ძებნის რეზულტატი:
Reuters-ი: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში ირანის მთავრობას კოლაფსი არ ემუქრება
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის ხელმძღვანელობა ძირითადად შენარჩუნებულია და აშშ-ისა და ისრაელის თითქმის ორკვირიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგად, უახლოეს მომავალში მისი ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მრავალი სადაზვერვო ანგარიში იძლევა ერთგვაროვან შეფასებას, რომ რეჟიმი ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დგას და ის კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ირანის მოსახლეობაზე. სადაზვერვო მონაცემები ასევე მიუთითებს ირანის უზენაესი ლიდერების ერთიანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ალი ხამენეი 28 თებერვალს — აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების პირველ დღეს დაიღუპა. გამოცემას ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დახურულ დისკუსიებში ასევე აღიარეს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი მმართველობიდან ხსენებული ლიდერების ჩამოშორებას გამოიწვევს. წყაროებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ადგილზე ვითარება ცვალებადია და ირანში დინამიკა, შეიძლება, შეიცვალოს. „ისრაელს არ აქვს განზრახვა, რომ ყოფილი ხელისუფლების რომელიმე ნარჩენი ხელუხლებლად დატოვოს,“ — განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა მეოთხე წყარომ. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ შეიძლება, მოქმედმა ამერიკულ-ისრაელის სამხედრო კამპანიამ ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვიოს. წყაროს თქმით, ამისთვის სავარაუდოდ, საჭირო იქნებოდა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია, რომელიც ირანში მცხოვრებ ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდნენ. ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოურიცხავს ამერიკული ჯარების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა.
ტრამპი: თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია, დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია.“ ტრამპის განცხადებით, „თეირანის ისეთ ნაწილებს შეუძლიათ, დაარტყან, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ეს არ სურთ.“ „მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ. ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით, ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“
მთავრობამ დსთ-დან მოლდოვის გასვლა დაამტკიცა
მოლდოვას მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში წევრობის ძირითადი ხელშეკრულებების დენონსაციას. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეგზავნება. მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა
რუმინეთი აშშ-ს, ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის მისი საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას მისცემს
რუმინეთმა ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-ისრაელის ომში ჩართულ თვითმფრინავებს საწვავით შესავსებად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში არსებული საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება მისცეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. პარლამენტმა ეს საკითხი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ განიხილა. პრეზიდენტმა ნიკუსორ დენმა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ძალები რუმინეთში დროებით განლაგდებიან.“ დენის თქმით, ეს ნაბიჯი თვითმფრინავების საწვავით შევსებას, მონიტორინგისა და თანამგზავრული კომუნიკაციების აღჭურვილობის განლაგებას შესაძლებელს გახდის.
საუდის არაბეთი ვაჭრობას წითელი ზღვის პორტებისკენ გადაამისამართებს
საუდის არაბეთი საზღვაო ვაჭრობას წითელ ზღვაზე მდებარე დასავლეთ პორტებისკენ გადამისამართებს, რათა თავი აარიდოს სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს, სადაც გემები ირანთან ესკალაციის კონფლიქტის ფონზე, თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. სპარსეთის ყურის გასწვრივ, სამეფოს აღმოსავლეთ პორტებისკენ მიმავალი გემები, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტეს გადიან, თუმცა ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ეს გასასვლელი ფაქტობრივად მიუწვდომელი გახდა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საუდის არაბეთის ვაჭრობას უმეტესად, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტების გავლით უზრუნველყოფს. ხელისუფლება ასევე ავითარებს ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს კონტეინერებისა და ტვირთების მისაღებად, რომლებიც ადრე სპარსეთის ყურის პორტების გავლით მოძრაობდა. საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკური მომსახურების მინისტრმა სალეჰ ალ-ჯასერმა განაცხადა, რომ ეროვნული ლოგისტიკური ქსელი აფართოებს თავის შესაძლებლობებს სტაბილური მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად.
ფაშინიანი: ნამდვილად გვაშფოთებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაცია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ხსენების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვას, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა.“ „თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას.“ ევროპარლამენტი „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია.“ ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“. ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს, მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება.“ რეზოლუცია „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი.“ დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“. ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ.“ ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე.“
რა წერია ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში საქართველოს შესახებ
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, რომელშიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული, რეკომენდაციებია მოცემული. მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი მთავარ მიგნებებს შორისაა მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, თქმა, რომ ძალადობა წამების დონეს აღწევდა), გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენის სრულ დაუსჯელობასთან. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა, მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. „მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას. მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება იმ პირების სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის წინაშე დგანან რაიმე ფორმის განსხვავებული აზრის გამო,” - ნათქვამია ანგარიშის წარდგენაში. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკას: თავისუფალი არჩევნების შესახებ: ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მოწვეულ იქნან გარე დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთოს/ODHIR-ის მისია) მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მოწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რათა ODHIR-მა შეძლოს საარჩევნო მისიის შინაარსიანად განხორციელება. თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისა და დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიებისგან. თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან. უკან გაიწვიოს ამჟამად განხილული განაცხადები. უკან გაიწვიოს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ თვითნებურად წაყენებული ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე). რეკომენდაციები ეუთოს წევრ სახელმწიფოებს: მოითხოვეთ და მხარი დაუჭირეთ რეკომენდაციების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ. უზრუნველყავით მოსკოვის მექანიზმის დასკვნების სისტემატური მონიტორინგი, მათ შორის, პერიოდული განხილვის გზით მუდმივ საბჭოში. განიხილეთ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხი იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ანგარიშში აღწერილი განსაკუთრებით სერიოზული დარღვევებისთვის. გააგრძელეთ ძალისხმევა ყველა შესაბამის სუბიექტს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. განათავსეთ არჩევნების სადამკვირვებლო მისია მომავალი არჩევნებისთვის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. განიხილეთ ეუთოს ოფისის გახსნა საქართველოში. მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებას: მხარი დაუჭირეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტირებას. განიხილეთ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი პირების და მათი პასუხისმგებელი ზემდგომი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის საკითხი ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით. უზრუნველყოთ დაცვა და დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოუწიათ ქვეყნის დატოვება, მათ შორის, საერთაშორისო დაცვის მინიჭებით, სადაც ეს შესაძლებელია, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დაზიანებებისა და ტრავმების მკურნალობის გზით. მხარი დაუჭირეთ ადამიანის უფლებების დამცველებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ და იცავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობით. მხარი დაუჭირეთ საქართველოს საჭირო სამართლებრივი რეფორმების დანერგვის მიზნით. ხელი შეუწყვეთ გაეროს სპეციალური პროცედურების ჩართვას ადამიანის უფლებების დაცვაში; განიხილეთ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის დაარსება საქართველოში. გაეროს სპეციალურ პროცედურებსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს, სხვა მექანიზმებს შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს: თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფი (WGAD) - განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან არ არსებობს ეროვნული საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა. ბ. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სპეციალური მომხსენებელი, გ. აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ხელშეწყობისა და დაცვის სპეციალური, მომხსენებელი, დ. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების სპეციალური მომხსენებელი, ე. ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი, ვ. მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის სპეციალური მომხსენებელი, ზ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების სპეციალური მომხსენებელი, თ. უმცირესობების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი, ი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სპეციალური მომხსენებელი, კ. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, კ. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების, სპეციალური მომხსენებელი, ლ. ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის სამუშაო ჯგუფი, ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის მოთხოვნის საკითხი, რათა დააზუსტონ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის IX მუხლის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის წარდგენის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) 33-ე მუხლის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე, სხვა ორგანოებს, როგორიცაა ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, შეუძლიათ, განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და მომავალ პროცესებში ჩარევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შეუძლიათ, აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების აღსრულებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ წამების წინააღმდეგ კომიტეტისთვის სახელმწიფოთაშორისი შეტყობინების წარდგენის საკითხი. წამების წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საერთაშორისო სასამართლოში განაცხადის წარდგენის საკითხი. წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, ასევე გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა (SPT), განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ვენეციის კომისია უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კანონპროექტების შემდგომ შეფასებაში. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი, პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. ევროპის საბჭოს (ევროპის საბჭოს) ადამიანის უფლებათა კომისარს შეუძლია, განიხილოს მისიის გაგზავნის საკითხი საქართველოში. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოსთხოვოს საქართველოს, წარმოადგინოს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდა კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა კონვენციის (ადამიანის უფლებათა კონვენციის 52-ე მუხლი) ნებისმიერი დებულების ეფექტურ განხორციელებას. ანგარიშში საკანონმდებლო რეფორმებთან დაკავშირებით ნათქვამია: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა იქნას გაწვეული. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მათი შეუსაბამობის მასშტაბის გათვალისწინებით, მომხსენებელს არ მიაჩნია, რომ გამიზნული შესწორებებით შესაძლებელია მათი ამ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადაწყვეტს, არ გაიწვიოს ეს კანონები, ისინი, როგორც მინიმუმ, შესწორებულ უნდა იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად. ეს, კერძოდ, ნიშნავს ვალდებულების ამოღებას მგრძნობიარე ინფორმაციის გამჟღავნებაზე იმ სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ კანონმდებლობას ექვემდებარებიან; აღნიშნული კანონების დარღვევებისთვის ჯარიმების შემცირებას; “უცხოელი პატრონების აგენტებად” რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვნად შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, ნამდვილად მოქმედებს თუ არა უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონების ენა გაცილებით უფრო კონკრეტული უნდა იყოს; მსგავსად, “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ბოლო დროის შესწორებები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და სამაუწყებლო მასალის შეზღუდვებს ეხება (54-ე მუხლი) უნდა გაიწვიოს; “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონი” უნდა გაიწვიოს. ეს კონკრეტულად, მაგრამ არამხოლოდ, ეხება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების ‘პოპულარიზაციის’ აკრძალვას, მათ შორის, შეკრებებით, გენდერის დამამტკიცებელი მოვლისა და პირაპობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის მარკერების შეცვლის აკრძალვას; სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა შევიწროვდეს და უფრო კონკრეტული გახდეს, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც შესაძლებელს ხდის TFI-ისა და FARA-ს ფარგლებში მოქცეული პირების სისხლისსამართლებრივად დევნას მთავრობის უბრალო კრიტიკისთვის; რეგულაციებმა, რომლებმაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის სრული აკრძალვა შემოიღეს, უნდა გაიწვიოს. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების თავისუფლებას (როგორებიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები) უნდა გაიწვიოს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივის წესრიგის მოსაზრებებს შორის; უმაღლესო განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია უნდა იყოს დაცული.
აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება გაძვირდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღარ აიკრძალება ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა. ნაცვლად ამისა, დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება ახალი ტარიფით ძალაში პირველი აპრილიდან შევა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთი თვით გააუქმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. აშშ-მ ქვეყნებს უფლება მისცა, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ. „ეს ვიწროდ სპეციალიზებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა. მანამდე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება.“ „სამხედრო ესკორტის შესაძლო საჭიროება ყოველთვის იყო ჩვენი დაგეგმვის ნაწილი,“ - განუცხადა მან Sky News-ს. კითხვას, შეიძლება თუ არა ეს უახლოეს დღეებში დაიწყოს, ბესენტმა უპასუხა: „როგორც კი შესაძლებელი გახდება უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას გავაკეთებთ.“ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს. ნავთობის ფასმა ბარელზე ხუთშაბათს კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს საკვანძო საზღვაო მარშრუტის - ჰორმუზის სრუტის - ბლოკირებას, რომლის გავლითაც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის. აშშ რუსულ ნავთობზე დამატებითი სანქციების მოხსნას განიხილავს გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია. „მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ამჟამად პრობლემაა ფასებთან დაკავშირებით და არა მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, მაინტერესებს, რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო,“ - განაცხადა მერცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში არ მონაწილეობს.
NATO-ს თავდაცვამ ირანიდან გაშვებული კიდევ ერთი რაკეტა მოიგერია - ანკარა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. NATO ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილითNATO-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა. მისი განცხადებით, NATO „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს. თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.
აშშ ადასტურებს ერაყში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის 4 წევრის დაღუპვას
ერაყში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავ KC-135-ის ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა. ამ ტიპის თვითმფრინავებიდან საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით შევსება ხდება. ამერიკული თვითმფრინავი ერაყის ჩრდილოეთში 12 მარტს ჩამოვარდა. დღეს, 13 მარტს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის დაღუპვა. CENTCOM-ის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი არ ყოფილა მოწინააღმდეგის მიერ, ან შეცდომით გახსნილი ცეცხლი და ინციდენტის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს 12 მარტს რამდენიმე მედიასაშუალება ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერაყში KC-135 ჩამოვარდა ინციდენტის შედეგად, რომელშიც სხვა თვითმფრინავიც მონაწილეობდა. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ერაყში ირანის სამიზნედ იქცა აშშ-ის და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო ობიექტები, თავად ერაყის ნავთობობიექტები და ტანკერები. 12 მარტს ერაყის ქურთისტანის ავტონომიის დედაქალაქ ერბილის რაიონში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დრონით შეტევის შედეგად. სარაკეტო შეტევა იყო ამავე რაიონში მდებარე იტალიურ ბაზაზე. წინა დღეებში ერბილის რაიონში დრონებით შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტებზეც. ერაყის ქურთისტანში ირანული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საბადოზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია HKN Energy მართავს. 12 მარტს ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრის მახლობლად იერიში მიიტანა ორ ტანკერზეც. დასავლეთ ერაყში აშშ-ის კუთვნილი საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ - „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს. განახლება: აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.
მაკრონი: ერაყში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყის ერბილის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა. მაკრონის თქმით, რეგიონში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ფრანგულ ძალებზე თავდასხმები მიუღებელია. „ერაყში მათი ყოფნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ჩარჩოს ნაწილია. ირანში ომი ვერ ამართლებს ასეთ თავდასხმებს,“ - აღნიშნა მაკრონმა.
ჰააგის სასამართლომ ბელორუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების განცხადებით, დაიწყეს გამოძიება იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაულები, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბელორუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვა, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულების ელემენტების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, რომელიც სასამართლოს წევრია. პროკურორებმა დაადგინეს, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს. პროკურორების განმარტებით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბელორუსის ქმედებები მიმართული იყო მთავრობის „ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების“ წინააღმდეგ. „ასევე არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით,“ - განაცხადეს სასამართლოს პროკურორებმა.
ზელენსკი: აშშ-ის მიერ სანქციების ერთჯერადმა შემსუბუქებამ შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი მისცეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ზელენსკის თქმით, შესაძლოა, რუსეთს ომის გასაგრძელებლად ათ მილიარდ დოლარამდე დამატებით გამომუშავების საშუალება მიეცეს. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ამ ომის გამო ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ ნამდვილ უსაფრთხოებას და მდგრად მშვიდობას. ჩვენ უნდა დავძლიოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, ნაწილობრივ შემსუბუქებულიყო ზღვაში ტანკერებზე შენახული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები. მხოლოდ ამერიკის მიერ ამ შემსუბუქებამ, შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მისცეს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას,“ – განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა
ალიევის თქმით, სომხეთს შეუძლია, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სატრანზიტო ქვეყანა გახდეს
აზერბაიჯანთან მშვიდობის წყალობით, სომხეთს შეუძლია, პირველად გახდეს სატრანზიტო ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, თუმცა ჯერ მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ამის წყალობით, ჩვენ შევძლებთ პირდაპირი კავშირის დამყარებას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ჩვენს ანკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევის თქმით, სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ შუა დერეფნის გაფართოებაზე, რომელიც ასევე გადის სომხეთის ტერიტორიაზე.“ „ეს მარშრუტი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და სომხეთი პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამჟამად მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ეს პროექტი შესაძლებელს გახდის აზერბაიჯანის ორი ნაწილის – ძირითადი ტერიტორიისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას უწყვეტი სატრანსპორტო ხაზით, ენერგეტიკული ხაზით, ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელით, ელექტროგადამცემი ხაზებით და, შესაძლოა, მილსადენებით. ეს ყველასთვის მომგებიან სიტუაციას შექმნის, რადგან აზერბაიჯანის ორივე ნაწილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით იქნება დაკავშირებული და ახალი სატრანსპორტო დერეფანი ბევრ ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
კალასის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირის გაყოფა სურს
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის კავშირის გახლეჩა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ. Financial Times-თან ინტერვიუში კალასმა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს „ძალზე რთული“ უწოდა. ამის საილუსტრაციოდ მან მიუთითა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე. კალასის მიერ ნახსენები დოკუმენტები, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში გამოქვეყნდა, შეიცავს მოწოდებებს, ევროპაში „განვითარდეს წინააღმდეგობა“ და რომ აუცილებელია ევროპის კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო დახმარების „კალიბრაცია.“ კაია კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-სთანურთიერთობებში პრობლემები გადაჭრან არა ორმხრივი ურთიერთობების რეჟიმში, არამედ შეთანხმებულად. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ აშშ-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა თავის სურვილზე, გაყოს ევროპა. მას არ მოსწონს ევროპის კავშირი,“ - განაცხადა კალასმა 13 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. მისი თქმით, ტრამპის ულტრაკონსერვატიულმა მოძრაობა MAGA-მ თავისი მხარდაჭერა გაავრცელა ევროპის კონტინენტის რადიკალურად მემარჯვენე, პოპულისტურ და ევროსკეპტიკურ პარტიებზე.
ტრამპი: პუტინი შეიძლება, ირანს ცოტათი ეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ირანს ეხმარებოდეს. „ვფიქრობ, ის შეიძლება, ცოტათი ეხმარება ირანს, კი, ალბათ. ის ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, არა?,“ – განუცხადა ტრამპმა გადაცემა „ბრაიან კილმიდის შოუს.“ აშშ-ის პრეზიდენტმა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ეხმარება. მანვე განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად. „ჩვენ დრონების შესახებ ყველაზე მეტი ვიცით. სინამდვილეში, მსოფლიოში საუკეთესო დრონები გვაქვს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ინტერვიუში ტრამპმა ირანზე საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ არ არის ორიენტირებული ირანის გამდიდრებული ურანის მიღებაზე. „მაგრამ გარკვეულ მომენტში შეიძლება, ვიყოთ. ამჟამად ჩვენ მათი რაკეტებისა და დრონების განადგურებაზე ვართ ორიენტირებულნი,“ – განაცხადა ტრამპმა. ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა
„ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, რომ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად უპასუხოს.“ „ამავდროულად, მოძრობა ირანელ ძმებს მოუწოდებს, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპის თქმით, აშშ-მ ხარგის კუნძული დაბომბა
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა. ხარგის კუნძული ირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. კუნძულზე თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი მდებარეობს, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის. „ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. „თავაზიანობის გამო, გადავწყვიტე, რომ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაგვენადგურებინა, თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება, რომ აშშ-ის თავდასხმების დროს კუნძულზე 15-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. სააგენტოს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ თავდასხმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის ობიექტები, საზღვაო ბაზა, აეროპორტის საკონტროლო კოშკი და ვერტმფრენების ანგარი იყო. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხარგის კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.