ძებნის რეზულტატი:

მდინარაძე „TVპირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ის ამბობს, რომ თავდამსხმელები არ ყოფილან არც პოლიციის თანამშრომლები, არც სპეცრაზმელები და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და რომ თავდამსხმელები არიან ისინი, „ვისაც აწყობს არეულობა.“ მდინარაძე ამბობს, რომ „ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური, არამხოლოდ დასაგმობი.“ ამავე ჩართვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ „99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის.“ „მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ. ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით გონია, რომ რაღაც ვითომ ან ოცნებისკენ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა, ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შედეგს გეტყვით ახლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ ძალადობა - ძალადობა, ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიციირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს. მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაც ისეთის გაკეთებულია, რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია, ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს,“ - განაცხადა მდინარაძემ. "TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ  

სალომე ზურაბიშვილი ილონ მასკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, ილონ მასკს შეხვდა. „აზრთა შესანიშნავი გაცვლა ილონ მასკთან, საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მოუთმენლად ველოდები მას ჩვენს ქვეყანაში,“ წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

სალომე ზურაბიშვილი: ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ დტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დისკუსიის შესახებ. „სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“ წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოცემულ ვიდეოს აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილი ილონ მასკს შეხვდა

პარლამენტის ტერიტორიიდან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს

პარლამენტის ტერიტორიიდან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს. აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან. მომიტინგეებმა კი, ქაშვეთის ტაძართან და „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ გადაკეტილია. შეგახსენებთ, საქართველოში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.  

საპატრიარქო: ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, გადამწყვეტი ზომები სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად. მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11),“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.“ „ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ძალადობის პრევენციისთვის ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა ამ საკითხზე საუბრის დაწყებამდე, „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დავდასხმას პროვოკაცია უწოდა. კობახიძემ  დიდი იმედი გამოთქვა, რომ გამოძიებენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავდასხმის შემთხვევას. „გამომდინარე იქედან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს რეაგირება - ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე...“ ცნობისთვის, პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას. 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. დაშავებულები არიან პოლიციელებიც. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, რომ რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, რუსეთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ირანი კი, ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო. „ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება, სამუდამოდ გაგრძელდეს,“ - წერს ტრამპი. „ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და სიგიჟის შეჩერება. მათ უაზროდ დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე ასე უაზროდ იკარგება, ძალიან ბევრი ოჯახი ნადგურდება და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიქცეს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამედ. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერს. მისი დროა, იმოქმედოს,“ აღნიშნავს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი. მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესს. „მსოფლიო ელოდება,“ - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა. ამ დროისთვის, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან და მიიღოს ნებისმიერი ზომა ძალაუფლების „გადაცემისთვის.“ სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად, მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, ერთი მილიონი კი - ევროპაში.

ირაკლი კობახიძე: მედიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება, იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა მედიის მიმართ თავდასხმის ფაქტებზე. „ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება, მალე გამოვლინდება. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ  

ზურაბიშვილი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. „შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია,“ წერს ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება. ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.  

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მათ შორის, აქციის 10 მონაწილე იყო, ხოლო მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელი. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. „მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე - ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს  

რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ. „მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით...." - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ ძალადობას გმობენ. შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.  

აშშ-მ უკრაინას $988 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაა 988 მილიონი აშშ დოლარია. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს დრონებს, აღჭურვილობას, კომპონენტებსა და სათადარიგო ნაწილებს საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესაკეთებლად და კაპიტალური რემონტისთვის და საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის. „ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარების ოცდამეორე პაკეტი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-ამდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის  

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: შეუძლებელია ამის მოთმენა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „TVპირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ „ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.“ „სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება. შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!,“ - წერს ქოჩორაშვილი. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

მედიის წარმომადგენლებმა, ნაძვის ხეზე, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, საპროტესტო აქციებზე დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხეზე, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ. ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას“, „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას.“ აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.  

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ფოტოების გარდა, სხვა ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება. ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.  

კალასი: ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს. კალასის შეფასებით, სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის. „ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვიმუშავებ ყველა კონსტრუქციულ პარტნიორთან, სირიასა და რეგიონში. მჭიდრო კავშირში ვარ რეგიონის მინისტრებთან. სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის,” - წერს კაია კალასი. დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით  

კალაძე: ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“

თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაო, დაიდგა მთავარი ნაძვის ხე და დასახელდა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი: „გამარჯვებებით სავსე ქალაქი.“ კახა კალაძის თქმით, თბილისი იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც უცხოელი ტურისტებიც მივლენ და რეგიონებში მცხოვრები ადამიანებიც. კალაძის თქმით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით. „მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარაოლიმპიელების გამარჯვებები, UFC-ის ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები. წარმატებები გვქონდა, არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი!“. ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით,“ - განაცხადა თბილისის მერმა.  

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

მეთერთმეტე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც. დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. სევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე, იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციების დროს დააკავეს. ადგილზე არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა

8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ. სირიაში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. დამასკოს ქუჩებში გამოვიდა ოპოზიციის ათასობით მომხრე და ისინი გამარჯვებას ზეიმობენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ადამიანთა ჯგუფის ვიდეო აჩვენა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ჩამოგდებულია და ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. ამავე წყაროს გავრცელებული ცნობით, გაიმარჯვა ოპოზიციურმა ჯგუფმა - „დამასკოს აღების ოპერატიული ოთახი." ჯგუფმა ყველა მეამბოხეს და მოქალაქეს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადაარჩინონ „თავისუფალი სირიის სახელმწიფოს“ ინსტიტუტები. ბოლო წლებში თურქეთი მხარს უჭერდა ოპოზიციას ჩრდილო-დასავლეთით და მის საზღვრებთან. შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ჯერ კიდევ 900 ჯარისკაცი ჰყავს ადგილზე, მხარს უჭერდა ქურთების ხელმძღვანელობით შექმნილ ალიანსს, რომელიც ISIS-ს {დაეში} 2014-2017 წლებში ებრძოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ასადის დაცემა იყო პირდაპირი შედეგი იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ირანს და მის ლიბანელ მოკავშირეს „ჰეზბოლას“ მიაყენა. ასადის მმართველობამ სირია თითქმის 14-წლიან, დაუსრულებელ სამოქალაქო ომამადე მიიყვანა, 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კი, დევნილად აქცია. ასადის დამხობის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადს და მისი ოჯახის წევრებს თავშესაფარი მისცა. დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით კალასი: ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს  

ევროკავშირის ელჩის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხო ზომებს განიხილავს. შესაბამისი კომენტარი ევროკავშირის ელჩმა მედიასთან გააკეთა. ელჩი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. ჰერჩინსკის თქმით, მოისმინა საშინელი, შოკისმომგვრელი სცენების შესახებ, რაც წამებას უთანაბრდება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. „ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა განვაცხადო ევროკავშირის სახელით - ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში, ჩვენ გვესმის მათი ხმა, შოკირებულნი ვართ ძალადობით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც უკეთესი მომავალი და ევროკავშირის წევრობა სურს. გასულ თვეს ვიყავი ბრიუსელში და მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი 27 ქვეყნის ელჩებს, ასევე, ახალ ხელმძღვანელობას ევროკავშირის ინსტიტუტებში. 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოზე იმსჯელებენ კვირის ბოლოსაც, ევროკავშირის ხელმძღვანელების დონეზე. რაც საქართველოში ხდება - ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეუძლია, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა და სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ კვირას. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები. ყველა ზომა განიხილება,“ განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ რაც გასულ კვირას ხდებოდა საქართველოში, აბსოლუტურად შეუთავსებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან. რაც შეეხება შესაძლო სანქცციებს, ელჩმა განმარტა, რომ სანქციების პოლიტიკა რთულია, რადგან 27 ქვეყნის ერთსულოვნებაა საჭირო. თუმცა ელჩის თქმით, რაც გასულ დღეებში ხდებოდა, აშკარად ეხება სანქციებს. ჰერჩინსკის თქმით, სანქციებზე მიმდინარეობს მუშაობა და ორშაბათს გახდება ცნობილი, წარადგენენ თუ არა სანქციებს. ელჩმა განმარტა, რომ მოსალოდნელი ზომები ასევე მოიცავს გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვას. „ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს და იმედია, რომ ორშაბათს მოხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ - აღნიშნა ელჩმა. კითხვას, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ "ყველა ზომა მაგიდაზეა." ელჩის განმარტებით, „ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ბოლოს, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ყველაფერ ამასთან და საჭიროა ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც მოხდება,“ - აღნიშნა ელჩმა. კითხვას, განიხილება თუ არა სანქციების საკითხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა: „მე უკვე ძალიან გარკვევით განვაცხადე, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად, ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობის დონე, სისასტიკის დონე. მოდით, ვნახოთ, იქნება თუ არა სანქციები წარმოდგენილი ორშაბათს, მოსამზადებელი სამუშაო უკვე ნამდვილად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა ელჩმა.