ძებნის რეზულტატი:
ისტორიაში პირველად, NATO-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2% დახარჯა
ისტორიაში პირველად NATO-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია. ამის შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა. რუტემ ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის წვლილს. 2014 წელს დასახულ მიზანს მოკავშირეებმა პირველად მიაღწიეს. „მე არ მჯერა, რომ ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის გარეშე, მთელი მთელი NATO 2025 წლის ბოლოს 2%-ს მიაღწევდა. ესპანეთის, იტალიის, ბელგიის და კანადის მსგავსი დიდი ეკონომიკის გათვალისწინებით, ისინი შორს არიან 2%-იანი ნიშნულისგან. ყველამ მიაღწია 2%-ს,“ - აღნიშნა ალიანსის გენერალმურმა მდივანმა. ანგარიშის თანახმად 2025 წელს NATO-ს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ანგარიშში გასული წლის ხარჯები ალიანსის შეფასებებს ეფუძნება. თავდაცვისთვის საერთო ხარჯებმა 2025 წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (2%) 2025 წელს ჰქონდათ ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ალიანსის წევრებს შორის პოლონეთს ჰქონდა, რომელმაც თავდაცვისთვის 2025 წელს მშპ-ის 4.3% გამოყო. 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ. რუტემ რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ მოიხსენია და მიუთითა საჰაერო სივრცის დარღვევებზე, საბოტაჟზე, კიბერშეტევებზე, პოლიტიკურ ჩარევასა და დეზინფორმაციის კამპანიებზე. უკრაინასთან დაკავშირებით, რუტემ ხაზი გაუსვა მოკავშირე ქვეყნების მუდმივ მხარდაჭერას. „2025 წლის განმავლობაში არსებული საფრთხის სურათი ნათლად აჩვენებს, რომ აუცილებელია მეტის გაკეთება. მთელი წლის განმავლობაში NATO აგრძელებდა გაერთიანებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს ყველა სფეროში, როგორც ახლა, ასევე მომავალში,“ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ერევანი სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს
სომხეთის დედაქალაქი ერევანი 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. „მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობით,“ - წერს ფაშინიანი.
რუბიო უარყოფს, რომ აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის ნაცვლად შესთავაზა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს ზელენსკის განცხადებას, რომ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთისთვის მიწის დათმობა სთხოვა. საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ უარყო ზელენსკის ბოლოდროინდელი კომენტარები და განმარტა, რომ აშშ-ს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ასეთი პირობა არ დაუდია. "ეს სიცრუეა. ვნახე, რომ მან ეს თქვა, რაც სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს არ არის სიმართლე," - განaცხადა რუბიომ. „რაც მას ვუთხარით, ძალიან აშკარაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან, ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ,“ - განაცხადა რუბიომ. ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს განახლება: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან უკრაინის ლიდერი „ტყუილში“ დაადანაშაულა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ აშშ მასზე ზეწოლას ახდენდა. „რაც შეეხება ამერიკის მხარესა თუ სახელმწიფო მდივანს, იცით, როგორც იტყვიან, აისბერგის უდიდესი ნაწილი არ მოჩანს, ხო? ასე რომ, დამიჯერეთ, მე უმცირესი ნაწილი გამოვაჩინე. მე სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ. ამის ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ.“ ზელენსკიმ ასევე განმარტა, რა ხდება დიპლომატიურ ასპარეზზე და ის, თუ როდისთვის ჰპირდებიან ამერიკელები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს: „თუკი დღეს რუსეთი ერთობ ულტიმატუმად ჟღერს: რომ ის ომს დაასრულებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ... და თუკი ეს ულტიმატუმი ისმის და ამერიკული მხარე ამბობს: „მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს შეწყვეტს, მოგცემთ გარანტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოგცემთო“, ამის მიმართ შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველა სიგნალი, რომლებსაც მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში ვიღებთ, მეტყველებს იმაზე (და ეს მხოლოდ ჩემი ანალიზი არ არის)... ეს აბსოლუტურად პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას შევძლებთ არა ცეცხლის შეწყვეტამდე, არა ომის დასრულებამდე, არამედ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარები გამოვლენ დონბასიდან, რაც წარმოადგენს ომის დასრულების პირობას.“ ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერა ომის დასრულებამდე, რაზეც ნათქვამი აქვს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და არამხოლოდ მისთვის. „ისინი თითქმის მზად იყვნენ. მსურს, ყველას შევახსენო, რომ ომის დასრულებამდე გვინდა ხელის მოწერა, ისევე, როგორც Prosperity Package-ს. თუმცა ამერიკულმა მხარემ განაცხადა: “არა, ეს მოხდება მხოლოდ ომის დასრულების მომენტში.” მე ვთქვი, რომ ეს გარანტიები არ ამოქმედდება, ამისი ნურავის შეეშინდება. ისინი ამოქმედდება, როცა კონგრესი უყრის კენჭს და კონგრესი კენჭს უყრის ომის დასრულების შემდეგ.“ „გარანტიები ჩვენ გვეძლევა სწორედ მას შემდეგ, როცა დონბასიდან გამოვალთ. ეს არის ახლა ომის დასრულების პირობა. ...ამიტომაც, არავისთვის არაფერი მომიტყუებია. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი ტრადიცია. უბრალოდ, შესაძლებელია, ეს აღქმული იყო ისე, თითქოს ამერიკელები ახორციელებენ ზეწოლას, რომ ჩვენ გამოვიდეთ [დონბასიდან] და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს. არ ვამბობ, რომ ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად. ისედაც ყველას გვესმის, რაც ხდება. გონიერ ადამიანებს არ სჭირდებათ გამეორება. ყველა ხედავს, ვინ არის ამ ვითარებაში აგრესორი. ყველა ხედავს, ვინ ახორციელებს ამ ვითარებაში ზეწოლას. ყველა ხედავს, ვინ ვისზე ახორციელებს ზეწოლას,“ - განუცხადებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სააგენტო "უნიანის" მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.
უკრაინამ და საუდის არაბეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და საუდის არაბეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება საფუძველს უყრის მომავალ კონტრაქტებს, ტექნოლოგიურ თანამშრომლობასა და ინვესტიციებს. ზელენსკის ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც 26 მარტს, Washington Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში მიწოდების გადამისამართებას, რადგან ირანთან კონფლიქტი ამერიკულ საბრძოლო მასალის არსებულ მარაგებს რისკებს უქმნის. „ჩვენ მზად ვართ, საუდის არაბეთს ჩვენი გამოცდილება და სისტემები გავუზიაროთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. 27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის შეხვედრის დაწყებამდე ხელმოწერილი დოკუმენტი ქმნის საფუძველს ახალი კონტრაქტების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და ინვესტიციებისთვის და აძლიერებს უკრაინის, როგორც უსაფრთხოების დონორის საერთაშორისო როლს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილებოდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან ირანის დახმარება, საწვავის ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია და ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობა. შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა. პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებსაც, რომლებიც საუდის არაბეთში იმყოფებიან საჰაერო სივრცის დასაცავად დახმარების გასაწევად. სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. უკრაინამ რეგიონის ქვეყნებში გაგზავნა სპეციალისტები და დრონების დამჭერი აპარატები. თავად უკრაინა დახმარებას ითხოვს, პირველ ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.
თურქეთმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობას საბრძოლო მასალა გადასცა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საბრძოლო ტყვია-მასალა გადაეცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღება-ჩაბარების ცერემონია ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „შესაბამის აქტს ხელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თურქეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ილჰან ოქთენდურალიმ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებულ სასროლეთზე გადაინაცვლეს, სადაც საჩვენებელი სროლა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანებიც გადასცა,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში, ლეგენდარული უმბერტო პანერაი იმყოფება - წყალბურთის მეკარეების სპეციალიზებული ცენტრი იხსნება
წყალბურთის განვითარების მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში, რეგიონში, მეკარეების სპეციალიზებული მომზადების პირველი ცენტრი გაიხსნება. ინიციატივა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას და მის ახალ პრეზიდენტს დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, საწყლოსნო მიმართულებები მაღალი სტანდარტების შესაბამისად განავითაროს. პროექტის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა წყალბურთის ლეგენდარული იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, კარიერის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეკარე უმბერტო პანერაი. ის იტალიის ეროვნული ნაკრების კარს მრავალი წლის განმავლობაში იცავდა. დღეს სპორტულ კომპლექს ,,ოლიმპიკში'' პირველი ვარჯიში გაიმართა, რომლის დროსაც, პანერაი ქართველ მეკარეებს პირადად ავარჯიშებდა. ვარჯიშისას, ტექნიკას, პოზიციონირებას, რეაქციას, თამაშის ტაქტიკასა და მანევრირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, უშუალოდ ლეგენდარული მეკარისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და განავითარონ საკუთარი უნარები. ახალი ცენტრი მეკარეებს შესთავაზებს სრულად სპეციფიკურ პროგრამას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წყალბურთის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უმბერტო პანერაი წყალბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. ის არის სამი ოლიმპიური თამაშის მონაწილე და მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ახალგაზრდა მეკარეების განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება, რაც საქართველოს ნაკრების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.
Reuters: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს
ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კაშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა ირანთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფმა Handala Hack-მა გატეხა და ინტერნეტში ფოტოსურათები და დოკუმენტები გაავრცელა. პატელის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა FBI-მ განაცხადა, რომ ჰაკერების აქტივობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მოპარული ინფორმაცია სამთავრობო დოკუმენტებს არ მოიცავს.
კალასმა რუბიოს მიმართა, როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას: AXIOS-ი სამიტის დეტალებზე
გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ონფორმაციას, რომ პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კამათი იყო. გამოცემის ცნობით, პარასკევს, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხრა, თუ როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას. წყაროების ინფორმაციით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა. „ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, - განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე. გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა. „ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით,“ - უპასუხა რუბიომ. გამოცემის წყაროების განცხადებით, ვითარების დამშვიდების მიზნით რუბიოსა და კალასს შორის შეხვედრის ბოლოს ცალკე საუბარი შედგა. „ეს მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა. დიპლომატია სწორედ ამისთვის არსებობს,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-სთან საუბარში. „კალასის პრესსპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა,” - იტყობინება Axios. გავრცელებული ცნობით, ლიდერების საუბარში ჩაერთო „დიდი შვიდეულის“ სამიტის რამდენიმე მონაწილე, მათ განაცხადეს, რომ კვლავ სურთ, აშშ-მა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე. Reuters-ი წერს, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გამოიყენეს იმის გასახმოვანებლად, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთის ომში აშშ-ის ძალებზე თავდასხმაში ეხმარება. Reuters-ს ორმა დასავლურმა უსაფრთხოების წყარომ და თეირანთან დაახლოებულმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ მოსკოვი თეირანს თანამგზავრული ფოტოებით ამარაგებდა და ასევე ეხმარებოდა ირანს დრონების განახლებაში. სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ეხმარება ირანს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტში, ისევე როგორც თეირანი მოსკოვს დაეხმარა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 26 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „ეხმარება ირანს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და მხარს უჭერს თეირანს დრონებით, რათა მას შეეძლოს მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა. Axios-ის სტატიაში მითითებულია რუბიოს კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ ცდილობდა ორივე მხარესთან [უკრაინა და რუსეთი] დალაპარაკებას, თუმცა “ეხმარებოდა მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - იარაღით, დაზვერვითა და სხვა მხარდაჭერით.”
აშშ-ის პრეზიდენტი: ირანმა „ტრამპის სრუტე უნდა გახსნას“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა და მას „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას,“ - განაცხადა ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი.“ „ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან შეთანხმებებს აფორმებს
უკრაინამ კატართან 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი და მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები და არაბთა გაერთიანებულ სამიროებთან სამომავლო შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას კონფლიქტებში. „დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა გამოცდილებაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედდება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილავთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ დავიცვათ თავი, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაში ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. „10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა. უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც. კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დოჰამ და კიევმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც რაკეტებისა და უპილოტო საფრენი სისტემების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. ცნობისთვის, 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი გაიგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა ამ რეგიონის ქვეყნებს, დრონებით თავდასხმებთან გამკლავების საკითხში კონსულტაციები გაუწიონ. სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
რომის პაპი: ღმერთს ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად - იესო არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს
რომის პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ ღმერთი უარყოფს ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ და „ხელები სისხლით აქვთ სავსე.“ რომის პაპმა ბზობის კვირას წმინდა პეტრეს მოედანზე ათიათასობით ადამიანს მიმართა, მისი განცხადებით, იესოს გამოყენება არ შეიძლება ნებისმიერი ომის გასამართლებლად. „ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად,” - განაცხადა პაპმა. „(იესო) არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: ხელები სისხლით გაქვთ სავსე,“ - განაცხადა ლეონ XIV-მ ბიბლიის მონაკვეთის ციტირებით. რომის პაპს არ დაუკონკრეტებია მსოფლიო ლიდერები. პაპმა წუხილი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები „საშინელი კონფლიქტის შედეგებს განიცდიან“ და შესაძლოა, ვერ შეძლონ აღდგომის აღნიშვნა.
სიბიგა: აშშ-მა პირობა მოგვცა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ
აშშ-მა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მარტს საფრანგეთში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ PURL პროგრამით უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს. „სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი - არაფერი არსად არ გადამისამართებულა ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში და იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. ამ მომენტისთვის არ არის გეგმები გადამისამართებაზე,“ - განაცხადა სიბიგამ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს. „ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით,“ - აღნიშნა რუბიომ.
53 წლის შემდეგ პირველად, NASA მთვარის გარშემო მისიას გეგმავს
ამერიკელი და კანადელი ასტრონავტები, შესაძლოა, მთვარის გარშემო 53 წლის შემდეგ, პირველად გაფრინდნენ. მისიას [არტემის II] 4 ასტრონავტი შეასრულებს. მისია დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს. „არტემის II“-ის ასტრონავტები ფლორიდის გამშვებ პუნქტზე უკვე ჩავიდნენ. გაფრენა დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. ადამიანი მთვარეზე ბოლოს, 1972 წელს იყო (Apollo პროგრამის დროს). ახლა NASA ცდილობს, ისევ დაბრუნდეს და მომავალში მუდმივი ბაზაც კი შექმნას მთვარეზე, რაც მომავალში მარსზე გაფრენაშიც დაეხმარებათ.
ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს
სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო თანხმობა“, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა. „მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა. ცნობისთვის, 2026 წლის 9 თებერვალს სომხეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა დაგეგმილ არჩევნებში. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში. „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას.“
ევროკავშირმა დაგმო ისრაელის მიერ იერუსალიმის ლათინი პატრიარქისთვის ეკლესიაში შესვლისთვის ხელის შეშლის ფაქტი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება „რელიგიური თავისუფლების დარღვევად“ შეაფასა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა. „იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება გამონაკლისის გარეშე ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული,“ – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში. კარდინალისთვის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააკრიტიკა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არამხოლოდ მორწმუნეების, არამედ, ყველა იმ თემის შეურაცხყოფაა, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას აღიარებს.“ გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაგმო და განაცხადა, რომ იერუსალიმში რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია. ცნობისთვის, ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს მამა ფრანჩესკო იელპოს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის საშუალება ექნება. ნეთანიაჰუს თქმით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, ლათინ პატრიარქს წმინდა საფლავის ეკლესიაზე „სრული და დაუყოვნებელი წვდომა“ მიენიჭოს, რათა მან წირვა-ლოცვის ჩატარება სურვილისამებრ შეძლოს. ისრაელის პრემიერმა განმარტა, რომ კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას მისივე უსაფრთხოების გამო სთხოვეს, ეკლესიაში არ შესულიყო. ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა არაერთხელ დაბომბა იერუსალიმის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შტატებს შეუძლია, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანულ ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია შეადარა ვენესუელისას, როცა ამ ქვეყნის მმართველ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ 2026 წლის იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ამ ქვეყნის ნავთობის მრეწველობის გაკონტროლება გადაწყვიტა. „სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: „რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში. აშშ-ის ლიდერის თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება, ხარგის კუნძულის აღებას ნიშნავდეს. Financial Times-ი წერს, რომ ხარგზე თავდასხმა სარისკოა, რადგან ეს გაზრდიდა ამერიკელ სამხედროებში დანაკარგების შესაძლებლობას, ომს გააგრძელებდა და ხარჯებსაც გაზრდიდა. „შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ,“ - აღნიშნა ტრამპმა. კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად.“ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი „ემისარების“ მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა, არ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა. „დარჩენილია დაახლოებით 3000 სამიზნე - ჩვენ 13000 სამიზნე დავბომბეთ - და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნე დარჩა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება,“ - აღნიშნა ტრამპმა. გასულ კვირაში მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლეს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და ბევრი სხვა მაღალჩინოსანი და ის ხალხი, ვისთანაც დღეს საქმე აქვთ, ადამიანების სულ სხვა ჯგუფია და პროფესიონალები არიან. ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც „გაქრა" ან მკვდარია, ან მძიმე მდგომარეობაშია. ირანის ხელისუფლებამ მარტის პირველ ნახევარში დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრის ფაქტი, თუმცა თეირანის თანახმად, თავს კარგად გრძნობს. 29 მარტს ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის და თუ პრეზიდენტი ტრამპი ამ გეგმას დაამტკიცებს, ეს იქნება ომის ახალი ეტაპი და ამერიკული ჯარებისთვის გაცილებით სახიფათო, ვიდრე სამხედრო ოპერაციის პირველი ოთხი კვირა. ირანის ხელისუფლება განადგურებით დაემუქრა ამერიკელ სამხედროებს, თუ ისინი ირანის მიწაზე ფეხს დადგამენ. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება. სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ზრდა 1-ელი აპრილიდან, საშუალოდ, 4-6 თეთრით დაფიქსირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი - 25.267 გაიზარდა 5.055 თეთრით და გახდა 30.322. 10-6-3.3 კვ.მდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის მაგივრად, განისაზღვრა 34.632-ით. რაც შეეხება 380-220 კვ.მდე არსებულ ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება. სხდომაზე დადგინდა, მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სექტორისთვის იმოქმედებს 2026 წლის პირველი აპრილიდან, 2031 წლის პირველ იანვრამდე. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქის მსგავსად, 5 თეთრით იზრდება. რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება. დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში.“
ტრამპი: ბელორუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ლუკაშენკოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელორუსის ლიდერს მადლობას უხდის „კიდევ 250 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის.“ ტრამპი წერს, რომ მოუთმენლად ელოდება ლუკაშენკოსთან შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ მორიგ შეხვედრაზე. „გასულ კვირას ბელარუსში ჩემი ელჩის, ჯონ კოულის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ამით გასული წლის მაისიდან მოყოლებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს. მინდა, პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამის გაკეთებისთვის. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ყოფნას „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრაზე,“ – წერს დონალდ ტრამპი. ბელორუსის ხელისუფლებამ 2026 წლის მარტში დაახლოებით 250 პატიმარი გაათავისუფლა. 2025 წლის დეკემბერში კი, კიდევ 123 მსჯავრდებული, მათ შორის ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა გაათავისუფლეს.
IAEA-ს განცხადებით, ირანის მძიმე წყლის საწარმოო ატომური რეაქტორი აღარ მოქმედებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) კვირას განაცხადა, რომ მძიმედ დაზიანდა და აღარ მუშაობს ირანის მძიმე წყლის საწარმოო რეაქტორი ხონდაბში, რომელზეც, თეირანის ცნობით, 27 მარტს თავდასხმა განხორციელდა. „ობიექტზე დეკლარირებული ბირთვული მასალა არ ინახება,“ - აღნიშნა სააგენტომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ხონდაბის რეაქტორი, რომელიც არაქის ბირთვული კომპლექსის ნაწილია, 2025 წლის ივნისში დაიბომბა ისრაელის ავიაციის მიერ. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 18 მარტს ასევე დაადასტურა, რომ ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 350 მეტრში მდებარე ნაგებობას ჭურვი მოხვდა და განადგურდა. IAEA-ის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, რეაქტორი არ დაზიანებულა და პერსონალი არ დაშავებულა. IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დარღვევისთვის. დიდმა ბრიტანეთმა Apple-ის შვილობილი კომპანია დააჯარიმა
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტის შვილობილ კომპანიას, ირლანდიაში დაფუძნებულ Apple Distribution International Limited-ს, 390 000 ფუნტი სტერლინგის (516 000 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო. კერძოდ, 2022 წლის ივნის-ივლისში ADI-მ დაახლოებით 636 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა რუსულ სტრიმინგ-სერვისს Okko. 2022 წლის მაისამდე Okko-ს მფლობელი, რუსეთის სახელმწიფო ბანკი Сбербанк იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, დასავლეთის სახელმწიფოების მათ შორის, ბრიტანეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ Okko ახლად შექმნილ კომპანია Новые возможности-ს მიჰყიდა. თავად ამ კომპანიის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2022 წლის ივნისიდან დააწესა. ამერიკული კორპორაცია Apple რუსეთის მიერაც იყო დაჯარიმებული ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 2024 წელს კორპორაციამ რუსეთის ბიუჯეტს თორმეტ მილიონ დოლარზე მეტის ჯარიმა გადაუხადა.