ძებნის რეზულტატი:
მოქალაქეების რეაქციის შემდეგ, რუსთავში ქანდაკება აიღეს
რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე დადგმული ქანდაკება, რასაც მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, აიღეს. რუსთავის მერის თქმით, „ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო“, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი „ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ.“ „მინდა, ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. „არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი,” - აღნიშნავს ნინო ლაცაბიძე, რომლის კომენტარსაც რუსთავის მერია ავრცელებს.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან - კინემატოგრაფისტები
საქართველოს კინოაკადემიის წევრები და კინემატოგრაფისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს. განცხადებაში, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, წერია, რომ მმართველი პარტია "ქართლი ოცნება" არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მკაფიო პოზიცია: "ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევას და ხალხის ნების უგულებელყოფას. ვემიჯნებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებას, უკანონო დაკავებასა და წამებას. ვგმობთ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და რიგ შემთხვევაში სამსახურებრივ მოვალეობაზე - ადამიანის დაცვაზე - უარის თქმას, რაც ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას. ამის გათვალისწინებით, ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას გამოვუცხადოთ სოლიდარობა: ყველა უკანონოდ დაკავებულს. იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად უსწორდებიან, სახლში უვარდებიან, ქუჩაში აკავებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იქცა ძალადობის მსხვერპლად. ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალადობისა და დევნის ობიექტი გახდა. ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას; ვითხოვთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს,” - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.
Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე $1.13 მილიარდით გაიზარდა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 391-ე ადგილზეა. მისი ქონება 7,73 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე მილიარდერის ქონება 1,13 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გამოცემის სიაში მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიარდერია. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი შედგება აქციებისგან, ფიქსირებული შემოსავლის აქტივებისა და ნაღდი ფულისგან, ალტერნატიული ინვესტიციებისგან და საქონლისგან. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა
რუტე მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: „ომის თავიდან ასაცილებლად NATO-მ მეტი უნდა გაიღოს“
თავის პირველ მთავარ გამოსვლაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზი გაუსვა თავდაცვის ხარჯებისა და თავდაცვის წარმოების გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობას. ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, ბრიუსელში Carnegie Europe-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრებმა თავდაცვაზე დახარჯეს მშპ-ს 3%-ზე მეტი ცივი ომის დროს და სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ალიანსის ამჟამინდელი მიზანი - 2%. ”რუსეთი ემზადება გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის უკრაინასთან და ჩვენთან,” - განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ რუსეთის მტრული ქმედებები მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ მხოლოდ იზრდება. „ის, რაც ხდება უკრაინაში, შეიძლება მოხდეს აქ,“ - განმარტა NATO-ს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ დროა, გადავიდნენ „ომის დროინდელ აზროვნებაზე და დააჩქარონ თავდაცვის წარმოება და თავდაცვის ხარჯების ზრდა.“ რუტემ აღნიშნა, რომ 2025 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8%-ს მიაღწევს, რაც რეკორდია ცივი ომის შემდეგ. „თუ ჩვენ ახლა უფრო მეტს არ დავხარჯავთ ომის თავიდან ასაცილებლად, მოგვიანებით გადავიხდით ბევრად, ბევრად, ბევრად უფრო მაღალ ფასს მის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ აღნიშნა მარკ რუტემ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 32-წევრიან ალიანსს უშუალო საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის შედეგის მიუხედავად, NATO არ იქნება უსაფრთხო, თუ ის მზად არ იქნება საფრთხის დასაძლევად. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს ახალი კონკრეტული მიზნების დასახვას იმის თაობაზე, თუ რამდენი იარაღის სისტემა უნდა აწარმოონ წევრმა ქვეყნებმა უკვე 2025 წელს. ცნობილია, რომ პოლონეთი ევროკავშირში ერთობლივი თავდაცვის დაფინანსებას ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტად აქცევს.
თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები იმართება, მიმდინარეობს მსვლელობები და გაფიცვა
თბილისში რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები იმართება. მიმდინარეობს მსვლელობები და გაფიცვა. T, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ და მსვლელობას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამასთან, თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მათ მარშით შეუერთდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის
ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფა და „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ. მისივე განმარტებით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ „ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია.“ „არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვქონია. საუბარია იმაზე, რომ არსებობს ისეთი საკითხები, სადაც, როგორც თავის დროზე აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნებასთან“ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ასევე გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ ორ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია „ქართული ოცნება“, ბევრი კითხვა ჩნდებოდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან ძალიან ძლიერად. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია „ხალხის ძალა“ აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში,“ განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 ნოემბერს განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ „საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.“ ცნობისთვის, პარლამენტმა “ხალხის ძალის“ ინიციატივით მხარი დაუჭირა და დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც “ხალხის ძალას“ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა. „ხალხის ძალა“ 2024 წელს „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა არჩევნებში. სიაში იყვნენ: სოზარ სუბარი; მიხეილ ყაველაშვილი; დიმიტრი ხუნდაძე; გურამ მაჭარაშვილი; ირაკლი ბერაია; ეკა სეფაშვილი; ზაალ მიქელაძე; ვიქტორ ჯაფარიძე. საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ამ პარტიიდან დაასახელა. მოძრაობა „ხალხის ძალა,“ „ქართული ოცნებიდან“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.“ 2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომლის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
აშშ-მ საქართველოს ოფიციალურ და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია. „სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში
პატრიარქი: უმნიშვნელოვანესია დიალოგი
ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! - ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ასევე, პატრიარქი საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები. ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი. ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება). ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი. ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა. ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი.“ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას. დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი, ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია
საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე მიუთითებს. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ჰერჩინსკიმ გამოთქვა სინანული ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან „ქართული ოცნების“ დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ ძალზე ცუდ შედეგებს, რომელიც ამას ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებისთვის მოაქვს. „ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი, ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის - სწორედ ეს ადგილი დაიკავა სუბარმა. მანამდე, “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის დადგენილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
„ქართველი ხალხი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს, შემდეგი ორი კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტია“ - სხდომა სენატში
12 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატში გამართულ სხდომაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ამერიკელ სენატორებს მიმართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კანონმდებლებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. რიში აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია, შაჰინი კი - ნიუ-ჰემფშირის დემოკრატი სენატორი. ის უმთავრესი ავტორი და წარმდგენია საქართველოს თაობაზე შექმნილი კანონპროექტის, რომელიც მაისში "ქართველი ხალხის აქტის" სახელით დარეგისტრირდა. “აქ ვარ, რათა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც თანდათან უარესდება და მძლავრად მოვუწოდო შეერთებული შტატების მთავრობას, სასწრაფო საპასუხო ზომები მიიღოს,” - განაცხადა სენატორმა შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მან ისაუბრა საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის გრძელ ისტორიაზე, რომელიც სათავეს დიდი ხნის წინ იღებს, გაიხსენა 2012 წლის არჩევნები, როცა ის სენატორ რიშთან ერთად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდა. შემდეგ სენატორმა შაჰინმა ისაუბრა წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის დროსაც მრავალი დარღვევა აღირიცხა და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - იმ პროევროპულ აქციებზე, რომლებიც საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დაეყენებინა. „მშვიდობიანი პროტესტის გაკონტროლების მცდელობის მიზნით, მთავრობამ საპასუხოდ სასტიკი ძალა გამოიყენა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა, მედიისა და აქციების ორგანიზატორთა სამიზნეში ამოღება. მათ არამარტო ძალა გამოიყენეს ხალხის დასაშლელად, არამედ, ადამიანებს დევნიდნენ საკუთარ სახლებშიც, ცემდნენ და აკავებდნენ. ეს არ არის დემოკრატია,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნებაზე, რომელიც „ბოლო თვეებში თანდათან უფრო მეტად იყენებს კრემლის მსგავს სცენარს“. სენატორმა შაჰინმა ამის მაგალითად მოიყვანა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცება, „რომლის მიზანიც სამოქალაქო აქტივისტების ბოროტ, საშიშ, გარე აგენტებად წარმოდგენაა.“ „ძალზე იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს, არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე და არ გვაქვს სათანადო რეაგირება. ჩვენ ვერ შევძელით არსებითად გაგვეცა პასუხი, რათა ხელი შეგვეშალა „ქართული ოცნების“ ლიდერთა გათვლებისთვის. მათ არ უწევთ საფასურის გადახდა მაშინ, როცა უგულვებელყოფენ ხალხის ნებას და მიჰყვებიან პუტინის ავტორიტარულ სცენარს. არსებობს კარგად დოკუმენტირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები, მაგრამ ხაზინის დეპარტამენტმა ვერ შეძლო სანქციების დაწესება ერთი ოფიციალური პირისთვისაც კი, მისი ქმედებებისთვის... ადმინისტრაციას სასწრაფოდ ზომების მიღებისკენ მოვუწოდებ. საქართველოს მომავალი საფრთხის წინაშეა და ქართველი ხალხი, რომელიც ჩვენ მუდმივად გვერდით გვედგა, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს,“ - აცხადებს სენატორი შაჰინი. მისი აზრით, „შემდეგი ორი კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტია.“ „ადმინისტრაციას აქვს ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა, რათა იმოქმედოს. მოვუწოდებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, დაუდგეს გვერდში ქართველ ხალხს და მის ბრძოლას დემოკრატიული მომავლისთვის, “ამბობს შაჰინი. საქართველოზე საუბრისას რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ „ქვეყანა მათ შორისაა, ვინც მთლიანად ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის აჩრდილები იქ ჯერ კიდევ არიან და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებშიც, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს სისასტიკესა და წამებას, დაკავებებს, ყველაფერს, რისი მოწმეც ძველად, საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.“ სენატორმა რიშმა ისაუბრა ქართველი ხალხის დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის სურვილზე, რასაც მისი თქმით, მოსახლეობის 80% ადასტურებს და რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მშვიდად არ შეხვდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ისინი რამდენიმე კვირაა მასობრივ საპროტესტო აქციებს აწყობენ. მან ამერიკის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ და შეახსენა, რომ ამისთვის სენატმა სპეციალური საკანონმდებლო აქტი მიიღო. „ღრმად, ღრმად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ... ჩვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ ეს ზომა და როგორც ჩემს მეგობარს ნიუ-ჰემფშირიდან, [სენატორ ჯინ შაჰინს] არ მესმის, თუ რატომ არ გაკეთდა ეს... მინდა შევუერთდე მას და მოვუწოდო ადმინისტრაციას, მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს ის, რაც აუცილებელია; მიჰყვეს კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ; ისარგებლოს სანქციების დაწესების გზით, რომელიც ჩვენ მათ გავუმზადეთ.“ დასასრულს, სენატორმა რიშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აღარ დაუბრუნდება საბჭოთა კავშირის პერიოდის წარსულს, რადგან „მათ სურთ დასავლეთისკენ ყურება, კონსტიტუციით და საკუთარი ნებით, მათ სურთ ევროკავშირის და NATO-ს წევრად ყოფნა. მოდით, მივცეთ მათ ნებისმიერი საშუალება, რისი შესაძლებლობაც გვაქვს.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
NATO-ს გენერალური მდივანი: პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებსა და მის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი. „პუტინი ცდილობს უკრაინის რუკიდან წაშლას. ის ცდილობს, ძირეულად შეცვალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპას იცავდა. ის ცდილობს, ჩაახშოს ჩვენი თავისუფლება და ცხოვრების წესი. ვლადიმერ პუტინის აგრესიის მაგალითი ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა. კიდევ რამდენი გამოღვიძების ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი. ვიცი, რომ მე ვარ. რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება,“ - აღნიშნა რუტემ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მტრული ქმედებები აღნიშნა, მათ შორის, კიბერშეტევები, მკვლელობები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება.“ „ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნა რუტემ. ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, ბრიუსელში Carnegie Europe-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრებმა თავდაცვაზე დახარჯეს მშპ-ს 3%-ზე მეტი ცივი ომის დროს და სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ალიანსის ამჟამინდელი მიზანი - 2%. რუტე მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: „ომის თავიდან ასაცილებლად NATO-მ მეტი უნდა გაიღოს“
აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება, დემონსტრანტებისთვის კი, სახის დაფარვა აიკრძალა
მე-11 მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია, დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია, გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება კანონის გამოქვეყნებისთანავე აეკრძალებათ. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც დემონსტრანტებს აქციებზე სახის დაფარვა აეკრძალებათ. ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ. პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 82-ხმით, ერთხმად დაამტკიცა. „ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის“ ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო. შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის კი, არსებული ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზე. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება. აღნიშნული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. არსებული ჯარიმები იზრდება დედაქალაქის - თბილისის შემთხვევაშიც. ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე - თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. შესაბამისი კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება. “შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის დამრღვევად იქნა მიჩნეული. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება, სახელმწიფო დაცვით ისარგებლოს, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს,” - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. არსებული კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება ერთი წლის ვადით, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რითაც ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი ვერ შეძლო არასაკმარისი ხმების გამო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტის კანონიერებას და ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ეუთოს სამეული: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა
„მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.“ ამის შესახებ განცხადებას ეუთოს ე.წ. სამეული ავრცელებს, რომელიც სამი - მიმდინარე (მალტა), ყოფილი (ჩრდილოეთ მაკედონია) და მომავალი (ფინეთი) თავმჯდომარე ქვეყნისგან შედგება. განცხადებაში, სამი ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ "რეპრესიული ტაქტიკისა" და "დაშინების", მათ შორის, თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება. ამასთან, მოწოდებაა, რომ ყველა ბრალდება სანდოდ იქნას გამოძიებული, დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა კი, პასუხი უნდა აგოს. განცხადებაში საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ არის მოწოდება, გამოიყენონ სხვადასხვა ისნტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შეთავაზებაც ეუთოსა და მის ინსტიტუტებს შეუძლია. „სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი. „ჩვენ, ეუთოს სამეულის წევრები, მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტებზე, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების, მათ შორის, თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, გაწვეულ უნდა იყოს. ძალადობის, საარჩევნო თაღლითობის, და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმების ყველა ბრალდება სანდოდ უნდა იქნას გამოძიებული, ამ დანაშაულებისთვის ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც შეესაბამება ეუთოს ჩვენს საერთო პრინციპებსა და ვალდებულებებს, რაც უკვე ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და ექსპერტიზა, რომლის შემოთავაზებაც შეუძლიათ ეუთოსა და მის ინსტიტუტებს. „სამეული“ მზადაა, ამ მიზნით ნებისმიერ გაცვლას შეუწყოს ხელი. ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის თავიანთ მისწრაფებას გამოხატავენ, რაც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში,” ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხვალინდელ არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს: „აქ ვარ და აქ ვიქნები“
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი პაროდიად აქცია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც საუბრობდა პარლამენტის მიერ ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე - პრეზიდენტის არჩევაზე. მანამდე, მან კახა კალაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა და ის ე.წ. მერად მოიხსენია. სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, რომელიც კახა კალაძის თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება. მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვით, „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს - ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.“ „დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ - ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა კალაძეს შესთავაზა, ორბელიანების სასახლესთან მოაწყოს ღონისძიება. პრეზიდენტის შეფასებით, თუ რამე მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს დაეკისრება. „მე მინდა, გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა, მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება,” - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, პაროდიაა, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება. „მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია - ალბათ უფრო პაროდია, რადგან არალეგიტიმური პროცესი მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა და მან ასევე პაროდია უწოდა „ხალხის ძალის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას და “ოპოზიციაში გადასვლას.“ „ამას უკვე კავშირი არ ქვს რაიმე პოლიტიკურ პროცესთან, სახელმწიფო გაგვიხადეს პაროდიად. ეს ყველაფერი ჩვენთვის არის შეურაცხყმოფელი. ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა - ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი! მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობის და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რაიმე პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ამისთვის აქ და სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ხელისუფლების ლეგიტიმური ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით. როგორც კი დადგება დრო, რომ, როცა ვისაც, დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისათვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი გზა. ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, 14 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებზე ერთადერთ, უკონკურენტო კანდიდატს უყრიან კენჭს - ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ ყოფილ ფეხბურთელსა და პარლამენტის წევრ მიხეილ ყაველაშვილს. პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ. 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კოლეგიის შემადგენლობაში ფორმალურად ირიცხებიან, რადგან მათი მანდატები ჯერ კიდევ ძალაშია. ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობს, რადგან მათ პარლამენტში შესვლაზე მას შემდეგ განაცხადეს უარი, რაც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს. არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს პრეზიდენტიც. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ომბუდსმენის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული „მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები“ არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს
საქართველოს სახალხო დამცელის ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. ლევან იოსელიანის განცხადებაში აღინიშნება, რომ რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, რაც ზოგადად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს და არ არის მისასალმებელი. “რაც შეეხება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. მართალია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს წარდგენილი მოსაზრებები რეორგანიზაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. გარდა ამისა, მეორე მოსმენით განხილვისას წარმოდგენილ იქნა ახალი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად, მათი დანიშვნა მოხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება თავად საჯარო სამსახურის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამსახური. ამავე დროს ეს რეგულაციები გავრცელდება საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირების მიმართაც. ამავე კვირას, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა შეკრება მანიფესტაციებზე ნიღბის ტარება. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს მსგავს შეზღუდვას, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის. ასევე, ცვლილებები განხორციელდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ რომლის თანახმად, უკვე დადგენილი ცალკეული დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მნიშვნელოვანად გაიზარდა და რიგ შემთხვევაში დაწესდა დამატებით ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს ინდივიდებისათვის,” - აღნიშნულია განცხადებაში.
ანდრია ჯაღმაიძე: რაც ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას.“ „რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ის რაც დღეს ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს. დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში. დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა. სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!,“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ „რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.“ დეკანოზმა კეკელიამ განმარტა, რომ ის ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.
აქტივისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილის სოციალური ქსელით გავრცელებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი,” - ნათქვამია ინფორმაციაში. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.
მაკრონი: მინდა, მჯეროდეს, რომ ღია, თავაზიანი დიალოგის გზა არსებობს, ევროპა მშვიდობის პროექტია, ევროპა არ არის შანტაჟი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ამ დიალოგმა ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი.“ მაკრონი ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რისი მოტანაც ევროკავშირს შეუძლია და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა, ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპა არ არის შანტაჟი, ის მშვიდობის პროექტია. მოცემული გზავნილი სათაურით - “საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ქართველ ხალხს,“ დღეს საღამოს, საქართველოში საფრაგეთის საელჩომ გაავრცელა. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია, ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ? ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა, ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი, ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ. და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა, მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს, დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!“