ძებნის რეზულტატი:
შუა დერეფნის შესაძლებლობების შესასწავლად, გერმანია აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გზავნის
გერმანიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, NRW.Global Business, 29 ივნისიდან 3 ივლისამდე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გაგზავნის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მისიის მიზანია შუა დერეფნის [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] დინამიკური განვითარების კაპიტალიზაცია. NRW.Global Business აღნიშნავს, რომ დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს მოცულობა 2030 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. „კომპანიებისთვის ეს მიმზიდველ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოადგენს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს პროგნოზირებული საინვესტიციო საჭიროებებია,“ - განაცხადა სააგენტომ. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემები ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის სტაბილურ ზრდას აჩვენებს: 2019 წელს 759,000 ტონა, 2020 წელს 783,000 ტონა, 2021 წელს 586,000 ტონა, 2022 წელს 1,485 მილიონი ტონა, 2023 წელს 2,764 მილიონი ტონა და 2024 წელს 4,484 მილიონი ტონა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მონაცემებით, შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია.
ტრამპი აცხადებს, რომ ეკიპაჟის წევრი ირანში „გაბედული“ ოპერაციის დროს გადაარჩინეს
ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები ირანში ეძებდნენ „უსაფრთხოდაა.“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც BBC წერს, მფრინავის გადარჩენის ოპერაციამ აშშ-სა და ირანის ძალებს შორის დაპირისპირებაც გამოიწვია. "ჩვენ ის ვიპოვეთ! ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს [...] სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი პოლკოვნიკი ახლა უსაფრთხოდ და უვნებლადაა. ის ირანის მთიან რეგიონში იმყოფებოდა, მტრები მასზე ნადირობდნენ და ყოველ საათში უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, თუმცა ის მარტო არასოდეს ყოფილა, რადგან მისი მთავარსარდალი, ომის მინისტრი, გაერთიანებული შტაბების მეთაურების ხელმძღვანელი და სამხედროები მის ადგილსაყოფელს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ და მის გადარჩენას გულმოდგინედ გეგმავდნენ [...] მან დაზიანებები მიიღო, თუმცა კარგად იქნება. ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს," - წერს ტრამპი Truth Social-ზე. დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 3 აპრილს, ირანმა აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორეს კი, ამ დრომდე ეძებდნენ.
შსს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. კერძოდ, საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ქართული მხარე უარს აცხადებდა მის ექსტრადიციაზე, თუმცა ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან,” - განმარტავს უწყება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. შსს აცხადებს, რომ სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ადვოკატი და საია დარღვევებზე მიუთითებენ.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონია
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონი გახდა. მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონობაც იზეიმა. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე სლოვაკეთის, ავსტრალიისა და კანადის ნაკრებები დაამარცხეს. Danube Cup 2026-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.
ალიევის ვიზიტის ძირითადი გზავნილები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დღის ბოლოს ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. „ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში“ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს „ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში,“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, როდესაც „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები.“ „ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ის შეთანხმებები, რომლებსაც [სომხეთთან] ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო მიესალმება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს.“ „ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. „მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო.“ ენერგეტიკა „ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევთან ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. ალიევის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის როლს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნეს მათი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, პირისპირ საუბრისას „ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს დღეს ეწვია.
სერბეთი „უნგრეთში გაზსადენზე დივერსიის მცდელობაში“ უკრაინულ კვალს ვერ ხედავს
5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები. სერბეთის პროკურატურის განცხადებით, საქმეს მიენიჭა უკანონო იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ტრეფიკინგის კვალიფიკაცია, სავარაუდო, საბოტაჟთან კავშირით. „ბალკანეთის ნაკადი“ არის მილსადენი, რომელიც ბულგარეთსა და სერბეთზე გადის და აკავშირებს უნგრეთს რუსულ გაზთან, რომელიც შავი ზღვის ფსკერით თურქეთამდე მიემართება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მიანიშნა, რომ დივერსიის მცდელობაში, შესაძლოა, უკრაინა ყოფილიყო ჩართული. „ადრე უკრაინელებმა ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“. აფეთქებების შემდეგ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთი იყო, რაც არალოგიკურია. რატომ უნდა ააფეთქოს რუსეთმა საკუთარი გაზსადენები? ბოლო კვირების განმავლობაში ათობით დრონი მუდმივად ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ „თურქული ნაკადის“ მილსადენს, რომელიც უნგრეთს გაზს აწვდის. ახლა სერბეთის მიერ აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმა, როგორც ჩანს, ამ თავდასხმების ნაწილია,“ – დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში. ორბანს უკრაინა პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ კიევი "წლებია ცდილობს, ევროპას ჩაუჭრას რუსეთის ენერგია". ორბანმა დამატა, რომ TurkStream-ის რუსეთის მონაკვეთზე თავდასხმა იყო "სასიკვდილო საფრთხე უნგრეთისთვის." კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "სანდო მტკიცებულებები არ არსებობს", თუმცა მაინც გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამაში უკრაინა იყოს ჩარეული. ამ ვერსიას მტკიცედ უარყოფს სერბეთის სამხედრო დაზვერვა. ამ უწყების წარმომადგენელმა დურო იოვანიჩმა განაცხადა, რომ „არ არის სიმართლე, რომ უკრაინელები ცდილობდნენ ამ საბოტაჟის მოწყობას". ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები უარყო. „უკრაინა ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის რუსეთის „ცრუ დროშის ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ფართომასშტაბიანი ჩარევის ნაწილია,“ - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ უნგრეთში მილსადენ TurkStream-ს სამხედროები დაიცავენ. სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა სერბეთის, თურქეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებთან და ისინი „შეთანხმდნენ, რომ მილსადენი უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე.“ ორბანი 6 აპრილს ჩავიდა სერბეთის საზღვართან, სადაც გადის ხსენებული ინფრასტრუქტურა. ხსენებული ინციდენტის ფონია უკვე არსებული დაძაბულობა ენერგეტიკის ირგვლივ. ბუდაპეშტი კიევს ედავება მილსადენ "დრუჟბას" ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, რაშიც უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ მილსადენი რუსეთის დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა. ექვს დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია. წინასწარი კვლევების მიხედვით, ორბანის ძალამ შესაძლოა,არჩევნები წააგოს.
ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი შეთანხმებაზე არ წამოვა, „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება.“ ტრამპის თქმით, შესაძლოა, „რევოლუციურად საოცარი რამ“ მოხდეს. „დღეს ღამით, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება. თუმცა ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ხარgის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, იტყობინება 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტო Axios-ი, აშშ-ის მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით. ირანის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში. ამავე რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა გადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად. იტყობინება NOURNEWS-ი. რკინიგზაზე თავდასხმის შესახებ იტყობინებიან ყაზვინიდანაც - ETEMADONLINE-ის ცნობას ავრცელებს Reuters-ი. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქალაქ ქაშანთან საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ქაშანი პოპულარული ტურისტული ცენტრია.საჰაერო დარტყმის შედეგად თეირანში მნიშვნელოვნად დაზიანდა სინაგოგა. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაბომბვა ღამით მოხდა. თავდასხმაში ისრაელის საჰაერო ძალები დაადანაშაულეს. ვიდეოში ნაჩვენებია თითქმის მთლიანად დანგრეული შენობა ვიწრო ჩიხში, ასევე გაწმენდითი სამუშაო. ისრაელის სამხედროებმა 7 აპრილს ირანის მოსახლეობას მოუწოდეს, არ ისარგებლონ მატარებლით: ამ დროიდან ირანის დროით საღამოს 9 საათამდე, მატარებლებში და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა პრესსპიკერმა. თავის მხრივ, ირანს საპასუხო იერიშები მიაქვს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების და ისრაელის ობიექტებზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯას ხელისუფლების ცნობით, თურაიას ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციულ შენობას ირანის რაკეტა მოხვდა. შარჯას ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ორი. დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ პირობებს 7 აპრილამდე უნდა დათანხმდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დაბომბვა ელის. ტრამპი მოითხოვს, ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე. ირანის ომის ფონზე რუსეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ ქვეყნისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა რუსეთისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა და რომ მოსკოვს აქვს პოტენციალი, სწრაფად გაზარდოს ენერგიის, რესურსებისა და საკვების გლობალური ექსპორტი. ამავდროულად, შიდა ბაზრის დაცვა რუსეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განაცხადა მიშუსტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება გლობალური ნავთობის ფასების ზრდისგამო. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ ღამით დარტყმების შესახებ განაცხადა. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს არღვევს, დროა, ეს კონფლიქტი დასრულდეს. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ. ირანში ხიდის აფეთქების შემდეგ, ტრამპმა სამიზნედ ელექტროსადგურები დაასახელა
IRGC ამერიკის მოკავშირეებს ნავთობისა და გაზის შეწყვეტით ემუქრება, თუ „აშშ წითელ ხაზებს გადაკვეთს“
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ თეირანმა „კეთილმეზობლობის“ გამო დღემდე მნიშვნელოვანი თავშეკავება“ და „სიფრთხილე გამოიჩინა საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეების შერჩევისას.“ „ამ მომენტიდან ყველა ასეთი მოსაზრება გვერდზე გადაიდება,“ - ნათქვამია სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში. IRGC ასევე აცხადებს, რომ თუ აშშ-ის სამხედროები „წითელ ხაზებს გადაკვეთენ, თეირანის პასუხი რეგიონის ფარგლებს გასცდება და რომ თეირანი მიზანში ამოიღებს აშშ-სა და მისი პარტნიორების ინფრასტრუქტურას და წლების განმავლობაში შეაფერხებს რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას.“ ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო
თურქეთის ხელისუფლებამ დაადგინა სამი თავდამსხმელის ვინაობა, რომლებმაც დღეს სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან ახლოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. „ტერორისტების ვინაობა დადგენილია. დადგინდა, რომ იზმითიდან დაქირავებული ავტომობილით სტამბოლში ჩასულ ერთ-ერთ პირს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას ექსპლუატაციას უწევს,“ - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. თავდამსხმელებიდან ორი ძმები იყვნენ, რომელთაგან ერთი წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე იყო ნასამართლევი. ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა თავდამსხმელების სამიზნე ისრაელის საკონსულო. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ორი პოლიციელი დაიჭრა და თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ორი განეიტრალებულია. საქმეს სტამბოლის პროკურატურა იძიებს. სტამბოლში ისრაელის საკონსულო ორ წელზე მეტია დაკეტილია. თურქეთს და ისრაელს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმის პასუხად, 2023 წლის ოქტომბერში ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერდოღანმა ნეთანიაჰუს ომის დანაშაულში დასდო ბრალი.
უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტს ეწვია
უნგრეთის არჩევნების წინ, ვენსი ბუდაპეშტში ვიზიტის დროს ორბანს მხარდაჭერას უცხადებს და ევროკავშირს აკრიტიკებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა კვირას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარი დაუჭიროს. ჯეი დი ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა. ორბანი იმედოვნებს, რომ ვენსის ვიზიტი საკმარის შთაბეჭდილებას მოახდენს გადაუწყვეტელ უნგრელ ამომრჩევლებზე. 12 აპრილის არჩევნები ორბანის თითქმის 40-წლიანი პოლიტიკური კარიერის ურთულეს გამოწვევად ითვლება. 2010 წლიდან მან ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო. დღევანდელი ვიზიტის შესახებ სიიარტომ განაცხადა, რომ "ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების ოქროს ხანაა" და რომ 1991 წლის შემდეგ, ეს უნგრეთში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პირველი ვიზიტია და აშშ-ის უმაღლესი დონის ვიზიტი 2006 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს. „როგორც ვიცი, ერთ კვირაში უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით ვიქტორ ორბანის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო. ვენსის თქმით, ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ დამანგრეველი კონფლიქტის დასასრულებლად ყველაზე მეტს აკეთებენ.“ „თქვენი ლიდერობა მშვიდობის მიღწევისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და თქვენ გაცილებით კონსტრუქციული პარტნიორი ხართ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ნებისმიერი მსოფლიოს სხვა წერტილში,“ - მიმართა ვენსმა ორბანს. კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა აშშ უნგრეთის სხვა მთავრობასთან, ვენსმა უპასუხა, რომ დიახ, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს. ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა უნგრეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, Tisza-ს ლიდერი პეტერ მადიარი. "არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში - ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე. ხუთი დღე დარჩა!" - წერს მადიარი სოციალურ ქსელში. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს. როგორც ცნობილია, ორბანის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა. ტრამპმა ორბანს უნგრეთის პრემიერად ხელახლა არჩევისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს
ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფოებს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების დასაცავად, კოორდინირებული ძალისხმევისკენ მოუწოდებდა. აშშ-ის ელჩმა მსოფლიო ორგანიზაციაში, „პასუხისმგებელ ერებს“ მოუწოდა, შეუერთდნენ აშშ-ს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალსატევის უსაფრთხოების საკითხში. 15-წევრიან უშიშროების საბჭოში ბაჰრეინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელსაც აშშ-მაც დაუჭირა მხარი, 11-მა წევრი მიემხრო, ორი - ჩინეთი და რუსეთი - წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა [პაკისტანმა და კოლუმბიამ] თავი შეიკავა. ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს „არავინ უნდა შეეგუოს ამას. ისინი გლობალურ ეკონომიკას იარაღის მუქარით აკავებენ. მაგრამ დღეს რუსეთი და ჩინეთი ამას ეგუებიან. მათ მხარი დაუჭირეს რეჟიმს, რომელიც ცდილობს სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინებას და დამორჩილებას, მაშინაც კი, როდესაც ის საკუთარ ხალხს სასტიკად ეპყრობა,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმა. ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო მაინც გამოიყენეს მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინმა თავისი რეზოლუციის პროექტი მნიშვნელოვნად შეასუსტა მას შემდეგ, რაც ჩინეთი წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენების ნებართვის გაცემაზე. კენჭისყრაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საზღვაო მარშრუტის დასაცავად, ძალის გამოყენების ნებისმიერი ნებართვა გაუქმდა. ასევე გამოტოვებული იყო სავალდებულო აღსრულების აშკარა მითითება, რომელიც ადრეულ პროექტში იყო შეტანილი. რეზოლუციის ტექსტი მკაცრად მოუწოდებდა სახელმწიფოებს, თავდაცვითი ძალისხმევის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ, გარემოებების შესაბამისად, რათა ხელი შეეწყოთ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ასეთი წვლილი შეიძლება, მოიცავდეს „სავაჭრო და კომერციული გემების ესკორტს“ და „ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნავიგაციის უგულვებელყოფის, შეფერხების ან სხვაგვარად ჩარევის მცდელობების თავიდან აცილების მხარდაჭერას.“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. თეირანმა გლობალურად მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო სრუტეზე ბლოკადა დააწესა.
ტრამპი: თანახმა ვარ, ორი კვირით შევაჩერო ირანის დაბომბვა, ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დათანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა, „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“. დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. „პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!,“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს. „მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებას. „ბევრი დადებითი ქმედება იქნება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს შეუძლია, რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ყველანაირი მარაგით შევავსებთ და უბრალოდ, „შორიახლოს ვიქნებით“, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ისევე, როგორც ეს აშშ-ში ხდება, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა იყოს!!!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე „იდეალურად იზრუნებენ.“ „სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი,“ - აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით. კითხვას, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. „ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას,“ - განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ირანის უმაღლესი უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2-კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გემები უსაფრთხო გადაადგილებას "ტექნიკური სირთულეების გამო" ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში შეძლებდნენ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კი, თავის მაყურებელს აცნობა ტრამპის განცხადების შესახებ, რომელიც „ანტიირანული რიტორიკიდან დამამცირებელ უკან დახევად" შეაფასა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა 8 აპრილს განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანზე დარტყმები ორი კვირით შეჩერდეს იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა ირანი ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს ამერიკის, ისრაელის, ირანის მეზობელი არაბული ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის და შეერთებულმა შტატებმა ისრაელს განუცხადა, რომ ეს მიზანი აქვს მომავალ მოლაპარაკებებსაც. ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე. Reuters-ის წყაროების ცნობით კი, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება და ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა. ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით იერიშები გაგრძელდა ისრაელსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ უახლოეს საათებში აშშ მცირე ზომის იერიშებს მოელოდა, რადგან განადგურებული საკომუნიკაციო ხაზების ფონზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედა დანაყოფებისთვის ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების გადაცემას დრო დასჭირდებოდა. მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივება სთხოვა. შეჰბაზ შარიფმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით, მხარეებს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა, რათა „დიპლომატიამ ომის საბოლოო დასრულება შეძლოს,“ "გულწრფელად მოვუწოდებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი კვირით გაახანგრძლივოს ვადა,“ - წერდა შარიფი. მან ირანსაც მოუწოდა, ამ ორკვირიან პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნას. „პაკისტანი, სრული გულწრფელობით, მიმართავს ირანელ ძმებს, გახსნან ჰორმუზის სრუტე შესაბამისი ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში კეთილი ნების ნიშნად,“ - წერდა X-ზე პაკისტანის შარიფი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AFP-სთან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისიც თქვა, რომ მისი შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ ირანს კულისებში ჩინეთმაც მოუწოდა. აღსანშნავია, რომ შესაბამისი ინფორმაცია 3 ირანელ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა New York Times-მა. Associated Press-ი კი, ინფორმირებულ წყარზე დაყრდნობით წერს, რომ 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფაგლებში, ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციული გემებისგან გადასახადის აკრეფის უფლება ეძლევათ. წყაროს განცხადებით, ირანის მიერ მიღებული თანხები აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. გარდა ამისა, როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პაკისტანში დაგეგმილი მომავალი მოლაპარაკებების დროს აშშ მტკიცედ დაიცავს პოზიციას და მოითხოვს, რომ ირანმა ქვეყნიდან სრულად გაიტანოს ყველა ბირთვული მასალა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, "აღმოფხვრას ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და სხვა." ცნობისთვის, Axios-ის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა. ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93 დოლარს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით, დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი დღის განმავლობაში ნავთობის ფასის ყველაზე დიდ ვარდნას წარმოადგენს, თუმცა ნავთობის ფასები კვლავ მაღალია იმასთან შედარებით, რაც კონფლიქტის დაწყებამდე, 28 თებერვალს იყო. იმ დროს, ბარელი დაახლოებით 70 აშშ დოლარი ღირდა.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია
გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვა. ხსენებული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. „სინანული რომ ახალგაზრდა ადამიანი გიგა ავალიანი არასრუწლოვანი ბრალდებულების ქმედებით დაიღუპა, არ არის… ერთი სიტყვა მომხდართან დაკავშირებით არ მომისმენია, სინანული არის იმაზე, რომ ციხეში არიან და არა იმაზე, რაც მოხდა. მობილური ტელეფონით გადაიღეს, სასწრაფოში არ დაურეკავთ ამ ტელეფონით, მიზანი იყო ადამიანი რომელიც დააზიანეს, გადაეღოთ… ყოველივე ეს სისასტიკეზე მიუთითებს და არანაირი სინანული ქმედების დროს, სასამართლოს განმავლობაში და დასკვნით სიტყვაში არ მოგვისმენია… მოვისმინეთ ბევრი შეურაცხმყოფელი დაზარალებულის ოჯახის მიმართ…მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს დაზარალებულის ოჯახის წევრებს თვალებს უქაჩავენ და ასეთ ქმედებებს ჰქონდა ადგილი... სასჯელი, რომელსაც გამოვაცხადებ, იქნება დამაფიქრებელი ყველა იმ მერყევი ელემენტისთვის, რომელსაც აგრესია ნორმად მიაჩნია. მოკვდინება მხოლოდ ფიზიკურად არ ხდება, სიტყვითაც ხდება და იმედია, ამას გაითვალისწინებენ სოციალურ ქსელში თუ სხვაგან,“ - განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა სხდომაზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი, 6 წელსა და 9 თვეს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთი მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების მიმართ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების“ სისტემაში. ავალიანის დედა ამ განაჩენით კმაყოფილია. „მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა დღეს ჩემი მდგომარეობა თავის ბოლო ნაწილში... ველოდები სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე... გიგას წაართვეს სხეული, ნიკას [მეორე შვილს] წაართვეს სული და ჩააყოლეს სამარეში - მე ორ შვილს ვტიროდი. მე უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ღირსებისთვის. მადლობა რომეო ტყეშელაშვილს!“ - თქვა ეკა კუპატაძემ. ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ "დიდი დიღმის" ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაო უახლოეს დღეებში დაიწყება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოს ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაო დაიწყება. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი, შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოს ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები,“ – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა
რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ერდოღანმა
თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მხარეებმა ირან-აშშ-ს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რეგიონში არსებული უფრო ფართო მოვლენები განიხილეს. თურქული სოციალური მედიის პლატფორმა NSosyal-ზე გავრცელებული განცხადებით, ორმა ლიდერმა განიხილა რეგიონში არსებული უახლესი ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება სამშაბათს ღამით გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტაზე გამახვილდა. ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა ზავით და აღნიშნა, რომ 40-დღიანი რთული პერიოდის შემდეგ, ორკვირიანი ფანჯარა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ წინსვლისთვის. მან ხაზი გაუსვა ამ პერიოდის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს მხარდაჭერას მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან, განსაკუთრებით პაკისტანთან, დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მოგვარებას. როგორც ცნობილია, თურქეთმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, რომელიც მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, სამედიცინო მარაგებით, მათ შორის, ფარმაცევტული საშუალებებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული სატვირთო მანქანები უკვე ირანისკენ გაემგზავრნენ.
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო ლიბანი. ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან დაკავშირებით შენელდება, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობაა, არამედ - ისრაელის კეთილსინდისიერებით შეერთებული შტატების მიმართ, ასევე, ირანთან მოლაპარაკებების „წარმატების“ სურვილით. „შეხედეთ, თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს კონფლიქტში, ლიბანის გამო - რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო - შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო, ეს საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია,“ - აღნიშნა ვენსმა. მისი შეფასებით, ირანთან „ლეგიტიმური გაუგებრობა“ მოხდა, რომელმაც, შეცდომით გაიგო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში იქნებოდა. „ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა და ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე მოხდებოდა,“ - აღნიშნა ვენსმა. "ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანზე იქნებოდა ორიენტირებული, ის ამერიკის მოკავშირეებზე როგორც ისრაელზე, ასევე, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე იქნებოდა ორიენტირებული,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, აშშ არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, დარჩენილ მიზნებს ისრაელი ან შეთანხმების მეშვეობით ან ომის განახლებით მიაღწევს. "ჰეზბოლას გამო. შეთანხმება მათ არ მოიცავს. ესეც მოგვარდება. ყველაფერი რიგზეა," - თქვა თავის მხრივ, ტრამპმა. "ეს შეთანხმების ნაწილია, ყველამ იცის ეს. ეს განცალკევებული დაპირისპირებაა." - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიესალმება თუ არა ისრაელის იერიშებს.
რატომ არის საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
Reuters-ის წყაროს ცნობით, ირანმა დაარტყა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენს, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას სწორედ ამ გზით გააქვს ნავთობი მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად დაკეტილია. ამ დროისთვის ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ ფასდება. წყაროს თქმით, თავდასხმის დროს სხვა ენერგეტიკული ობიექტებიც იყო სამიზნე, რაც ზრდის რისკს, რომ ნავთობის მიწოდება გართულდეს და ენერგომატარებლების ფასები კიდევ გაიზარდოს. ირანმა დააზიანა საუდის მთავარი ალტერნატიული ნავთობის მარშრუტი. დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერ უცნობია. წყაროების მიხედვით, იანბუს პორტში ნავთობის ჩატვირთვა გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანება შესაძლოა, კრიტიკული არ აღმოჩნდა. ზარალის შეფასება მიმდინარეობს. ხსენებულ პორტი ერთადერთი გამოსავალია საუდის არაბეთის ნედლი ექსპორტისთვის, რადგან ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო დახურვა, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორისგან ექსპორტს აფერხებს. Reuters-ის ცნობით, ლიბანზე ისრაელის დარტყმები საფრთხეს უქმნის ირანში ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს ცნობისთვის, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი (East-West pipeline) არის დიდი მილსადენი, რომელსაც ნავთობი ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადააქვს. ის იწყება სპარსეთის ყურის მხარეს, სადაც საუდის არაბეთის ნავთობის მთავარი საბადოებია. გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მთავრდება წითელი ზღვის პორტ იანბუში. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ნავთობის გატანა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით არის შესაძლებელი — კერძოდ, ეს არის ალტერნატიული მარშრუტი, თუ სპარსეთის ყურეში გადაადგილება რთულდება.