ძებნის რეზულტატი:

ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ესპანეთმა „ეს თავიდანვე ნათლად განუცხადა ამერიკის მთავრობას.“ მადრიდმა აკრძალა როტის (კადისის პროვინცია) და მორონ-დე-ლა-ფრონტერის (სევილიის პროვინცია) ბაზების გამოყენება იმ ავიაგამანადგურებლებისა და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ირანზე თავდასხმებში მონაწილეობენ. ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ცნობით, ესპანეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ასევე აკრძალული აქვთ იმ ამერიკულ თვითმფრონავებს, რომლებიც მესამე ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ან საფრანგეთში არიან ბაზირებულნი. გამონაკლისს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციები, როდესაც ამ თვითმფრინავებისთვის ესპანეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ან ესპანეთში დაშვება ნებადართული იქნება. აშშ-ის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა, მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთისადმი კრიტიკული განცხადებები უფრო ადრე გააკეთა, როდესაც სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესების მუქარით გამოვიდა. თებერვლის ბოლოს ომის დაწყებიდან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იყო აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგე. მარტის დასაწყისში სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთმა უარყო აშშ-ის მიერ ანდალუსიაში როტასა და მორონში ერთობლივად მართული ორი სამხედრო ბაზის გამოყენება. „ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკანონო ომებში მონაწილეობა,“ - განაცხადა პედრო სანჩესმა. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ დიპლომატიური მისია დაასრულა. საქართველოში თურქეთის ახალ ელჩად მუსტაფა თურქერ არი დაინიშნა.  მუსტაფა თურქერ არი 2019–2022 წლებში ნიგერიში თურქეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა.  სხვადასხვა დროს მუშაობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიაში, ავღანეთსა და NATO-სთან დაკავშირებულ სტრუქტურებში.  ასევე იყო გენერალური კონსული შტუტგარტში. მუსტაფა თურქერ არი კარიერული დიპლომატია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, NATO-სთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.  დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის განმავლობაში სხვადასხვა დროს საქმიანობდა ნიდერლანდებში, ბულგარეთში, მაროკოში, იტალიასა და ავღანეთში, სადაც მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან. ავღანეთში, NATO-ს მისიის ფარგლებში, ჩართული იყო ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ადგილობრივი მმართველობის პროექტის მხარდაჭერაში. ელჩის მისიის დასრულების შემდეგ, ნიგერის სახელმწიფომ  მუსტაფა თურქერ არი ორდენით დააჯილდოვა დიპლომატიურ საქმიანობასა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მუსტაფა თურქერ არი დიპლომატიურ სამსახურში 1994 წლიდან მუშაობს. თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის  

მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ,” - წერს თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.  

NATO ადასტურებს, რომ გაანეიტრალა ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

NATO ადასტურებს, რომ გაანეიტრალეს ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. „ორშაბათს, 30 მარტს, NATO-მ კვლავ წარმატებით მოიგერია ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა,“ - აცხადებს ალიანსის პრესსპიკერი ალისონ ჰარტი. მისი თქმით, NATO მზადაა, მსგავს საფრთხეებს უპასუხოს და მოკავშირეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.“ შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა, რაც ირანში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების მეოთხე შემთხვევაა.  

უკრაინამ და ბულგარეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ბულგარეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა მოაწერეს. „მთავარი პუნქტი ბულგარეთის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა, რაც დღეს განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა სახის შეიარაღებისა და დრონების ერთობლივი წარმოების საკითხი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის ცნობით, შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში დარჩება. ასევე, გიუროვმა ზელენსკისთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ ბულგარეთი შეუერთდა NATO-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე ფოკუსირებულია ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ენერგეტიკული დერეფნის განვითარების გეგმებზე, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს. ზელენსკის თქმით, დერეფნის საშუალებით წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზის მიღება იქნება შესაძლებელი. „ვიმედოვნებთ, რომ ეს დერეფანი ტექნიკურად წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დერეფნის მეშვეობით უკრაინამ შეიძლება, წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. ეს ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი ფორმაც არის,“ -აღნიშნა ზელენსკიმ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ეს შეიძლება, ალტერნატივად გამოდგეს გარკვეული ევროპელი აქტორების მიერ ბლოკირების შემთხვევაში,“ - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.  

Reuters: ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტური 82-ე ჰაერსადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. პარაშუტისტ-მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ. ასევე, გასულ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში 2500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა რეგიონში დამატებითი ძალების ყოფნა სამომავლო ოპერაციებისთვის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან „შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილსა და ხარგის კუნძულს გაანადგურებს.“  

ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად განაახლა

იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მ კარაკასში თავისი საელჩო ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ ეს ვენესუელასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში „ახალი თავის“ დასაწყისია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მადუროს ყოფილი მოკავშირის, დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით დროებით მთავრობასთან თანამშრომლობა დაიწყო. „დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაახლებთ ოპერაციებს კარაკასში აშშ-ის საელჩოში, რაც ვენესუელაში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ თავს აღნიშნავს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმ. აშშ-ის ძალებმა მადურო 3 იანვარს დააკავეს ორ ქვეყანას შორის თვეების განმავლობაში გამწვავებული დაძაბულობის შემდეგ, რამაც ვენესუელაში ცვლილებების ჯაჭვი გამოიწვია. ვენესუელის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კუბას ნავთობის ძირითადი წყარო შეუწყვიტა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კარაკასის რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჯერ ვენესუელის სტაბილიზაციას შეეცდება, შემდეგ კი, აღდგენის ფაზას დაიწყებს, სადაც ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ენერგორესურსებზე წვდომა ექნებათ, ვიდრე საბოლოოდ, პოლიტიკურ გარდამავალ პერიოდს დაიწყებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით მთავრობასთან ურთიერთობის სათავეში, ელჩი ლაურა დოგუ, ლათინურ ამერიკაში გამოცდილების მქონე კარიერული დიპლომატი დანიშნა.   სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 მარტს გააუქმა ვენესუელაში „მოგზაურობის აკრძალვის“ გაფრთხილება და განაცხადა, რომ ამერიკელებს აღარ ემუქრებათ ვენესუელის ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების რისკი, თუმცა ვაშინგტონი კვლავ აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანაში დანაშაულების, გატაცების, ტერორიზმისა და სხვა მიმართულებით არსებული რისკების გამო. ცნობისთვის, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, კარაკასში აშშ-ის საელჩომ მუშაობა 2019 წლის მარტში შეაჩერა.

მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ ხელისგულით გადახდის სერვისი დანერგა

ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ წარადგინა ახალი გადახდის მეთოდი, Kaspi Alaqan, რომელიც მაღაზიებში ხელისგულით, ტელეფონის, ინტერნეტკავშირის ან ბარათის გარეშე გადახდის საშუალებას იძლევა. ლომთაძის თქმით, გადახდის ეს ტექნოლოგია სწრაფად იძენს პოპულარობას ჩინეთში, თუმცა ყაზახურმა ვერსიამ არაერთი საკუთარი ინოვაცია წარმოადგინა და გაუმჯობესებაც აჩვენა.  Kaspi Alaqan პირველმა, UFC-ის მებრძოლმა შავკატ რახმონოვმა გამოსცადა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 3 თვეში, 2026 წლის თებერვლის ბოლოსთვის, სერვისზე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც ალმათის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედია. იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხელისგულით გადახდაა ხელმისაწვდომი, ტრანზაქციების 9%-ზე მეტი უკვე ამ ტექნოლოგიით სრულდება. ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ოფიციალურად, ყველაზე მდიდარი ქართველია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონების ღირებულება 6 მლნ აშშ დოლარს, Bloomberg-ის შეფასებით კი - 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.  

ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან

საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, „ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას როდესაც გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.“ შესაბამის განცხადებას  სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ელჩი მოჯანი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ "ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ." „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის, ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას. ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ - წერს სეიედ ალი მოჯანი ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ არაბულმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დააფინანსონ. ლევიტს ჰკითხეს, არის თუ არა დონალდ ტრამპი დაინტერესებული, რომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდოს, დააფინანსონ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში, რაზეც ლევიტმა აღნიშნა, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, თუმცა ტრამპს ეს იდეა აქვს. „ეს იდეა, ვიცი, მას აქვს და ამის შესახებ მისგან კიდევ ბევრს გაიგებთ,“ – აღნიშნა ლევიტმა. მას ასევე ჰკითხეს ომის ხანგრძლივობაზეც, რაზეც უპასუხა, რომ პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა. „დღეს ოცდამეათე დღეა. ასე რომ, გამოთვალეთ, რამდენი დრო რჩება პენტაგონს ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ მიზნების სრულად მისაღწევად,“ – განაცხადა ლევიტმა. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

ტრამპი დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტიდან საკუთარი ნავთობის გატანას ურჩევს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალი სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავების საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაფრენა არ დაუშვა.“ „საფრანგეთმა მხარი არ დაგვიჭირა „ირანის ჯალათთან“ დაკავშირებით, რომელიც წარმატებით იქნა ლიკვიდირებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. ამასთან, ტრამპი ისეთ ქვეყნებს, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სთავაზობს, „მოიკრიბონ დაგვიანებული დაგამბედაობა, რათა გავიდნენ ჰორმუზის სრუტეში და „უბრალოდ აიღონ“ საწვავი.“ „მივმართავ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო რეაქტიული საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა მოუწევთ. „მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ისევე როგორც თქვენ არ იყავით იქ ჩვენთვის. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!,“ - წერს ტრამპი. პარალელურად, დუბაის მახლობლად, ქუვეითის ნავთობტანკერზე დარტყმაში ოფიციალური პირები ირანს ადანაშაულებენ. ხსენებულ ნავთობტანკერს მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. BBC-ის ცნობით, ომის ხუთი კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა - მათი დიდი უმრავლესობა ირანსა და ლიბანში. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

„უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად,“ - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი.“ ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა. „ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად, დამატებით, სამხედროებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

ირანის თავდასხმების ფონზე, თავდაცვითი მოქმედებებისთვის, ახლო აღმოსავლეთში, დამატებითი ბრიტანული ჯარები და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდება, რაც სპარსეთის ყურისა და კვიპროსის დაცვაში ჩართული დიდი ბრიტანეთის პერსონალის საერთო რაოდენობას დაახლოებით, 1000-მდე გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კატარის დედაქალაქ დოჰაში ვიზიტის დროს განაცხადა.  მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ “ირანი თავდასხმებს აფართოებს” და დიდი ბრიტანეთი მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის საუდის არაბეთს, კატარსა და ბაჰრეინს. მანვე აღნიშნა, რომ ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები ოპერაციების განხორციელებას გააგრძელებენ კატარში. კატარში ვიზიტის დროს ჰილიმ ასევე მესიჯი გადასცა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ დიდი ბრიტანეთი “გვერდში გიდგათ თქვენ და გვერდში დაუდგება თავის პარტნიორებს.” პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ორშაბათს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ამ ომში არ ჩაერთვება“, მაგრამ გააგრძელებს რეგიონში თავისი ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. „ილია დარჩიაშვილი 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2017-2021 წლებში - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში." ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ტუსკი: მოვისმინეთ დადასტურება, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებულნი არიან მოსკოვზე

პოლონეთის პრემიერმა გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ განაცხადა, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი. „რაც მოვისმინეთ, რასაც უკვე ვეჭვობდით, ვიქტორ ორბანის მთავრობისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი სიიარტოს, მოსკოვზე ღრმად შემაშფოთებელი პოლიტიკური დამოკიდებულების, უბრალოდ დადასტურებაა. დიდი ხანია, არ მომისმენია, თუ ოდესმე მომისმენია, ასეთი გულდასაწყვეტი რამ. რაც ამ ჩანაწერებმა გამოავლინა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუდაპეშტის მოსკოვზე პოლიტიკური დამოკიდებულება; ამან გამოააშკარავა რეალურად რამდენად მიუღებელი და უცნაურია ეს ურთიერთობები. ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრი ანგარიშს აბარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალების შესრულებაზე და მოთმინებას სთხოვს, ვინაიდან, იცის, რომ კიდევ რამდენიმე დავალება უნდა შეასრულოს?! რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს. სრულიად მადისკვალიფიცირებელია… პოლონეთს უყვარს უნგრეთი, და პოლონელებს უყვართ უნგრელები; ჩვენმა მეგობრობამ ათწლეულები და საუკუნეები გაძლო. ამიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ უნგრეთში ყველამ გაიგოს ეს: ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. გვიხარია ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნა უნგრელ ხალხთან ერთად. ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - ნამდვილად თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი დიდი ხნის წინ”, - განაცხადა ტუსკმა. თავის მხრივ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა სიიარტოს ლავროვთან საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ “ეს მიუღებელია” და აღნიშნა, რომ “ეს ადასტურებს ბევრის ეჭვს, რომ უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია რუსეთის საქმეს აკეთებს ევროკავშირში”. ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას სერგეი ლავროვს უზიარებდა, რასაც სიიარტომ  "ცრუ ინფორმაცია" უწოდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ლავროვთან სატელეფონო ზარები შედგა. ამასთან, გამოცემა VSquare ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთი კრემლთან თანამშრომლობდა, რათა რუს ოლიგარქებზე, კონპანიებსა და ბანკებზე ევროკავშირის სანქციები მოეხსნა. VSquare ავრცელებს სატელეფონო ზარის ჩანაწერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შორის. ჩანაწერში ლავროვი სიიარტოს ეუბნება, რომ რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს, მისი დის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება სურს და სიიარტოს სთხოვს, რომ დაეხმაროს. ჩანაწერის მიხედვით, სიიარტო თანხმდება და პასუხობს: "საქმე შემდეგშია - სლოვაკებთან ერთად ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ. ჩვენ მას მომავალ კვირას წარვადგენთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოიღონ." სატელეფონო ზარის განამვლობაში ლავროვი და სიიარტო ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირის მაშინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს. ლავროვი მას "უდიდეს იმედგაცრუებას," სიიარტო კი "ევროპელ ბაიდენს" უწოდებს. ზარის ბოლოს, სიიარტო საუბრობს გაზპრომის ახალ შტაბ-ბინაზე, რომელიც რუსეთში ყოფნისას მოინახულა და ლავროვს ეუბნება: "მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ."  

მედია: ტრამპი „მტკიცედ განიხილავს“ NATO-დან გასვლას

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის მტკიცედ განიხილავს შეერთებული შტატების გაყვანას NATO-დან მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს. შესაბამის ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ კიდევ ერთხელ უწოდა და განაცხადა, რომ დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სანდოობას. კითხვას, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება.“ „NATO არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვები“ იყვნენ. სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის,“ – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ თუ აშშ ვერ გამოიყენებს ბაზებს, რომელიც სჭირდება, მაშინ NATO ცალმხრივ ქუჩად იქცევა. „რატომ ვართ NATO-ში, თუ ასეთი საჭიროების დროს, ამ ბაზების გამოყენება არ შეგვიძლია? მისი განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს NATO-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. რუბიოს თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად დგას, მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებას და გვიკრძალავენ ფრენას,“ - აღნიშნა რუბიომ. შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმებში პირდაპირ ჩართვაზე უარი განაცხადეს.  

ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - BBC

ოკუპირებულ ყირიმში An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-თან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა. თვითმფრინავი ყირიმის თავზე დაგეგმილ ფრენას ასრულებდა. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ კატასტროფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფრენის, ან მისთვის მომზადების წესების დარღვევის მუხლით. კომიტეტის  ინფორმაციით, დაიღუპა 30 ადამიანი - „ეკიპაჟის 7 წევრი და 23 მგზავრი." რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“ კატასტროფის „ადგილზე მყოფ წყაროზე“ დაყრდნობით დაწერეს, რომ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. სხვა წყაროებით, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. An-26 საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავია, რომელიც ძირითადად სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება მძიმე ტვირთისა და მოკლე და საშუალო მანძილზე მცირე რაოდენობის მგზავრების გადასაყვანად. მას უკრაინული კომპანია „ანტონოვი“ აწარმოებს.  

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებები შესაძლოა, ორ-სამ კვირაში დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედრო მოქმედებები ირანში შეიძლება, დასრულდეს „ორ ან სამ კვირაში“ - ორ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევის მიუხედავად. ტრამპის თქმით, აშშ-მ ქვეყანაში თავის მიზნებს მიაღწია, პირველ რიგში, ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობების შეზღუდვას და აშშ ახლა „ამ საქმეს ამთავრებს.“ თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანს აქვს „საჭირო ნება“, რათა დაასრულოს ომი, იმ პირობით, რომ გარკვეული პირობები დაკმაყოფილდება. „ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლებელია, ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ შეთანხმებას მიაღწევენ. „შესაძლებელია, რომ შეთანხმება მივიღოთ, რადგან მათ სურთ შეთანხმების დადება. მათ უფრო მეტად სურთ შეთანხმების დადება, ვიდრე მე. თუმცა, საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ დავასრულებთ. ახლა გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ძალიან - ძალიან განსხვავებულები არიან. ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან,“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა სხვა ქვეყნების პრობლემა უნდა იყოს და რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის უსაფრთხოება მათზე იქნება დამოკიდებული. „თუ საფრანგეთს ან სხვა ქვეყანას ნავთობის ან გაზის მოპოვება სურს, წავლენ და თავად შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. იმასთან დაკავშირებით, რაც სრუტეში მოხდება, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიქნებით,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

სიტყვიდან საქმემდე — საწყლოსნო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის უპრეცედენტო პროექტი — საქართველოში დაარსდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი წყალბურთში

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში უპრეცედენტო პროექტი დაიწყება. დაფუძნდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ლიგა წყალბურთში, რომელიც მთლიანად შავი ზღვის აუზის და რეგიონის ქვეყნებს გააერთიანებს.  ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შესახებ იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა.  სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე, წყალბურთის სხვადასხვა კლუბიდან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს სპეციალურად ეწვივნენ. ლიგაში შავიზღვისპირა ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა), ასევე, ლიეტუვის, ხორვატიისა და ყაზახეთის წამყვანი წყალბურთის კლუბები გაერთიანდებიან.  შავი ზღვის ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. ცნობისთვის, სექტემბერში საქართველო და კონკრეტულად ბათუმის ახალი ოლიმპიური აუზი, შავი ზღვის თასის გათამაშების  ტურნირის პირველი მასპინძელი იქნება, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ხორვატიის, ლიეტუვისა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.   

ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში ნავთობი და გაზი 60-70%-ით გაძვირდა

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ნავთობისა და გაზის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა მთელ ევროპაში, რაც ირანში მიმდინარე კონფლიქტმა კიდევ უფრო გაამწვავა. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დან იორგენსენმა მიანიშნა, რომ ეს გაზრდილი ფასები უახლოეს მომავალში, თუნდაც დაუყოვნებლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასტაბილურდეს. კომისარმა იორგენსენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი ამჟამად ნავთობისა და გაზის დაუყოვნებლივ დეფიციტს არ აწყდება, დიზელისა და საავიაციო საწვავის მიწოდებაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. გარდა ამისა, მან მიუთითა გლობალურ გაზის ბაზრებზე შეზღუდვების გამკაცრებაზე, რაც ხელს უწყობს ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას. იორგენსენის თქმით, იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ღირებულება ომის დაწყებიდან 14 მილიარდი ევროთი გაიზარდა. მისი თქმით, ევროკავშირის აღმასრულებელი შტო ამზადებს რიგ ზომებს, რათა დაეხმაროს ოჯახებსა და ბიზნესებს ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდასთან გამკლავებაში, როცა ევროპაში გაზის ფასები დაახლოებით 70%-ით და ნავთობის ფასების 60%-ით გაიზარდა. იორგენსენის თქმით, ომის დაწყებიდან მოყოლებული, ევროკავშირის მიერ იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ხარჯები 14 მილიარდი ევროთი გაიზარდა. ენერგობაზრებზე შექმნილი კრიზისის გამო, ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ შემუშავებული ეკონომიის გეგმაც. ამ გეგმის ათ პუნქტს შორისაა დიდ ქალაქებში ავტომობილების როტაციით მოძრაობა, პირადი ავტომანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, შეძლებისდაგვარად უარის თქმა თვითმფრინავით მგზავრობაზე, სახლიდან დისტანციურად მუშაობა და ა.შ. ცნობისთვის, ენერგობაზარზე შექმნილი კრიზისის გამო შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით მოუხსნა რუსული და ირანული ნავთობის ნაწილს. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.  

აშშ-მ რუსეთის სამ საზღვაო ხომალდს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სამ რუსულ სატვირთო გემს სანქციები მოხსნა. კერძოდ, გადამზიდავი კონტეინერები Fesco Moneron-ი, Fesco Magadan-ი და სატვირთო ხომალდი Sv.Nikolay შავ სიაში იყო შეტანილი რუსეთის უმსხვილეს კერძო ფინანსურ ინსტიტუტთან, ალფა-ბანკთან, კავშირების გამო. ყველა გემი სანქცირებული იყო 2022 წლიდან. სანქციების მოხსნის შესახებ განმარტება არ გაკეთებულა. 12 მარტს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით, 11 აპრილამდე მოუხსნა რუსულ ნავთობსაც. კერძოდ, შეზღუდვისგან გათავისუფლდა უკვე ტანკერებზე ჩატვირთული და ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი. აშშ რუსულ ნავთობზე დამატებითი სანქციების მოხსნას განიხილავს