ძებნის რეზულტატი:

მაია სანდუ: მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება. მან სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ. სანდუს განცხადებით, მას მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზების იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია, რომ მისთვის „ტროას ცხენი“ მოამზადეს. „მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება,“ - აღნიშნა სანდუმ. თავის მხრივ, მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა.  ვიორელ ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ გამოძიების მასალის თანახმად, მხოლოდ ოქტომბერში არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით. ჩერნეუცანუს თქმით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა. “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციის თქმით, მათ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხეს. ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ილან შორი დგას. პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი დააფიქსირა. მათ დიდი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  

NATO-მ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობების შემოწმება დაიწყო

24 ოქტომბერს NATO-მ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობებისა და ერთობლივი მაღალი დონის ინტეგრაციის დონის შემოწმება დაიწყო. "Neptune Strike 2024“ გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობაა, რომელიც ჩატარდება ევროპის მასშტაბით, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვიდან და ადრიატიკიდან ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებამდე. აქტივობა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, NATO ოპერატიულ კონტროლს აიღებს მრავალი მოკავშირის საზღვაო ომის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათ შორის იქნება მრავალი ავიამზიდი და საექსპედიციო დამრტყმელი ჯგუფი, რომლებიც რამდენიმე ოპერაციულ სფეროში განლაგდებიან. საერთო ჯამში, ოპერაციაში დაახლოებით, 20 ხომალდი და წყალქვეშა ნავი, სპეციალურ ოპერაციულ ძალებთან და მრავალრიცხოვან თვითმფრინავებთან ერთად, დაახლოებით 15000 დამხმარე პერსონალით მონაწილეობს. აქტივობები ასევე მოიცავს ამფიბიების დაშვებას, ნაღმების საწინააღმდეგო ოპერაციებს, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებას და დრონებისგან თავდაცვას. NATO-ს ამ განლაგების მონაწილე ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბელგია, კანადა, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. „ეს არის მოკავშირეების უნარის მძლავრი დემონსტრირება, ერთად იმუშაონ NATO-ს მეშვეობით, შეკავებისა და თავდაცვისთვის,“ განმარტავს NATO. "Neptune Strike“ NATO-ს ერთ-ერთი მთავარი, გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობაა, რომელიც მოიცავს მრავალ ერთობლივ ოპერაციულ ტერიტორიას ევროპის მასშტაბით. NEST 24-2 აჩვენებს ერთობლივი მაღალი დონის საზღვაო დარტყმის შესაძლებლობების კომპლექსურ ინტეგრაციას. NATO ოპერატიულ კონტროლს აიღებს რამდენიმე ავიამზიდსა და საექსპედიციო თავდასხმის ჯგუფზე ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. NEST 24-2-ის მთავარი მიზნებია ნავიგაციისა და მანევრირების თავისუფლების შენარჩუნება NATO-ს ოპერაციების არეალში, სტრატეგიული საზღვაო ჩახშობის პუნქტების დაცვა, შეკავებისა და სიფხიზლის უზრუნველყოფა და ოპერატიულ სფეროებში თავსებადობის გაზრდა (მაგ. საჰაერო-სახმელეთო ინტეგრაცია), NATO-ს შესაძლებლობების ხელშეწყობა ფართო მასშტაბის მრავალ დომენურ ოპერაციაში. NEST 24-2-ს ხელმძღვანელობს NATO-ს საზღვაო დარტყმის და მხარდაჭერის ძალები (STRIKFORNATO). „ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად და დაგეგმილია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისგან დამოუკიდებლად. ის თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის მიმართ. ჩრდილოეთ ზღვაში NEST 24-2 აქტივობებში მონაწილეობს USS Harry S Truman Carrier Strike Group, ასევე - სამეფო საზღვაო ძალების ავიამზიდი HMS Prince Of Wales და მისი ესკორტი,“ აღნიშნავენ ალიანსში.  

„ველოდებით 60%-მდე ხმებს, ყველას მოვუწოდებ ცესკოს შედეგების აღიარებისკენ“ - პრემიერი

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის გადამწყვეტი, პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რეფერენდუმი - “ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.“ „ჩვენ ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კითხვას, თუ ხალხი გამოხატავს თავის ნებას, მზად არიან თუ, რომ მშვიდობიანად გადააბარონ ხელისუფლება, ირაკლი კობახიძემ „ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიარონ ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები.“ ჟურნალისტების კითხვას, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეყრდნობა პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და „კარდაკარის”, ასევე, კომპანია „გორბის” გამოკითხვის შედეგებს. სხვა კვლევებით, მათ შორის Edison Research-ის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოებით, 34-35%-ია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

პრეზიდენტი: ხმა მივეცი არა ვის, არამედ - რას, გაიმარჯვებს საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან ხმა მისცა ახალ საქართველოს. „მთელს საქართველოს მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ - რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

კანონით დადგენილი რა აკრძალვები შევიდა დღეს ძალაში

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს

როგორია ხმის მიცემის პროცედურა

26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს.  ნახეთ ვიდეოინტრუქცია, თუ როგორ უნდა მისცეთ ხმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ისრაელის არმიამ ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. აფეთქებები იყო რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ თეირანის შემოგარენში. დილით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანზე ავიადარტყმების სამი ტალღის შემდეგ ოპერაცია დასრულებულია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო ირანის სამხედრო ობიექტები, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები. ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ისრაელმა სამხედრო ობიექტებს შეუტია თეირანის, ხუზისტანის და ილამის პროვინციებში. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა „წარმატებით მოიგერია“ და ზოგიერთ რაიონში მხოლოდ „შეზღუდული ზიანია.“ ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთვის უშუალო საფრთხეთა აღსაკვეთად მიზანმიმართულად და ზუსტად დაარტყეს ირანის სამხედრო ობიექტებს და ისრაელის არმიამ თავისი მისია შეასრულა. ჰაგარის თქმით, თუ ირანი ესკალაციის ახალ ეტაპს წამოიწყებს, ისრაელს შესაბამისი რეაქცია ექნება. ისრაელის შეტევა მოსალოდნელი იყო ოქტომბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში.  

ივანიშვილი: დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებით, „ქართველმა ხალმა არჩევანი უნდა გააკეთოს აგენტურასა და მთავრობას შორის, რომელიც ხალხს მოემსახურება.“ ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ის ადგილზე, ოჯახთან ერთად მივიდა. „მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც აგენტურას მართავს და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. გარწმუნებთ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს, ცდილობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ იმას, რაც უცხო ქვეყანას აინტერესებს. ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ივანიშვილმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

ზელენსკიმ არ ისურვა გაეროს გენერალური მდივნის კიევში ჩასვლა - მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის კიევში ვიზიტზე. ამის შესახებ France Presse და RBC-Ukraine იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტზე უარის მიზეზი გახდა გუტერეშის მონაწილეობა "ბრიქსის" სამიტში, რომელიც რუსეთში, ყაზანში გაიმართა. 24 ოქტომბერს გამართულ სამიტზე გუტერეშმა საერთაშორისო ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მოუწოდა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ დამყარებისკენ. ზელენსკის ოფისმა თავად გუტერეშის რუსეთში ვიზიტის ფაქტი "გონიერების და საერთაშორისო სამართლის დამცირებად" შეაფასა. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა გუტერეშის რუსეთში ვიზიტის გამო. „გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო მიწვევა ყაზანში ომის დამნაშავე პუტინისგან. ეს არასწორი არჩევანია, რომელიც ხელს არ უწყობს მშვიდობის საქმეს. ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თავის მხრივ, გუტერეშმა პუტინთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. "ბრიქსის" სამიტის შემდეგ გუტერეში კიევში ჩასვლას გეგმავდა, მაგრამ ზელენსკის ოფისმა უარი თქვა მის ვიზიტზე. გუტერეშმა აქამდეც არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის აგრესია უკრაინაში და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ქმნის „საშიშ პრეცედენტს“ მსოფლიოსთვის. 2024 წლის აპრილში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ სურს უკრაინაში ომი დასრულდეს ტერიტორიული მთლიანობის პირობებით.  

