ძებნის რეზულტატი:
მირზოიანი: ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მუშაობა შეჩერებულია
რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სომხეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მუშაობა ამჟამად შეჩერებულია და რომ განხილვები აღარ არის უშუალო დღის წესრიგში. „დოკუმენტი ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო არ განიხილება. ვიზიტი დაგეგმილი იყო, ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თებერვალში, სომხეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ სომხეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სავარაუდო ვიზიტის დროს. ამის შემდეგ, ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ირანში ვიზიტი იგეგმებოდა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთანავე გაფორმდებოდა და კონკრეტული ვადები არ არსებობს.
ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი დახვდა. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს პირველ აპრილს ეწვეოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხურ-რუსული მოლაპარაკებები შედგება, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების საკითხებს განიხილავს. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ
53 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ მთვარის გარშემო ასტრონავტები გაგზავნა
10-დღიანი მოგზაურობა მთვარის გარშემო - აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი ოთხი ასტრონავტით გაფრინდა მთავრისკენ, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში პირველი მისიაა მთვარის მიმართულებით. NASA-ს რაკეტა Space Launch System (SLS), რომლის კაფსული ორიონში ეკიპაჟი იმყოფება, კენედის კოსმოსურ ცენტრში, კანავერალის კონცხიდან მზის ჩასვლამდე, ადგილობრივი დროით, საღამოს 6:35 საათზე აფრინდა, რათა დედამიწის ორბიტიდან გაეყვანა პირველი ეკიპაჟი, რომელიც სამი ამერიკელი და ერთი კანადელი ასტრონავტისგან შედგება. NASA-ს ასტრონავტების, რიდ უიზმანის, ვიქტორ გლოვერისა და კრისტინა კუკის, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტის, ჯერემი ჰანსენისგან შემდგარი ეკიპაჟი მივა კოსმოსში უშორეს წერტილამდე, სადაც ადამიანს დღემდე მიუღწევია. ორიონის კაფსული, რომელიც NASA-სთვის Lockheed Martin-მა ააგო, ფრენის დაწყებიდან 3,5 საათში, დედამიწის ორბიტაზე, SLS-ის ზედა საფეხურს დაშორდება.
„რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ სომხეთის არჩევნებში მონაწილეობა“ - ფაშინიანი პუტინს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, სომხეთში თანამდებობებისთვის იყარონ კენჭი. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა მუდმივი პოლიტიკური აქტივობით. „პრაქტიკაში, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ არჩევნებს - მუნიციპალურ არჩევნებს - და ისინი ძალიან პოლიტიზებულია, რადგან ხალხი ჩვენი რეფორმების შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე განმარტა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობის მაღალი დონე ორაზროვნად აღიქმება. „ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ სომხეთი მეტისმეტად დემოკრატიულია, მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საინფორმაციო სივრცეში თავისუფლების დონეს. „მაგალითად, სომხეთში სოციალური მედია 100%-ით თავისუფალია. ბევრი მოქალაქე ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მომავალ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას და, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის ვინაობასაც. მანამდე, ამავე შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.“ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას საუბარი სწორედ სომხეთის არჩევნების თემით დაიწყო. „ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ,“ - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრისას, რითაც მედიის ცნობით, მკაფიოდ მიანიშნა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე, რომელიც პატიმრობაშია. ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა არ არსებობს. „ზოგადად, ჩვენ ციხეებში არ გვყავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. ფაშინიანმა კანდიდატებისთვის კონსტიტუციურ მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება: „მინდა, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. სრული პატივისცემით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება, რომ პარლამენტში დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ,“ - ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირებმა ბოლო წლებში სერიოზული გამოცდა გაიარა. „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იცით, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ისევე როგორც ჩვენი პირადი ურთიერთობები, მრავალი გამოცდის წინაშე იყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის შენარჩუნებისთვის.“ „ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ შექმნილი ნდობის ატმოსფეროსთვის.“ ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი არჩევნების შემდეგ და რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურად განვითარება გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა წელს გაფრთხილება გამოთქვა, რომ „გარე აქტორები“ ცდილობდნენ სომხეთის პოლიტიკაში ჩარევას, რაც ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე მინიშნება იყო. ამასთან, ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე განუცხადა, რომ შეუძლებელია, სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. „ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ჩვენ ამას სრულიად მშვიდად ვუყურებთ, გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან. თუმცა აშკარა უნდა იყოს, გულახდილად და წინასწარ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. და ეს საკითხი პოლიტიკურიც კი არ არის, არამედ, წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა. რადგან ზოგიერთი საკითხი დიდ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას. ფაშინიანმა პუტინს უპასუხა, რომ სომხეთი იაზრებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) და ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია, თუმცა ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ორივე გზას მიჰყვეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში, ორ კავშირში წევრობა შეუთავსებელია. თუმცა ჩვენი ამჟამინდელი დღის წესრიგით, ისინი თავსებადია - ეს ფაქტია. და ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, გავაერთიანოთ ეს დღის წესრიგი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. როდესაც პროცესები მივა იმ წერტილამდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ანუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა ამავე შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან სარკინიგზო კავშირები, ასევე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით იმპორტი - და მომავალში ექსპორტი - აძლიერებს სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ ერევანი ევროკავშირთან თანამშრომლობდა. ამავე შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაზს სომხეთს ევროპაში საწვავის ამჟამინდელ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად აწვდის. „რაც შეეხება ენერგეტიკას, იმედი მაქვს, რომ აქაც გამოსწორდება სიტუაცია. დღეს, როგორც იცით, ევროპაში ენერგიისა და გაზის ფასები 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს. რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარად აწვდის. სხვაობა უზარმაზარია,“ - განაცხადა პუტინმა. მანვე აღნიშნა, რომ ის და ფაშინიანი ხშირად კამათობენ ენერგიის ფასებსა და მიწოდებაზე. „ვიცი, რომ თქვენ ენერგიის ფასების განსაზღვრის სხვა მეთოდებს ითხოვთ. თუმცა ეს მაინც სხვა მასშტაბია: 600 დოლარი 177,5 დოლარის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პუტინმა. რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სომხეთმა 2024 წელს გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის, CSTO-ს წევრობა და იმავე წელს გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მოსკოვთან. კრემლში გამართული შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ მონაწილეობს CSTO-ს მუშაობაში, რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია, აუხსნას სომეხ ხალხს, თუ რატომ არ ჩაერია ორგანიზაცია ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში. პუტინმა უპასუხა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეეძლო ყარაბაღის სიტუაციაში ჩარევა სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ პრაღაში 2022 წელს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. „ვფიქრობ, ასევე აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, სრულიად შეუფერებელი იქნებოდა CSTO-სთვის ჩარევა ამ პროცესში, რომელმაც შიდა აზერბაიჯანული განზომილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა რუსეთ-სომხეთის მოლაპარაკებების დროს. რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღი ყველაზე მგრძნობიარე საკითხად მოიხსენია. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად მხოლოდ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების შემდეგ აღიარა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა ხანგრძლივი ძალისხმევისა და მრავალი საერთაშორისო აქტორის ჩართულობის შედეგად. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ურთიერთობების ნორმალიზებაში. ფაშინიანმა ასევე მადლობა გადაუხადა „რუსეთს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერისთვის.“ „როგორც უკვე ვთქვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და თქვენ პრეზიდენტ ტრამპის სახელი ახსენეთ და აშკარაა, რომ მან თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ თქვენ პირადად ასევე თამაშობდით და აგრძელებთ მნიშვნელოვან, ძალიან მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში. თქვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ყველა ამ პროცესს, ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტში ვიყავით, რეგულარულად გაცნობებდით მიმდინარე პროცესების შესახებ. სხვათა შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც ვაშინგტონიდან დავბრუნდი და დაგიკავშირდით, მაშინ ვთქვი, რომ ვაშინგტონში მომხდარი ასევე ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი ურთიერთობებისთვის. „რაც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს, მე უკვე ძალიან გამჭვირვალედ და საჯაროდ განვაცხადე სომხეთის რესპუბლიკაში, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა“, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარეს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორმხრივად ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებელი სომხეთი 100%-ით იდენტურია საბჭოთა სომხეთისა, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი 100%-ით იდენტურია საბჭოთა აზერბაიჯანისა.“ ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ ყარაბაღის საკითხი, ძირითადად სამუშაო ფორმატში. დიახ, ჩვენ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ვაღიარეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ და, გახსოვთ, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი პრობლემები CSTO-სთან დაკავშირებით, რადგან 2022 წელს ჩვენ გვქონდა კონკრეტული სიტუაცია. და, ჩემი აზრით, CSTO-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც გვაქვს CSTO-სთან ურთიერთობებში. ჩვენ ამჟამად არ ვმონაწილეობთ CSTO-ს მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ უპასუხა CSTO-მ და არ უპასუხა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად,“ - თქვა ფაშინიანმა. ფაშინიანი 2026 წლის არჩევნებში მთავრობის ყოფილი წარმომადგენლებისა და ოლიგარქების დამარცხებას პროგნოზირებს განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი „ძალიან წარმატებული“ იყო. „ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას ჩვენი დღის წესრიგის ყველა სფეროში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს 2 აპრილს. „და მე ვიზიტს ძალიან წარმატებულად ვაფასებ,“ - თქვა ფაშინიანმა. რკინიგზაზე შეთანხმება არ შედგა ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთის რკინიგზის რუსული მმართველობიდან ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის]. ფაშინიანს სურს რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების აღდგენა - ეს მისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ნაწილია, რაც შეავსებს „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივასაც. ფაშინიანმა შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთi ჯერ არ გეგმავს რკინიგზის მართვის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას. „სომხეთის რესპუბლიკას ეს ბერკეტი [რკინიგზის დაბრუნება] აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ და არც გვინდა ასეთი გზით წასვლა,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმ-მინისტრმა.
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა. შესაბამის განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ,“ - ნათქვამია განცხადებაში. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პირველი აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და ის საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ამასთან, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია.“ „ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
ტრამპი ირანში სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე საუბრობს, თეირანი საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებზე მიუთითებს
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. დონალდ ტრამპის თქმით, ძირითადი სტრატეგიული მიზნები დასასრულს უახლოვდება.“ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და გაცილებით გონივრულები არიან. ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ქმედებები ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას ართმევს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტის მიმართვა, თითქმის, 20 წუთს გაგრძელდა. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი რაკეტები თითქმის ამოწურული ან განადგურებულია. ერთად აღებული, ეს ქმედებები დააზიანებს ირანის სამხედრო ძალებს, გაანადგურებს მათ უნარს, მხარი დაუჭირონ ტერორისტულ პროქსი ძალებს და ართმევს მათ ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ „მზადაა, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო რეაგირება გააძლიეროს.“ „ვაპირებთ, მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია,“ - აღნიშნა ტრამპმა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიზანი ირანის რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ ყველა, ვინც ირანს მანამდე ხელმძღვანელობდა დარტყმების შედეგად დაიღუპა. „ისინი ყველანი დაიღუპნენ. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. თუმცა თუ ამ პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი ყურადღება ძირითად სამიზნეებზეა მიპყრობილი. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლები აშშ-ის მოკავშირეები იქნებიან და მოუწოდა მათ, მოიკრიბონ გამბედაობა და უხელმძღვანელონ ოპერაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან სრუტეზე კონტროლის აღსადგენად. „მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში ჩართვაზე : მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით ის, გამოიყენეთ თქვენთვის. რთული ნაწილი დასრულებულია, ამიტომ ეს ადვილი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ტრამპმა. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები „იწვევს შედეგებს, რომლებიც ირანის საზღვრებს სცდება.“ თეირანი „უფრო ფართომასშტაბიანი“ თავდასხმების შესახებ აფრთხილებს აშშ-ს. ირანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმები ქვეყანაზე „უმნიშვნელო“ იყო და რომ ორივე ქვეყანას თეირანის სამხედრო შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის შესახებ „არასრული“ ინფორმაცია აქვს. BBC შემაჯამებელ სტატიაში წერს, რომ ტრამპის გამოსვლა ძირითადად იმის გამეორება იყო, რაც მან რამდენიმე დღის განმავლობაში თქვა. ასევე, დარჩა რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა. პირველი: ისრაელი - ეთანხმება თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ტრამპის მიერ დასახელებულ ვადებს. მეორე: რა ეტაპზეა გასული წლის 12-დღიანი ომის შედეგად ნანგრევებში დამარხული ასობით კილოგრამი გამდიდრებული ურანის ამოღების იდეას მესამე: რა არის პრეზიდენტის მტკიცე შეხედულება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით? ახლა ის ამბობს, რომ ის „ბუნებრივად“ გაიხსნება ომის დასრულების შემდეგ. მეოთხე: სერიოზულად ფიქრობს თუ არა ის NATO-დან გასვლას ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი განიხილავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის უზრუნველყოფის გეგმებს 35 ქვეყნის კოლეგებთან ერთად. სრუტე თითქმის დაკეტილია ირანის მიერ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებსა და ენერგიის ფასებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის გამო. ირანმა განაცხადა, რომ მარშრუტი დაკეტილია მხოლოდ იმ ქვეყნების ტანკერებისა და გემებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მის წინააღმდეგ თავდასხმებში.
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და დსთ-ს წესდების დენონსაცია მოახდინა. გადაწყვეტილებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული,“ - ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში. მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა ცნობისთვის, მოლდოვის საწევრო შენატანი დსთ-ის ბიუჯეტში, ყოველწლირად, 150 ათას ევროზე მეტს შეადგენდა.
პეკინი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა. უწყების სპიკერის თქმით, ჩინეთმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა. „პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს „არ ეთანხმება“
ალიევი: სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში, გზატკეცილის დაახლოებით 90% და რკინიგზის დაახლოებით 70% მზადაა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება. ალიევი ასევე მიესალმა ყარსი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას თურქეთში და აღნიშნა, რომ ამ პროექტების კოორდინაცია და განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის. „ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება. ჩვენ მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი. თუმცა ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა ტვირთის ახალი დერეფნის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ფართო გეოგრაფიისთვის. ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან პოზიციას – როგორც საკუთარ ინტერესებს ვიცავთ, ასევე მსოფლიოს ახალ სატრანსპორტო მარშრუტებს ვთავაზობთ,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შუა დერეფანი, „ზანგეზურის დერეფანი“ და სხვა დამაკავშირებული პროექტები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
აშშ-მ ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა
აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. როდრიგესი გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაძლიერების მიმართულებით“ გადადგმული ნაბიჯია. „გვჯერა, რომ ეს პროგრესი საშუალებას მოგვცემს მოიხსნას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის შექმნას და გარანტირებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ,“ - დაწერა როდრიგესმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში. აშშ-მ სპეცოპერაციის შედეგად, იანვარში დააკავა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე დგას. 2018 წელს როდრიგესი და მისი ძმა აშშ-მ სანქციების სიაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობის ბრალდებით შეიყვანა. იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მ და ვენესუელამ ურთიერთობების დათბობა დაიწყეს. მარტში მხარეები დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები და დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც. ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად განაახლა
საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული. „დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს. ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას. რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა,” - წერს ირანის ელჩი. ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან საგარეო უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ავსტრიამ აშშ-ს უარი უთხრა სამხედრო ოპერაციებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განახადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზად ნეიტრალიტეტის შესახებ კანონი სახელდება. "მოთხოვნები ნამდვილად იყო და ისინი თავიდანვე უარვყავით," - განაცხადა პოლკოვნიკმა მიხაელ ბაუერმა. ავსტრია იგივე პრინციპს იყენებს სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც სამხედრო კონფლიქტში არიან ჩართულნი. ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს იცავს და NATO-ში არ არის. თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა NATO-ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ. ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა 1955 წლიდან და ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით გარშემორტყმულია NATO-ს წევრი სახელმწიფოებით, ხოლო დასავლეთით ესაზღვრება ნეიტრალურ შვეიცარიას.
გაეროს გენმდივანი: უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ
გაეროს გენერალური მდივანი აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ მოუწოდებს. ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იურკში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება. “უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება… როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ… ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები. ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები,” - განაცხადა გუტერეშმა.
არგენტინამ ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა
არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. „ირანის განცხადებები შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ,“ – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის ბრალდებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ.“
ტრამპმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრამპმა ბონდი შეაქო, როგორც „დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარი“, რომელმაც „დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია“ წარმართა. ტრამპის თქმით, ბონდი მალე კერძო სექტორში გადაინაცვლებს, თუმცა მას დეტალები არ დაუზუსტებია. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში, რომელიც ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატია. თავის მხრივ, ბონდიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული და უაღრესად წარმატებული მცდელობების ხელმძღვანელობა, რომ ამერიკა უფრო უსაფრთხო და დაცული გახდეს, ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო.“ მედია წერს, რომ ბომდი ჯეფრი ეფშტეინის საქმესთან კავშირში არსებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ტრამპი ასევე უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბონდი საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით. ბონდი ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის მეორე თანამდებობის პირია, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მარტში ასევე გაათავისუფლეს უსაფრთხოების უფროსი კრისტი ნოემი.
გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა
გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა. 61 წლის რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა იმ დროს, როცა აშშ სამხედრო ოპერაციას ატარებს ირანის წინააღმდეგ. პენტაგონმა დაადასტურა, რომ რენდი ჯორჯი, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი, „არმიის 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგებოდა.“ გენერალ რენდი ჯორჯის გადადგომის შემდეგ არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას შეასრულებს გენერალი ქრისტოფერ ლა ნივი, რომელიც მანამდე მინისტრ პიტ ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე იყო. Reuters-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი პიტ ჰეგსეთმა გაათავისუფლა. სააგენტო წერს, რომ ომის დროს გენერლის გათავისუფლება თითქმის უპრეცედენტოა. დეპარტამენტმა ჯორჯის წასვლის მიზეზი არ დააკონკრეტა. შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი ოთხი წლის ვადით ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით და სენატის თანხმობით. რენდი ჯორჯი შტაბის უფროსად 2023 წელს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. გენერალმა ჯორჯმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2023 წლის სექტემბერში. 2 აპრილს ღამით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გენერალი რენდი ჯორჯი ტოვებს არმიის შტაბის 41-ე უფროსის თანამდებობას და მას მადლობას უხდიან ქვეყნის სამსახურისთვის. CBS news-ის ინფორმაციით, ჰეგსეთს სურს შტაბის ისეთი უფროსი, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებს არმიასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის პოსტი პენტაგონის სტრუქტურაში არსებული ადმინისტრაციული თანამდებობაა. შტაბის უფროსი მეთვალყურეობას უწევს არმიის ქვედანაყოფებს და არ ახორციელებს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას. ამერიკულ არმიას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი მართავს. რენდი ჯორჯი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სამხედრო აკადემიის უესტ-პოინტის კურსდამთავრებულია. შეერთებული შტატების არმიაში 1980-იანი წლებიდან მსახურობს. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, ერაყსა და ავღანეთში.
ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, ტრამპმა სამიზნედ ელექტროსადგურები დაასახელა
ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება. დონალდ ტრამპი ირანს კიდევ უფრო ძლიერი და მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა, თუ თეირანი შეთანხმებაზე უარს იტყვის. „ჩვენს არმიას - მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) - ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ -ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს - და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმა განხორციელდა. ირანის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი და 95 დაიჭრა. ეს ხიდი ირანის დედაქალაქს აკავშირებს ქალაქ ყარაჯთან. სახელმწიფო მედია ამ ხიდს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალ ხიდს უწოდებს.
CBS: ირანში ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს
3 აპრილს, Reuters-მა, Axios-მა და The New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი [F-15 E Strike Eagle] ჩამოაგდეს. ეს ცნობა ვაშინგტონს საჯაროდ ამ დრომდე არ დაუდასტურებია. თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა Axios-ს განუცხადა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია.“ ირანი აცხადებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავი მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. პენტაგონსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მომხდარი არ იქონიებს გავლენას მოლაპარაკებების პროცესზე. „არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ,“ - აღნიშნა ტრამპმა. CBS-ის ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩენილია. ეკიპაჟის მეორე წევრის, შეიარაღების სისტემის ოფიცრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამანადგურებელი ჩამოაგდეს და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, F-15-ის ნამსხვრევები და კატაპულტის სავარძელია. ფოტოების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. BBC Verify-მა დაადასტურა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკული თვითმფრინავი, რომელსაც ორი ვერტმფრენი ახლავს თან, ხუზისტანის პროვინციის თავზე დაფრინავს. მედია წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ხომალდი ირანმა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდო. ასევე, გამოცემა The Independent-ის კითხვაზე კი, რას გააკეთებს, თუ თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ირანელები იპოვიან და შეიპყრობენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. „ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება,“ - განაცხადა ტრამპმა. ირანმა ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრს ცოცხლად შეიპყრობს. „სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულ Blackhawk-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც F-15E-ს გადარჩენილი პილოტი გადაჰყავდა, მსუბუქი ცეცხლის ქვეშ მოექცა, რაც ირანმა ქვეყნის მომთაბარე ტომებს მიაწერა — დარტყმის შედეგად, ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, თუმცა ვერტმფრენმა უსაფრთხოდ შეძლო დაჯდომა. ცალკე, აშშ-ის A-10 Warthog-ის თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგდებული თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო მისიის ნაწილი იყო, ასევე დაზიანდა, თუმცა მისი პილოტი უსაფრთხოდ გადაარჩინეს,“ იტყობინება CBS News. ირანი აცხადებს, რომ მან ჩამოაგდო ამერიკული A-10 Warthog - უცნობია, ეს იგივე თვითმფრინავია თუ არა. ბოლო ოფიციალური ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს 48 საათი აქვს შეთანხმების მისაღწევად ან ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მათ ჯოჯოხეთი ელით.“ ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ხომალდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, რადგან ამ სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის ერთადერთი რეალური ბერკეტია აშშ-ზე გავლენის მოსახდენად. ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების მისაწოდებლად, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, ტრამპმა სამიზნედ ელექტროსადგურები დაასახელა
ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს - Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს. ასევე, Financial Times-ი MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის საზღვაო კომპანია CMA CGM-ის საკუთრებაში არსებული კონტეინერმზიდმა ჰორმუზის სრუტე გაიარა. ეს არის დასავლური საზღვაო ხაზის საკუთრებაში არსებული პირველი გემი, რომელმაც ირანის ომის დროს სრუტე გაიარა. FT-ის ცნობით, ერთ-ერთია ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი, რომლის თანამესაკუთრე იაპონური კომპანია Mitsui OSK Lines-ია. როდის გადაკვეთა გემმა სრუტე და ჰქონდა თუ არა რაიმე მოლაპარაკებები, ამის შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. ამ კვირაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანზე ზეწოლის მიზნით კოორდინირებული ქმედებებია საჭირო, რათა სრუტე ხელახლა გაიხსნას. მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, რაც გემებს მრავალმილიონიან გადასახადს დაკისრებს სრუტის გავლისთვის. ამასთან, გაერო განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტს, შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული გადაზიდვების დერეფნის გახსნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასუქის მიწოდება; თავიდან აიცილონ საკვების დეფიციტი ღარიბ ქვეყნებში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, „მარტივად გახსნას სრუტე, მაგრამ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.“ ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ომმა, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა და ნავთობის ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ირანის ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები დააწესა. ნავთობის ფასები 70 დოლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა. ალტერნატიული მარშრუტები არსებობს, მაგრამ მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია. IEA-ს მონაცემებით, 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდებოდა. ჰორმუზის ალტერნატიული მილსადენების გამტარუნარიანობა 3.5-დან 5.5 მილიონ ბარელამდე შემოიფარგლება - საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) გავლით. აბუ დაბი-ფუჯაირას მილსადენის მეშვეობით, დღეში დაახლოებით 1.1 მილიონი ბარელის ექსპორტი ხორციელდება, დამატებითი გამტარუნარიანობა დაახლოებით 700,000 ბარელს მოიცავს. საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა 5 მილიონი ბარელია. აბკაიკ-იანბუს მილსადენი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნედლი ნავთობსადენის პარალელურად გადის და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ახდენს, ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, მისი გამტარუნარუიანობა დღეში დაახლოებით 300,000 ბარელია. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი ერაყ-თურქეთის ნავთობსადენის, კირკუკიდან ჯეიჰანამდე გამავალი ნავთობსადენის ბოლოდროინდელ მდგომარეობას შეეხო და განაცხადა: „ამ მილსადენის გამტარუნარიანობა 1,5 მილიონი ბარელია. აქედან დღეში 1,5 მილიონი ბარელის ტრანსპორტირება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მხრივ ნაწილობრივი ალტერნატივები არსებობს, თხევადი ბუნებრივი აირის ფრონტზე სურათი უფრო მყიფე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის კრიტიკულ სატრანზიტო პუნქტად რჩება, ექსპერტები თვლიან, რომ გაზის ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართება მოკლევადიან პერსპექტივაში ადვილი არ იქნება. გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლაუდია კემფერტმ, Anadolu-ს რეპორტიორს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ხანგრძლივი შეფერხება, ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალურ ფასებს გაზრდის და „საშუალოვადიან პერსპექტივაში, არსებული რისკები ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას გამოიწვევს, რაც სტრატეგიულ რეზერვებზე უფრო მეტ დამოკიდებულებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გაზრდის.“ კემფერტმა აღნიშნა, რომ ალტერნატიულ მარშრუტებზე მომუშავე მილსადენებს, ძირითადად, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით, შეზღუდული ექსპორტის სიმძლავრე აქვთ, რაც მნიშვნელოვანი შეფერხების კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის. თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატის თქმით, ანკარა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების ასამუშავებლად, რაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტა იყოს როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კრიზისის დროს. მედია წერს, რომ განიხილება სპარსეთის ყურის რეგიონიდან ენერგიის ტრანსპორტირების რამდენიმე მარშრუტი. ესენია სახმელეთო მიწოდება ერაყისა და სირიის გავლით, კომბინირებული მარშრუტი სუეცის არხის, წითელი ზღვის, იორდანიისა და საუდის არაბეთის გავლით, ასევე, მარშრუტი ომანის პორტიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, კეთილი იმედის კონცხის მარშრუტი ერთ-ერთ ვარიანტად არის მითითებული, მაგრამ ის ნაკლებად მომგებიანად ითვლება, რადგან მიწოდების დროს 10-15 დღით ზრდის და ტრანსპორტირების ხარჯებს აძვირებს. შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება პეკინი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს ტრამპი დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტიდან საკუთარი ნავთობის გატანას ურჩევს ჩინეთი ჰორმუზის გავლით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Reuters ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY
ზელენსკი აცხადებს, რომ ერდოღანთან შეხვედრისას, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ სტამბოლში შეხვედრა გამართეს. ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. „შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე. ეს, პირველ რიგში, ეხება იმ სფეროებს, სადაც შეგვიძლია თურქეთის მხარდაჭერა: ექსპერტიზას, ტექნოლოგიას და გამოცდილებას. არსებობს მტკიცე პოლიტიკური მზაობა ერთად მუშაობისთვის და ჩვენი გუნდები დეტალებზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაასრულებენ. ასევე განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ასევე — გაზის საბადოების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები. მადლობელი ვარ თურქეთის პრეზიდენტისა და ხალხის ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ წლების განმავლობაში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ მართლაც მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც მთელი ჩვენი რეგიონის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის მხარდაჭერა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ რეგიონს მეტი მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციას და ხაზი გაუსვა ენერგომომარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობას. ერდოღანმა ასევე დააფიქსირა თურქეთის მზადყოფნა, გააძლიეროს ორმხრივი ვაჭრობა უკრაინასთან და აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების გადადგმას. ერდოღანმა ასევე გამოთქვა კმაყოფილება უკრაინის მცდელობების მიმართ, გააძლიეროს ურთიერთობები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც პარასკევს, 3 აპრილს ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქული მედიის ცნობით, ეს კომუნიკაცია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე ძალისხმევის ფარგლებში გაიმართა.