ძებნის რეზულტატი:
„შუა დერეფანს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გადაიზარდოს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო მარშრუტად“ - გერმანიის საელჩოს ბიზნეს მისია
„შუა დერეფანს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გადაიზარდოს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო მარშრუტად ნულოვანი ემისიებით,“ განაცხადა ბაქოში გერმანიის საელჩოს ბიზნეს მისიის უფროსის მოადგილემ ჰეიკო შვარცმა საინფორმაციო ღონისძიებაზე სახელწოდებით "ინოვაციები სარკინიგზო ტექნოლოგიაში აზერბაიჯანში: პარტნიორობა და შესაძლებლობები გერმანული კომპანიებისთვის“ ბაქოში. „აზერბაიჯანის, როგორც მთავარი სატრანსპორტო კვანძის როლი სტაბილურად იზრდება. როდესაც მე აზერბაიჯანში ჩავედი სამწელიწად-ნახევრის წინ, შუა დერეფანი სტაგნაციაში იყო. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია სწრაფი განვითარება. დღეს ეს მარშრუტი არამხოლოდ ხელს უწყობს ტვირთების გადაადგილებას ჩინეთიდან ევროპაში, არამედ, ხელს უწყობს რეგიონული ღირებულების ჯაჭვების შექმნას, რკინიგზა და პორტები თამაშობენ ცენტრალურ როლს ამ პროცესებში,“ აღნიშნა შვარცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გარემოს მდგრადობის თემა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „აზერბაიჯანი, ენერგიის მწარმოებლის როლის გარდა, აქტიურად მუშაობს შუა დერეფნის მწვანე მარშრუტად გარდაქმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნულოვანი გამონაბოლქვის გამოყოფას, რაც მას უნიკალურს ხდის გლობალურ სატრანსპორტო ხაზებს შორის.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
ევროკავშირმა უკრაინისთვის $38 მილიარდის სესხი დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდება
ევროპარლამენტმა დაამტკიცა 35 მილიარდი ევროს (38 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის, რომელიც დაფარული იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეთ გაყინული აქტივებიდან მომავალი შემოსავლების გამოყენებით. სესხი არის ევროკავშირის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც შეიმუშავა დიდმა შვიდეულმა, რათა უკრაინას 50 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყოს. გეგმის შესახებ, დიდმა შვიდეულმა ივნისში გამოაცხადა. ევროკავშირის კანონმდებლებმა 22 ოქტომბერს მხარი 518-56-ით დაუჭირეს, 61-მა თავი შეიკავა, მას შემდეგ, რაც ბლოკის მთავრობებმა დაამტკიცა ეს ღონისძიება ამ თვის დასაწყისში. რუსეთმა გააპროტესტა თავისი გაყინული აქტივების გამოყენება, რომლის ღირებულებაა 300 მილიარდი დოლარი და გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა, ამასთან შურისძიებით დაიმუქრა. დაბლოკილი რუსული აქტივების უმეტესობა ევროკავშირში მდებარეობს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან.“ ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით ამერიკული კვლევითი ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას. ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა. სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე ასევე ადასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია: 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას; 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამომძიებლები ასევე მუშაობდნენ ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისშიც. ოფიციალურად ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა ზემოთ ხსენებულ გამოძიებას. „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს,“ განუცხადა დღეს მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჰელსინკის კომისია: უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან თავისი დემოკრატია
23 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ, რომლის წევრებიც ორივე პარტიისა და ორივე პალატის წარმომადგენლები არიან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად. კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაისში "მეგობარი აქტი" წარმოადგინა, მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ივლისში დაუჭირა. კანონპროექტის ინგლისური სახელის აბრევიატურაა: "MEGOBARI." „მაისში შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღსანიშნად, ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარმოადგინეს "მეგობარი აქტი", ორპარტიული კანონი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად," - წერია კომისიის განცხადებაში. 22 ოქტომბერს კი სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან ერთად წარმოდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს - ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მხარდამჭერები და თანასპონსორები დაემატა, კიდევ 10 სენატორი. „სენატორები შაჰინი და რიში აცხადებენ, რომ დამატებით 10 სენატორს სურს ორპარტიული "ქართველი ხალხის აქტის" თანასპონსორობა. ეს კანონპროექტი გულისხმობს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წევრებისგან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დაწინაურების, თუ მისი დამტკიცების ძალისხმევისთვის," - ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.
თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა
23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. მმართველი პარტიის ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართნენ. წინა რიგებში იდგნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი („ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-10 ნომერი), პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები. "მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მანვე დასძინა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, რომ "ვიწროპარტიული ინტერესების გამო, საქართველო საბრძოლო პოლიგონად" იქცეს. „ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა თუ ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის ნულიდან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!,“ - აღნიშნა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ იმ მიზნებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შედეგად სურთ. „საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს!,“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის "სატელიტ პარტიებს." „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რეგიონებიდანაც ჩავიდნენ მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები და საჯარო მოხელეები.
ჯეიკ სალივანი: საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი გამოაქვეყნა. მან ისაუბრა სტრატეგიული ინვესტიციების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე სუფთა ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და კრიტიკულ მინერალებში. სალივანსა ასევე ჰკითხეს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური კონკურენციისა და ბაიდენის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით კი, სალივანმა ქართველი ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა: „როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე - საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი." „საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვართ ამით. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის,“ - განაცხადა სალივანმა შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას. აშშ-ის წარმომადგენლის ამ კომენტარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „საქართველო 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და 3 000 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის არა თუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ, არც ამ ტერმინებით უსაუბრია - მას შემდეგ, რაც არჩევნები გადაივლის და უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვერავინ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ საქართველო პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და გლობალური ინტერესებისათვის იქედან იომოს!“ განუცხადა კობახიძემ მედიას. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.
იან პიტერ იანდენული: ანაკლიის პროექტს ნამდვილად შეიძლება, ეწოდოს იშვიათი, საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის
მშენებელი კომპანიის „იან დე ნულის“ ხელმძღვანელი იან პიტერ იანდენული აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ანაკლიის პორტს მომავალში მნიშვნელოვან პროექტს გახდის საქართველოსთვის. „ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება, ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება. ახლა შევქმენით ძალიან კარგი ურთიერთობა ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და მე არ ველი, რომ რაიმე შეფერხება გვექნება. იმ ძირითადი საკითხებით, მიდგომებითა და სულისკვეთებით, თუ როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, მარწმუნებს, რომ კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის საქართველოს და ნამდვილად მჯერა ამის,“ – განაცხადა იან პიტერ იანდენულმა. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან უკვე შეუდგა სამუშაოს. „პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავება და ინტენსიური სამუშაოს შედეგად უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.
აშშ-მ უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ - კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე
კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს „პირდაპირი სამხედრო ქმედებები“, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში, ომში ჩაერთნენ. მანამდე გავრცელდა ცნობა, ამ ქვეყნიდან ათასობით ჯარისკაცი შეიყვანეს რუსეთში. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეფასებით, სულ მცირე, 3000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე და შიშობს, რომ მათ საბოლოოდ გაგზავნიან უკრაინაში კრემლის ძალებთან საბრძოლველად. თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნახა მტკიცებულება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში იმყოფებოდნენ. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ უნდა აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების შესვლა ამ კონფლიქტში, წითელი ხაზია შეერთებული შტატებისთვის,“ - განაცხადა ტერნერმა. მისივე შეფასებით, თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები შეიჭრებიან უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად უნდა განიხილოს ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების განხორციელება. ოქტომბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე 3000 ჯარისკაცი გადაიყვანა აღმოსავლეთ რუსეთში, ჩრდილოეთ კორეის ვონსანის რეგიონიდან აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გემების გავლით, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. მისივე ინფორმაციით, შემდეგ ჯარისკაცები გაემგზავრნენ სამ სამხედრო ობიექტზე აღმოსავლეთ რუსეთში, სადაც ისინი გადიან საბაზისო საბრძოლო მომზადებას. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, შევლენ თუ არა ეს ჯარისკაცები ბრძოლაში რუს სამხედროებთან ერთად, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი ალბათობაა,” - განმარტა კირბიმ. მანვე აღნიშნა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარისკაცებს დასავლეთ რუსეთში გამგზავრება და შემდეგ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა შეეძლოთ, რაც „გამოავლენს რუსეთის მზარდ სასოწარკვეთას უკრაინის წინააღმდეგ ომში.“ კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მთავრობას სიტუაციის შესახებ უკვე აცნობა. ის გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებენ, „ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 10 000-მდე სამხედროს აგზავნის საბრძოლველად. ბელგიაში, ბრიუსელში საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფხენიანმა უკრაინაში უკვე გაგზავნა ტაქტიკური პერსონალი და ოფიცრები. ამ ცნობებმა გამოიწვია მოწოდება იმის შესახებ, აშშ-მ უნდა მოხსნას უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვა შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს ამის გაკეთებისკენ. „მე დიდი ხანია, ვეწინააღმდეგები ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის არაგონივრულ პოზიციას უკრაინის მიერ აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეზღუდვის შესახებ. თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინას თავს დაესხმებიან რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს ამერიკული იარაღი საპასუხოდ,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა ტერნერმა თავის განცხადებაში. კირბიმ კი, განმარტა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და გააგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების დახმარების გაზრდას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ივნისში ხელი მოაწერეს პარტნიორობას და პირობა დადეს, რომ ურთიერთდახმარება და მტრებისგან დაცვა უზრუნველყონ. პუტინმა სახელმწიფო დუმას დოკუმენტი რატიფიცირებისთვის 14 ოქტომბერს წარუდგინა. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმების მიხედვით, თუ ერთ-ერთ მხარეს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრებიან, მეორე მას სამხედრო და სხვა სახის დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს.
"ატლანტიკური საბჭო" საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე მეტ სიცხადეს ელის
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო" თავისი ქართველი თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვლენების ამგვარი განვითარება ღრმად შემაშფოთებელია. "ატლანტიკური საბჭო" საქართველოს ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას ელის. „24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოში რეიდი ჩაატარეს “ატლანტიკური საბჭოს” ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის [DFR Lab] ორი თანამშრომლის სახლში და მათი ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ბრალი არ წაუყენებია. “ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ზეგავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას და სხვა ზიანს. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა. “ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი. "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. „ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტის გრამ ბრუკის სახელით ავრცელებს. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის ტექნოლოგიურ პროგრამებსა და სტრატეგიებზე და ამავე დროს არის ხელმძღვანელი იმ პროგრამისა (Digital Forensic Research Lab (DFRLab), რომლისთვისაც ქართველი მკვლევრები მუშაობენ. "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევრების სახლების გარდა, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ კომპანიაში. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება ე.წ. ქოლცენტრების საქმის ძიების ფარგლებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. ამერიკული ორგანიზაციის მკვლევრებსა და „ქოლცენტრების“ საქმეს შორის კავშირზე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
„გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“ - პრეზიდენტი არჩევნებზე, „ქართულ ქარტიასა“ და რუსეთზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 24 ოქტომბერს გამოეხმაურა ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანას წინასაარჩევნოდ. ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე. პრეზიდენტმა კითხვას ასე უპასუხა: "მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკოს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს არჩევნების რეალური შედეგები და ყველა კმაყოფილი იქნება." 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც. პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლების ჩხრეკა "ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა", რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს. "ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია [დაშინება] არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ურნაში, როგორადაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს," - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ომავალში კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა გულისხმობს სწორედ იმას, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა, საარჩევნოდ ადამიანების ძალით, ხვეწნით თუ ფულით გაყვანა მიტინგებზე. „ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მიმართა საჯარო მოხელეებსაც. „არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხებოდა. „ისე არ ვიფიქროთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და სწორედ ასეთი ზეწოლის