ძებნის რეზულტატი:
ელჩი დანიგანი: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს
საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე. "მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში,“ - განაცხადა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე. მისი თქმით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, რესპუბლიკელების „ისტორიული" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.
ევროპელი ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ
ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. ამ დროისთვის ამერიკის პრეზიდენტად არჩევა ტრამპა შემდეგი ლიდერებისგან მიიღო: NATO-ს გენერალური მდივანი: ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი იქნება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და NATO-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი: ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ვულოცავ. გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რაც ოკეანის ორივე მხარეს კეთილდღეობასა და თავისუფლებას ხელს უწყობს. ჩვენ ამის გაკეთებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გავაგრძელებთ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი: არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად თავის კურსს გააგრძელებს, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას დაიცავს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლამა: ევროპა მზადაა, უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ითანამშრომლოს. შევინარჩუნოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ღია ბაზრებზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: დონალდ ტრამპს გულთბილად ვულოცავ. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ჭეშმარიტი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის, რომელსაც მათთვის სარგებელი მოაქვს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ. მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები. ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ „დონალდ ტრამპი ომებს დაასრულებს.“ „იმედი მაქვს, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება, რომ რეგიონული და გლობალური კრიზისები და ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულდება,“ - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში. დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.
როგორია რუსეთის რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე
კრემლი ფრთხილი რეაქციით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და განაცხადა, რომ აშშ კვლავ მტრულ სახელმწიფოდ რჩება. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის დროს გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინის ომის შეწყვეტის სურვილზე. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მტრულ სახელმწიფოზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ომში ჩვენს სახელმწიფოსთან (უკრაინაში),“ – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის გეგმების შესახებ და რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აშშ-ს შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი. ეს მყისიერად არ ხდება, მაგრამ... აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი. მოხდება თუ არა ეს, და თუ კი, როგორ... ამას იანვარში (აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ) დავინახავთ.“ მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომელიც რუსეთში კარგად არის ცნობილი და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, სადაც წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას იღებენ, ილუზიები არ აქვთ.“ „რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც იგი თეთრ სახლში მოეწყობა, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი,“ - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. 78 წლის ტრამპმა, პირობა დადო, რომ არჩეული შემთხვევაში სწრაფად დაასრულებდა უკრაინაში ომს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, როგორ გეგმავდა ამის მიღწევას. პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, განიხილოს ომის შესაძლო დასრულება, თუმცა რუსეთმა თავისი ტერიტორიული მიღწევები და პრეტენზიები უნდა შეინარჩუნოს, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია და კაპიტულაციად ითვლება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ყველაზე დიდი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ. განახლება: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს. პუტინმა წამყვანის შეკითხვას ამერიკელი პრეზიდენტების შესახებ უპასუხა ვალდაის ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ მათ, ყველას, საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სხვანაირად ისინი ვერ დაიკავებდნენ "მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს" ხელმძღვანელის პოსტს. ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს. „ადამიანი თავს ავლენს არაჩვეულებრივ პირობებში. და მან აქ გამოავლინა თავი," - განაცხადა პუტინმა.
რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის
რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის - ამ თემას BBC-მ სტატია მიუძღვნა, რომელშიც წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, მრავალ ფრონტზე, პოტენციურად რადიკალურ ძვრებს გამოიწვევს, რადგან მსოფლიო ნაწილები ომისა და გაურკვევლობის წინაშეა. ბრიტანული მედია იხსენებს, რომ თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ფართო პოლიტიკური დაპირებები გასცა, თუმცა ხშირად ის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობდა და ეფუძნებოდა არაინტერვენციონიზმისა და სავაჭრო პროტექციონიზმის პრინციპებს ან როგორც ის ამბობს - პრინციპს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა.“ „ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ,“ გაიმაორე დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. რუსეთი, უკრაინა და NATO კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეეძლო ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის „ერთ დღეში“. კითხვაზე - თუ როგორ, მან დეტალები არ დააკონკრეტა. ტრამპისდროინდელი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელების მიერ მაისში დაწერილ კვლევით ნაშრომში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მაგრამ მხარდაჭერა რუსეთთან კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა განაპირობებს. ტრამპის დემოკრატი ოპონენტები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კომფორტის უზრუნველყოფაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მისი მიდგომა უკრაინის დათმობას უტოლდება, რაც მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. ტრამპი მუდმივად ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტია ომის დასრულება და აშშ-ის რესურსების გადინების შეჩერება. გაურკვეველია, რამდენად ასახავს ყოფილი მრჩეველთა ნაშრომი ტრამპის აზრებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ის გვთავაზობს სახელმძღვანელოს, თუ რა სახის რჩევებს მიიღებს 47-ე პრეზიდენტი. მისი მიდგომა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ასევე ვრცელდება NATO-ს მომავლის სტრატეგიულ საკითხზე - ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავდაპირველად, შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საყრდენი. NATO ახლა 32 ქვეყანას აერთიანებს და ტრამპი დიდი ხანია, ამ ალიანსს სკეპტიკურად უყურებს. რეალურად, გამოიყვანს თუ არა შეერთებულ შტატებს NATO-დან, რაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ტრანსატლანტიკურ თავდაცვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს, დებატების საგნად რჩება. მისი ზოგიერთი მოკავშირე ვარაუდობს, რომ ტრამპის მკაცრი ხაზი მხოლოდ მოლაპარაკების ტაქტიკაა, რათა წევრებმა ალიანსის თავდაცვის ხარჯების თაობაზე მითითებები შეასრულონ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ NATO-ს ლიდერები სერიოზულად შეშფოთდებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს მისი გამარჯვება ალიანსის მომავლისთვის და როგორ აღიქმება მისი შემაკავებელი ეფექტი მტრულად განწყობილი ლიდერების მიერ. ახლო აღმოსავლეთი ისევე როგორც უკრაინაში, ტრამპი ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის“ დამყარებას აანონსებს - ამბობს, რომ დაასრულებს ისრაელ-ჰამასის ომს ღაზის სექტორში და ისრაელ-ჰეზბოლას ომს ლიბანში, მაგრამ არ უთქვამს - როგორ. მან არაერთხელ თქვა, ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და არა ჯო ბაიდენი, „ჰამასი“ ვერ დაესხმებოდა თავს ისრაელს მისი „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის გამო ირანზე, რომელიც ხსენებულ დაჯგუფებას აფინანსებს. ზოგადად, სავარაუდოა, რომ ტრამპი შეეცდება, დაუბრუნდეს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, მისმა ადმინისტრაციამ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენა უფრო დიდი სანქციები და მოკლა გენერალი ყასემ სოლეიმანი - ირანის ყველაზე ძლიერი სამხედრო მეთაური. თეთრ სახლში ტრამპმა მტკიცე პრო-ისრაელური პოლიტიკა გაატარა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თელ-ავივიდან იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა - ამ ნაბიჯმა გააძლიერა ტრამპის ქრისტიანულ ევანგელისტური ნაწილი - რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ძირითადი ჯგუფი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს უწოდა "საუკეთესო მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლში". მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მის პოლიტიკას დესტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდა რეგიონზე. პალესტინელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა იერუსალიმზე - ქალაქი, რომელიც პალესტინელებისთვის ეროვნული და რელიგიური ცხოვრების ისტორიულ ცენტრს ქმნის. ისინი კიდევ უფრო იზოლირებულნი დარჩნენ, როდესაც ტრამპმა შუამავლობით დადო ეგრეთ წოდებული „აბრაამის შეთანხმება“, რაც იყოს ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და რამდენიმე არაბულ და მუსულმანურ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების ნორმალიზებისთვის. მათ ეს გააკეთეს ისე, რომ ისრაელს არ უნდა მიეღო მომავალი დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო მის გვერდით - ე.წ. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა - ადრე არაბული ქვეყნების პირობა ასეთი რეგიონული გარიგებისთვის. ისრაელის აღიარების სანაცვლოდ, ჩართულ ქვეყნებს მოწინავე ამერიკულ იარაღზე მიეცათ წვდომა. ტრამპმა კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას სურს ღაზის სექტორში ომის დასრულება. მას ჰქონდა რთული, ზოგჯერ დისფუნქციური ურთიერთობა ნეთანიაჰუსთან, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს მასზე ზეწოლის უნარი. მას ასევე აქვს ძლიერი ურთიერთობების ისტორია არაბული ძირითადი ქვეყნების ლიდერებთან, რომლებსაც აქვთ კონტაქტები „ჰამასთან.“ გაურკვეველია, როგორ აპირებს ის პოზიციონირებას, როდესაც ისრაელის ხელმძღვანელობისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი და ამავე დროს, ომის დასრულების სურვილი აქვს. ტრამპის მოკავშირეები ხშირად მიუთითებდნენ მის არაპროგნოზირებადობაზე და ამას დიპლომატიურ აქტივადაც განიხილავდნენ, მაგრამ უაღრესად სადავო და არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში, უკვე ისტორიული მასშტაბის კრიზისის შუაგულში, რთულია პროგნოზი, თუ როგორ შესრულდება ტრამპის გაცხადებული მიზნები. მას მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ როგორ ან წასწიოს თუ არა წინ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული შეფერხებული დიპლომატიური პროცესი, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ჩინეთი და ვაჭრობა ამერიკის მიდგომა ჩინეთისადმი მისი საგარეო პოლიტიკის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაზე. როდესაც ის თანამდებობაზე იყო, ტრამპმა ჩინეთს "სტრატეგიული კონკურენტი" უწოდა და აშში-ში ზოგიერთ ჩინურ იმპორტზე ტარიფები დააწესა. ამას პეკინის მიერ ამერიკულ იმპორტზე ტარიფების დაწესება მოჰყვა. სავაჭრო დავის დეესკალაციის მცდელობები იყო, მაგრამ კოვიდპანდემიამ ეს შესაძლებლობაც გააქრო და ურთიერთობები გაუარესდა, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა კოვიდს „ჩინური ვირუსი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა ჰქონდა ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, მან, ფაქტობრივად, იმპორტზე, ტრამპის ეპოქის დროინდელი ბევრი ტარიფი შეინარჩუნა. ტრამპმა თავის დროზე, შეაქო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, როგორც "ბრწყინვალე," "საშიში" და უაღრესად ეფექტური ლიდერი, რომელიც 1.4 მილიარდ ადამიანს "რკინის მუშტით" აკონტროლებს - ამის გამო, ტრამპის ოპონენტების ნაწილი "დიქტატორებით ტრამპის აღფრთოვანებაზე“ საუბრობდა. როგორც ჩანს, ტრამპი სავარაუდოდ, უარს იტყვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაზე - აეშენებინა აშშ-ის უფრო ძლიერი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში სხვა რეგიონულ ქვეყნებთან, ჩინეთის შეკავების მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა სამხედრო დახმარება ტაივანისთვის, რომელსაც ჩინეთი განიხილავს სეპარატისტულ პროვინციად, რომელიც საბოლოოდ, პეკინის კონტროლის ქვეშ იქნება. ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, მას ტაივანის საკითხზე არ მოუწევდა სამხედრო ძალის გამოყენება ჩინეთის ბლოკადის აღსაკვეთად, რადგან თუ ეს მოხდა, ის დააწესებდა დამანგრეველ ტარიფებს ჩინურ იმპორტზე და ეს სი ძინპინისთვისაც ცნობილი ფაქტია.