10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ია

10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ს შეადგენს. ინფორმაციას ენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09 %, ყველაზე დაბალი კი, გურიაში – 7.65%. რეგიონების მიხედვით, პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია – სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%. ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა.  დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა

ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო, ინფორმაცია მედიას ცესკოს პრესსამსახურმა მიაწოდა. დღეს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად. მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ დროისთვის მარნეულის #69 საარჩევნო უბანი დახურულია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს. „ვრცელდება მედია- და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს - ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში - იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა. საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

ეუთოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი მიზანია, დარწმუნდნენ, რომ „შედეგებში ხალხის რეალური ნება აისახა“

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ და ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი მეორე საარჩევნო უბანი მოინახულეს, დააკვირდნენ ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესს და მედიასთან განაცხადეს, რომ სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას ჟურნალისტებს ხვალ გააცნობს. საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე უბნებზე არიან. პია კაუმამ, რომელიც არჩევნებს საქართველოში 2020 წელსაც აკვირდებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლევანდელი არჩევნების მთავარი განმასხვავებელი მისი ელექტრონული ხასიათია. ამასთან, „მათ სმენიათ, რომ არჩევნებამდე პერიოდში პოლარიზებული ატმოსფერო ჭარბობდა, თუმცა არჩევნების დღემდე თავად არაფერი კონკრეტული არ შეუმჩნევიათ.“ „ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში არჩევნების დღეს და ისინი მისცემენ ხმას ზეწოლის გარეშე,“ - ამბობს კაუმა. საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ. პასკალ ალიზარდის თქმით, უეთოს სადამკვირვებლო ჯგუფი უბნების 50-60%-ს დააკვირდება: „ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ ვითარებას, ვაკვირდებით უშუალოდ საარჩევნო პროცესს და ხვალ გვექნება შეფასება,“ - აღნიშნა ალიზარდმა. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს  

17:00 საათისთვის, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 50.6%-ს შეადგენს

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი – 51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%; ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა ქართლი – 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი – 52.38%; რაჭა ლეჩხუმი – 61.81%; იმერეთი -51.26%; გურია – 53.74%; აჭარა – 53.05%. ცესკოს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 42,04%-ს, 2020 წელს კი –45,77%-ს. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგი იყო - საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენდა.  ცესკოს შეფასებით, ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას. ამ დროისათვის დასრულებულია კენჭისყრა ავსტრალიაში. რამდენიმე ქვეყანაში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას ადგილობრივი დროის შესაბამისად 08:00 საათიდან შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური განცხადებებისა, თითქოს ისრაელში საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნებოდა, რამათ-განის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. რასაც სწორედ ცესკოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ცესკომ 11 ოქტომბრის დადგენილებით შესაძლებელი გახადა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები იქნებოდა, გარდაქმნილიყო სპეციალურ ჯგუფად და ჩაეტარებინა კენჭისყრა. სწორედ სპეცჯგუფის სტატუსით ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას ისრაელში. ასევე მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; აგიტაცია; უბნიდან გაძევება; დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება. გლდანში, მესამოცე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა,“ განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე. მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც. გავრცელებული ინფორმაციით, საიას დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ორი ან ორზე მეტი ბიულეტენის მიცემისა და ხმის დამთვლელ აპარატში შეცურების ფაქტები. „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე. “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ 10:00 საათის მდგომარეობით, მათმა დამკვირვებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა აღწერეს - ახმეტაში (მე-17), ჩუღურეთში (მე-3 უბანი) და ტყიბულში (1-ლი უბანი).   

პრეზიდენტი: არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, არ გვეკადრება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებული მიმართვისას განაცხადა, რომ იმ ტიპის დაძაბულობა, რაც ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, საქართველოს არ ეკადრება. პრეზიდენტმა ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას დაფიქსირებული აქტივობისთვის და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა. „მე მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა, ასევე, საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა. თუმცა, მე მინდა, ასევე, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე - ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეს ამით. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება! ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს - მათი ინფორმაციით ვართ ყველა და არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს, მით უმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ - წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენ ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!“ - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე. მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც. გავრცელებული ინფორმაციით, საიას დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ორი ან ორზე მეტი ბიულეტენის მიცემისა და ხმის დამთვლელ აპარატში შეცურების ფაქტები. „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე.  

კობახიძე: ჩვენ უკვე გვაქვს დიდი უპირატესობით გამარჯვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ჯერჯერობით არ არის გარანტირებული

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს დიდი უპირატესობით გამარჯვება, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის. „ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გარანტირებული. ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ალბათ 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, არის საჭირო თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ჩვენ არამხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში, არამხოლოდ დიდი უპირატესობით მოვიგოთ და მოვიპოვოთ მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ, ასევე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და იმოქმედონ მაქსიმალური პასუხისმგებლობით საკუთარი ქვეყნის წინაშე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, სასწორის ორ მხარეს დგას ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, ქვეყნის ბნელი წარსული ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც არის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რა თქმა უნდა, თითოეულ ამომრჩეველს, მაქსიმალურად მობილიზდნენ და გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა უბნებზე, უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი, მათ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრეზიდენტი: როგორც ევროპელი და ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს

საარჩევნო უბნების დახურვამდე 50 წუთით ადრე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოსახლეობას კვლავ მოუწოდა ხმის მიცემისკენ. სალომე ზურაბიშილის თქმით, ვისაც სურს, ისტორიული ფურცის დაწერაში მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ახლა არის ეს დრო, რომელიც აღარ განმეორდება. მან ემიგრანტებს შეახსენა, რომ 8 საათისთვის რიგში მდგომებს აქვთ უფლება, ბოლომდე დაელოდონ ხმის მიცემას, 8 საათის შემდეგ მისულებს კი, უბანზე აღარ დაუშვებენ. „მინდა, ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეიძლება, შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, ძალიან არაევროპულად აცხადებენ, რომ მოიგეს და რომ სცენას გამართავენ. გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობის ეზოში. არ შეშინდეთ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაზეც პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შეგედებს დალოდება. არ ვაპირებ, სცენა გავმართო და წინასწარ შედეგები გამოვაცხადო, მე შედეგებს დაველოდები, როგორც ევროპელი და როგორც ღირსეული ქართველი და ყველა გავიგებთ შედეგებს, როცა დრო მოვა. ნუ შეშინდებით,“განაცხადა პრეზიდენტმა. 17:00 საათისთვის, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 50.6%-ს შეადგენს  

სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ არჩევნებზე ჩადენილი შესაძლო დანაშაულები

საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველი მიმართავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და მათ მხარდაჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობის წახალისებისაგან და ინიცირებისგან და ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში წარმართვას. „საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და სურს გამოეხმაუროს ამ დროისათვის (17:30სთ) ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც. კერძოდ, ძალადობრივი ინციდენტები: ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე; ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე; დაძაბულობა იყო თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან; ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს; სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე; გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას; ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას; ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი; ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი; საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები: ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა; ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში. გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვისა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების/ამომრჩეველთა აღრიცხვის თაობაზე; გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას დაიცვას როგორც აღნიშნული კანონისმიერი დანაწესი, ასევე, არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს თუნდაც შესაბამისი მანძილის დაცვით ძალადობისა და დაპირისპირებების ინიცირება. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუმცა მედიის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კომისიების მუშაობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება. გატარებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დროულად წარმოუდგინოს საზოგადოებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის ეგზითპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: - (#41) “ქართული ოცნება“ - 40,9 % (#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 % (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %  (#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %  (#25) “გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 % „გორბის“ ეგზიტპოლის (ტელეკომპანია „იმედი“) თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 12.6 %; „ერთიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ - 7.0 %. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. უფრო კონკრეტულად, Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 42%-ის მხარდაჭერა აქვს. სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგები კი ასეთია: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18% „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13% „ძლიერი საქართველო“- 9% „გახარია საქართველოსთვის“ – 8% საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც

„ევროპული საქართველო“ 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია. „ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობების მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” - წერს ზურაბიშვილი. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.  

ივანიშვილი: მადლობა ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მადლობას უხდის ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. ივანიშვილმა ეგზითპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაამართლებს ნდობას. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელ სააქართველოს, ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. არჩევნები უფრო მეტი ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად არჩევნებად ითვლება საპარლამენტო არჩევნები. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ დიდ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენი ქვექანა აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს უახლოეს ისტორიაში. გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს ოთხ წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია, თუ გინდათ, რომ სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში გვყავს უამრავი წარმატებული წევრი. აი, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველლა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორიც არის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან, ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს, საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს, გილოცავთ, გილოცავთ და როგორც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.