შედეგად ჰყავთ ამომრჩევლების ასეთი ჯგუფი, მაგრამ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, აგიტატორების გარეშე, კოორდინატორების გარეშე, მიკროავტობუსების გარეშე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე და მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა, მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ ერთპარტიულობიდან გადავდივართ მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება და ბევრად უფრო გათავისუფლებული იქნება ეს გარემო,” - აღნიშნა პრეზიდენტმა. „ქართული ქარტია“ და რუსეთთან ურთიერთობა „ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას“ - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა IPN-ის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის, უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. იგულისხმება პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები და სანქციების დაწესება-არდაწესების თემა.“ „არ მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებზე. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის.“ „მე არ ვარ მზად, ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომ ჩემი ხედვა არის ერთადერთი და მართალი“ „ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის,“ ამბობს პრეზიდენტი შეკითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარადგინა პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე. “დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე, როცა შედიხარ დიალოგში, უნდა მოისმინო სხვისი აზრი და გაიგო, რატომ აქვს ეს პოზიცია. ეს არის ის, რაც მოხდა. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი. ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის. ქარტიაში წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ასეც იქნება, ამის შემდეგ, ცხადია, ყველაფერში იქნება კონსულტაციები, საუბრები და ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, გადაზღვევის მექანიზმები, პრეზიდენტმა ამ შეკითხვაე პასუხისას აღნიშნა, რომ რუსეთს მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის თავის სასიკეთოდ გადაკეთება სურდა, თუმცა იგივე გავლენები და ბერკეტები რუსეთს საქართველოში არ აქვს. „რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო. რუსეთმა მისთვის ბევრად იოლ პირობებში ვერ შეძლო თავისი ჩარევით, მოლდოვის რეფერენდუმის თავის სასარგებლოდ გადაკეთება, საქართველოში რუსეთს ბერკეტები და გავლენები არ აქვს, რაც შეეძლო მოლდოვის შემთხვევაში გამოეყენებინა, ასე რომ, ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს. ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია.“ “გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების გარდა, სხვა ყველაფერს გამორიცხავს. პრეზიდენტმა ამით უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარანტიებს ეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არანაირი კონკრეტიკა არ არის. „მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს. გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის.“ „რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შესაძლებელია“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ელიტებში, პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. მისი შეფასებით, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება. „არ ვფიქრობ, რომ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი. ჩვენ ვნახეთ არჩევნებისთვის ძალიან მშვიდი, მოსამზადებელი პერიოდი. მე ვხედავ, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია ვიდრე ელიტებში, მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. ძალადობრივი ტერმინები, გასამართლებით დამუქრება, პრეზიდენტის ჩათვლით, რომელსაც მეორეჯერ იმპიჩმენტს უპირებენ. არ ვფიქრობ, რომ ხვალ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიქნებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ ხმების გონივრული და მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ უნდა შევიდეთ სხვა ტიპის პოლიტიკაში, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება, რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არც მეორე ფრონტი და არც ისინი, ვისაც, მმართველი პარტიის თეორიების თანახმად, საქართველოში ამ მეორე ფრონტის გახსნა სურს. „არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი – მოსკოვში. ხალხში, არც ოპოზიციაში და არც სხვადასხვა ძალაში, ომის მომხრე არ არის.“
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან
საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია ეწვია. 24-27 ოქტომბერს, ეუთოს და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე ODIHR-ის და ევროპარლამენტის დამკვირვებლებთან ერთად, დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 26 ოქტომბერს კი, დელეგაცია კენჭისყრის პროცესს დააკვირდება. 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. გარდა ამისა, IRI, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი. „მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,“ - აცხადებენ IRI-ში. ორგანიზაციას საქართველოში ჯამში 48 დამკვირვებელი ეყოლება. მათგან 28 - მოკლევადიანი, 20 კი - გრძელვადიანი. „მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს“, - ამბობს ჯონ შიმკუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი. IRI-ის სადამკვირვებლო მისია მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. საარჩევნო პროცესს ჯამში დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.“ „ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი, 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge. „გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს იმართება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.
„იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში“ - საელჩო
იტალიის საელჩოს განცხადებით, ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024: იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში,“ წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან
პრეზიდენტი: არანაირი რევანში არ იქნება, მიდით არჩევნებზე
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. „პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს - ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს...და მათი ხმა ხვალ გაისმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება. მინდა, წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის. მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!“ ამბობს პრეზიდენტი. არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარლამენტს სრულად პროპორციული სისტემით პირველად აირჩევენ. მანდატები ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს
26 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია, რომელიც მეოთხე ვადით არჩევას ცდილობს, და ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ კენჭისყრას რეფერენდუმად მიიჩნევენ. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანზე საუბრობს, მისი მეტოქეები კი, ოკუპანტ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანზე მიუთითებენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების დაახლოებით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, კონსტიტუცია კი, ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე, NATO-ში გაწევრიანებას ავალდებულებს. ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიანიჭა, და ასევე, დასავლეთი, რომელთანაც მმართველ გუნდს ურთიერთობა გაუარესებული აქვს ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების შემდგომი მოვლენების გამო, ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას უსვამენ ხაზს. „ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა 18 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის მარტივი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება. პაველ ჰერჩინსკი „უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებასაც“ არ გამორიცხავს, „თუკი ვითარება გაუარესდება.“ „გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს,“ - აღნიშნა ელჩმა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი საჭირო იყო მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. მისი ოპონენტების შეფასებით, ნამდვილი მიზანი კი, განსხვავებული აზრის აქტორების სტიგმატიზირებაა. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. „არჩევნების წინ, მმართველი პარტია სარეკლამო კამპანიაში მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოოს კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებას“ ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: „უთხარი არა ომს - აირჩიე მშვიდობა!.“ „ბევრი ქართველი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა, მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები,“ - წერდა Associated Press-ი 25 გამოქვეყნებულ სტატიაში. CNBC კი, წერს, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არჩევნები შეიძლება, განიხილებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის და მოსკოვთან უფრო მჭიდრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერა ან ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა. Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, სადაც „დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და მას შემდეგ, ეს ქვეყანა პროდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს.“ „ქართული ოცნება“ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრორუსულ რიტორიკაზე გადავიდა და დასავლურ ქვეყნებს ადანაშაულებს ომში საქართველოს ჩათრევაში. მან ასევე გააღრმავა კავშირები ჩინეთთან. პარტიას მართავს ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს უმდიდრესი ადამიანია და ზოგადად ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. არჩევნები ტარდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოლდოველებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მისცეს ხმა, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კენჭისყრა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჩარევით მიმდინარეობდა,“ წერს ბრიტანული სააგენტო, რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით - „რა დევს სასწორზე საქართველოს არჩევნებზე.“ ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა. 1,181,862-მა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% აიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40.3%. “ნაციონალურ მოძრაობას“ 867,432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 5%-იანი ბარიერი სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა. მაჟორიტარული ნაწილიდან “ქართულმა ოცნებამ“ 41 ოლქი მოიგო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 32. სხვა პარტიების წარმომადგენლებს არცერთი ოლქი არ მოუგიათ. საბოლოო ჯამში, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 65. წელს, სრულად პროპორციული წესით, პარლამენტი პირველად აირჩევა. პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. 4 ძირითად ოპოზიციურ ძალას ხელი აქვს მოწერილი პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ „ქართულ ქარტიაზე.“ სალომე ზურაბიშვილი გამორიცხავს ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა.“
ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანს სურს, BRICS-ის ფარგლებში, ენერგიის ტრანსპორტირებისა და სავაჭრო პროდუქციის ტრანსპორტირების ახალი ქსელი შეიქმნას
ირანი BRICS-ის ფარგლებში, ენერგიის ტრანსპორტირებისა და სავაჭრო პროდუქციის ტრანსპორტირების ახალი ქსელის შექმნის მომხრეა, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა 23 ოქტომბერს ყაზანში, BRICS-ის სახელმწიფოს მეთაურების სამიტზე. მისი თქმით, BRICS-ის წევრი ქვეყნები არიან ენერგიის, საკვების და სხვა საქონლის უმსხვილესი მწარმოებლები მსოფლიოში და, ამავე დროს, უდიდესი მომხმარებლები. წევრ სახელმწიფოებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სატრანზიტო და სატვირთო მარშრუტებზე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მრავალი საკითხის (ეკონომიკური, საბანკო, ეროვნული ვალუტა და ა.შ.) მარტივი გზით გადაჭრა. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამავდროულად, ირანის მიზანია, განავითაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ფარგლებში. BRICS, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, 2006 წელს შეიქმნა. რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 2024 წლის პირველ იანვარს მიიღო. ამჟამად, რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის გარდა, ორგანიზაციის წევრები არიან ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
ალიევი: ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია საქართველოზე გადის, ჩვენი ურთიერთობა კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს რეგიონში. „დიახ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ. აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და პირველი ან მეორე უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი. პირველს ან მეორეს იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი თურქეთია, მეორე წელი - აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გვქონდა საპრეზიდენტო სამიტები, მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების დონეზე. ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია გადის საქართველოზე. ჩვენ გვყავს დიდი აზერბაიჯანული თემი საქართველოში, დაახლოებით - 300 ათასი ადამიანი. ამიტომ, ურთიერთობები შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, იყოს კარგი მაგალითი. ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე არის კარგი მეზობლობის კარგი მაგალითი. თურქეთს შეუძლია, უზრუნველყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა რეგიონისთვის და როგორც ქვეყანა, რომლის დღის წესრიგი ძალიან მკაფიოა, ის იცავს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მაშ, რას აკეთებენ ისინი? ისინი უბრალოდ ითხოვენ საერთაშორისო სამართლის დაცვას. თურქეთის როლი ძალიან პოზიტიურია. და მას შემდეგ, რაც სომხეთთან ომი შეწყდება და პოლიტიკური დარეგულირება მოხდება, დარწმუნებული ვარ, თურქეთის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური,“ განაცხადა ალიევმა.
ირაკლი კობახიძე: შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიმართულებით.“ მან აღნიშნა, რომ პირველი ნიშნები გადატვირთვის მიმართულებით არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდება. „ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება. როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთ მცდელობებიც დასრულდება. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართველი ხალხი გამოვა, ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში. მისი თქმით, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს. პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. „არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ ჰქონდეს მათი მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 10 დღით ადრე დაიდო არჩევნების დღემდე. პრაქტიკულად, მოიცავს თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიშში ასახულია ერთადერთი არსებითი პრობლემა, ეს არის პოლარიზაცია, რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში - ეს ის მოვლენებია, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ჰაერიდან ვერავინ მოიტანს პრობლემებს, რომელიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის, ჩვენ შევქმენით ამისათვის ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმას მისცემს ელექტრონულად და მათი ხმებიც დაითვლება ელექტრონული წესით, რაც გამორიცხავს, მათ შორის, ადამიანურ შეცდომებსაც კი, მით უმეტეს, არავითარი სივრცე მანიპულაციისთვის აღარ რჩება. ასეთ დროს, შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, საბოლოო ჯამში, შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველანაირი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად," - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.“ 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს
ჯო უილსონი: ცალსახად ვგმობ რეიდებს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ „რეიდები კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა.“ „დიდი განგაშითა და შეშფოთებით გავიგე საქართველოს მთავრობის რეიდების შესახებ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ისინი “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც მესმის, მთავრობამ მკვლევრების ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინა, მათ შორის ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერის. ცალსახად ვგმობ რეიდებს. ის რომ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ, რომ რეიდები არანაირ შედეგებს არ მოიტანს, გარდა იმის დადასტურებისა, რომ ბუზიაშვილი და გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათთვის, ვინც აშკარად ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება,” - აცხადებს უილსონი. "ატლანტიკური საბჭო" საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე მეტ სიცხადეს ელის
სენატორი შაჰინი: ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას
ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩხრეკამ გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. „ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას - ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - აღნიშნულია სენატორის მიერ გამოცემა The Hill-სთვის გაგზავნილ კომენტარში. ჯო უილსონი: ცალსახად ვგმობ რეიდებს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის. უილსონის შეფასებით, ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა. “26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისკვეთებისთვის. ქართველი ხალხი მკაფიოა, მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, ეძიონ უფრო ახლო კავშირები ევროპის დინამიურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას. საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის. მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს,” - განაცხადა უილსონმა.