ძებნის რეზულტატი:
ბაქო-თბილისი-ერზრუმით, გაზის ტრანსპორტირება თითქმის 8%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა მთავარი მილსადენებით, 7.45 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა, რაც 4.8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანგარიშგების პერიოდში, გაზის მთლიანი მოცულობის 49.4%-ის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენი. ამ მარშრუტით სულ 3.68 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.9%-იან ზრდას ასახავს. ხსენებული მილსადენი შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან მოპოვებულ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ატარებს.
ყაზახეთმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა
ყაზახეთმა ახალი კონსტიტუციის მიღებას 87.15%-ით დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. კომისიის ცნობით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 73.12% შეადგინა. ახალი კონსტიტუცია ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირებას ამარტივებს და ხელახლა ქმნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რომელიც 1996 წელს გაუქმდა. ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები. დედაქალაქ ასტანაში ხმის მიცემის შემდეგ, შეკითხვას, ხელს შეუწყობს თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლების მომავალ გადაცემას, პრეზიდენტმა თოყაევმა უპასუხა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2029 წელს, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ გაიმართება. „დღეს ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით. ყაზახეთის მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს რეფერენდუმში და მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას. მათ ხმა მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეგზიტპოლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთმა ისტორიული არჩევანი გააკეთა ახალი კონსტიტუციის სასარგებლოდ. ამრიგად, ჩვენმა ხალხმა, თავისი ხმის მიცემით, ისტორიის მომავალი და ყაზახეთის ბედი განსაზღვრა. როგორც ერთი ერი, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისკენ, სადაც კანონი, წესრიგი სუფევს და პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი მოქალაქეები ცხოვრობენ,“ - განაცხადა თოყაევმა. 15 მარტის სარეფერენდუმო კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: ეთანხმებით თუ არა ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის 2026 წლის 1 ივლისიდან, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი ყაზახეთში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ძირითადი კანონის მეშვიდე ცვლილება მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა.
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება. არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ „კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.“ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა იუწყება, რომ მსოფლიო პატრიარქთან ერთად თბილისში ჩამოდიან: ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი; დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე; არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა; კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი; მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ; მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი. „ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია,“ - განაცხადა დეკანოზმა თათარაშვილმა 19 მარტს. მოწვეულთა შორისაა ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მეთაური. თუმცა მისთვის სომხეთის ხელისუფლებას, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ, ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ასევე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ვატიკანის საელჩოს ინფორმაციის მიხედვით, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
თებერვალში საქართველომ ნავთობპროდუქტები ტოგოში ექსპორტზე გაიტანა
ნავთობპროდუქტების ყიდვით ტოგო საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების ათეულში, ადგილობრივი ექსპორტის კუთხით კი, სამეულშია. ექსპორტის მაჩვენებლით ტოგო უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა, აშშ, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, შვეიცარია, უკრაინა და ა.შ. ადგილობრივი ექსპორტის კუთხით კი მეზობელი სომხეთსაც კი უსწრებს. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ტოგოს რესპუბლიკა 1960 წლიდან დამოუკიდებელია. ქვეყნის ფართობი 56 785 კვ კმ-ია. მისი მეზობელი ქვეყნებია: ბენინი, განა და ბურკინა-ფასო.ტოგოში ნავთობის ექსპორტი ხდება ტოგოში ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა. საქსტატის მონაცემებით, ამით ეს ქვეყანა საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის (ადგილობრივი ექსპორტის) მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა: ჩინეთი - $79,7 მლნ; რუსეთი - $50,1 მლნ; თურქეთი - $26,8 მლნ; ტოგო - $19 მლნ. უშუალოდ ნავთობპროდუქტების ექსპორტის მიმართულებით ტოგო საქართველოსთვის მთავრი პარტნიორია: ტოგო - $19 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები - $11,9 მლნ; მალტა - $352 ათასი; უზბეკეთი - $285 ათასი. საქართველოდან ჯამში $31,9 მლნ-ს ღირებულების ნავთობის ექსპორტი მოხდა, რას გასული წლის იმავე მაჩვენებელს 14,6-ჯერ მეტია. ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს წარმოებული ნავთობის ექსპორტს. საქართველო ნავთობს თითქმის არ მოიპოვებს. საქსტატის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში ნედლი ნავთობო მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა, ჯამში 34 მილიონი დოლარის ღირებულების. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 93.2 მლნ დოლარის ღირებულების 219 086 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ კონკრეტული პროდუქტის მთლიან ექსპორტში, ადგილობრივად წარმოებული ნავთობპროდუქტების გადაზიდვებს 94.4% უკავია. კერძოდ, წელს, საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2 175%-ით 88 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად, ამ პროდუქტმა ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი საქონლის რეიტინგში, თურქეთის შემდეგ 13.3%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა.
