ძებნის რეზულტატი:

ირანში უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მოიხსენიეს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე იბრაჰიმ აზიზი აცხადებს, რომ „ისრაელის რეჟიმის“ დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა.“  „ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს ქარტიის 51‑ე მუხლის შესაბამისად, მთელი თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია,“ - წერს იბრაჰიმ აზიზი X-ზე. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თხოვნა მიიღო. ზელენსკის თქმით, სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში გაგზავნა, კერძოდ, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.  

რომის პაპი: შეწყვიტეთ ცეცხლი, დიალოგის გზები ხელახლა უნდა გაიხსნას

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობას ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამასთანავე, მან შეშფოთება გამოხატა ლიბანში არსებული ვითარების გამო. „ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზები გამოიძებნება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება არსებული სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტის განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საერთო სიკეთისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.  

ალმათიში, საერთაშორისო ტურნირში - ,,ლეგენდების თასი 2026'' ქართველი ვეტერანი წყალბურთელები მიიღებენ მონაწილეობას

საერთაშორისო ტურნირში - „ლეგენდების თასი“, რომელიც 2026 წლის 19-22 ივნისს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართება, საქართველოს წყალბურთის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზისა და სპორტული კლუბის „იმერი 2023“-ის დირექტორი მიხეილ გიორგაძე და ვეტერანი წყალბურთელების გუნდი ყაზახეთში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ,,ლეგენდების თასის'' ტურნირში. როგორც მიხეილ გიორგაძემ Europetime-თან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ ლეგენდარული გუნდი თავის საიუბილეო თარიღზე გვიწვევს და ყველა საორგანიზაციო საკითხს თავის თავზე იღებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული წყალბურთის დიდ ისტორიასა და ტრადიციებზე. „საქართველოში, ქუთაისში 2025 წელს ჩატარდა ვეტერანების ტურნირი წყალბურთში - მასში ყაზახეთი, იტალია და საქართველო მონაწილეობდნენ. ასეთი შეჯიბრები მომავალშიც იგეგმება, რაც მისასალმებელია. ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველო და ყაზახეთი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სპორტში თანამშრომლობის გზით, წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს - ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და სპორტული კავშირების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია ყაზახეთის წყალბურთის გუნდის — „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ მიერ ლეგენდების თასზე მიწვევაც.“ მიხეილ გიორგაძის თქმით, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისა და ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფედერაციაში შემავალი ყველა სახეობის თანაბრად ინტერნაციონალიზაცია, შეჯიბრება, ოლიმპიადებში მონაწილეობა, რეფორმების კვალდაკვალ ამ მიმართულებით უამრავი სიახლეა დაგეგმილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.  

მეუფე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ, საპატრიარქო ტაახტის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. მეუფე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. ადგილზე მივიდნენ სინოდის სხვა წევრებიც.  მეუფე შიოს თქმით, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური. მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ,“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური." „მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა,“ ამას ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი სოფიო ასპანიძე.  

„ხმელთაშუა ზღვაში დრეიფის მდგომარეობაში მყოფი რუსული ტანკერი სერიოზულ საფრთხეს ქმნის“ - წერილი ევროკომისიას

იტალიამ, საფრანგეთმა და კიდევ შვიდმა ქვეყანამ ევროკომისიას წერილით მიმართეს იმის შესახებ, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ხსენებული ქვეყნები სწრაფი რეაგირების მოწოდებით გამოდიან. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ გემი ხმელთაშუა ზღვაში მიცურავდა, მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი ჩართულობა სიტუაციის მოგვარებაში, „კონკრეტულ გარემოებებზე“ იქნება დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ Arctic Metagaz-ი, მალტასა და იტალიას შორის მდებარე წყლებში ტივტივებდა. მისი მდგომარეობა კი, „ორმაგ გამოწვევას“ უქმნიდა საზღვაო უსაფრთხოების დაცვას.  „გემის არასტაბილური მდგომარეობა, მისი სპეციალიზებული ტვირთის ბუნებასთან ერთად, ევროკავშირის საზღვაო სივრცის გულში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის გარდაუვალ და სერიოზულ რისკს ქმნის,“ - ნათქვამია Reuters-ის მიერ მოპოვებულ წერილში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ გემი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო, რომელიც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვი კონტაქტზე იყო გემის მფლობელთან და უცხოურ „კომპეტენტურ ორგანოებთან.“ მისი თქმით, გემს ეკიპაჟი არ ჰყავდა და მას სხვადასხვა სახის საწვავი და „მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივი აირი“ გადაჰქონდა. ზახაროვას განცხადებით, „საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, არსებული სიტუაციის გადაწყვეტასა და ეკოლოგიური კატასტროფის აღკვეთაზე სანაპირო ქვეყნები არიან პასუხისმგებლები.“  ტანკერი Arctic Metagaz-ი 2025 წლიდან სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის და ახალი ზელანდიის მიერაც. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 4 მარტს განაცხადა, რომ მურმანსკის პორტიდან გასულ ტანკერს მიჰქონდა „ყველა საერთაშორისო წესით გაფორმებული ტვირთი.“ სად, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. რუსეთის დროშით მცურავ ტანკერს, რომელსაც გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა, ხანძარი 3 მარტს გაუჩნდა მალტის ნაპირის მახლობლად. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ეკიპაჟის 30-ივე წევრი, რუსეთის მოქალაქეები მალტის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა. რუსეთმა განაცხადა, რომ ტანკერზე „ტერორისტული შეტევა" იყო, კერძოდ, Arctic Metagaz-ს „ლიბიის სანაპიროდან თავს დაესხნენ უკრაინის უეკიპაჟო კატერები”. უკრაინას ეს არ დაუდასტურებია. გამოცემა NewsBook Malta-მ 15 მარტს გამოაქვეყნა დაზიანებული ტანკერის ფოტოები, რომლებზეც ჩანს აფეთქებითა და ხანძრით გამოწვეული მასშტაბური დაზიანებები.  

ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები მოულოდნელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია. „გვსურს, რომ სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან. ზოგიერთი მათგანი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ზოგიერთი ნაკლებად. ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ. ენთუზიაზმის დონე კი, ჩემთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. სამშაბათს, 17 მაისს, Reuters-თან ინტერვიუში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სრუტის გახსნისთვის დიპლომატიური გზები უნდა მოიძებნოს. „არავინ არის მზად, რომ თავისი ხალხი საფრთხეში ჩააგდოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გზები, რათა ეს გზა ღიად შევინარჩუნოთ, არ გვქონდეს საკვების კრიზისი, სასუქების კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისიც,“ - განაცხადა კალასმა. ირანმა აშშ-ისრაელის შეტევებს, სპარსეთის ყურის მეზობლებზე თავდასხმით უპასუხა, რასაც ტრამპმა მოულოდნელი უწოდა. „ისინი (ირანი) არ უნდა დასხმოდნენ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველა ამ ქვეყანას. ამას არავინ ელოდა. შოკირებულები ვიყავით. არავინ, არავინ არ ელოდა. უდიდესი ექსპერტებიც კი არ ფიქრობდნენ ამას,“ - აღნიშნა ტრამპმა. როგორც ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ექვსმა უცხოელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ თეირანი სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს დაესხმებოდა თავს, თუ აშშ ან ისრაელი ირანზე იერიშს მიიტანდა. მათი თქმით, ამ შეფასებას რეგიონული და დასავლური მთავრობებიც იზიარებდნენ. სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, 28 თებერვლის შემდეგ, ირანთან ომის დაწყებიდან, 2000-ზე მეტი სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განიცადეს, რამაც აშშ-ის დიპლომატიური მისიები და სამხედრო ბაზები, ასევე, ნავთობის ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები, გემები, საცხოვრებელი და კომერციული შენობები დააზიანა. ფუჯაირას პორტში ნავთობის ჩატვირთვა სამშაბათს, სულ მცირე, ნაწილობრივ შეჩერდა მას შემდეგ, რაც ოთხ დღეში მესამე თავდასხმამ ექსპორტის ტერმინალში ხანძარი გამოიწვია. ფუჯაირა მნიშვნელოვანია, რადგან ის ყურისგან ჰორმუზის სრუტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, რაც მას იმ მცირერიცხოვან პორტებს შორის აქცევს, საიდანაც რეგიონის მასშტაბით ნავთობის გადაზიდვა ბლოკირებულ სივრცეში გზის გავლის გარეშეა შესაძლებელი.  

ევროკავშირმა უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად დახმარება შესთავაზა

ევროკავშირმა უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ ფუნქციონირების აღსადგენად, ტექნიკური და ფინანსური დახმარება შესთავაზა. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივად ავრცელებენ. „27 იანვარს მილსადენ „დრუჟბაზე“ რუსეთის მხრიდან დარტყმების განახლების შემდეგ, რამაც უნგრეთსა და სლოვაკეთში ნედლი ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია, ჩვენ და ჩვენმა გუნდებმა ყველა დონეზე ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება აღვადგინოთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტას ინფორმაციით, უკრაინამ ტექნიკურ მხარდაჭერასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შეთავაზება მიიღო. „ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა. უკრაინელებმა ეს შეთავაზება დადებითად მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის პრიორიტეტია ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპის ყველა მოქალაქისთვის. „ამ თვალსაზრისით, ევროკომისია გააგრძელებს დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არარუსული ნედლი ნავთობის ტრანზიტის ალტერნატიული მარშრუტების შესარჩევად,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, უნგრეთმა 16 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვას და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვიდრე მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით ნავთობის მიწოდება შეჩერებული იქნება. უნგრეთსა და სლოვაკეთს მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან აქვთ შეჩერებული. სლოვაკეთი და უნგრეთი ნავთობის მიწოდების შეფერხებაში უკრაინას ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ მილსადენი რუსეთის დარტყმამ დააზიანა.  

აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა: "ირანი გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა"

აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ომის მხარდაჭერა არ შეუძლია. შესაბამისი განცხადება ჯო კენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კენტი ამბობს, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს.“ გადადგომის წერილში ტრამპისადმი მიმართვისას კენტი ამბობს: „ირანი ჩვენი ერისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ცხადია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ. მე მხარს ვუჭერ იმ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას, რომლისთვისაც თქვენ 2016, 2020, 2024 წლებში იბრძოდით და რომელიც თქვენი პირველი ვადის განმავლობაში განახორციელეთ. 2025 წლის ივნისამდე თქვენ გესმოდათ, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი ხაფანგია, რომელიც ამერიკას პატრიოტების სიცოცხლეს ართმევს.“ ტრამპის მიერ ამ თანამდებობაზე წარდგენილი ჯო კენტი სენატმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. Reuters-ი წერს, რომ დაზვერვის სფეროს თანამშრომლებისთვის, კენტის გადადგომა მოულოდნელი იყო. კენტის გადადგომას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. „მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უსაფრთხოების საკითხში სუსტი იყო - ძალიან სუსტი. კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ საკმაოდ კარგი ბიჭი ჩანდა. მაგრამ როდესაც მისი განცხადება წავიკითხე, მივხვდი, რომ კარგია, რომ ის თანამდებობიდან წავიდა, რადგან თქვა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ირანი საფრთხეს წარმოადგენდა - ეს ყველა ქვეყანამ გააცნობიერა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

ტრამპი NATO-ს მოკავშირეებს აკრიტიკებს და ამობს, რომ აშშ-ს „აღარ სჭირდება“ დახმარება ირანთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ NATO-ს „მოკავშირეების“ უმრავლესობას „არ სურს „ირანის ტერორისტული რეჟიმის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.“   დონალდ ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო წარმატების ფონზე, აღარ სურს NATO-ს ქვეყნების დახმარება და აშშ-ს, ეს არც არასდროს სჭირდებოდა. „NATO-ს „მოკავშირეების“ უმრავლესობამ შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში, ეს იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ქვეყანა სრულიად დაეთანხმა იმას, რასაც ვაკეთებთ, და ირანს არანაირად რამე ფორმით არ უნდა შეეძლოს ბირთვული იარაღის ქონა. გაკვირვებული არ ვარ მათი ქმედებით, თუმცა, ვინაიდან NATO-ს, სადაც ამ ქვეყნების დასაცავად წლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავდით, ცალმხრივ ქუჩად განვიხილავდი - მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვჭირდება. საბედნიეროდ, ირანის შეიარაღებული ძალები გავანადგურეთ - მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და, რაც სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები თითქმის ყველა დონეზე აღარ არსებობენ, აღარასდროს დაგვემუქრებიან ჩვენ, ახლო აღმოსავლეთში ჩვენს მოკავშირეებს ან მსოფლიოს! იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, აღარ “გვჭირდება” ან გვსურს NATO-ს ქვეყნების დახმარება - არასდროს გვჭირდებოდა! მსგავსად, იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის. რეალურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, პრეზიდენტი ვიტყვი, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება!” - წერს ტრამპი. აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა: "ირანი გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა"  

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY

შუა დერეფანი შეიძლება, საკონტეინერო ტრანსპორტის მთავარი ალტერნატივა გახდეს, თუ ჰორმუზის სრუტე დაიხურება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წერს. მამედოვმა აღნიშნა, რომ სრუტეში შეფერხებებმა შეიძლება, შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც აკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას, ამასთან, გაიზრდება ლოგისტიკური ხარჯები. „ასეთ სცენარში, ალტერნატიული მულტიმოდალური მარშრუტები მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მამედოვმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტი, რომელიც გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში და აკავშირებს აზიას ევროპასთან. ის წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ, ვიდრე ევროპას მიაღწევს, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. შუა დერეფანი არის სახმელეთო მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო გზებს და აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს - ევროპასთან.  

