ძებნის რეზულტატი:

ორბანის თქმით, უნგრეთი დაინტერესებულია არა უკრაინის დასუსტებით, არამედ, მისი გაძლიერებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დაინტერესებულია არა უკრაინის დასუსტებით, არამედ, მისი გაძლიერებით.  „რუსეთსა და უნგრეთს შორის ყოველთვის უნდა იყოს რაღაც - შეიძლება, უკრაინაც კი ეწოდოს. ჩვენ სამყაროს არა უკრაინელების, არამედ უნგრელების პერსპექტივიდან ვუყურებთ და უნგრელების უსაფრთხოება უფრო დიდი წარმატებით იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ რუსეთის მეზობლები არ ვიქნებით,“ - განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ „უკრაინას ყოველთვის შეუძლია, უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.“ „ერთადერთი კითხვაა, როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის ადგილი ამ ევროპაში? ჩვენ არ გვინდა მათი ევროკავშირში შეშვება; ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე წევრები არიან. მოთხოვნებს აყენებენ, იმუქრებიან და შანტაჟს ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ წევრებიც კი არ არიან. არ გვინდა ასეთი ადამიანების ან ასეთი ქვეყნის ნახვა კავშირში, მაგრამ ვეცდებით ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული შეთანხმების დადებას, რომელიც უკრაინის მომავალს ისე გადაწყვეტს, რომ ეს სასარგებლო იყოს როგორც ევროპისთვის, ასევე, ჩვენთვის, უნგრელებისთვის,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. უკრაინული მედია წერს, რომ ორბანი დიდი ხანია მიიჩნევს, რომ საუკეთესო ვარიანტია, უკრაინა რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის „ბუფერულ ზონად“ დარჩეს. მისი მტკიცებით, უკრაინის ბუფერული სტატუსი ომის შემდგომ პერიოდში მშვიდობას უზრუნველყოფს.  

ო’სალივანის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა, - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. „ძვირფასო მინისტრო ბოჭორიშვილო, მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. დღემდე, ევროკავშირმა სიაში შეიყვანა 605 გემი, კერძოდ, ტანკერები, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელ და შეცდომაში შემყვან გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში 40-მდე გემის დამატებით. გემები სანქცირდება საბჭოს (EU) 833/2014 რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს ტანკერები მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკაში იყვნენ ჩართულნი. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლისთვისაც ევროკავშირს შეუძლია გემების მიზანში ამოღება. სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ახორციელებენ“, - აღნიშნულია წერილში. დევიდ ო’სალივანი განმარტავს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების დასანქცირებით; ის მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე. „ევროკავშირი მუშაობს რუსული ენერგეტიკაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაზე და რუსეთისგან ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობების გაძლიერებაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ჩვენი სანქციების ეფექტურობას მათი გვერდის ავლის გზით. ამ მხრივ, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საქართველოში მდებარე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებებს, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსული ნედლი ნავთობისა და ასეთი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული პროდუქტების ფასების ლიმიტისა და ევროკავშირის მიერ იმპორტის აკრძალვების დაცვით. ეს ვალდებულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ სიტუაციის განხილვის პროცესში და საბოლოოდ განაპირობა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში არ შეყვანა“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით. „აღვნიშნე, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს უარი უთხარით საქართველოს პორტში შესვლაზე. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ კუთხით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი სენსიტიური საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები მესამე ქვეყნებში არსებული იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქციების სიაში შესატანად, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს იყენებენ. „ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები, რათა ჩამონათვალში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდების სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR), ან უფრო ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებს ჩვენი სანქციების მოქმედებას ან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ შეიძლება, ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისროთ. თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიც ყურადღებით გაკონტროლდება და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს სანქციებს ძირი არ გამოეთხაროს. გთავაზობთ, რომ რუსეთის სანქციებთან მომუშავე ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა ვიდეოკონფერენცია მოაწყონ ზემოთ ხსენებულ ყველა საკითხზე ინფორმაციის გასაზიარებლად. მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის და მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - აღნიშნულია წერილში.  

ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთ ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა

ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა. „მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება ნაკრების სხვა წევრებისთვისაც ძალაშია, სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობას ყველა მათგანი არ გამოიყენებს,“ - განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთი ფეხბურთელისთვის ჰუმანიტარული ვიზების მინიჭების შემდეგ განაცხადა, რომ „ისინი ავსტრალიაში უსაფრთხოდ არიან.“ მისი თქმით, ავსტრალია მზად არის, ირანის ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც დაეხმაროს, თუმცა გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიიღონ. ცნობისთვის, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს, რომელმაც სათავე მაშინ აიღო, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს, ხოლო ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ფეხბურთელები „მოღალატეებად“ მოიხსენია. ირანის ეროვნული ნაკრები ტურნირს კვირას გამოეთიშა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანეზეს მოუწოდა, რომ ირანელი ფეხბურთელებისთვის თავშესაფარი მიეცა. მოგვიანებით, ტრამპი ალბანეზეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე მუშაობდა.  

მელონის თქმით, აშშ-სა და ისრაელის იერიში ირანზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს და რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ამჟამინდელი კრიზისი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ამის შესახებ ჯორჯია მელონმა განაცხადა. Ansa-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო „ინტერვენცია, რომელშიც იტალია არ მონაწილეობს და არც აპირებს მონაწილეობას.“ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იტალია „არ მონაწილეობს“ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო დარტყმებში და „არ სურს ომში ჩართვა.“ სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება.“ მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. „იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა,“ – განაცხადა მელონმა.  

ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თელ-ავივში მის საელჩოს უახლოეს მომავალში საქმეთა დროებითი წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.   Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ესკალაციის უახლეს მომენტს წარმოადგენს, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დაიძაბა.    

ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

ოთხშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ფაშინიანმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ 2023 წელს ევროპარლამენტში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი - თუ არა ათასწლოვანი - მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა. „ამ ცვლილებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის განზრახვას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები აშშ-ის შუამავლობით დაფინანსებული TRIPP ინფრასტრუქტურის პროგრამის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას და აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების საკითხს - კანონის მიღებას, რომლებიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ასახავს (...) „ახლა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.“ მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. „საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.  

არაღჩი: სრული ტყუილია მტკიცება, რომ ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრული ტყუილია მტკიცება, „ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა.“ „ამ ტყუილის ერთადერთი მიზანი ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ გამართლებაა, რომელიც ისრაელის მიერ იყო დაგეგმილი და რიგითი ამერიკელების მიერ დაფინანსებული“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე შეტევა დაიწყო, რადგან თეირანი აშშ-ის აქტივებზე აპირებდა თავდასხმას.  

ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი მაღალჩინოსნისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები 19 ირანელი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ევროკავშირი აგრძელებს ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები რეჟიმის 19 ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე,“ - აცხადებს კალასი. მისივე თქმით, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას. „მაშინ, როცა ირანის ომი გრძელდება, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას. ეს ასევე გზავნილს უგზავნის თეირანს, რომ ირანის მომავალი რეპრესიებზე ვერ აშენდება,“ - წერს კალასი.  

Chevron-ი და Shell-ი ვენესუელაში ნავთობის წარმოებაზე პირველ მსხვილ გარიგებებს აფორმებენ

ნავთობგიგანტები — Chevron და Shell — ახლოს არიან ვენესუელასთან ნავთობის მოპოვების პირველი მსხვილი შეთანხმებების გაფორმებასთან მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-მ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. ამის შესახებ ხუთმა წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა. შეთანხმებები ორივე კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ნავთობის წარმოება სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში მდებარე მნიშვნელოვან საბადოებში. ეს ნაბიჯი შეიძლება, გახდეს ყველაზე დიდი წინსვლა იმ გეგმის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100 მილიარდ დოლარიან პროექტს უწოდებს.  

პაკისტანი მზადაა, საუდის არაბეთს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს

პაკისტანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს საუდის არაბეთს. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მაშარაფ ზაიდიმ განაცხადა. „ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ აუცილებლად აღმოვჩნდებით საუდის არაბეთთან დახმარებისთვის, მიუხედავად გარემოებებისა და დროისა. თავდაცვის შეთანხმებამდეც კი, ორივე ქვეყანა ყოველთვის  მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამაბადი ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რამაც შეიძლება, სერიოზულად შეარყიოს რეგიონული სტაბილურობა. მისი თქმით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საუდის არაბეთმა ორგანიზება გაუწია პაკისტანისთვის ნავთობისა და დიზელის მიწოდებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგომომწოდებლებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც განამტკიცეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის სტრატეგიული ურთიერთობა. დოკუმენტი ითვალისწინებს შეიარაღებულ ძალებს შორის გაფართოებულ თანამშრომლობას, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, კოორდინაციას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში, ერთობლივ წვრთნებს, ასევე, თანამშრომლობას სამხედრო ტექნოლოგიებისა და პერსონალის მომზადების სფეროში. პაკისტანმა და საუდის არაბეთმა 2025 წელს მოაწერეს ხელი სტრატეგიული ურთიერთდაცვის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ერთ ქვეყანაზე თავდასხმა შეიძლება, ჩაითვალოს ორივეზე თავდასხმად.  

ტრამპის თქმით, ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან სამიზნეები პრაქტიკულად აღარ დაჩა

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა Axios-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან პრაქტიკულად აღარ დარჩა სამიზნეები. „როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში,“ – აღნიშნა ტრამპმა. Axios-ის თანახმად, აშშ-მ მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა Axios-ს დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა.  

New York Times: ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა, ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე

New York Times-ის ცნობით, მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა. ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე. ამის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება. აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ძირითად ამერიკულ ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.  

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით, ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტთან ირანის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ასე არ ფიქრობს.“ „ამ საკითხში ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ვიტყოდი, რომ ის ფილოსოფიურად ჩემგან ოდნავ განსხვავებული იყო. ვფიქრობ, შესაძლოა, ნაკლებად ენთუზიაზმით იყო განწყობილი წინსვლის მიმართ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მიგრძვნია, რომ არჩევანი გვქონდა. ეს ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, ამას ისინი გააკეთებდნენ,“ – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ეიბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსმა, რომელიც, მედიის ცნობით, დიდწილად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის საზღვარგარეთ ინტერვენციას, ირანის წინააღმდეგ დარტყმებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები შიდა სივრცეში გამოხატა. როგორც „ეიბისი ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, როგორც კი გაირკვა, რომ დარტყმების გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვენსმა ყურადღება სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე გადაიტანა.  

IEA-ს 32 წევრი ქვეყანა ისტორიაში ნავთობის უდიდეს რაოდენობას, 400 მილიონ ბარელს გაიტანს ბაზარზე

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, მისი წევრი ქვეყნები ისტორიაში ნავთობის უდიდეს რაოდენობას გაიტანენ ბაზარზე. ამის შესახებ განცხადებას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს. 11 მარტს სააგენტოს 32 წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა, რომ საკუთარი საგანგებო მარაგებიდან ნავთობის 400 მილიონი ბარელი გაიტანონ ბაზარზე, რათა გადაფარონ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ბაზარზე გაჩენილი პრობლემები. ცნობისთვის, IEA-ს წევრი ქვეყნები: ევროპა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო. ამერიკა: კანადა, მექსიკა, აშშ. აზია-წყნარი ოკეანე: ავსტრალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია. სხვა: ჩილე, ისლანდია, ნორვეგია. გარდა წევრებისა, IEA აქტიურად თანამშრომლობს ე.წ. ასოცირებულ ქვეყნებთან (მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია).  საგანგებო მარაგები ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება თითოეული წევრი ქვეყნის ეროვნული გარემოებების შესაბამისი ვადების განმავლობაში და მას ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიღებული დამატებითი საგანგებო ზომები დაემატება. ცნობისთვის, აქამდე IEA-ის წევრი ქვეყნების მიერ ბაზარზე კოლექტიურად გამოტანილი ნავთობის მარაგები 182.7 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას მოყვა. აშშ-ისრაელის ომმა ირანთან, ნავთობის ექსპორტის პრაქტიკულად შეჩერება გამოიწვია ჰორმუზის სრუტის გავლით, რომელიც გლობალური ნავთობმომარაგების 25%-ს ზღვით ახორციელებს. ნავთობის ფასი თითქმის მეოთხედით მაღალია, ვიდრე  ომის დაწყების დროს იყო და ექსპერტები ამბობენ, რომ IEA-ს ეს ნაბიჯი მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალი იქნება.  

კოშტა და ალიევი: ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ

ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააღრმავებენ, მათ შორის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ. განცხადების თანახმად, თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში. “ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმით პრეზიდენტებმა ერთგულება გამოხატეს კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, რაც ბოლო დროის მაღალი დონის შეხვედრების დადებით იმპულსს დაეყრდნობა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში… პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ერთგულება ახალ, ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად ბოლომდე მიყვანისადმი, რაც მყარ იურიდიულ ჩარჩოს შექმნის, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისადმი,” - ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივი განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს განახლებული “აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” მიღების მნიშვნელობას, ასევე, დიალოგის არსებული მექანიზმების, მათ შორის “ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს” სრულად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო წინ წაწიონ ორმხრივი დღის წესრიგი ყველა სფეროში. მხარეები მიიჩნევენ, რომ "ენერგოუსაფრთხოება ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედია" და რომ აზერბაიჯანს უკავია "ცენტრალური ადგილი" ევროკავშირის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაში, რაც აქტუალური გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა. დღეს კი, ირანში ომის ფონზე, აზერბაიჯანის როლი ამ მხრივ კიდევ უფრო იზრდება და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობაში: "ირანში ომის გამო ენერგობაზრების რყევის ფონზე, ჩვენი პარტნიორობა ენერგოსფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი მზად არის აზერბაიჯანის ენერგოტრანზიტის მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციებისა და ფინანსების მობილიზაციისთვის." საუბარი იყო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც კოშტას შეფასებით, "სტრატეგიული შესაძლებლობაა ახალი სატრანსპორტო კავშირებისთვის" და რომ ამ კონტექსტში არსებით მნიშვნელობას იძენს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირი." ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და აზერბაიჯანის როლს: "ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიან, სტაბილურ, ურთიერთდაკავშირებულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის რეგიონული როლი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა." 2028 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. მომდევნო თვეებში კი ის ბრიუსელშია მიწვეული.  

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე „ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე.“ საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს  

ფაშინიანი: ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის

სომხეთი მზადაა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საგზაო კავშირი კორნიძორ-გორისის-ეღეგნაძორის, ერასხის მარშრუტით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს, სტრასბურგში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, რადგან ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი არსებული საგზაო ქსელით. ჯერჯერობით არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა. ვვარაუდობ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს TRIPP პროექტის განხორციელება. მე ამ ტრიბუნიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. ასევე მსურს ვთქვა, რომ სომხეთი დღეიდან მზად არის, უზრუნველყოს საგზაო კავშირი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორის, გორისის, ეღეგნაძორის და ერასხის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.   ეს წინადადება არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად ვაშინგტონის შეთანხმებების დაყოვნებას, ჩაშლას ან დავიწყებას, და ამას ოფიციალურად ვამბობ. ჩვენ ამ წინადადებით გამოვდივართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას ოდნავ ალტერნატიული გზით ვიყენებთ.   ისევე როგორც აზერბაიჯანი ელოდება კავშირის დამყარებას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ჩვენც ასევე ველოდებით სარკინიგზო კავშირის დამყარებას სომხეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით. ამ რკინიგზას სომხეთისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. სომხეთის მთიანი რელიეფი სხვა გზით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის საშუალებას არ იძლევა. როგორც ხედავთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლოდინები ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.   ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულებაც გახდება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების ფასების დაწევა ჩვენს ბაზარზე და დაამსხვრია ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „ისტორიული შესაძლებლობაა, დავძლიოთ პრობლემები“ - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა  

სპარსეთის ყურეში კიდევ სამ სატვირთო გემს დაესხნენ თავს

ერაყის ტერიტორიულ წყლებში ორ ტანკერს თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერაყის საინფორმაციო სააგენტო სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟის 38 წევრი გადარჩა, ერთი ადამიანი კი, გარდაიცვალა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში ერაყის პორტების გენერალური კომპანიის (GCPI) გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ნავთობტერმინალებში ოპერაციები შეჩერებულია, მაგრამ კომერციული პორტები კვლავ ფუნქციონირებს. ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთი კონტეინერმზიდი გემი დაზიანდა. ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, კონტეინერმზიდ გემს ჯებელ ალის კომერციულ პორტთა ახლოს ჭურვი მოხვდა. დარტყმის შედეგად, გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან. სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმების ფონზე, დღეს მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია. ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში თავდასხმა ექვს კონტეინერმზიდ გემზე განხორციელდა. ჰორმუზის სრუტეში, „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა - UKMTO  

ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა

ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, საჰაერო დარტყმა განხორციელდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. თავდაპირველად სამინისტრო იუწყებოდა, რომ ერბილში მდებარე იტალიურ ბაზას რაკეტა მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით, წყაროებმა განმარტეს, რომ მას სავარაუდოდ, დრონი დაეცა, რომელმაც სამხედრო მანქანა გაანადგურა. შესაძლებელია, რომ დრონი მიზანმიმართულად არ ყოფილიყო გაშვებული ბაზის წინააღმდეგ და საფრენ აპარატს მიმართულება დაეკარგა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სტეფანო პიცოტიმ განაცხადა, რომ სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ საჰაერო საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც ისინი დროულად გადავიდნენ ბუნკერებში.  ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა თავდასხმა, სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ. იტალიას ერაყის ქალაქ ერბილში დაახლოებით 300 სამხედრო ჰყავს, რომლებიც ქურთულ უსაფრთხოების ძალებს წვრთნიან. თუმცა რეგიონში დაძაბულობის გამო, რომელიც აშშ–ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტს უკავშირდება, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ უკვე შემცირდა.  

დუბაიში ირანული დრონი ცათამბჯენს შეეჯახა

დუბაიში ირანული დრონი ცათამბჯენს შეეჯახა. დუბაის მედია ოფისის ცნობით, გასულ ღამეს დრონი კრიკ ჰარბორის რაიონის ტერიტორიაზე ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა. მათივე განცხადებით, დრონის შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აშშ-ისრაელისა და ირანის ომის ფონზე, ბოლო დღეებში დუბაიში და მთლიანად სპარსეთის ყურეში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მათ შორის, ორი დრონი ჩამოვარდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.  New York Times: ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა, ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე ამასთანავე, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი გაანადგურეს. უწყებამ განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიგერიეს დრონი, რომელიც შაიბას ნავთობსაბადოსკენ მიემართებოდა.