ძებნის რეზულტატი:
ორბანი: ვულოცავ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ორბანი წერს, რომ საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის. „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავიანთი ხმა გააგონეს ყველას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 58.94%-ია
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება. „ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება,“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა. ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა. 1,181,862-მა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94%-ით ლიდერობს
2 137 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ. „ქართული ოცნება“ – 52,94 პროცენტი; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,19 პროცენტი; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9, 79 პროცენტი; ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,05 პროცენტი; „გახარია საქართველოსთვის“ – 8,26 პროცენტი; სულ არსებული 3 111 უბნიდან დათვლილია თითქმის 69 პროცენტი. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა. „გორბის“ ეგზიტპოლის (ტელეკომპანია „იმედი“) თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 12.6 %; „ერთიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ - 7.0 %. განსხვავებულ სურათს აჩვენებს სხვა ეგზითპოლის მონაცემები. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს
პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად. პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში - სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ – განაცხადა მილერმა. მილერმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული. „ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ,” - მეთიუ მილერმა პრესკონფერენცია საქართველოზე საუბრით დაიწყო. მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას,” - განუცხადა ჟურნალისტებს მილერმა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ, რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ. „მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომელის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მათვრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან.” მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. „საქართველოს მთავრობას შეუძლია, თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევროატლანტიკურ გზას,” - განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მილერმა ასევე განმარტა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე. მას ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მან განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს ამერიკის ჰელსინკის კომისიასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ორივე უწყებაში, საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი და ისმის მოწოდებები საქართველოს მთავრობისადმი, რომ გამოიძიონ არსებული საქმეები. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა. პრეზიდენტის მიერ 27 ოქტომბრის საღამოს გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები ოპოზიციონერ ლიდერებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ." ამ სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი AP-თან ინტერვიუში, რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. უცხოურ მედიებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წინ უსწრებდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ენტონი ბლინკენმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, „პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ.“ კითხვას, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რომ „სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა.“
ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,931%-ით გაიმარჯვა. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე მიუთითებს. არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა." ეს ძალა აცხადებს, რომ უარს იტყვის მანდატებზე. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შევლას არ აპირებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს. პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. ისინი აცხადებენ, რომ ლეგიტიმაციას არ მისცემენ არალეგიტიმურ პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს მოუწოდა მოქალაქეებს, რომ „არალეგიტიმურ არჩევნებთან“ დაკავშირებით, მათ პარლამენტთან დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია. დღეს, 28 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად. მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ. არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია,“ - განაცხადა „ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თავის მხრივ, 24-საათიანი ვადა მისცეს ხელისუფლებას „სიების გასაჯაროებისთვის. „გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს და ერთერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს,“ ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება. შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები.“ “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით. ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები,” - ნათქვამია განცხადებაში. სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის. “სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას. საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებში. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის,” აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა 27 ოქტომბერს. „შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე.“ უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად. ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს,“ ნათქვამია განცხადებაში. რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. „ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და, განსაკუთრებით, მის მიმართ მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს." განცხადებას ხელს აწერენ: მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირების და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. „უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,”- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდებ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომ გეგმავენ საქართველოს საკითხის შეტანას ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა. „ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა უმთავრესია პოლიტიკური სპექტრის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს ვითარებას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. NATO საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული". NATO-ს სპიკერის განცხადებით, "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის." "მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება," - აცხადებს NATO-ს სპიკერი, რომლის განცხადებითაც, NATO კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის. "NATO კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები." ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
ორბანი თბილისშია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ორბანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დახვდა. თბილისში ჩასვლამდე, ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდობლობას უცხადებენ. რუსეთაველის გამზირზე, სასტუმროდან რამდენიმე მეტრში, სადაც ვიქტორ ორბანი დაბინავდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც სიტყვით უკვე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ვიქტორ ორბანი, 29 ოქტომბერს შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ "უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას." „ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის, მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა," - ამბობს ლევან დავითაშვილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, X-ზე წერს, რომ საქართველოს „უსარგებლო ლექციების“ წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება. „ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,“ - წერს ვიქტორ ორბანი. ორბანის ვიზიტამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადებები "არ წარმოაჩენს ევროკავშირს." უნგრეთი, როტაციის პრინციპით, ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოა. „ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ იმისთვის, რომ გამოხატოს თავისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა განაცხადოს, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს," - ამბობს ბორელი. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინის დახმარების საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩა, რის გამოც ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.
როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA). „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობას აძლევდა, არჩევნები დააზიანა დამკვიდრებულმა პოლარიზაციამ და შეშფოთებამ, რომელიც ბოლო დროს მიღებულმა კანონმა და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისმა ზეგავლენამ გამოიწვია, ისევე როგორც განხეთქილების გამომწვევმა რიტორიკამ და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდ გავრცელებულმა შეტყობინებებმა,“ - აღნიშნეს დამკვირვებლებმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში. ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა პოლიტიკური განხეთქილების უწყვეტი გაღრმავება, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი უთანასწორობა და მმართველი პარტიის მიერ თავისი უპირატესობებით სარგებლობის ბევრი შემთხვევა, რამაც ისედაც უთანასწორო საასპარეზო ველი კიდევ უფრო უთანასწორო გახადა. „წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა მათი საქმიანობის სტიგმატიზება გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა თავდასხმებისა და დაშინების ინციდენტები. აღნიშნული, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო დაწესებულ პოტენციურ სანქციებთან ერთად ნეგატიურად აისახა მათ შესაძლებლობაზე საქმიანობა ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააგრძელონ.“ „ფინანსურ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი, განხეთქილების გაღრმავებისკენ მიდრეკილი წინასაარჩევნო კამპანიის ატმოსფერო და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი იყო მთელი საარჩევნო პერიოდის განამავლობაში,“ - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა. „თუმცა, ჩართულობა, რომელიც კენჭისყრის დღეს დავინახეთ - ხმათა მდიდარი მრავალფეროვნება, ამომრჩეველთა აქტიურობა და ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი დამკვირვებლების მძლავრი წარმომადგენლობა - ფარდას ხდის სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება, დემოკრატიული სულისკვეთება მშენებლობის სტადიაზე.“ დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურია და უზუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა, წარსულში განხორციელებული ზოგიერთი დადებითი ცვლილება ბოლო დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შემოაბრუნა და რამდენიმე უცვლელი რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ცვლილებები ინკლუზიური საჯარო დისკუსიების შედეგად მიიღეს, ხშირმა საკანონმდებლო ცვლილებებმა (მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებულმა რამდენიმე ცვლილებამ), ძირი გამოუთხარა მის სტაბილურობას და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ამ ცვლილებების ბოროტად გამოყენების თაობაზე შეშფოთების საფუძველი გააჩინა. ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა აღსრულების შეზღუდული შესაძლებლობისა და ზედამხედველი ორგანოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციის გამო. „ეს არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ. „არჩევნების ხარისხი ირეკლავდა წინასაარჩევნო პერიოდის ხარისხს. ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, ზეწოლის ფართოდგავრცელებული კლიმატისა და პარტიების მიერ ორგანიზებული დაშინება არჩევნებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით პროვინციულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვები. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საარჩევნო პირობების, განსაკუთრებით კი უთანასწორო საასპარეზო ველის შესახებ, რაც ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს. ეს საკითხები საჭიროებს მთავრობის რეაგირებას.“ გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა კონსტიტუციით აღებული ვალდებულებაა, თუმცა მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონონმდებლო ცვლილებებმა ამ მიზანს ძირი გამოუთხარეს, რამაც ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა; წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში ცოტა ქალი მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები კვლავაც უპირისპირდებიან ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ძალადობისაც კი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პია კაუმამ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებულმა კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, რომ ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რათა ყველას ხმა ისმოდეს.“ ორგანიზაციების შეფასებით, „საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის აღქმა დააზიანა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა უწყების წევრთა დასახელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით; ისევე, როგორც ფორმალურად პოლიტიკურ პარტიებთან არააფილირებული წევრებისა და მმართველ პარტიას შორის სავარაუდო კავშირებმა. ისტორიაში პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ხმის მიცემა ელექტრონული წესით გაიმართა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო, რათა ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე მიეწოდებინა ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კენჭისყრის დღე პროცედურული თვალსაზრისით ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით. ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები.“ „პიროვნული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებების პატივისცემა NATO-ში გაწევრიანების წინაპირობაა. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცდა იყო; მისი შედეგი კიდევ ერთი ასეთი გამოცდა იქნება,“ - განაცხადა ფაიკ ოზთრაქმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ახლა ჩემი მოვალეობაა, ჩემს ანგარიშში ავსახო ამ არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები - არჩევნების ადმინისტრირებიდან ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებამდე, რათა ასამბლეამ შეძლოს გამოიკვლიოს, თუ ყველაზე უკეთ როგორ დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ მას სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში იხილოს.“ დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად წარიმართა; წინასაარჩევნო კამპანიის ტონი და ვიზუალური მასალა განხეთქილების გაღრმავებას უწყობდა ხელს. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავისი განზრახვის შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საქმის აღძვრის თაობაზე. დამკვირვებლები ასევე გაეცნენ ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯაროს სექტორში დასაქმებულთა და სხვა ჯგუფების, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ანგარიშებს, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ზოგიერთმა ამომრჩეველმა შესაძლოა თავისუფლად ვერ გააკეთოს არჩევანი და შეეშინდეს ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემა.“ „ჩვენ კვლავაც ძალზედ შეშფოთებული ვართ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. გუშინ ჩატარებული არჩევნები სამწუხაროდ ამ უკუსვლის დადასტურებაა,“ -განაცხადა ანტონიო ლოპეს ისტურის უაითმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რათა ვნახოთ შემდგი მთავრობა აირჩევს თუ არა ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან დაახლოების გზას და შეცვლის თუ არა გასული თვის უარყოფით ტენდენციებს.“ დამკვირვებელთა შეფასებით, „საქართველოს მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ მეტისმეტად პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ აქტორებზე. სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგმა ყველა მედიასაშუალების მკვეთრი პოლიტიკური მიკერძოება აჩვენა მაშინ, როცა მიუკერძოებელი გაშუქების ვალდებულება კომერციულ ტელეკომპანიებში უგულვებელყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანდიდატთა გაშუქება მეტწილად პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, მან მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო. დამატებით, ჟურნალისტთა უსაფრთხოება კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია ბოლო დროს დაფიქსირებული თავდასხმების, დაშინებისა და ზეწოლის უწყვეტი ინციდენტების გამო.“ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში წინასარჩევნო კამპანიამ ქართველ ამომრჩეველს ფართო არჩევანი შესთავაზა, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარება არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა ოუენ მერფიმ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.“ 27 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ. განახლება: ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენჟამინ დოუსა აცხადებს, რომ შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას. ამავდროულად, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო. „საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია, საგანგაშოა. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან,“ - აცხადებს ბენჟამინ დოუსა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობები განახლდეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კანადა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გადაფასებას აანონსებს. „როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ცნობად იღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა. თუმცა კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებული შემთხვევებით, ხმების მოსყიდვით და კენჭისყრის დღეს სხვა დარღვევებით, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს. ეს საკითხი გამოძიებული და გადაჭრილი უნდა იყოს. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენს ევროპელ და G7-ის პარტნიორებთან კოორდინაციით და არჩევნების შედეგებისა და წარმართვის გათვალისწინებით, კანადა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას გადააფასებს. კანადა კვლავ ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას პატივს სცემს და ბოლოდროინდელ დემოკრატიული უკუსვლის საკითხს გადაჭრის. ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტების კონტექსტში ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას პატივი სცეს. ჩვენ ვაქებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, მათ შორის, ამომრჩევლებს, საარჩევნო უბნების თანამშრომლებსა და მოქალაქე დამკვირვებლებს,“ ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.