მაკრონი: არ ვართ კონფლიქტის მხარე, საფრანგეთი არ ჩაერთვება ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში. მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს, რომ პარიზი დახმარებისთვის მზად იყო. ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა მაკრონს და მას „10-დან 8“ ქულა მისცა მოკავშირეების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით და რომ მაკრონი შეუერთდებოდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ძალისხმევას. „ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში ამჟამინდელ კონტექსტში,“ - განაცხადა მაკრონმა. „მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ვითარება დაწყნარდება – და მე შეგნებულად ვიყენებ ამ ტერმინს ფართოდ – როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როგორც კი ძირითადი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ მზად ვართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ესკორტის სისტემაზე. მაგრამ ეს არის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი და ცხადია, საზღვაო ტრანსპორტის ყველა აქტორთან, დამზღვევებთან და ოპერატიულ სამუშაოსთან არის დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ინდოეთთან, სხვა რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ან პარტნიორებთან რეგიონში,“ - აცხადებს მაკრონი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია. ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები მოულოდნელი იყო  

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პატრიარქი „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო.“ ბიოგრაფიული ცნობები  1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.  გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს: „მინდა, ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა.“ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.“ ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.  

სასულიერო ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამძიმრის წერილებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები ავრცელებენ. „მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა. მისი პატრიარქობის ათწლეულების განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის რჩებოდა სულიერ ორიენტირად, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ. ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია.~ ილია მეორის პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, მათ შორის, რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, ვისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა. ვილოცებთ, რომ მამამ ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სავანეში. უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სული თავის სასუფეველში და მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველა მათ, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!“ - დაწერა სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელში.რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით. სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე „იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა.“ „... ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი. დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!," - წერია განცხადებაში. საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმარი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში. საელჩო წერს, რომ ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. „ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ - წერს ისრაელის საელჩო.  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ზე დაწერა: „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა,“ - წერია განცხადებაში. სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტი გაავრცელა თურქეთის საელჩომ საქართველოში: „უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას. ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,“ - წერია სამძიმრის ტექსტში. საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო. „როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს. მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას,“ - წერია განცხადებაში. შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი,“ - წერია ტექსტში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა.“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ილია მეორის „ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“. „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით, “ - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ X-ზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა რაშიდ ალ-მაქტუმმა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოში ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. „ავსტრიის საელჩო უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ ,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქართულ ენაზე ვრცელდება. „გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო,“ - აღნიშნულია თავის მხრივ, იტალიის საელჩო განცხადებაში, რომელიც ასევე ქართულ ენაზე ვრცელდება. საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - წერს მატუს ბუსოვსკი სოციალურ ქსელში. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ფიგურაა,“ - აღნიშნულია წერილში. ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. „კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, რელიგიათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია II მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ ღრმა დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანის ხალხის სახელით,“ - ნათქვამია წერილში. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კი, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს: „მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.“ „სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე საქართველოს ხალხს და ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ რთულ დროს,“ - წერია ფაშინიანის წერილში. გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში გამოხატავენ ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. „სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს.“ "იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა," - წერია განცხადებაში. რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. „ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს ქართულ ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს. კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან,“ - წერს პატრიარქი კირილე. მასალა განახლებადია კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“. „მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ - წერია სამძიმრის ტექსტში.          

ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი სომხეთში 7 ივნისის არჩევნების წინ, საფრთხეებთან გასამკლავებლად ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია. ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთს მარტო უცხოური ჩარევის წინაშე. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ევროპაზე დაყრდნობა,“ - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2025 წლის დეკემბერში კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირის დახმარება ითხოვა 2026 წლის საყოველთაო არჩევნების წინ „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მედია: სომხეთმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირს ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა  

პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, რომ სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. მეუფე თეოდორეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. „წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,“ - განაცხადა მეუფე თეოდორემ. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში შეიკრიბა სინოდის სხდომა, რომლის დროსაც, პატრიარქის დაკრძალვის თარიღზე შეთანხმდნენ - პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მიტროპოლიტი შიო მართავს. 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, რომელიც არჩევს სამ კანდიდატს - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.  

გარეგინ II: ილია II-ის მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი წინამძღოლობის დასტური

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „არმენპრესის“ ცნობით, დედასაყდარ წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია: „უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას. ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის.“  

აშშ-ის მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის აღდგენა დაავალა

აშშ-ში, ფედერალურმა მოსამართლემ როის ლამბერტმა დაადგინა, რომ გასულ წელს „ამერიკის ხმის“ (VOA) ფაქტობრივი დახურვა უკანონო იყო და მისი ასობით ჟურნალისტი სამსახურში უნდა აღადგინონ. მოსამართლე როის ლამბერტმა ხელისუფლებას ერთი კვირა მისცა საერთაშორისო მაუწყებლის ეთერში დასაბრუნებლად. დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტად თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში, გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება მაუწყებლის დახურვის შესახებ, რომელიც მისი ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მემარცხენე ფრთის მიმართ მიკერძოებულობაში და „რადიკალური“ და „ტრამპის საწინააღმდეგო“ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს. პრეზიდენტმა ტრამპმა გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელად კარი ლეიკი დანიშნა. ეს არის კომპანია, რომელიც ზედამხედველობას უწევს და აფინანსებს „ამერიკის ხმას“, ასევე „რადიო თავისუფალ ევროპასა“ და „რადიო თავისუფალ აზიას“. ლეიკმა სააგენტოს თანამშრომლების 85%-ზე მეტი, მათ შორის მხოლოდ „ამერიკის ხმის“ 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, გაათავისუფლა, რის შედეგადაც სამსახურში თანამშრომლების მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. გასულ კვირას მოსამართლე ლამბერტმა დაადგინა, რომ ლეიკს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გაეცა ბრძანება USAGM-ის თანამშრომლების დათხოვნის შესახებ, რადგან ეს აშშ-ის სენატის მიერ არ იყო დამტკიცებული. ფედერალურმა მოსამართლემ ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას „თვითნებური და კაპრიზული“ უწოდა. სასამართლოში სარჩელები „ამერიკის ხმის“ დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა და USAGM-ის სამმა თანამშრომლებმა შეიტანეს. „მოუთმენლად ველით კარი ლეიკის მიერ ჩვენი სააგენტოსა და ჩვენი კოლეგებისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრას, კონგრესის მანდატის დაბრუნებას და გლობალური აუდიტორიის ნდობის აღდგენას, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერ ვემსახურეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც USAGM-ის სამმა თანამშრომელმა, პეტსი ვიდაკუსვარამ, ჯესიკა ჯერიტმა და ქეით ნიპერმა ერთობლივად გაავრცელეს.  

NATO თურქეთის ადანის პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO თურქეთის ადანის პროვინციაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილი სარაკეტო საფრთხის გამო, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ინჯირლიკის ავიაბაზაზე განთავსდება, სადაც NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალები იმყოფებიან. „ჩვენი საჰაერო სივრცისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ადანაში უკვე იქ არსებული ესპანური Patriot-ის სისტემის გარდა, კიდევ ერთი სისტემა განთავსდება,“ - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ცნობისთვის, გასულ კვირას, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე NATO-მ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში ქურეჯიქის სარადარო ბაზასთან ახლოს განათავსა.  

საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად $5 000-დან $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დასჭირდებათ

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, 12 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად, 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. 2 აპრილიდან, კამბოჯის, ეთიოპიის, საქართველოს, გრენადის, ლესოთოს, მავრიკიის, მონღოლეთის, მოზამბიკის, ნიკარაგუის, პაპუა-ახალი გვინეის, სეიშელისა და ტუნისის პასპორტის მქონე პირებს მოეთხოვებათ ბონდის (დეპოზიტის) გადახდა, რომელიც მოქალაქეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ვიზის განაცხადი უარყოფილია, ან თუ ვიზა გაიცემა და პირი დაიცავს მის პირობებს. 2 აპრილის შემდეგ, უკვე 50 ქვეყნის მოქალაქე დაექვემდებარება ამ მოთხოვნას. ეს პროგრამა გასულ წელს შემოიღო ტრამპის ადმინისტრაციამ, რათა ვიზის ვადის გადაცილების ფაქტები და უფრო ფართოდ, არალეგალური მიგრაცია შეეზღუდა. პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ქვეყნებიდან ვიზის მსურველებს, რომელთა შორის ბევრია აფრიკის ქვეყანა და სადაც ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელია, მოეთხოვებათ 5,000, 10,000 ან 15,000 დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა — რაც დამოკიდებულია მათ მდგომარეობასა და იმ კონსულის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განაცხადს განიხილავს. „პროგრამამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა — მნიშვნელოვნად შეამცირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვიზის ვადას აჭარბებენ და არალეგალურად რჩებიან აშშ-ში,“ — განაცხადა დეპარტამენტმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ თითქმის 1000 ადამიანიდან, ვინც დეპოზიტი გადაიხადა, დაახლოებით, 97%-ს ვიზის ვადისთვის არ გადაუჭარბებია.