ტრამპი: თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა. „ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. „სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა ეს ან სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და გაუმართლებლად და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის ნაწილს. ისრაელი აღარ განახორციელებს თავდასხმას ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ პარსის საბადოზე, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს თავდასხმას ძალიან უდანაშაულო, ამ შემთხვევაში, კატარზე - ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის დახმარებით და თანხმობით, ან მის გარეშე, მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს ისეთი ძალითა და სიმძლავრით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს. არ მინდა ამ დონის ძალადობისა და ნგრევის ავტორიზაცია ირანის მომავალზე გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას,“ - აცხადებს ტრამპი. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დარტყმები საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უწყება ხაზს უსვამს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ „ირანის სასტიკმა აგრესიამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და რომ აუცილებელია რეგიონში სიტუაციის დეესკალაცია „რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად.“ "საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს კატარის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას მოძმე ერების მიმართ და მხარდაჭერას ყველა იმ ზომის მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად," - აღნიშნულია განცხადებაში. მანადმე, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, თანამშრომლებთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვა.
„აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომში სხვადასხვა მიზანი აქვთ“ - აშშ-ის დაზვერვის უფროსი
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომში სხვადასხვა მიზანი აქვთ. „პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნები განსხვავდება ისრაელის მთავრობის მიერ დასახული მიზნებისგან. ოპერაციებიდან ჩანს, რომ ისრაელის მთავრობა ირანის ხელმძღვანელობის განადგურებაზეა ორიენტირებული. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მიზნებია ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების, ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობებისა და საზღვაო ძალების განადგურება,“ – აღნიშნა გაბარდმა.
„არჩევნებში თუ ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებენ, სომხეთი ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“ - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოელის, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ძალა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში საკმარის ხმებს დააგროვებს კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად. ფაშინიანის თქმით, თუკი სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ჩვენ ველით, რომ ამ არჩევნების შედეგად კონსტიტუციურ უმრავლესობას მივაღწევთ, რადგან ეს იძლევა გარანტიას, რომ განსაკუთრებით, რეგიონული მშვიდობის კონტექსტში, პროცესებს სრულიად შეუქცევადს გავხდით,“ - განაცხადა ფაშინიანმა კონკრეტული ჯგუფებისა თუ პოლიტიკოსების დასახელების გარეშე. ფაშინიანმა ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აზერბაიჯანთან ახალი ომის მომზადებაში დაადანაშაულა. „ეს პარტიები და ეს წრეები, პირველ რიგში, აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობის წინააღმდეგი არ არიან და მეორეც, ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდობის გადახედვას დაიწყებენ. მინდა ძალიან პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იქნება ომი არამხოლოდ ტერიტორიის, არამედ, სომხეთის სუვერენიტეტის დაკარგვით. ფაშინიანის თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ ფიგურას, რომლებიც აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, „ალბათ, არც კი ესმის, რას ამბობენ“, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მათ განცხადებებზე გარე ძალებს აქვთ ზეგავლენა. „ყველა ეს ძალა ემხრობა მშვიდობის გადახედვას, რაც არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, ყველაზე გვიან შემოდგომაზე, გარდაუვალ ომს ნიშნავს... ისინი ამზადებენ ახალ სექტემბრის ომს, მძიმე შედეგებით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „ყარაბაღისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა. ახლა იგივე ძალები იმავეს გაკეთებას სომხეთის რესპუბლიკასთან საპარლამენტო არჩევნების შედეგად ცდილობენ. მათ განზრახვებში არანაირი განსხვავება არ არის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის
ერდოღანმა ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სასულიერო ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ
ევროკავშირმა ისლანდიასთან თავდაცვის შეთანხმებას მოაწერა ხელი
ევროკავშირმა ისლანდიასთან თავდაცვის პაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმების მიზანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით არქტიკაში, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად ზღვის ყინულის დნობის გამო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ ინტერესს იწვევს. „ამჟამინდელ არასტაბილურ უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირისა და ისლანდიისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იმპულსს სძენს მათ ისედაც ღრმა ურთიერთობებს,“ - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა. ეს არის ბოლო შეთანხმება იმ შეთანხმებების სერიიდან, რომლებიც ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ დადო კანადასთან, ბრიტანეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. ისლანდიის მთავრობა ამ თვეში წინადადებით გამოვიდა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი 29 აგვისტოს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 2015 წელს შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მცდელობამ მეზობელ ისლანდიაში შეშფოთება გამოიწვია. მის თავდაცვას ამჟამად აშშ და ნატო უზრუნველყოფენ, რადგან მას საკუთარი სამხედრო ძალები არ ჰყავს. კუნძულ სახელმწიფოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრს, რომელიც უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ზონაა და რომელიც მოიცავს ასევე, შვეიცარიასა და ნორვეგიას.
მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას, მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესობის პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება“, - აღნიშნა ეპიფანემ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთელ უკრაინულ მრევლს, ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულისთვის ილოცონ. 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.
რომის პაპი: ილია II გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
რომის პაპი ლეონ XIV მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს უსამძიმრებს. ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო წერს. „დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა. უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს. და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ, გარდაიქმნება. ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი," - ნათქვამია ლეონ XIV -ს სამძიმრის წერილში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ბელორუსმა 250 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ სანქციების შემსუბუქებას დათანხმდა
ვილნიუსში აშშ-ის საელჩოს ცნობით, 19 მარტს, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბელორუსის მთავრობამ 250 პატიმარი გაათავისუფლა. Reuters-ის ცნობით, 15 ადამიანი ლიეტუვაში გადაიყვანეს. ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პატიმარი გაათავისუფლა. გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი დათანხმდა ბელორუსის ფინანსური სექტორისთვის, მათ შორის, „ბელინვესტბანკისთვის“, სანქციების შემსუბუქებას და მოხსნა აშშ-ის ყველა დარჩენილი სანქცია კომპანიების, „ბელარუსკალის“, „ბელორუსული კალიუმის კომპანიისა“ და „აგროროზკვიტის“ მიმართ. პატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ბელარუსში ვიზიტისა და ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
მარტა კოსი სომხეთში: ევროპა სომხეთს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში დაეხმარება, რათა არჩევნებზე მოქალაქეებმა თავისუფლად მისცენ ხმა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კოსის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის მდიდარი დღის წესრიგის განსახილველად, რომელიც თანმიმდევრულად განაგრძობს გაფართოებას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სურს, მოისმინოს კოსის შთაბეჭდილებები ორმხრივი პროცესების შესახებ და განიხილოს ყველა ორმხრივად საინტერესო საკითხი. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა სომხეთის მთავრობის ერთგულება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართ. თავის მხრივ, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და გამოვლენილ პოლიტიკურ ნებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგის, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით. შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მიმდინარეობა, ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამების გაფართოების შესაძლებლობები, ასევე, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ განვითარებასა და მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მარტა კოსმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას სომხეთის მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. მხარეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს უწყვეტი მაღალი დონის დიალოგი და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევის თანმიმდევრულობა. სომხური მედიის ცნობით, კოსმა განაცხადა, რომ ივნისში სომეხი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ევროპა ყოველდღიურად ხედავს მავნე გავლენის მქონე მოთამაშეებს, რომლებიც კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვა ფორმების მეშვეობით, სომხეთში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრას ცდილობენ. ევროკომისარმა სომხეთს დახმარება აღუთქვა. „ევროპა სომხეთს ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში დაეხმარება, რათა მოქალაქეებმა არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად შეძლონ ხმის მიცემა და საკუთარი ქვეყნის მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა,“ - განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა. ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის
ერაყში NATO-ს მისიამ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალი ევროპაში გადაიყვანა
NATO-ს მისიამ ერაყი დატოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამხედრო ალიანსმა პარასკევს, 20 მარტს განაცხადა მას შემდეგ, რაც ირანის ომის შედეგები ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიამ „მთელი თავისი პერსონალი“ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადაიყვანა. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, განაცხადა, რომ ეს რიცხვი „რამდენიმე ასეულ“ ჯარისკაცს შეადგენს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ერაყის რესპუბლიკას და ყველა მოკავშირეს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს NATO-ს პერსონალის ერაყიდან უსაფრთხოდ გადაყვანას,“ - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა, ესპანეთმა და ხორვატიამ გამოაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები გაიყვანეს, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში კონფლიქტის ფონზე. NATO-ს განცხადებით, მისია იტალიის ქალაქ ნეაპოლში მდებარე სამხედრო შტაბ-ბინიდან გაგრძელდება. ალიანსის ცნობით, მისია ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის კონსულტაციის გაწევასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაში დახმარებაზეა ორიენტირებული.
აშშ-მ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები დროებით მოხსნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისგან 30 დღით გაათავისუფლა ირანული ნავთობი. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს. 2026 წლის 19 აპრილამდე სანქციები აღარ ვრცელდება იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზე 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია. ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი იაფად ყიდულობს ირანულ ნავთობს, რომელზეც სანქციები ვრცელდება, მათი დროებით მოხსნის შედეგად კი, აშშ მსოფლიო ბაზარს სწრაფად მიაწვდის დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს და ხელს შეუწყობს შემცირებას მიწოდებაზე დროებითი ზეწოლის, რომელიც ირანის ქმედებებითაა გამოწვეული. ბესენტის თქმით, აშშ ირანულ ნავთობს თავად თეირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ფასები შეამციროს სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ირანული ნავთობისთვის სანქციების დროებით მოხსნის შემდეგაც თეირანს გაუჭირდება შემოსავლების მიღება, რადგან აშშ განაგრძობს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა ირანს არ ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, ირანი უტევს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებს და ბლოკავს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და ნავთობის გაძვირება გამოიწვია. 12 მარტს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით, 11 აპრილამდე მოუხსნა რუსულ ნავთობსაც. კერძოდ, შეზღუდვისგან გათავისუფლდა უკვე ტანკერებზე ჩატვირთული და ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი. ბესენტმა ამის მიზეზად დაასახელა ირანის ქმედებებით გამოწვეული ვითარება და განაცხადა, რომ მიწოდების გლობალური მოცვის გასაზრდელად ფინანსთა სამინისტრო ქვეყნებს დროებით აძლევს უფლებას, შეიძინონ რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაშია.
ლუკაშენკოს თქმით, აშშ ბელორუსს "დიდ გარიგებას" სთავაზობს
ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ მას „დიდი გარიგება“ შესთავაზა, რომელიც დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს. ლუკაშენკოს თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ფლორიდაში, კურორტ მარ-ა-ლაგოში შეხვედრაზე მიიწვია. „მოლაპარაკებების დროს ამერიკელებმა, ტრამპის სახელით, შემოგვთავაზეს დიდი გარიგების დადება, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ რიგ საკითხებს მოიცავს,“ - განაცხადა მან ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლუკაშენკოს თქმით, „დიდი გარიგება“ მოიცავს „არამხოლოდ პატიმრებს, არამედ, საელჩოების ფუნქციონირებას, გამოყენებული ბირთვული მასალების შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს, საბაჟო საკითხებს და სხვა. ხუთშაბათს, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელორუსში ჯონ კოული ლუკაშენკოს შეხვდა მინსკში. ბელორუსმა 250 პატიმარი გაათავისუფლა, აშშ სანქციების შემსუბუქებას დათანხმდა
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში. პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კობახიძის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, „რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.“ „ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში. მსურს, პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჰორმუზის სრუტის გამო, ბრიტანეთმა აშშ-ს ბაზები დაუთმო
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დარტყმას შეძლებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის. დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, გამოიყენოს სამხედრო ბაზები „თავდაცვითი ზომებისთვის“ „მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს „უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა.“ ტრამპი: ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ - რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის
FBI: Signal-ზე რუსი ჰაკერების სამიზნე ამერიკელები გახდნენ
FBI-მ დ აშშ-ის კიბერთავდაცვის სააგენტო CISA-მ განაცხადეს, რომ აპლიკაცია Signal-ზე, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე ამერიკელები გახდნენ. FBI და CISA ერთობლივ განცხადებაში, დეტალების გასაჯაროების გარეშე აღნიშნავენ, რომ ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს ათასობით ასეთ ანგარიშში. „აქტივობა მიმართულია მაღალი სადაზვერვო ღირებულების მქონე პირებისკენ, მათ შორის არიან აშშ-ის მთავრობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები,“ - ნათქვამია განცხადებაში. ნიდერლანდების დაზვერვის წარმომადგენლები ამ თვის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა დაიწყეს გლობალური კიბერკამპანია, რათა მოეპოვებინათ წვდომა Signal-ისა და WhatsApp-ის ანგარიშებზე, რომლებსაც იყენებენ ოფიციალური პირები და სხვა დაზვერვის სამიზნე ჯგუფები. ამ გაფრთხილების საპასუხოდ, Signal-მა განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმები „განხორციელდა დახვეწილი ფიშინგის კამპანიების მეშვეობით.“