პრეზიდენტი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ესაუბრა საერთაშორისო მედიასაშუალებებს და ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტის შეფასებით, მკაფიო განცხადება ჰქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ერთი გამონაკლისის გარდა, არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს. „გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა] არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გამოჩნდეს სრული სურათი, როგორ შეიქმნა ხმების უპრეცედენტო, სისტემური წართმევა, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც „წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია“. მან დაამატა, რომ „არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს.“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე (53,931%) მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა.“ 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
ორბანი: ვაკვირდები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ კამათს, უნგრელი დამკვირვებლების ანგარიშის მიხედვით, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და მან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები და განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის - ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით ამისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ თანამშრომლობის დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ვიქტორ ორბანი: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის პოზიტიური. ალბათ, ისტორიაა ამის მიზეზი. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ხართ. ჩვენ ირგვლივ დიდი სახელმწიფოებია, დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს და ეს განსაკუთრებულად სასიხარულოა. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. მე ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა, ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს, საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და რომლის მიხედვითაც, არჩევნები ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი, დემოკრატიული. ამიტომ ეს მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და აირჩია მშვიდობა, უნგრეთშიც ასეა. ასევე მინდა, აქვე განვაცხადო: ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ. ჩვენ ასევე განვავითარებთ სტრატეგიულ ურთიერთობებს. უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უზარმაზარი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობს ამ მიმართულებით და ერთობლივი საწარმოც გვაქვს, რაც გადამწყვეტია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილი ფინანსდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღონ, როგორც აქამდე ხდებოდა. არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ეს ჩვეული ამბავია, კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. ყოველთვის ასეა. როცა თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები - მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში. უნგრეთში ან ნებისმიერი სხვა ქვეყანაში თუ ჩატარდება არჩევნები, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგაც, საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება, გისურვოთ ბევრი წარმატება, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში. ვიქტორ ორბანს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში, რაზეც ის პასუხობს: "მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რამდენად იძლევა გარანტიას მხოლოდ უნგრეთის მხარდაჭერა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სხვა სახელმწიფოების განცხადებების ფონზე - „თქვენ რა თქმა უნდა, აუცილებლად გახდებით ევროკავშირის სახელმწიფო," - განაცხადა ორბანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - აღნიშნა ბორელმა. ვიქტორ ორბანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. 28 ოქტომბერს, ორბანი თბილისს ეწვია. „მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ,“ განაცხადა მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადების გაკეთებისას. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინის დახმარების საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩა, რის გამოც ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა.
ჯოზეფ ბორელი: ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - აღნიშნა ბორელმა.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს და ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად აქციებს აანონსებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი. „მინდა, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ მომავალში ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. „ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ შეგიძლიათ, დაიცვათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. „გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობა და ბედნიერება,” - აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ლატვია საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას უერთდება
ბაიბა ბრაჟეს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია უერთდება ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას საქართველოს შესახებ. „ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში.“ ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც თბილისში ჩავიდა, ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს. „და - დიახ, ბატონი ორბანი საუბრობს მხოლოდ თავისთვის, არა ლატვიისათვის და არც ევროკავშირისთვის,“ - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ
აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ. „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევის თაობაზე ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს, იხილოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად, ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო. საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. მიმდინარე წლის განმავლობაში, მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება,“ - ამ განცხადებით გახსნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია. მეთიუ მილერს ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო. მილერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ პოზიციის დაზუსტება სთხოვეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს. „ამ დროისთვის შედეგებზე საბოლოო შეფასება არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. _თქვენ მოუწოდეთ ქართველ ოფიციალურ პირებს, გამოიძიონ დარღვევები, მაგრამ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი - ბოლო - დემოკრატიულად არჩეული მაღალჩინოსანი ქვეყანაში - რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია და ეს არის რუსული ოპერაციის ნაწილი. არსებობს რაიმე მიზეზი იმისა, რომ ეს არ არის ასახული თქვენს და მდივნის გუშინდელ განცხადებაში? „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა მოცემულ შეკითხვაზე საპასუხოდ. _განიხილავთ რაიმე სადამსჯელო ქმედებას? მეთი მილერმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ გაიხსენა, რომ აშშ-მ უკვე დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. „საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს პასუხებს. საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც გადახედვის პროცესშია.“ _ახლა თბილისში ათიათასობით ადამიანია გარეთ. ისინი აპროტესტებენ. გაქვთ რაიმე გზავნილი მათთვის? „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების უფლებას მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ არჩევნებში სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება.“ _მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერია? „ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ - უპასუხა მილერმა რუსეთის ჩარევაზე დასმულ შეკითხვას. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. 28 ოქტომბერს ევროკავშირის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ღრმა შეშფოთება გაკოხატეს საქართველოში არსებული ვითარების გამო და დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვეს. დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვას მხოლოდ ცესკოში აპირებს და საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება დარღვევების საერთაშორისო გამოძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეიძლება, გაკეთდეს, ეს საჩივრების განხილვაა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული. ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის, უცხოელები, აშშ-ის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში.“ ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
„ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს“ - პეკინი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. „საქართველომ საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩაატარა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად ვუსურვებთ ქვეყანას სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩინეთი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიენმა. ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იქნეს გამოძიებული. "უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,” - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე. საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან,“ ნათქვამია ბორელის განცხადებაში. მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით