ძებნის რეზულტატი:

აქციების ფარგლებში დაკავებულ 18 წლის სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის თქმით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. მოსამართლე მგელიაშვილის განცხადებით, „წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია.“ ადვოკატმა საბა ჯიქიას მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მოკლე რეპლიკით ისარგებლა ბრალდებულმაც. „რაც ჩავიდინე, მართლა ცუდია, ვნანობ. ორი პატარა და მყავს,“- განაცხადა ჯიქიამ. ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  

ლანდსბერგისი საუბრობს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოსთან დაკავშირებით

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა იყენებდა და ვფიქრობ მსგავს ნაბიჯზე საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა ვიფიქროთ.“ „2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ მინსკში, დემონსტრანტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მიიღო, ისინი სასტიკად დაარბია, მაშინ ემბარგო დაწესდა, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა. ვფიქრობ, დროა, ვიფიქროთ მსგავს ნაბიჯზე, თუ მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ დასავლურ აღჭურვილობას იყენებს, რატომ უნდა გავიტანოთ ის ექსპორტზე?“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, 6 დეკემბერს, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.  

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.  

ევროკავშირი „გარკვეული კატეგორიის პირებისთვის“ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს

„ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშის თანახმად, იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს: „უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან. გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით. შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას. ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება. მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ - ნათქვამია ანგარიშში. თავშესაფრის მოთხოვნა 2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. „2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა,” - ნათქვამია ანგარიშში. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის. „საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია. პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა. საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის ნაკლები შესაბამისობა ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს არ წარმოადგენს. თუმცა კომისია იხსენებს, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სამეზობლოში ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის,“ - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. „ანგარიშის მომზადების პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის. 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ფუნდამენტური უფლებების დაცვის საერთო საკანონმდებლო ბაზას ძირს უთხრის. ორივე ინიციატივა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს არღვევს, კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად იქნა მიღებული. შემაშფოთებელი ცნობები მოთხოვნებისა და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების შერჩევითი და პირობითი კონტროლის რისკს ზრდის,“ აღნიშნულია ანგარიშში. ევროკომისია აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე მიიღო. „საკანონმდებლო პაკეტი ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის და სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას ზრდის,“ - აცხადებს კომისია. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს

აქციაზე 7 დეკემბერს 48 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა. მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა. „დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა. რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის  

მსოფლიოს ქალი ლიდერები საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

„მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს,“ - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში ქალი ლიდერები აცხადებენ. „ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩებში რუსეთთან დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების პროტესტის ნიშნად გამოვიდა, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული კურსის მიმართ ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ხაზს უსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს. „ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმებისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობისას მტკიცე გამბედაობა და ლიდერობა გამოიჩინა. ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა“, - აღნიშნავენ მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ლიდერები. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. „საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ზომები მიიღოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის მტკიცე გამბედაობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრისია ესპინოზა, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი მონიკა მაკუილიამსი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი, ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი-სადრიუ, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი და აშში-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში, მელანი ვერვირი.

ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ასადს სირიის დატოვება შესთავაზეს - მედია

The Wall Street Journal-ი სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიაში მთავრობის საწინააღმდეგო დაჯგუფებების სწრაფი შეტევის შემდეგ, ეგვიპტის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ბაშარ ასადს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. მედია წერს, რომ ასადის ცოლი და შვილები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო სიძეები - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა ასევე ურჩიეს ასადს დროებითი საბჭოს ფორმირება, რომელშიც შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები,“ წერს ამერიკული გამოცემა. ბოლო მონაცემებით, სირიული დაჯგუფებები, რომელთაც სათავეში უდგას "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" და რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა ცნობილი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, ქალაქ ჰომსს უახლოვდებიან. „მისთვის ბრძოლა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სირიის ხელისუფლებისთვის,“ წერს The Wall Street Journal-ი. ჰომსის შესაძლო აღება ანტისამთავრობო ქვედანაყოფებს გზას გაუხსნის დამასკოსკენ და ასევე, მოწყვეტს სირიის დედაქალაქს რუსეთის სამხედრო ბაზებისგან ხმელთაშუა ზღვაში. The New York Times-ი, თავის მხრივ, წერს, რომ ირანელმა დიპლომატებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, ისლამისტების შეტევის ფონზე, სირიიდან ევაკუაცია დაიწყეს. გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ქვეყანა უკვე დატოვეს, კერძოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის" ქვედანაყოფის მეთაურებმა. გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე იტყობინება, რომ ირანელი სამხედროები ვერ დაეხმარებიან სამთავრობო არმიას, თუ მას ბრძოლა არ სურს. BBC წერს, რომ სირიელი მეამბოხეები დამასკოს უახლოვდებიან. სირიის ლიდერები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაშარ ალ-ასადმა დამასკო დატოვა. The New York Times-ი წერს, რომ ასადის მოკავშირეები - ირანი, რუსეთი და ლიბანის შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული აშშ-ში, საკუთარი პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული. ირანი და ჰეზბოლა ისრაელთან წინააღმდეგობითაა დაკავებული, ხოლო რუსეთი - უკრაინის წინააღმდეგ ომით. როგორც Sky News Arabia და Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რუსეთმა აცნობა ასადს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებში მნიშვნელოვან ჩარევას არ აპირებს. ცნობისთვის, შეიარაღებულმა ჯგუფებმა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ შეტევა ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისლამისტებმა ქალაქების - ალეპოს, ჰამას და დაირ-ელ-ზავრის თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა შეძლეს.  