ჰარისი: ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი
„დღეს ჩემი გული სავსეა, სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით,“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს პირველად ამ სიტყვებით მიმართა. ”ამ არჩევნების შედეგი არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით, არ არის ის, რისთვისაც მივეცით ხმა, მაგრამ როცა ვამბობ, ამერიკული დაპირების შუქი ყოველთვის იკაშკაშებს, რადგან ჩვენ არასოდეს დავნებდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას,“ განაგრძო ჰარისმა. „ვიცი, რომ ბევრი თავს გრძნობთ ისე, თითქოს, ბნელ პერიოდში შევდივართ, მაგრამ ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ აი, თუ ასეა, მოდით, ავავსოთ ცა ბრწყინვალე, მილიარდი ვარსკვლავის ნათებით - ოპტიმიზმის, რწმენის, ჭეშმარიტების შუქით," მიმართა ჰარისმა მხარდამჭერებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, არ დანებდნენ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა აღნიშნა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები. ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს. „მადლობა რწმენისა და მხარდაჭერისთვის. მე ვამაყობ იმ რბოლით, რომელიც ჩვენ გავიარეთ კამპანიის 107 დღის განმავლობაში." კამალა ჰარისმა მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. „ხელები არ ჩამოუშვათ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად ვამბობდი, როცა ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამაშია საქმე: ხანდახან ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მთავარია, არასოდეს არასოდეს დანებდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ მცდელობა, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოთ. თქვენ გაქვთ ძალა," - ამბობს ჰარისი. ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რომ „ჩაერთვებიან ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში.“ „ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნების შედეგები. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ჩვენ ჩავერთვებით ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით,“ აღნიშნა ჰარისმა. ჰარისმა ასევე ისაუბრა დემოკრატიაზე - ეს მისი კამპანიის ცენტრალური ნაწილი იყო. „ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვიღებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინდისა და ღმერთისადმი.“ კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მისი მხარდამჭერები ყველას მოექცნენ სიკეთითა და პატივისცემით, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის, რომლებიც დაცული უნდა იყოს.“ ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, მაგრამ არა „ამერიკის მომავლისა და იდეალებისთვის ბრძოლაში.“ „ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის,“ განაცხადა ჰარისმა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია
ირაკლი კობახიძე ბაქოში ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავის მხრივ, პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა პრემიერმა. ოთხი დღის წინ კობახიძე უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პრემიერი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, ევროპულ საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს შეხვდა. შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "სერიოზული ეჭვები" არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს. მიშელი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან გუშინ შეხვედრასაც. "მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა." „რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ.“ „მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ,“ - აღნიშნა მიშელმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან. „შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან,“ - განაცხადა მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე. „შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი. მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში. მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ," - განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ. 6 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს "მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა" საქართველოსთან მიმართებით. "მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს დემოკრატიისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები," - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას
ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს
ევროპელი დეპუტატები დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. თბილისში ვიზიტით არიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, არ დანებდნენ. "მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი," - განაცხადა როთმა. აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც: "ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება." პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტო გაიხსენა, როდესაც „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იდგნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით - ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი. “მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ! მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…” ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა. საქართველო იქნება თავისუფალი. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!,” - განაცხადა კამინსკიმ. „ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს დემონსტრაციების კარგი ისტორია აქვთ, შესაბამისად, ყველაფერი, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანონ. „დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა,“ - განაცხადა იუკა კოპრამ. შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. „მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია, ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, ვიდრე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. ვიდრე თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ,“ - განაცხადა ერიკ ოტოსონმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში. „ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები. პრეზიდენტის შეფასებით, „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.“ ევროპელი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.
ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად ელის სტეფანიკი შეარჩია
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაეროში ელჩის პოზიციაზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ელის სტეფანიკი შეარჩია. „მაქვს პატივი, წარვადგინო თავმჯდომარე ელის სტეფანიკი ჩემს კაბინეტში, გაეროში ამერიკის ელჩის პოზიციაზე. ელისი არის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" იდეის წარმოუდგენლად ძლიერი, მტკიცე და ჭკვიანი მებრძოლი," - აღნიშნა ტრამპმა გავრცელებულ განცხადებაში. სტეფანიკი კონგრესში ნიუ-იორკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა კონფერენციის თავმჯდომარეა. ის არჩეული პრეზიდენტის ერთგული და მტკიცე მხარდამჭერია. მას ნომინაციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გასულ უქმეებზე, შაბათს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ყოფილი რესპუბლიკელი მეტოქე - ნიკი ჰეილი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრები არ იქნებიან. ჰეილი ტრამპის ადმინისტრაციის ელჩი იყო გაეროში, მოგვიანებით ის საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა და ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ მარათონს გამოეთიშა და დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. სტეფანიკი 40 წლის კანონმდებელია, წარმომადგენელთა პალატაში ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი. რესპუბლიკელთა კონვენციამდე, მისი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო ვარიანტადაც განიხილებოდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის თანამშრომელი შიდა პოლიტიკის მიმართულებით, 2014 წელს ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, ვინც ოდესმე კონგრესის წარმომადგენლთა პალატაში აურჩევიათ. ის ამ დროს 30 წლის იყო, მოგვიანებით კი პალატის ლიდერების პოზიციებზეც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. ის, პირველი წლების განმავლობაში, უფრო ზომიერ კონსერვატორად მიიჩნეოდა. თუმცა, მოგვიანებით იმიჯი შეიცვალა და მოძრაობის - "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული" - მტკიცე მხარდამჭერი გახდა და რესპუბლიკელთა რიგებში დაწინაურდა კიდეც. ის ყოფილი პრეზიდენტის თავიდან არჩევას მხარს უჭერდა მანამდეც, სანამ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და პრაიმერების დროსაც აქტიურად გულშემატკივრობდა. არჩეულ პრეზიდენტს ის აქტიურად იცავდა იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიებებისას და სხვა სასამართლო საქმეებზეც მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.
ბორელი: საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ - მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი. კითხვას, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფვიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ნამდვილად სურს. „პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ქართველ მმართველებს, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ და თუ მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს; არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები გამოასწორონ და გზას დაუბრუნდნენ. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჩაითვალონ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში საქმე ასე საერთოდ არ არის,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად დაინტერესებულნი არიან. „უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად არიან დაინტერესებულები, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების შესახებ აღებული ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას შევთავაზოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა,“ - განუცხადა ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიას. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება - Politico
Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება. ამავე გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. როგორც ცნობილია, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა.
პრემიერი: გვჯერა, შავი ზღვის კაბელები, ასევე, საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ეფექტიან გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში
„გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action - განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრები ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, საქართველოს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრები. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: ლევან ქეცბაია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი (სიცოცხლეში); ბესარიონ მამუკელაშვილი - მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სპეციალური დანიშნულების რაზმის „იუპიტერის“ უფროსი (სიკვდილის შემდეგ); სპარტაკ მარხულია - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ: ბადრი ბაღათურია - ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; კობა მირზაშვილი - უმცროსი ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; მალხაზ გაჩეჩილაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს (ოპერატიული) სპეცდავალებათა ოფიცერი; დაჯილდოების ცერემონია დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში ანგი ხუციშვილი ესწრებოდნენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ხაჯარატ ახვლედიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად 2024 წლის 28 თებერვალს დააკავეს, ხოლო გიორგი რომელაშვილი საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, 2024 წლის 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დააკავეს.
ხუთი ე.წ. ოპოზიციონერის დაკავებას ოკუპირებულ სოხუმში დაძაბულობა მოჰყვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი ე.წ. ოპოზიციონერი დააკავა. ადგილობრივი სოციალური მედიის არხებით ვრცელდება მწვავე დაპირისპირების კადრები ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობასთან. ესკალაცია, როგორც ჩანს, უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას ოპონენტები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და 15 ნოემბერს დიდი აქციაც დააანონსეს. ბჟანია მოსკოვის წინაშე სოხუმის „ვალდებულებების“ შესრულების აუცილებლობის მომხრეა. შეთანხმებების განხორციელებაზე სოხუმის თავშეკავებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივებმა გუდაუთასა და კოდორში ხიდები გადაკეტეს და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს საქმეთა რწმუნებული მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. „მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას,” - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში.” მოლდოვაში, 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.
Microsoft-მა შექმნა მრავალრეგიონული ჰაბი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
მომავალ წელს ყაზახეთი გეგმავს, შექმნას ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი, რომელიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურისთვის ერთგვარ ხერხემალს უზრუნველყოფს, იტყობინება Trend. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Microsoft-ის პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განიხილეს ყაზახეთისა და Microsoft-ის თანამშრომლობის პერსპექტივები IT ინდუსტრიის განვითარებისა და სტარტაპებისთვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის შესაქმნელად. Microsoft-მა აცნობა თოყაევს, რომ მათ ყაზახეთში თავიანთი ოფისი გარდაქმნეს მრავალრეგიონულ ჰაბად, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთს და პაკისტანს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლის მიზანია, გამოიყენოს თავისი პოტენციალი ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. თავის მხრივ, მიშელ სიმონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft აპირებს, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ყაზახეთთან ციფრული განვითარების მიმართულებით. თოყაევმა მიმდინარე წლის სექტემბერში მოუწოდა პარლამენტის დეპუტატებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხსენებული ამოცანის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ასტანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრის მომავალ წელს ამოქმედების მნიშვნელობას. მან ასევე ხაზი გაუსვა სატელეკომუნიკაციო ქსელების, მონაცემთა ცენტრების განვითარების გაგრძელების აუცილებლობას, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ამ სფეროში ყაზახეთის სპეციალისტების კომპეტენციების გაზრდას.
თბილისში, საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი იქნება
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რესპუბლიკელი მაიკ უოლცი აირჩია. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ ვოლცს დანიშნავს. „მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა," - წერს ტრამპი. მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცრაზმის, „მწვანე ბერეტების“ ვეტერანია, იგი მსახურობდა ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2019 წლიდან მაიკ უოლცი წარმოადგენს კონგრესის ოლქს პალატაში, სადაც არის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტების წევრი. 4 ნოემბერს NPR-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ბერკეტები“, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად. 2022 წელს ვოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. უოლცი 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, მიეწოდებინა მეტი ამუნიცია და შეიარაღება კიევისთვის, რათა უკრაინელებს აეძულებინათ, რუსები უკან დაეხიათ. უოლცი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ის წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას აქვს პოლკოვნიკის წოდება. საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დროს უოლცი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს და საუბრობდა მზარდ საფრთხეებზე აზიაში. მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის. იმისათვის, რომ უოლცმა ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს, მას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება. ამ დროისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ საუბრობს დეტალებზე მისი კაბინეტის შესახებ. უშუალოდ მის მიერ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის აპარატს, პირველად ქალი სიუზი უაილსი უხელმძღვანელებს. უაილსი ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო. ასევე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში "საზღვრით მეფე" ტომ ჰომენი იქნება. არსებობს მოლოდინი, რომ 13 ნოემბერს, როცა დონალდ ტრამპი 2021 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება თეთრ სახლში, როდესაც მას პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს. დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, იმის შესახებ თუ როგორ დაკომპლექტდება მისი ახალი კაბინეტი.
ვინ რა პოზიციას დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ. თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილია ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს. პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ „ყველა შოკირებულია.“ დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაასახელა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით. რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი. ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით იქმნება ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და კონსერვატორი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. ვივეკ რამასვამი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა ტრამპის სასარგებლოდ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.“ რაც შეეხება კიდევ ერთ პოზიციას, ტრამპა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად, უძრავი ქონების დეველოპერი და კამპანიის დონორი სტივ ვიტკოფი შეარჩია. ასევე ცნობილია, რომ ტრამპში ისრაელში ამერიკის ელჩად არკანზასის ყოფილ გუბერნატორ მაიკ ჰაკაბის დანიშნავს, რომელიც ისრაელის მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნევა. ახალი დეპარტამენტი თეთრ სახლთან ითანამშრომლებს და თავის სამუშაოს 2026 წლის ივლისამდე დაასრულებს. არჩევნებში კამალა ჰარისის დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. დღეს მას ბაიდენი თეთრ სახლში მიიიღებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი იქნება
ერდოღანი: ჩვენ გავწყვიტეთ კავშირები ისრაელთან
თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვადის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთის მიმართ განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს, მაგრამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის მხრიდან წამოსული ზოგიერთი გზავნილი შემაშფოთებელია. ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტაზე თურქეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა განმარტა, რომ ანკარას არ აქვს სავაჭრო კავშირები ისრაელთან ამ მომენტში და არ სურს მათი განვითარება. „თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ვერ განაგრძობს ურთიერთობას ისრაელთან. ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვაქვს. ჩვენ გავწყვიტეთ ვაჭრობა და კავშირები ისრაელთან,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, თურქეთმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ისრაელიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, მაგრამ ოფიციალურად არ გაწყვეტილა კავშირები ისრაელთან და მისი საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ინიციატივას, რომელიც თურქეთმა გაეროში წამოიწყო, ისრაელისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესების მიზნით. შეგახსენებთ, ერდოღანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მან „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი "ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის