ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულია ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ.  

ტრამპთან სამიტის შემდეგ, სი ძინპინი პუტინს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღო. აეროპორტში პუტინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი დახვდა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება. მისი ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.“ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორი მხარე გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას, „მსოფლიოსთვის მეტი სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის მისაცემად.“ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Sinhua წერს, რომ ეს არის ვლადიმeრ პუტინის ოცდამეხუთე ვიზიტი ჩინეთში და რომ 2026 წელს აღინიშნება ჩინეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30-ე წლისთავი. სააგენტოს სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ, პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ „დიდი ხანია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს. მისივე თქმით, „მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მუხლების დასაცავად, მათი მთელი სისრულით, ერთობლიობითა და ურთიერთკავშირით, მხარს უჭერენ აქტიურ თანამშრომლობას გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიქსისა და სხვა მრავალმხრივი სტრუქტურების ხაზით, რითაც წვლილი შეაქვთ მსოფლიო და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.“ 14 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაში, ასევე, გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის მოწოდებით და განაცხადეს, რომ არცერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სრუტეში გავლაზე ბაჟი დააწესოს. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია. ტრამპის ვიზიტის დროს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვთ და რომ ისინი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა — მეტოქეები.“ ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაზე. პეკინი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის განმუხტვის პერიოდი დაიწყება.  

აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წარუდგინა

აშშ-ის მთავრობამ კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. მას ბრალს სდებენ 1996 წელს ორ თვითმფრინავზე სასიკვდილო თავდასხმის ორგანიზებაში, რის შედეგადაც, აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ. 94 წლის კასტროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.  

ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები ცნობილია

ბაქო-თბილისი-ბაქოს რკინიგზით მგზავრობის ტარიფი ცნობილია. ფასი მანძილისა და კომფორტის კლასის მიხედვით განისაზღვრა. ფასები 30 აშშ დოლარიდან იწყება. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 2026 წლის 26 მაისიდან განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის მატარებლები ბაქოდან ყოველდღიურად, 23:10 საათზე გავა და თბილისში, 08:41 საათზე იქნება, ასევე, თბილისიდან მატარებელი 21:00 საათზე გავა და ბაქოშ 06:24 საათზე ჩავა. ხსენებული მარშრუტის მატარებლები გაჩერდებიან ბაქოს რკინიგზის სადგურზე; ბილაჯარის, ევლახის, განჯის, აღსტაფის და ბოიუკ კესიკის სადგურებზე აზერბაიჯანში, ასევე, გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე საქართველოში. აღდგენილი მარშრუტი შვეიცარიული „Stadler Rail Group“-ის ბრენდის თანამედროვე მატარებლებით შესრულდება. საქართველომ და აზერბაიჯანმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებებს მოაწერეს ხელი  

აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის — ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გნცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა ერთი კვირის წინ გადადო პოლონეთში 4 000 ამერიკელი სამხედროს როტაცია. „პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი. აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, იყო თუ არა ჯარისკაცების გაგზავნა, წინა დაგეგმილი განლაგების ნაწილი თუ ეს სხვა ოპერაციაა. თეთრმა სახლმა ბოლო კვირების განმავლობაში მიანიშნა, რომ ევროპაში ჯარისკაცების საერთო რაოდენობის შემცირებას აპირებს — „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის ფარგლებში. ამ თვის დასაწყისში აშშ-მ ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანდა ირანთან ომის გამო. ტრამპმა უფრო ადრე გააკრიტიკა მერცი მისი ვარაუდის გამო, რომ აშშ ირანელმა მომლაპარაკებლებმა „დაამცირეს.“  ის ასევე აკრიტიკებდა ვაშინგტონის NATO-ელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ს, ირანზე ზეწოლაში.  

აშშ-ის ატომური ავიამზიდი კარიბის ზღვაში შევიდა

აშშ-ის სამხრეთმა სარდლობამ განაცხადა, რომ ატომური ავიამზიდი Nimitz სამხედრო ხომალდების თანხლებით, კარიბის ზღვაში შევიდა. „USS Nimitz-მა დაამტკიცა თავისი საბრძოლო ოსტატობა მთელ მსოფლიოში, უზრუნველყო სტაბილურობა და იცავდა დემოკრატიას ტაივანის სრუტიდან არაბეთის ყურემდე,“ - ნათქვამია აშშ-ის სარდლობის მიერ X-ზე განთვსებულ პოსტში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კასტროსა და რამდენიმე კუბელი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა, ავიამზიდის განლაგების ფონზე კი, კუბის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია გამორიცხა. შეგახსნენებთ, ვაშინგტონმა კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს ბრალდებები წაუყენა. საქმე ეხება 1996 წლის მოვლენებს, როდესაც კუბის საჰაერო ძალებმა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჯგუფი დააარსეს კუბელმა ემიგრანტებმა, რომლებიც ქვეყნიდან ზღვით გაქცეული კუბელების მოსაძებნად ავიაციას იყენებდნენ. Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის მიერ რაულ კასტროს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, „კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის სერიოზული ესკალაციაა.“ თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. 2026 წლის დასაწყისში ვაშინგტონმა კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა. ამ ფონზე,  რეგულარულად ითიშება ელექტროენერგია. საწვავის დეფიციტის გარდა, კუბელები საკვების და სხვა მრავალი აუცილებელი საქონლის დეფიციტსაც განიცდიან.  

„მწვანე ბარათზე“ განაცხადის შეტანის წესში ცვლილებაა

აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა „მწვანე ბარათის“ მისაღებად, განაცხადი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა შეავსონ. აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურმა ახალი წესის შესახებ გამოაცხადა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აშშ-ში იმყოფებიან და რომლებსაც „მწვანე ბარათის“ მიღება სურთ, განაცხადის შეტანა საკუთარი ქვეყნიდან მოუწევთ და არა აშშ-დან. აქამდე მოქალაქეებს შეეძლოთ აშშ-ში ყოფნისას შეეცვალათ სტატუსი და იქვე მიეღოთ მუდმივი ბინადრობა („Adjustment of Status“). ახალი პოლიტიკა ამ პრაქტიკას ზღუდავს და მოქალაქეს საკონსულო პროცედურის გასავლელად, უკვე სამშობლოში დაბრუნებას ავალდებულებს. ახალი წესი განსაკუთრებით ეხება დროებითი ვიზით მყოფ ადამიანებს — სტუდენტებს, სამუშაო ვიზის მფლობელებს (მაგალითად H-1B), ტურისტებს და სხვებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკა შეიძლება, ოჯახების დაშორებისა და ზოგი ადამიანისთვის საფრთხის შემცველიც კი გახდეს. ახალ წესში წერია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ გამონაკლისები შეიძლება, დაუშვან, მაგრამ ეს პუნქტი ჯერ ზუსტად არ არის განმარტებული. ასევე ბოლომდე გარკვეული არ არის: იმოქმედებს თუ არა ახალი წესი უკვე შეტანილ განაცხადებზე, რამდენ ხანს მოუწევთ ადამიანებს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ყველა კატეგორიას ერთნაირად ეხება თუ არა ახალი პოლიტიკა.  

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი გადადგა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. თავის გადადგომის წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, გაბარდი აღნიშნავს, რომ ის გადადგომას ითხოვს, ვინაიდან მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლების კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინა. გაბარდმა მოგვიანებით X-ზე გამოაქვეყნა გადადგომის შესახებ წერილი.  მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაბარდმა შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო“, მის მეუღლეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ გაბარდის პირველი მოადგილე, აარონ ლუკასი შეასრულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობებს. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულსი გაბარდი თეთრმა სახლმა აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. Reuters-ის წყაროების ცნობით, ტრამპი, ირანთან ომის გამო მზარდი ზეწოლის ფონზე, კაბინეტის ცვლილებების გაგრძელებას გეგმავს. სააგენტოს ერთ-ერთი წყარო იტყობინება, რომ ტრამპმა ბოლო თვეებში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორად 2025 წლის თებერვალში დაინიშნა. გაბარდი არ ემხრობოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხო ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკურ კონფლიქტებში.   

გარი კასპაროვი რუსეთში, საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს

რუსული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. კასპაროვს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (ტერორიზმის საჯაროდ გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით). მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილით (უცხოეთის აგენტის საქმიანობის წესის დარღვევა). რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გარი კასპაროვი „უცხოური აგენტების“ სიაში 2022 წელს შეიყვანა. გარი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ის რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის, აშშ-ის მედიით, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.    

რუსეთმა სომხური „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა

რუსეთმა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა. „„როსპოტრებნადზორმა“ დააწესა დროებითი სანიტარული ზომა „ჯერმუკის“ მინერალური წყლის ყველა პარტიის რუსეთში იმპორტისა და დისტრიბუციის შეჩერების მიზნით. აღნიშნული პროდუქტები არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება, გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება,“ – ნათქვამია განცხადებაში. უფრო ადრე, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურსათის უვნებლობის ინსპექციის (FSIB) მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებით, მინერალური წყალი „ჯერმუკი“ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.  

მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად საგზაო რუკა მომზადდება.  „სტამბოლში ჩავატარეთ მესამე მინისტერიალი „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ. შევთანხმდით, რომ მოვამზადოთ საგზაო რუკა, რომელიც დააჩქარებს პროექტის განხორციელებას. ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკულ კავშირებს ეფუძნება,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე.  

ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა, რაც მისი თქმით, რეგიონული კავშირისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სატრანსპორტო კავშირი მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც ქვეყანას უფრო მჭიდროდ აკავშირებს მრავალ რეგიონულ ბაზართან. „სიხარულით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. სომხეთს ამჟამად აქვს რკინიგზით წვდომა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ხოლო შემდგომ ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. სომხეთს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის გავლით გამავალი რკინიგზის საშუალებით. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - წერს ფაშინიანი. სომხეთი ნახიჩევანის გავლით თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირის დამყარებას გეგმავს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სარკინიგზო კავშირების დამყარებაა მოსალოდნელი, მათ შორის, დაგეგმილია სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტების გახსნა, ასევე, სომხეთ-ირანის რკინიგზის ამოქმედება, რომელიც ნახიჩევანზე გადის. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია TRIPP პროექტის განხორციელებასთან, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ასეთი რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.  

რუსეთი კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი შეიარაღებული ძალები კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამს. ამავე განცხადების მიხედვით, დარტყმები განხორციელდება უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სამეთაურო პუნქტებზეც. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებს კიევში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისის ღამით სტარობელსკზე მიტანილმა იერიშმა "მოთმინების ფიალა აავსო."  დარტყმას ქალაქ სტარობელსკზე, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. იერიშის შედეგად, დაინგრა პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის სტუდენტია, მათი ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. დაღუპულთა სიებში არასრულწლოვნები არ არიან, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია აქტიურად საუბრობს, რომ დარტყმა "ბავშვებზე" განხორციელდა. პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო დარტყმების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინოს. უკრაინის განმარტებით, სტარობელსკში იერიში რუსეთის ქვედანაყოფის, "რუბიკონის' სამეთაურო პუნქტზე განხორციელდა.  მოსკოვი "უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს" მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი, უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს კი მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს."  „იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე 24 მაისის ღამით, რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მიიტანა მასშტაბური იერიში უკრაინის დედაქალაქზე. დაინგრა ან დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 4 მოქალაქე. ეს მასირებული საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი. 23-24 მაისს მოსალოდნელი მასირებული თავდასხმისა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების საფრთხის შესახებ უკრაინის დაზვერვა, პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის საელჩო იერიშის წინა დღეს აკეთებდნენ განცხადებებს.  

მარკო რუბიო სომხეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანისა და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც, ისინი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.  

ფაშინიანი: მალე ავაშენებთ მაგისტრალს — უმოკლეს გზას, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს

„ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნით, ჩვენ დავასრულეთ სომხეთის განბლოკვის პირველი ეტაპი და ახლა გვაქვს სარკინიგზო კავშირი აღმოსავლეთთან და დასავლეთთან.“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერის თქმით, ეს პირველი ეტაპია და წინ დიდი პროექტებია, მათ შორის, TRIPP-ის განხორციელება და მეღრის გავლით რკინიგზის განბლოკვა. „TRIPP ფუნქციონირებას ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების საფუძველზე დაიწყებს. TRIPP სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და განბლოკვის ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. სიუნიქი მშვიდობის გზაჯვარედინად იქცა,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „ჩვენ ვემზადებით ახურიკ-აკიაკის რკინიგზის გახსნისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებმა სომხეთში განაგრძეს ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც შირაქის, ლორის და ტავუშის რეგიონებში გაივლის. რკინიგზის პარალელურად, მალე დავიწყებთ მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახდება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „საზღვარგარეთ დაკავებულ მოქალაქეებს არმია დაიცავს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაურს საზღვარგარეთ დაპატიმრებული მოქალაქეების დასაცავად არმიის გამოყენება შეუძლია. გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია. 2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას. კანონი სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლებრივი ან სხვა დევნის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გასცეს.  

ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მილოცვის ტექსტს ქართულ მხარეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამია, რომ ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში,“ – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.  

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში მოქმედი სამი კომპანია დაასანქცირა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. „ჩვენ ასევე სამიზნეში ვიღებთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სანქცირებულთა სიაში არიან კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან. ეროვნული ბანკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციები საქართველოში დაფუძნებულ ამ კომპანიებს დაუწესდა: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC.  

ზელენსკი: საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ზელენსკის თქმით, უკრაინას ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი აქვს და ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის. „ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი გვაქვს და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის  

ყაზახეთი მზადაა, ბაქო-სუფსით ნავთობის ექსპორტის საკითხი განიხილოს

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის სხვადასხვა დამატებით მარშრუტს, მათ შორის, ბაქო-სუფსის მილსადენით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა იერლან აკენჟენოვმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისგან ამ მარშრუტთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებები ჯერ არ მიუღიათ. 2026 წლის მაისში აზერბაიჯანი და საქართველო ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების განახლებაზე შეთანხმდნენ. ხსენებული საექსპორტო მარშრუტი, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის ნავთობის საბადოების ბლოკიდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი, ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა. მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია (145,000 ბარელი დღეში). ამ მიმართულებით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის გაზაფხულზე შეჩერდა.