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე: სიმართლე როცა შენს მხარესაა, გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის

„ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის,“ - ციტირებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სიტყვებს მედია, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა  

ზურაბიშვილი ზელენსკის საფრანგეთში შეხვდა: „ჩვენი ერები დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებენ“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის. „საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა,“ იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. „გმადლობთ, პრეზიდენტო ზელენსკი ქართველი ხალხისადმი თქვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერები დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებენ“ - სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ წერს თავის მხრივ, ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა. პარიზში ჩავიდა დღეს ზელენსკიც. ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე პარიზში ჩავიდა ნოტრ-დამის გახსნაზე, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, თუმცა მხარეებს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დღეს 40-მდე ქვეყნის ლიდერი დაესწრება.  

ტრამპი საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე ჩავიდა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს პარიზს ეწვია, რათა ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწროს. ეს არის ტრამპის პირველი მოგზაურობა უცხოეთში მას შემდეგ, რაც ის ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს. France 24 წერს, რომ ტრამპი ორლის აეროპორტში, პარიზის სამხრეთში, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. ის მაკრონთან მოლაპარაკებებს ელისეის სასახლეში გამართავს. „უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მაკრონს ერთი საათის შემდეგ უნდა შეხვდეს, შესაძლოა, ასევე შეხვდეს ტრამპს, განაცხადა პარასკევს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,“ წერს France 24. "ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ შაბათს მივემგზავრები საფრანგეთში, პარიზში, რათა დავესწრო პარიზის ღვთისმშობლის ბრწყინვალე ისტორიული ტაძრის გახსნას. ეს განსაკუთრებული დღე იქნება ყველასთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში 3 დეკემბერს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარი 29 ნოემბერს გაიხსნა მას შემდეგ, რაც მის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მთელი მსოფლიოდან. ისინი აღდგენილი ტაძრის პირველი საპატიო სტუმრები გახდნენ. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიაზე მიწვეულია დაახლოებით 50 ლიდერი იმ სახელმწიფოებიდან, რომელთა სპეციალისტებიც რესტავრაციაში მონაწილეობდნენ. გახსნის შემდეგ, ის ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 15 მილიონამდე მნახველს მიიღებს. ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულებებმა მთელი მსოფლიოდან - 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დიდი ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა . ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს ტაძრის სახურავზე. ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Notre Dame de Paris - საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ტაძარი და პარიზისა და მთლიანად საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. გოტიკური არქიტექტურის შედევრი XII საუკუნეში აშენდა.  

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი. მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.  

UNICEF: საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება

UNICEF-ის საქართველოს წარმომადენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:   „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლების უფლებას (მუხლი 13), გაერთიანების თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას (მუხლი 15).   ასევე, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 17). მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა.   გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ ყველა ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას.“  

ზელენსკი განმარტავს, რა საკითხები განიხილა ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ უკრაინა მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ახლა იცავს საკუთარ ღირსეულ მომავალს. ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ქვეყნის პუტინისთვის გადაცემის თავიდან აცილება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონს, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს და რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანის ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელ ევროპაში. დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა, კოორდინაციას უზრუნველყოფს პარტნიორებთან, არამხოლოდ ევროპაში, არამედ, გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში,“ წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.  

„TVპირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ბესიკის ქუჩაზე, "TVპირველის" გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავზე აქვს დაზიანებები. დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. ის ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ „ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს.“ „რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი.“ ცოტა ხნის წინ მივიდნენ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. განახლება: "TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები. კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ. „ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები,“ - ამბობს კლინიკის ექიმი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.  

ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან შეხვედრაზე: ყველას გვსურს, რომ ომი სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს, რომ სამივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ შეხვედრაზე ერთად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ელისეს სასახლეში კარგი და პროდუქტიული სამმხრივი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ასევე ემანუელის ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. ვისაუბრეთ ჩვენს ხალხზე, ადგილზე არსებულ ვითარებასა და სამართლიან მშვიდობაზე. შევთანხმდით, რომ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ და კონტაქტს შევინარჩუნებთ. მშვიდობა ძალის მეშვეობით შესაძლებელია,“ წერს ზელენსკი.

ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტებზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში IPN-თან განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმაც. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მათ შორის, კობა ხაბაზიც. კოალიციას "ცვლილებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ჰქონდათ სხვადასხვა საგანი და ასევე ელექტროშოკებიც. რაც შეეხება „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს და ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.  

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოება

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. ომბუდსმენის აპარატი შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, "TVპირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. „ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და "TVპირველის" ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაეხვა, თავს ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, პოლიციას, კი რომელიც მისი მონაყოლით, შემთხვევას შეესწრო, რეაგირება არ მოუხდენია. დღეს 7 დეკემბერს ბესიკის ქუჩაზე, სადაც გიორგი მახარაძეს სცემეს, თავს დაესხნენ „Tvპირველის" გადამღებ ჯგუფს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ  

პრეზიდენტი: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში მიმდინარე პროცესებს. „ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ - ასე აღწერს სალომე ზურაბიშვილი „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი წერს: „ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში დაბრუნდა სამსახურში-ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას დასდევს, როდესაც ისინი გაურბიან ტერორს, მიზანში გყავს ამოღებული პოლიტიკოსები, მედია, ხელოვანები... ოპოზიციის ოფისების კარების შემტვრევა რეიდებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის მიზნით.“ საქართველოს პრეზიდენტი „პოლიციის უუნარობაზე“ საუბრობს. „გაუსაძლისი საყურებელი, უდავო მტკიცებულება - და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან ურეაქციობა. მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩაში განხორციელებული სისასტიკისთვის და დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები,“ წერს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი მიმდინარე პროტესტზეც ამახვილებს ყურადღებას. „მე-10 დღე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება. ვერცერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამას დაიმახსოვრებს,“ წერს საქართველოს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.