ძებნის რეზულტატი:

სასამართლომ გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.  

შსს-ს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე პოლიციამ კიდევ 3 მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 26 პირი,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

ამერიკის საელჩო: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

საქართველოში აშშ-ის საელჩო მორიგ ქარდს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია,“ – წერს საელჩო. ამერიკის საელჩო: ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა  

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება,“ - წერს მეცოლა და აღნიშნავს, რომ „ახლახალ ესაუბრა პრეზიდენტ ზურაბიშვილს.  

ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ

„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, - შესაბამისი პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. „საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი - 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.  

ირაკლი კობახიძის თქმით, „ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.“ „როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში,“ ამბობს კობახიძე. მან ისაუბრა ევროკავშირზეც. „ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ არჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, პრემიერის თქმით, მთავრობა მოლოდინის რეჟიმშია: „იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია.“ ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციიდან კლინიკებში გადაჰყავდათ არაერთი დაშავებული. 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს  

გერმანიის ელჩი: ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა

საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები -პეტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეთ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდნენ შესაბამკს ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის საქმიანობას. ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ,“ - წერს ელჩი. ომბუდსმენი: ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახ, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს  

ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია: საქართველოსთვის სავალდებულოა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც მოჰყვა „მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.“ ბიურო გმობს „მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ მოპყრობას“ და ხაზს უსვამს „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტიანი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გზით. „ევროპის საბჭოს წევრი საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ეს ვალდებულება სავალდებულოა საქართველოსთვის, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად,“ წერია დეკლარაციაში. ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  

შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების N12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.“ უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას. დიმიტრი ჩიქოვანი თავის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პოლიტიკუკ დევნად აფასებს. „მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო,“ - დაწერა მან 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში. განახლება: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, მისი სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და გაფორმებულია, ხოლო "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. უწყების მიერ ჩადებული." „ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. [...]," - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში. შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“. ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი. 6 დეკემბრის მონაცემებით, აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი. დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ. 6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ. „ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ,“ - განაცხადა გიტანას ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას: „რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე. მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევს, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს“, - განაცხადა მან. „მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე,“ - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, საქართველოში ამჟამინდელი ვითარება „სრულიად განსხვავდება“ 2008 წლის რეალობისაგან: „[2008 წელს] რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი ოკუპაცია. საზოგადოება ერთიანად აღუდგა წინ ოკუპანტსა და აგრესორს. ამჯერად ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირის რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და [ეს განცხადებები] კონსტიტუციასთაინ წინააღმდეგობაში, საქართველოს საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდის,“ - განაცხადა ნაუსედამ. 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და NATO-ს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ - „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის.“ მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. პასუხად 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, სადაც საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ამ გადაწყვეტილების გამო. 5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნების” წევრს ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, „ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს, ამიტომ არსებობს საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული.“ პროკურორის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგაა არ გაუწევია. ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია. „ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას,” - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ და “თუ რაიმე დანაშაული არის, არის მხოლოდ მეორე მხრიდან”. ადვოკატის თქმით, ელისაშვილის მიმართ ალი ბაბევის მხრიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, როგორც ელისაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ დგას, რის გამოც სასამართლოს ალტერნატივის სახით სასამართლოს 3 000 გირაო შესთავაზა, თუმცა მოსარჩლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი გააუქმა

„საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ იყო "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება." საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს მოთხოვნა შედეგის ბათილად ცნობის შესახებ, იმ სადაზვერვო დოკუმენტების გათვალისწინებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის გავლენის შესახებ ბრალდებები. კანონი ადგენს, რომ არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში, კენჭისყრა უნდა განახლდეს გაუქმების დღიდან მეორე კვირას, რაც ახალი არჩევნების თარიღად 22 დეკემბერს ნიშნავს. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას მთელი საარჩევნო პროცესის და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის განახლება მოსთხოვოს. ცნობისთვის, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე მართავდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს. 24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით, ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.  

აქციების ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის თქმით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა." ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობდა. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მათ შორის, 3 000, 5 000, 8 000, 10 000- ლარიან გირაოს შუამდგომლობდნენ. ადვოკატების თქმით, დაკავებულებს „Facebook პოსტებს" ედავებიან და "მოტანილი მაკულატურით 21 წელს მიუღწეველი პირები ციხეში არ უნდა გაუშვან." დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი. ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი: სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტი ოლივერ როპკე და EESC-ის (ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი) საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტი დიმიტრი დიმიტრიადი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) სახელით გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, აშკარად მიუთითებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ უკანდახევასა და ევროპული გზიდან გადახვევაზე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ასახავს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. ასიათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში, რითაც აჩვენებენ თავიანთ ურყევ ერთგულებას დემოკრატიისადმი, ფუნდამენტური უფლებებისადმი და მათი სურვილისადმი, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილნი. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ძალადობის მიუღებელი გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის მუშაკების მიმართ. საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს თავისი ხალხის მოთხოვნებს და არა ჩაახშოს ისინი. EESC-ში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს, რომლებიც მუდმივად აჩვენებენ თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში დავამყარეთ კონსტრუქციული ურთიერთობები ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა და CECM-ის (Committee's Enlargement Candidate Members initiative) მეშვეობით. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, საპოლიციო ღონისძიება - „მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.“ დაკავებულია 2 მოქალაქე. უწყების განცხადებით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია, პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეებს ჩანთების გახსნას და დათვალიერებას თხოვენ. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები. ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე,“ წერს შსს. „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება: „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ  

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები საქართველოზე: ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც „აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.“ „ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ,“ - აცხადებენ მინისტრები. საგარეო საქმეთა მინისტრები „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის „არაპროპორციულ გამოყენებასა“ და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების „მიზანში ამოღებას“ გმობენ. „ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე დააყენებენ. „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება. აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ,“ - აცხადებენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა

ახალი თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება. „ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი,“ განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება. მსახიობის დაკავებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს,“ - წერს წულუკიძე Facebook-ის „სთორიში“ და აქვეყნებს ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს. ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. „პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან  ჩვენი თეატრის მსახიობებიც. სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს! ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას. ძალა ერთობაშია!” – წერს თავის მხრივ, ახალი თეატრი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.  

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ. განახლება: სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებს. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი, აქციის მონაწილეები რჩებიან. ვრცელდება ინფორმაცია პროტესტის მონაწილეთა დაკავების შესახებ, რაც ასევე არაერთმა მედიასაშუალებამ დააფიქსირა, თუმცა შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან.“ განახლება: კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. სახალხო დამცველი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი  

სახალხო დამცველი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება, განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა „სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. „საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცველები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს  

6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ამ ადამიანებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი, გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს,“ წერს ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. 6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს.  შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.