ძებნის რეზულტატი:
WP: რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად
The Washington Post-ი ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ორბანზე ჯერ არ ყოფილა არანაირი ფიზიკური თავდასხმები, მაგრამ მსგავსი იდეა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია მოსკოვის ფსონი უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში. გამოცემის ცნობით, მკვლელობის მცდელობის იდეა გაჩნდა იმის გამო, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შეშფოთებული იყვნენ როგორც ორბანის, ასევე, მისი პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნით არჩევნების წინ. „აპრილში უნგრეთში საკვანძო არჩევნებამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ქვედანაყოფმა გასულ თვეს განგაში ატეხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო, რომლის მეგობრული კავშირები მოსკოვთან დიდი ხანია აძლევენ კრემლს სტრატეგიულ საყრდენს NATO-სა და ევროკავშირში… რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შიდა ანგარიშში, რომელიც ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მიიღო და დაადასტურა, და რომელიც გაზეთმა The Washington Post-მა ნახა, [რუსმა] აგენტებმა შესთავაზეს გზა, რომ “ფუნდამენტურად შეიცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“ – „ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ორგანიზება,” - წერს ამერიკული გამოცემა. 2024 წელს უნგრეთის მეზობელ სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა თავდასხმა არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული და არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკოსის მოწონების რეიტინგზე. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას. ტრამპმა ორბანს უნგრეთის პრემიერად ხელახლა არჩევისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილშია ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას,“ – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.
საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება. სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ: ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I; სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმინდესი დანიელი; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი - უნეტარესი იოანე; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი - უნეტარესი როსტისლავი; ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც. სამების ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და ის სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, დღეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
მსოფლიო პატრიარქი: შესაძლოა, ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, როგორც სულმნათმა პატრიარქმა
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, - ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა. „როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი, ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ,“ - განაცხადა ბართლომეოს I-მა.
მეუფე შიო: შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა
დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ილია მეორის გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, პატრიარქისთვის სიონის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. „აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც შემდგომ ხორცი შეასხა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და მისი ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა“, - წარმოთქვა მეუფე შიომ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე მეუფე შიომ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.
კატარიდან გაზის მიწოდების შეჩერების ფონზე, იტალია ალტერნატივას ეძებს
კატარიდან გაზის მიწოდების შეჩერების ფონზე, იტალია მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, აზერბაიჯანთან და ალჟირთან აწარმოებს. ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა მილანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის ქარხნის დაბომბვამ დამანგრეველი გავლენა იქონია ფასებზე,“ - აღნიშნა მინისტრმა. ამჟამად იტალია აზერბაიჯანიდან გაზის უმსხვილესი მყიდველია. „ირანის თავდასხმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის სიმძლავრის 17% გაანადგურა, რამაც სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლის დანაკარგი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ევროპისა და აზიის მიწოდებას,“ - განუცხადა Reuters-ს „QatarEnergy“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. კატარმა ამ თვის დასაწყისში, გაზის ექსპორტზე ფორსმაჟორული მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. ევროპას ბუნებრივი აირი ტრანსადრიატიკული მილსადენით (TAP) მიეწოდება. ის წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ სეგმენტს, რომელიც კასპიის საბადოებს ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს და უზრუნველყოფს კონტინენტის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას. TAP-ის წლიური სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობით. 2026 წლის პირველი იანვრიდან, TAP-მა ახალი გაზის ტრანსპორტირების შეთანხმების (GTA) ფარგლებში დამატებითი გრძელვადიანი სიმძლავრე უზრუნველყო. 2025 წელს, აზერბაიჯანმა იტალიას 9.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ს შეადგენს. გასულ წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, მათ შორის, 14.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოებიდან, 27.9 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზიდან, 1.6 მილიარდი კუბური მეტრი აბშერონის საბადოდან და 7.9 მილიარდი კუბური მეტრი SOCAR-ის მიერ. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, კერძოდ: 12.8 მილიარდი კუბური მეტრი - ევროპაში, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში (მათ შორის, 5.6 მილიარდი კუბური მეტრი - TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი - საქართველოში და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი - სირიაში.
ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა აშშ-ს მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა ენერგეტიკის სფეროში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა, რაც ენერგეტიკის სფეროს მოიცავს. ტრამპმა თეირანის ნაბიჯი დადებით მოვლენად შეაფასა, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. აშშ-ის ლიდერმა მიანიშნა, რომ ირანის „საჩუქარი“ ჰორმუზის სრუტეს უკავშირდებოდა - ნავთობის სატრანზიტო გზას, რომლის გახსნასაც აშშ ცდილობს. "მათ საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს ჩამოვიდა, ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც უზარმაზარი თანხა ღირს," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში. მანვე აღნნიშნა, რომ ეს „არ უკავშირდება ბირთვულ [საკითხს], ეს უკავშირდება ნავთობსა და გაზს, და მათ [ირანმა] ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს.“ ტრამპის თქმით, აშშ ირანში "საჭირო ხალხს" ელაპარაკება კონფლიქტის დასრულებისთვის და ირანელებს ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა. „ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“ - განაცხადა ტრამპმა. უფრო ადრე, ისრაელის გამოცემა Ynet-ი წერდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს.
უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა - Reuters
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებმა, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საექსპორტო ტერმინალებს, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვები 25 მარტს, უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის შემდეგ შეაჩერეს. 23 მარტს, უკრაინა ფინეთის საზღვართან მდებარე პორტს დრონებით დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად, კვამლი ფინეთიდან ჩანდა. სააგენტო Reuters-ი, საბაზრო მონაცემების გამოთვლის საფუძველზე ასევე წერს, რომ ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის შეჩერების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების სულ მცირე 40 პროცენტი. ეს დღე-ღამეში დაახლოებით ორი მილიონი ბარელის ეკვივალენტია. სააგენტოს ცნობით, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ნავთობის მიწოდებაში უდიდესი შეფერხება. რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, და შეფერხება მოსკოვს შეეხო მაშინ, როცა ირანში ომის გამო ნავთობის ფასმა გადააჭარბა ბარელზე 100 ამერიკულ დოლარს. ნავთობის წარმოება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ, 2,6 ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ეკონომიკისთვის. Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიმდინარე თვეში გააძლიერა დრონებით მიტანილი იერიშები რუსეთის ნავთობისა და საწვავის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და დარტყმები განახორციელა დასავლეთში ექსპორტისთვის სამივე მნიშვნელოვან პორტზე - ნოვოროსიისკზე შავ ზღვაში და პრიმორსკზე და უსტ-ლუგაზე ბალტიის ზღვაში. სააგენტოს გამოთვლებით, ბოლო დარტყმის შემდეგ, 25 მარტიდან ვერ ხორციელდება რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების 40-მდე პროცენტი - რაც დღეში 2 მილიონ ბარელს ნიშნავს. ეს მოიცავს პრიმორსკსა და უსტ-ლუგას, ასევე მილსადენ "დრუჟბას", რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთზე გადის. კიევის სამიზნეებს შორისაა ასევე მილსადენის ნავთობის საქაჩი სადგურები და გადამამუშავებელი საწარმოები. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანია შემცირდეს მოსკოვის მიერ ნავთობიდან და გაზიდან მიღებული მოგება. უკრაინის განცხადებით, მილსადენ "დრუჟბის" ნაწილი იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა - თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი კიევისგან ითხოვენ მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას. ამ ფონზე მოსკოვს უწევს დაეყრდნოს აზიის ბაზრებზე ექსპორტს. ის შეუფერხებლად განაგრძობს მილსადენებით მიწოდებას ჩინეთისთვის.
Bloomberg: რუსეთს ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი ორჯერ გაეზარდა
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდ მოგებას იღებს ნავთობის ექსპორტიდან და ნავთობის ექსპორტის გაზრდით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან სარგებელს იღებს ფასების ზრდისა და სანქციების შემსუბუქების ფონზე. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან საშუალო დღიური შემოსავალი გაორმაგდა, იანვარში, დღეში 135 მილიონი დოლარიდან 270 მილიონ დოლარს მიაღწია. Bloomberg-ის თანახმად, ეს ზრდა მიეწერება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს და ჰორმუზის სრუტის დახურვას, ასევე სანქციების შემსუბუქებას. 13 მარტს შეერთებულმა შტატებმა 12 მარტამდე გემებზე დატვირთული რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასა და გაყიდვის უფლება გასცა. 16-დან 22 მარტამდე ნავთობის საშუალო დღიურმა გადაზიდვებმა დღეში ოთხ მილიონ ბარელს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 100 ათასი ბარელით მეტია წინა სამ-ნახევარი თვის პერიოდთან შედარებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზრდა განპირობებულია იმით, რომ ტანკერებმა, რომლებიც ნოვოროსიისკში იტვირთება, უფრო მსხვილი ტვირთების გადატანა დაიწყეს. Bloomberg-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთისგან შეისყიდეს დაახლოებით 60 მილიონი ბარელი ნავთობი, რომლის მიწოდება აპრილში განხორციელდება. მყიდველებს შორის არიან Mangalore Refinery & Petrochemicals და Hindustan Mittal Energy, რომლებიც სანქციების საფრთხის გამო დეკემბრიდან მოყოლებული თავს არიდებდნენ პირდაპირ იმპორტს. წყაროების თანახმად, ნავთობი იყიდებოდა ბარელზე 5-დან 15 დოლარამდე ფასდაკლებით. მოცულობა მიმდინარე თვის მოცულობას შეესაბამება, მაგრამ თებერვლის მოცულობაზე ორჯერ მეტია. ინდოეთი ვარაუდობს, რომ აშშ-ის ნებართვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების შეფერხებები გაგრძელდება. ამასობაში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აგრძელებენ დივერსიფიკაციას, მათ შორის ვენესუელიდან შესყიდვების ზრდას. S&P Global Commodities at Sea-ს ანალიტიკოსების თქმით, რუსული ნავთობის გადაზიდვები ინდოეთში მარტში 27%-ით გაიზარდა და დღეში 1,4 მილიონ ბარელს მიაღწია. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ადრე განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება მოსკოვის ნავთობის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად და არა მათ გაზრდას, როგორც ამ ზომების მოწინააღმდეგეები აცხადებენ. მისი თქმით, რუსეთი დამატებით შემოსავალს მიიღებს, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიარდი დოლარისა, რაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა ხაზგასმით, „რუსეთის ბიუჯეტის ერთი დღის ეკვივალენტურია.“
ევროკავშირი „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ დამფუძნებელი წევრი გახდება
ევროკომისიამ მიიღო წინადადება, რომელიც ევროკავშირისთვის „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ დამფუძნებელი წევრის სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, როგორც კი წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ ხსენებულ წინადადებას, ევროკომისია შეძლებს, გამოაცხადოს ევროკავშირის განზრახვა, შეუერთდეს ტრიბუნალს, როგორც დამფუძნებელი წევრი. ამის შემდეგ ევროკავშირი ცენტრალურ როლს შეასრულებს ტრიბუნალის საქმიანობაში, მათ შორის, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც სპეციალურ ტრიბუნალს უხელმძღვანელებს. ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი სამართლებრივი ტექსტების შემუშავებაში, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ 2025 წლის 9 მაისს პოლიტიკურად დაამტკიცა. „კომისია ასევე მხარს უჭერს აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აღებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით და 10 მილიონი ევროს შენატანის გაღებას სპეციალური ტრიბუნალის წინასწარი მომზადების ჯგუფისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. „სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ. ის იქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 25 ივნისს უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ხელი მოეწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას,“ - წერს ევროკომისია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. „აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. სამართლიანობის აღდგენა, ასევე, შემაკავებელი ფაქტორია პოტენციური აგრესორებისთვის. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ისტორიულად დიდი ზეწოლის ქვეშაა, სწორი რეაგირება მეტი პასუხისმგებლობაა და არა ნაკლები. სამართლებრივი პროცესის დაწყება - როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ვაკეთებთ - დროს, ძალისხმევას და მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს, მაგრამ ღირს,“ - განაცხადა კალასმა.
უნგრეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ორბანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას თანდათან შეწყვეტენ და გაზის ამ მოცულობას თავად უნგრეთის საცავებში შეინახავენ. „ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. ვიქტორ ორბანის თქმით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.“ უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 1-1,5 თვეში აღდგეს. 17 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადეს, რომ დაზიანებული მილსადენის აღსადგენად უკრაინას შესთავაზეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც კიევი დასთანხმდა.
ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება. ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
აშშ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეულ რაოდენობას გზავნის
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეული რაოდენობას გაგზავნის. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა. პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთისკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გენერალური შტაბის ელემენტები, გარკვეული “დამხმარე ძალები” და პირველი ბრიგადის საბრძოლო რაზმი მიემართებიან. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სხვა დეტალები არ გაასაჯაროვა.
ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეიჭრნენ
რუსეთის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესული დრონი ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა. კერძოდ, ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შევიდა და ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ 25 მარტს, ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი კრასლავის რაიონში აფეთქდა. მისი ნამსხვრევები ნაპოვნია და მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. ადგილზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები. დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა შეწყვიტა უკრაინაში ვიზიტი და ლატვიაში დაბრუნება გადაწყვიტა. 25 მარტს რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეშიც და ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა. 23 მარტს უპილოტო საფრენი აპარატი ბელორუსის მხრიდან აღმოჩნდა ბალტიის კიდევ ერთი ქვეყნის, ლიეტუვის ტერიტორიაზე. დრონი ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთისკენ მიმავალი, მაგრამ კურსს აცდენილი უკრაინული დრონი. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო აპარატი რადარებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან საკმაოდ დაბლა მიფრინავდა. 23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტს დაარტყეს, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს. რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფალთა ცნობით, 25 მარტს დრონებით შეტევა იყო ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსეთმა ბალტიის ზღვის პორტებში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა - Reuters
პენტაგონი წარმოების დაჩქარებას და თავდაცვითი-სამრეწველო ბაზის „საომარ რეჟიმში“ გადაყვანას გეგმავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოების დაჩქარებას და “საომარ რეჟიმში” გადაყვანას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა და კომპანიამ Lockheed Martin-მა ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, რომლის მიზანია, დააჩქაროს მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოება. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტის მიზნის ნაწილია - “სწრაფად ვიმოქმედოთ, თავდაცვით-სამრეწველო ბაზა საომარ რეჟიმში გადავიყვანოთ და თავისუფლების არსენალი ავაწყოთ.” შეთანხმების თანახმად, Lockheed Martin მიზნობრივ ინვესტიციებს განახორციელებს მოწინავე ინსტრუმენტებში, ობიექტების მოდერნიზაციასა და კრიტიკული ტესტირების აღჭურვილობაში, რათა შეამციროს წარმოების ვადები. განცხადების თანახმად, სამრეწველო ბაზის ამ კრიტიკულ ელემენტებზე ფოკუსირებით, თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ ღრმა დარტყმების შესაძლებლობებმა მეომრამდე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიაღწიოს, ვიდრე მანამდე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონელი ჯარისკაცები ფილიპინებზე ჩავლენ
იაპონია ფილიპინებზე, წვრთნებში მონაწილეობისთვის საბრძოლო ჯარებს გაგზავნის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ასეთი განლაგება იქნება. ჯარისკაცები შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის ძალებს ერთობლივ თავდაცვით წვრთნებში შეუერთდებიან. ფილიპინების არმიის პრესსპიკერ ლუი დემა-ალას თქმით, აპრილში დაგეგმილ წვრთნებში იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების დაახლოებით 300 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
რა წერია NATO-ს გენმდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, მოკავშირეებმა NATO-ს მიერ საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს.“ „შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის, „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობა ხელახლა განისაზღვრა,“ - ნათქვამია მარკ რუტეს ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რასაც მაისში ჩატარებული NATO-საქართველოს წვრთნები ადასტურებს. „თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს,“ - წერია რუტეს ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში NATO-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდა, რათა თავდაცვის შესაძლებლობები და ალიანსთან თავსებადობა გაიზარდოს. ანგარიშში ასევე საუბარია კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე, რომელიც თავდაპირველად, 2007 წელს შეიქმნა. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში გრძელდებოდა პარტნიორებისთვის სტრატეგიული რჩევების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების მიწოდება - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებისთვის, კარგი მმართველობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის, თავდაცვის რესურსების მართვის გაძლიერებისა და კორუფციის პრევენციის მიზნით. „2025 წელს პროგრამამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, რომელიც ფოკუსირებული იყო NATO-უკრაინის ურთიერთქმედებასა და თავდაცვის შესყიდვებზე. აქტიური მხარდაჭერა ასევე გაეწია სომხეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოლუმბიას, საქართველოს, ერაყს, იორდანიას, მოლდოვის რესპუბლიკასა და ტუნისს.“
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას. ზელენსკის თქმით, აშშ-მა პირობა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვისაა საჭირო, იმაზეა დამოკიდებული, გადასცემს თუ არა უკრაინა რუსეთს ქვეყნის მთლიან აღმოსავლეთ რეგიონს - დონბასს (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს). მანვე აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც აშშ კონცენტრირებულია ირანთან საკუთარ კონფლიქტზე, პრეზიდენტი ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა სწრაფად დაასრულოს ომი. “ახლო აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს პრეზიდენტ ტრამპზე და მის შემდგომ ნაბიჯებზე. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულებით, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ უკრაინულ მხარეზე ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიას ირჩევს… ამერიკელები მზად არიან, საბოლოოდ შეათანხმონ ეს გარანტიები მაღალ დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება, ჯარები გაიყვანოს დონბასიდან,” - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც უკრაინის, ასევე, ევროპის უსაფრთხოებას, ვინაიდან ამის შედეგი იქნება რუსეთისთვის რეგიონში მყარი თავდაცვითი პოზიციების გადაცემა.
აბუ დაბიში სარაკეტო იერიშისას ორი ადამიანი დაიღუპა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეწირა და სამი დაშავდა. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი შეტევ 28 თებერვალსა დაიწყეს, რასაც თეირანმა ისრაელზე, იორდანიაზე, ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე საპასუხო იერიშებით უპასუხა.
სამინისტროს ცნობით, ქართულმხა მხარემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობა გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. შესაბამის ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინნისტროს ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაო, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. უწყების ინფორმაციით, თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში. „მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაო. საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა