „ამერიკული იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ იძლევიან.“

ელჩი ჰერჩინსკი: როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ

ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება, გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს. “საშუალება მომეცით თქვენ და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა გვაქვს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა დაძლეულ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ძალიან მომთმენები ვართ, საქართველოს ველოდებით. საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც ისტორიული მიღწევა იყო. მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი დაფინანსება შეიძლება, დაიკარგოს, სხვები შეიძლება, გადამისამართდეს ან შეჩერდეს - კი, არის ზომები, რომლებსაც “[სანქციების] ვარიანტების საბუთი” მოიცავს და 27 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ამას. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, პირიქით, ამ კანონზე საპასუხოდ, ჩემი ვარაუდია, რომ ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება, გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, რომლებიც ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მანვე ღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, თუ რა ხდება, “ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.“ ელჩის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ბრალდება ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებას ეხებოდა, რაც უსაფუძვლოა. ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ამაყობს დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა და ნებისმიერი დეტალის, თითოეული ევროს, რომელიც საქართველოში დაიხარჯა, ნახვა შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდზე. ელჩი მწუხარებას გამოთქვამს და შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირების ბრალდებებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი განცხადებები, არ განმეორდება. “კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენი, ევროკავშირის მიმართ, ბრალდებები თითქოს, ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს; ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები. ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე, მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ, ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში, ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ. როგორც ყველამ ვიცით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია 9 ნაბიჯიდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა, არ გამეორდება. ერთ-ერთი ასეთი განცხადება გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორიზმის დაფინანსებაში. მინდა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ განვითარების კუთხით მთელი ჩვენი დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვახორციელეთ აქ, საქართველოში - ყოველთვის საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო მუშაობით. ჩვენს ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ “პროექტებს” "დააკლიკოთ". გთხოვთ, გააკეთეთ ეს. შემდეგ გადაგამისამართებთ ვეგბერდზე eu4georgia.eu-ზე, სადაც ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ იპოვოთ თითოეული ევრო, რომელიც საქართველოში დაიხარჯა,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებით არ არის დაკავებული. ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობდა, მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ ვართ დაკავებული. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ახლანდელ მთავრობასთან და ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რომელიც 26 ოქტომბრის, იმედია, თავისუფალი და დემოკრატიული, არჩევნების შემდეგ იქნება არჩეული," - აღნიშნა მედიასთან ელჩმა ჰერჩინსკიმ.  

ევროპარლამენტის არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო

6 ივნისს, დაიწყო ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდის სამეფოა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს დღეს ირჩევენ. ხვალ, 7 ივნისს, კენჭისყრა ჩატარდება ირლანდიაში, 8 ივნისს კი - ჩეხეთში, სლოვაკეთში, მალტასა და ლატვიაში. ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებში არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ყველაზე მეტ, 96 დეპუტატს, გერმანიიდან აირჩევენ, ყველაზე ნაკლებს, 6-6-ს - კვიპროსიდან, მალტიდან და ლუქსემბურგიდან. ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია. წინასწარი პროგნოზით, მემარჯვენე პოპულისტები, ევროსკეპტიკოსები და ნაციონალისტები პოზიციებს გაიუმჯობესებენ, თუმცა უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტ ხმას ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფში შემავალი პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ. ამ გამოკითხვებით, მეორე ადგილზე იყო „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი".  

ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგი საქართველოს საკითხით გაიხსნა. მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება სანქცირებულთა ოჯახის წევრებზეც. „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის შესახებ გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა მიიღო. დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ საქართველოს ათობით მოქალაქეს. მათ შორის არიან პირები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, შეერთებული შტატები მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს," აღნიშნა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა. ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში, ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად,” - განაცხადა მილერმა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის

რამდენჯერმე დაანონსების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმ შტატებმა დღეს, საქართველოს მმართველი გუნდისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მედიასთან შეხვედრა მან საქართველოს საკითხით გახსნა. მოგვიანებით კითხვებზე პასუხის გაცემისას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სანქცირებული პირების რაოდენობა ორიდან სამ ათეულამდეა. მიიღეს თუ არა სანქცირებულებმა შეტყობინებები, მილერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი, ვისაც აშშ-ის ვიზა აქვთ, მიიღებენ შეტყობინებებს, სხვა შემთხვევაში, „ჩვენ, ჩვეულებისამებრ, არ ვაცნობებთ ხალხს, მაგრამ ისინი ამის თაობაზე მაშინ იგებენ, როცა აშშ-ში ჩამოსვლას ცდილობენ.“ დამაზუსტებელ კითხვაზე, აფრთხილებენ თუ არა მათ, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? - პრესსპიკერი პასუხობს: "ვეჭვობ, ეს ასე მოხდა, რადგან ჩვენ ეს [აკრძალვა] დღეს ავამოქმედეთ." კითხვაზე, თუ რამდენი ტრანშია მოსალოდნელი, მილერმა აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის. „ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს.“ რა გზავნილის გაგზავნას ცდილობს აშშ რამდენიმე ტრანშის დაწესებით, მილერმა განმარტა „საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ახლა ახორციელებს.“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ეს ეხება ახლახან მიღებულ კანონს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ, ასევე ეხება ხელისუფლების ქმედებებს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს და იმ კურსზე უარის თქმას, რომელსაც საქართველო დიდი ხანია, მიჰყვება. „ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო განახორციელებს,“ – აღნიშნა მილერმა. მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მას კანონი უკრძალავს, დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო. „არ შემიძლია, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი."