ძებნის რეზულტატი:
მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
მოლდოვას პარლამენტმა პარასკევს გამართულ შეხვედრაზე, ხმების უმრავლესობით, დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნატალია გავრილიცას ხელმძღვანელობით, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ იგორ გროსუმ. პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილ მთავრობას მხარი 61 დეპუტატმა დაუჭირა და მას 101-ადგილიან პარლამენტში 63 მანდატი აქვს. "დღევანდელ მთავრობას აქვს უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია, ხალხს დაანახოს, რომ მოლდოვას რესპუბლიკას მართავენ პატიოსანი ადამიანები, კეთილგანწყობილი ადამიანები", - განაცხადა 43 წლის პრემიერმა გავრილიტამ. გავრილიტამ პირობა დადო, რომ მომავალ კვირას გამართავს მთავრობის პირველ შეხვედრებს, რათა მინისტრთა კაბინეტმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა. ამავდროულად, გავრილიტას მთავრობა გახდება უფრო დიდი ვიდრე ამჟამინდელი კაბინეტი, მას ექნება 13 სამინისტრო ცხრის ნაცვლად. ინფორმაციისთვის, ახალი მთავრობა მას შემდეგ წარადგინეს, რაც სანდუს მიერ დაფუძნებულმა პროდასავლურმა და მემარჯვენე პარტიამ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ივლისში ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა.
კელი დეგნანი: ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტურია. მოქალაქეებს მოვუწოდებ, იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად. “ახალციხეში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმუნიზაციის პროცესსა და ვაქცინების ადმინისტრირებას გავეცანი, რომელიც ძალიან კარგადაა ორგანიზებული. მიხარია, რომ აცრის გასაკეთებლად ბევრი ადამიანია მოსული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს "pfizer"-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა აჩუქა და ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტურია. მოვუწოდებ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ,“- განაცხადა კელი დეგნანმა. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა , რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. „წინა ვიზიტთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მიხარია , რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან პედაგოგები და სტუდენტები. ეს მნიშვნელოვნად აისახება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე.მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას იმისათვის, რომ ენდო ჯანდაცვის სამინისტროს და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.
ISFED-ი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშსს აქვეყნებს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშსს აქვეყნებს. არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1-ელ ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა: არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა. ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმაცესკოს თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია, თუმცა დაბალილეგიტიმაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებენუფლებამოსილებას. საარჩევნო რეფორმის მთავარ მიზანს, ადმინისტრაციისდაკომპლექტების წესის ცვლილების ნაწილში ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლებაწარმოადგენდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერმოხერხდა. ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობის(თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარეგანხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალინდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნოადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობისნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის,კვლავ გადაუჭრელია. წინა არჩევნების მსგავსად, კვლავაც აქტუალურია ამომრჩევლების გულის მოსაგებად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და მათი განხორციელების დამთხვევა უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, რაც ამომრჩევლის ნებით შესაძლო მანიპულირების საფრთხეს შეიცავს. ამგვარ მასშტაბურ აქციას წარმოადგენდა კორონავირუსის პრევენციისათვის შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ფიზიკური და იურიდიული პირების დაკისრებული ჯარიმებისგან (76 მილიონი ლარის ოდენობის) გათავისუფლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება. საანგარიშო პერიოდში სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია ძირითადად რეგიონებში გამოვლინდა. ზეწოლის და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა და საჯარო შეხვედრებზე დაბრკოლებების და საოფისე ფართებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში გამოიხატა. განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო. მედიასაშუალებებისათვის მუშაობაში ხელშეშლა ნეგატიურად აისახება ამომრჩევლების უფლებაზე, მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური/საარჩევნო პროცესების შესახებ, შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებზე ზეწოლის 2 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 7; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 2; სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების - 2; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 4; მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის - 4; ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 შემთხვევა. გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია. ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, ISFED-ის ანგარიშში სრულიად აბსურდული ჩანაწერებია გამოქვეყნებული. კობახიძე მოუწოდებს ორგანიზაციას, "საკუთარი საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ". "პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ოპოზიციისთვის, რომ მათ ემტკიცებინათ, რომ არჩევნები არ გაყალბდა, რაც იყო სრული ფარსი და გაყალბებულმა პივიტმა რადიკალურ ოპოზიციას ამაში ხელი შეუწყო. სამწუხაროდ, ორგანიზაციამ აქედან დასკვნები ვერ გამოიტანა და მსგავსი ტიპის ქმედებები გრძელდება. რა თქმა უნდა, ისინი პივიტის გაყალბებას ვეღარ გარისკავენ, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც სრულიად აბსურდული ჩანაწერებია მოცემული სხვადასხვა თემაზე. სამართლიან არჩევნებს მოვუწოდებთ, საკუთარი საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათივე რეპუტაციისთვის". - აცხადებს კობახიძე.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვას მერიაში ეხმაურებიან
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად განაგრძოს და ამის პრობლემა არც წარსულში ყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, აქციის მონაწილეების მიერ დასახელებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან უკვე გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული. „ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი მოულოდნელი გაფიცვა, იმიტომ, რომ ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მხრიდან გამოითქვა, ან უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები ან დაწყებული გვაქვს სხვადასხვა ღონისძიების გატარება. რა თქმა უნდა, პირველი მოთხოვნა არის ხელფასთან დაკავშირებით. 2020 წლის დეკემბერში ამ თანამშრომლებს ხელფასი, დაახლოებით, 20%-ით გაეზარდათ. დღესაც და წინა დღეებშიც არაერთხელ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მეორე მოთხოვნას, მერის მოადგილე აცხადებს, რომ სპეცტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია. „ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თვალი დიდი ხანია გავუსწორეთ. ის, რომ „თბილსერვისის“ ტექნიკა ცუდ მდგომარეობაშია, არაერთხელ ვისაუბრეთ. კახა კალაძის მერობის პერიოდში, ამ მიმართლებით, ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაახლოებით, 25 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შევიძინეთ. ასევე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მივაღწიეთ შეთანხმებას, უკვე ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას, გამოცხადებულია ტენდერი და აგვისტოს ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ეს არის საერთაშორისო ტენდერი. სექტემბრში უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და ექვს-შვიდ თვეში, დედაქალაქში 75 ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანა შემოვა, რაც მწყობრიდან გამოსული ტექნიკის ჩანაცვლებას სრულად უზრუნველყოფს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა მიმართულებას, ამ საკითხსაც საფუძვლიანად ვუდგებით. ხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა ავტობუსი ჩანაცვლებულია, ანალოგიური მიდგომა გვექნება აქაც და ამ ტექნიკასაც ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. ანდრია ბასილაიას თქმით, აქციის მონაწილეთა მესამე მოთხოვნა ეკიპირებას უკავშირდებოდა, რომლის შესყიდვაც სატენდერო პირობების გამო გაჭიანურდა. „მესამე პუნქტი ეკიპირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეხებოდა. ეკიპირების შეძენას ყოველ წელს ვახორციელებთ. 2017 წლიდან დღემდე, ხუთ მილიონზე მეტი დაიხარჯა სპეციალური ეკიპირების შესაძენად. წელს სამწუხაროდ, აპრილში გამოცხადებული ტენდერი გასაჩივრდა, შეფერხდა პროცედურები, თუმცა, უკვე ბოლოში ვართ გასული და 10 სექტემბრამდე ეკიპირების მოწოდება მოხდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. შეგახსენებთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.
რუმინეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება
რუმინეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. "ახლა 110-ზე მეტი რუმინელი მეხანძრე და თანამედროვე სახანძრო ტექნიკის შთამბეჭდავი ესკორტი საბერძნეთისკენ მიემართება. ეს არის პირველი ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედება რუმინელების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თავიანთ განცხადებებში ისინი ამბობენ "ჩვენ არ დავტოვებთ საბერძნეთს მარტო ცეცხლის წინაშე! ჩვენ ვართ ჩვენი ბერძენი მეგობრების გვერდით." - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია. ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.
"ვხედავთ სამედიცინო სისტემის კოლაფსის საშიშროებას" - 700-ზე მეტმა ექიმმა მთავრობას ღია წერილით მიმართა
„საქართველოს ექიმთა საზოგადოება“, რომელშიც 5600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, NCDC-ს ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ, თენგიზ ცერცვაძეს მიმართავენ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია სამედიცინო სისტემის კოლაფსი, რომლის გადასაჭრელად საჭიროა რიგი შეზღუდვების დაწესება, ხოლო არსებულის მკაცრი აღსრულება და ჯარიმები. გარდა ამისა, მედიკოსები საჭიროდ მიიჩნევენ პაციენტების ონლაინ-მართვის სისტემის მეტ მოქნილობას, ბიუროკრატიული რგოლების გარეშე. ექიმების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: „ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ; ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო. ჩვენ ვართ ისინი, ვის სახესაც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავენ და ვისი თვალებიც ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება; ჩვენ ვართ ისინი, ვინც თქვენ მიერ დაწესებულ რეგულაციებს ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ და სავარაუდოდ, ხვალ თქვენი ოჯახის წევრის სასთუმალთან ვიდგებით. ვხედავთ რა, საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს, მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში. ასევე ველით კოლეგიალურ, არგუმენტირებულ, წერილობით პასუხს, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით. კითხვა პირველი: რა ჰქვია პანდემიის მართვის იმ მოდელს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ხორციელდება? თავისი რეგულაციებით, უფრო სწორად კი, რეგულაციებზე კონტროლის არარსებობით ძალიან ჰგავს შვედურ მოდელს, რომელზეც, მოსახლეობისა და კოლეგების გაფრთხილების გარეშე, ვფიქრობთ, არ გადახვიდოდით. ამიტომ ლოგიკური კითხვა ექიმებისაგან, რატომ არ მკაცრდება კონტროლი რეგულაციებზე და რატომ ვართ მოსახლეობისა და ანტივაქსერების გონიერების იმედზე? რა თქმა უნდა, არ არის ლოკდაუნზე საუბარი და სწორედ რომ გარდაუვალი არ გახდეს, ამიტომ არის ბევრი სხვა ბერკეტის ამუშავება აუცილებელი. მაგალითად: ● სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია; ● აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი); ● გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ); ● რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარეული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი; ● შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან). ● გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე. ეს მოკლე ჩამონათვალია რეგულაციებისა, რომლებიც ლოკდაუნამდე შეიძლება გატარდეს, რომლებიც იყო შარშან ძალაში და კარგი შედეგიც ჰქონდა. 2020 წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში არსებულმა შეზღუდვებმა დიდი როლი ითამაშა კოვიდ სიტუაციის ეფექტურად მართვაში და დღევანდელ დღეს, ასეთი მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს და კონტროლს რეგულაციებზე? ვაქცინაციის კამპანია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, მაგრამ მე-4 ტალღისგან ვეღარ დაგვიცავს, ამიტომ მხოლოდ აცრების იმედად ყოფნა შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში არ მიგვაჩნია მართებულად. კითხვა მეორე: ეხება ეპიდგამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, რაც პირველი სამი ტალღის დროს საუკეთესოდ ხორციელდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, როგორც კი პორტალზე აისახება ახალი კოვიდ-შემთხვევა, ცენტრის ეპიდემიოლოგი გადასცემს ინფორმაციას ცენტრის დირექტორს და იწყებს ეპიდ-კვლევას, ურეკავს პაციენტს, უხსნის შექმნილ ვითარებას, იკვლევს მის კონტაქტებს. ჯამურ ინფორმაციას კვლავ გადასცემს დირექტორს, დირექტორი ყოველი დღის ბოლოს გადასცემს ინფორმაციას რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრს და პოლიციას, აქ ეპიდემიოლოგის მოვალეობა მთავრდება. რეგიონალური ცენტრიდან ინფორმაცია ყოველდღიურად გადაეცემა სამინისტროს და იქიდან მიდის ონლაინ ოჯახის ექიმებთან. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: 1. ამ პროცესში იკარგება დრო, როგორც მინიმუმ 12 საათი, ბევრი შუალედური რგოლია, ხომ არ ჯობს, ეპიდემიოლოგის ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში იტვირთებოდეს რეგიონის ან პირდაპირ სამინისტროს პორტალზე? ეს მოგვცემს პროცესის დაჩქარების საშუალებას. 2. რაც შეეხება პოლიციას. ვფიქრობ იგი ანგარიშვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყოველდღიური ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალურად გამოყოფილ პირს განყოფილებაში ან ჯანდაცვის სამინისტროში, თუ რა საკარანტინო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში. მაგალითად, რამდენი ასეთი ჯარიმა იქნა ბოლო თვეში გამოწერილი? აუცილებელია, კანონის სრული სიმკაცრით (ვგულისხმობთ რეგულაციებით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას) მოხდეს მათი მხრიდან საკარანტინო წესების დამრღვევი პირების დასჯა. აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ არ ჯარიმდებიან კოვიდ-პაციენტები, რომლებიც ხშირად საღამოობით გარეთ სეირნობენ ან სისხლის ასაღებად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან; უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს სახეზე. ან რატომ არ ხდება კოვიდ-პაციენტების კონტაქტების რეგულარული კონტროლი? ხომ არსებობს ასეთი რეგულაციები, რატომ არ ხდება მათი კონტროლის უზრუნველყოფა? 3. ონლაინ ოჯახის ექიმები, რომლებიც კოვიდ-პაციენტებთან დარეკვას ვეღარ ახერხებენ გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, რომ კონტაქტების მოძიებასა და მათ კარანტინში გადაყვანას სრულფასოვნად მოახერხებენ? რატომ არ ვუბრუნებთ ამ უმნიშვნელოვანეს დავალებას ეპიდემიოლოგებს? 4. გახშირდა შემთხვევები, როცა კოვიდ-კონტაქტებს ან საერთოდ არ უკავშირდებიან ან სწრაფი ტესტის აღების შემდეგ მეორე დღეს მუშაობის უფლება ეძლევათ. რას ეფუძნება ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება? კითხვა მესამე: კოვიდის კლინიკურ მართვას ეხება. დავიწყოთ ამბულატორიული სექტორით 1. რატომ არ არის ყველა, უკლებლივ ყველა ოჯახის ექიმი კოვიდის მართვაში ჩართული? რატომ არ ვატრენინგებთ საქართველოში არსებულ ყველა ოჯახის ექიმს და არ ვაძლევთ პაციენტს საშუალებას დაუკავშირდეს თავის, ანუ მისთვის სასურველ ოჯახის ექიმს და თუ ასეთი არ ჰყავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში კოვიდ-ოჯახის ექიმს? ეს ხომ ონლაინ-ოჯახის ექიმებსაც განტვირთავდა და თან პაციენტს კონტაქტი ექნებოდა იმ ექიმთან, რომელსაც მანამდეც ენდობოდა. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობა კოვიდ-ოჯახის ექიმთან ერთად მაინც უკავშირდება მანამდე ნაცნობ პჯდ-ს, ისმენს ხშირად ორ განსხვავებულ აზრს, რაც მის დაბნევას და უნდობლობას განაპირობებს. 2. რატომ არ ტარდება რეგულარული ტრენინგები, თუნდაც ვებინარები პჯდ-თვის? თვეში ერთხელ მოხდეს ონლაინ შეხვედრა, კოლეგებისთვის სიახლეების გაცნობა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს ხომ მათ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებდა?! გერმანიაშიც კი, სადაც ექიმებს განვითარების მართლაც საუკეთესო პირობები აქვთ, მათი უმრავლესობა ფლობს ინგლისურს და შეუძლია ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, აქაც კი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ოჯახის ექიმებს რეგულარულ კონსულტაციებს უწევენ, ვებინარებს უტარებენ და რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება საქართველოში მოღვაწე ოჯახის ექიმს? 3. ჩამოყალიბდეს ბრიგადები 3-4 დღეში ერთხელ ან/და საჭიროების მიხედვით ბინაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად. ამით შემცირდება პაციენტის მხრიდან არსებული ისედაც ემოციური განწყობა, რომელიც თან ახლავს ვირუსის ქონას, შეუმცირდება შიშის ფაქტორი და ამბულატორიული მართვაც ბევრად ეფექტური გახდება. 4. გახშირდა PCR- და სწრაფი ტესტების მცდარი ნეგატიური შედეგები, რაც ერთის მხრივ ტესტის ჩატარების მცდარ ტექნიკას და მეორეს მხრივ დროის თვალსაზრისით, ტესტის აღების არასწორ დაგეგმვას (არ ხდება ავადმყოფობის ხანგრძლივობის/ფაზის გათვალისწინება) უკავშირდება. აუცილებელია ტესტირებაში მონაწილე მედპერსონალის ინტენსიური ტრენინგები. 5. პროტოკოლიდან ამოღებულ იქნას ამბულატორიულ პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფია. a. არ არსებობს მსუბუქ და საშუალო ფორმებში კტ-კვლევის ინდიკაცია. თუ პაციენტის ობიექტური პარამეტრები (სატურაცია, სუნთქვის სიხშირე წუთში) ნორმაშია, ჯერ ერთი, რომ არ ველოდებით ფილტვის ქსოვილის განსაკუთრებულ დაზიანებას და მეორეც, ამ შემთხვევაში თერაპიული თვალსაზრისით ეს ინფორმაცია არაფერს ცვლის, გარდა დასხივების დიდი დოზისა, რასაც პაციენტი ამ გამოკვლევით იღებს. უამრავი ახალგაზრდა ადამიანი და ბავშვიც კი დასხივდა საჭიროების გარეშე ჩატარებული კვლევების გამო ბოლო თვეების განმავლობაში. 15 წლის ბავშვების კტ-დასკვნები გვაქვს წაკითხული, ზოგი ნორმა და ზოგიც 2-ქულიანი დაზიანებით. როგორც ვიცით, ამ კონტიგენტში დასხივების შედეგად განსაკუთრებით იზრდება ლიმფომებისა და სიმსივნეების საშიშროება. ამიტომ განსაკუთრებული თხოვნით მოგმართავთ, სასწრაფოდ ამოღებულ იქნას პროტოკოლიდან კტ-კვლევა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ანუ ამბულატორიულ პაციენტებში, იგულისხმება როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პაციენტები. b. უმიზეზო და უმიზნო დასხივების გარდა, კტ-კვლევა ამბულატორიულ პაციენტებში ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას უკავშირდება. სასწრაფო დახმარების კოლეგები ახდენენ პაციენტების ტრანსპორტირებას, რაც მათ გადატვირთვას და მათლაც მძიმე პაციენტთან დაგვიანებით მისვლას ხელს უწყობს; რადიოლოგი დაკავებულია კვლევის ჩატარებითა და დასკვნის წერით. უდიდესი ალბათობით ბოლო ერთ წელიწადში 80 მილიონიან გერმანიაში იმდენი კტ-კვლევა კოვიდ-პაციენტებში არ ჩატარებულა, რამდენიც საქართველოში. c. იმ თანხით, რაც ეს, პაციენტისთვის სიმსივნის რისკის გაზრდის გარდა, არაფრის მომცემი კტ-კვლევა ჯდება, ხომ არ ჯობს, 24/7 რომ მუშაობენ, იმ ექიმების დანამატები გასცეთ? d. ლაბორატორიული ანალიზები ამბულატორიულ კოვიდ-პაციენტებში ჩატარდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ბინაზე. შეწყდეს კოვიდ-პაციენტების ქუჩაში გადაადგილება და კლინიკებში რიგებში დგომა. დაჯარიმდეს უკლებლივ ყველა კოვიდ-პაციენტი, რომლიც იზოლაციას დაარღვევს. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კოლეგები 1. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმებს, ისევე როგორც ოჯახის ექიმებს, ჩაუტარდეთ რეგულარული ტრენინგები/ვებინარები. 2. ჰქონდეთ შესაძლებლობა, აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში არ გადაიყვანონ პაციენტები კლინიკაში და დატოვონ ამბულატორიულად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ექიმმა ტელეფონით დასვა ჰოსპიტალიზაციის ინდიკაცია. სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ უნდა ასრულებდეს მხოლოდ ტრანსპორტის ფუნქციას. 3. ფლობდეს სასწრაფო დახმარების ცენტრი აქტუალურ ინფორმაციას საწოლფონდის შესახებ, რათა სასწრაფოს ექიმები დიდ დროს არ კარგავდნენ საწოლების ძებნაში. ჰოსპიტალური სექტორი 1. ისევ და ისევ რეგულარული ტრენინგები ნოზოკომიური გავრცელებისა და მედპერსონალის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად; 2. უდიდესი პრობლემაა ჯერ კიდევ მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და სასიცოცხლო მნიშვნელობის საწოლების დაკავება. გამოიყოს ექსპერტთა 2-3 კაციანი ჯგუფი და შემოწმდეს ყველა კლინიკა კვირაში ერთხელ. გაწერის კრიტერიუმები შემუშავებულია, შესაბამისად განსაკუთრებულ პრობლემას, ვფიქრობთ, არ უნდა წარმოადგენდეს; 3. ჰიგიენისტების მიერ რეგულარული კონტროლი; საქართველოში ამ ფუნქციას, როგორც ვიცით ეპიდემიოლოგები ასრულებენ (მაგ. მულტირეზისტენტული ბაქტერიებით პაციენტი მრავალსაწოლიან ოთახში არ უნდა იწვეს!); 4. ამოღებულ იქნას პროტოკოლიდან ასევე ჰოსპიტალიზებულ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფია (მიზეზები იხ. ზემოთ). ხაზგასმით მიეთითოს კოლეგებისთვის, რომ ამ ეტაპზე რენტგენოგრაფიაც საკმარისია და კტ მხოლოდ მძიმე ფორმებში ან გაურკვეველ მდგომარეობებში შესაბამისი ინდიკაციით უნდა ჩატარდეს. ინტენსიური მედიცინის განყოფილებები 1. მომარაგდეს ყველა ინტენსიური განყოფილება HighFlow აპარატებით (თითო განყოფილებაში რამდენიმე მაინც). 2. ისევ და ისევ არსებობენ განყოფილებები, სადაც სისტემა ბევრად უფრო ნაკლებ ჟანგბადს იძლევა, ვიდრე ეს დაყენებულია კოლეგების მიერ. მაგ. 100%-ის ნაცვლად 70%. რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ამ პრობლემის კორექტურა? 3. საქართველოში არსებობს 3 ეკმო-ს აპარატი. რამდენიმე კოვიდ-პაციენტი გადაყვანილ იქნა ეკმო-ზე, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მონდომებული კოლეგები გვყავს და გვაქვს რესურსი, დავნერგოთ ეს მეთოდი. რატომ ვერ მოხერხდა რამდენიმე 4-5-კაციანი, ექიმებითა და ექთნებით დაკომპლექტებული გუნდის გაგზავნა ეკმო-ზე სპეციალიზებულ ცენტრებში ჰოსპიტაციაზე? ამის ორგანიზება განსაკუთრებულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუ საქართველოს ჯანდაცვა მოინდომებდა და დააფინანსებდა. ვაქცინაცია ● აუცილებლად მიგვაჩნია ვაქცინაციის აქტიური კამპანია, განსაკუთრებით რეგიონებში/რაიონებში. ამის უზრუნველსაყოფად, სასურველია შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში რეგულარულად შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გასცემენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხს, აუხსნიან ვაქცინაციის არსსა და სასიცოცხლო მნიშვნელობას (უკლებლივ ყველა რეგონში და არა მხოლოდ ერთში). ● მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდეს ვაქცინაციაში მონაწილე ყველა კოლეგას ტრენინგები, ისევე როგორც თბილისში ტარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ალერგოლოგების ჩართულობა. ● მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა. ● ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება; მითითებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები. ● დაწესდეს ჯარიმები აცრაზე დარეგისტრირებული და არგამოცხადებული პირებისთვის. ● დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის; მაგალითად, არ დაიშვან დახურულ სივრცეებში (რესტორნები, კაფე-ბარები), თავშეყრის ადგილებზე. ● განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება.
საქართველოში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 08:28 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
გაეროს ანგარიში: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებას განაგრძობს
გაეროს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში, ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო სანქციების დარღვევით და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, გააძლიერა თავისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფხენიანი "აგრძელებს მასალებისა და ტექნოლოგიების მოძიებას ამ პროგრამებისთვის საზღვარგარეთ". "მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს მის გაუარესებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა განაგრძობს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შენარჩუნებას და განვითარებას", - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გამო, ჩრდილოეთ კორეას გაეროს სანქციები 2006 წლიდან ადევს.
გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა
გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა, ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს. რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ საფრანგეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა, რომ თავიდან აიცილონ კარანტინი. გარდა ამისა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა ნიდერლანდები მაღალი რისკის ქვეყნების სიიდან ამოიღო. ორივე გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ ეტაპზე არსებული რეგულაციის თანახმად, თუ ტურისტები ან გერმანიის მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებიან, მათ კარანტინი უნდა გაიარონ, რომელიც ხუთ დღში დასრულდება, თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდება. რობერტ კოხის ინსტიტუტმა მაღალი რისკის ზონებად ასევე გამოაცხადა ალჟირი, მაროკო, ტაილანდი და მექსიკა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის ისევ გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას და კონფლიქტების მოგვარებას. "დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს. კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგელობის განცხადებაში.
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვაზე: ეს იყო დაგეგმილ პროვოკაცია. არავის მივცემთ საშუალებას, სელფები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან
ეს იყო დაგეგმილ პროვოკაცია. არავის მივცემთ საშუალებას, სელფები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან, - ასე გამოეხმაურა თბილისი მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვას. ქალაქის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, გაფიცულების მხრიდან "ძალიან ბევრი სიცრუე" მოისმინა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გაფიცვა გადაწყვიტა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომელიც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, გასულ წელს ხელფასების ოცპროცენტიანი მატება იყო. „არავინ არ ამბობს იმას, რომ ეს საკმარისია და არის იმდენი, რომ ადამიანს აკმაყოფილებდეს. ასევე იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ამ თემას დავუბრუნდებოდით. ეს ყველამ იცოდა", - განაცხადა თბილისის მერმა. ტექნიკას რაც შეეხება, კალაძის თქმით, ამაზეც ითქვა ტყუილი, რაც მარტივად გადასამოწმებელია. მისივე თქმით, სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და უკვე არის გამარჯვებული კომპანია. „სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს. ყველამ ერთი რამე მინდა, იცოდეს, მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრნი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით. პირადად მე ჩემი თანამშრომლებით მზად ვართ იმისთვის, რომ ქალაქს ვემსახუროთ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მოვავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს, ჩვენს ოპონენტებს, არ მოსწონს ეს. მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ, კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება „თბილსერვისის“ მუშაობით. მისი თქმით, ეს ტყუილი მიზანიმმართულად გავრცელდა. „ახალგაზრდები გამოთქვამენ მზადყოფნას, გვერდში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული და არავის მივცემთ საშუალებას, სელფები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. საელჩოს განცხადებით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. მათივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. "ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ და აღვნიშნავთ, რომ გალის IPRM-ი მეტისმეტად დიდი ხანია, რაც შეჩერებულია და ის უნდა განახლდეს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო ქვედანაყოფებმა ერთობლივი სწავლება გამართეს
საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა კომბინირებული საზღვაო სწავლება შავ ზღვაში პირველად გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდასცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული. "იმიტირებული სცენარის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემმა, რომელზეც სავარაუდოდ უკანონო შეიარაღებული ჯგუფი იყო განთავსებული, საქართველოს ტერიტორიული წყლები დაარღვია. ქართველმა და რუმინელმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა კი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფთან ერთად აბორდაჟის ერთობლივი ოპერაცია განახორციელა. ერთობლივი სწავლება საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
81 წლის აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი Sinovac-ის ვაქცინით აიცრა
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი Sinovac-ის ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში. რისმაგ გორდეზიანი თავის კოლეგებსა და სტუდენტებს მოუწოდებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან. „მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს. ამ პანდემიის დროს რომ გვაქვს ვაქცინები, სწორედ მეცნიერების უდიდესი მიღწევაა. არავის აქვს უფლება, უარყოს ეს მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაქვს სახარბიელო, გადავწყვიტე, რომ ავიცრა ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილის ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებისთვის, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს და ამით გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის, პასუხისმგებლობა. მინდა ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს სტუდენტებს მოვუწოდო, მათაც გადადგან ამგვარი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტია“ - აცხადებს რისმაგ გორდეზიანი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 216 ადამიანს დაუდასტურდა, 1 735 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcpv.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 444 569 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 397 240, გარდაიცვალა 6 054 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 881 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%. ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან 1 889 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 41 249, საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. მძიმე პაციენტი: 1 303, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 287, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ" დონემდე გააუმჯობესა
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამასტანავე, საქართველოს მიზანია, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. „Fitch-ის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახადა. მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება, ნათლად მიანიშნებს, „Fitch"-ის მაღალ სანდოობას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ფისკალურ მდგრადობაზე. რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. ამასთან, საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა საგარეო ბუფერები. საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, „Fitch"-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის რისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს. სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სანდო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო ქვეყნის მდგრადობას არა მხოლოდ პანდემიით განპირობებული შოკების, არამედ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე შოკების მიმართაც (თურქეთი და რუსეთი). „Fitch-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს მშპ-ს 56%-მდე შემცირდება. საქართველოს სახელმწიფო ვალის დონე შესაბამისობაშია „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან (59.1% 2020 წლის ბოლოს)”,- აღნიშნავენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, ფისკალურ კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს პანდემიამდე საქართველოს მთავრობის ფისკალური წესის ერთგულების წარმატებული გამოცდილება. „სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერებას დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გზით და სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის ზრდას, ხელს შეუწყობს ფისკალურ მდგრადობას. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანი დეფიციტის შემდეგ, „Fitch"-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8 პროცენტამდე, 2022 წელს 5.1 პროცენტამდე, ხოლო 2023 წელს 3.3 პროცენტამდე შემცირდება. „Fitch"-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო რისკების ადეკვატურად მართვა, ასევე დონორთა ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა საგარეო დაფინანსების საჭიროებების უზრუნველყოფა. ამასთან, სანდო მაკროპრუდენციულმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის სტაბილურობას და გაცლითი კურსის მერყეობის შემცირებას. მნიშვნელოვნად პოზიტიურია სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები საგარეო მოწყვლადობის შემცირებასთან მიმართებით. კერძოდ 2021 წელს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6.8 პროცენტამდე შემცირება, ხოლო ტურიზმის აღდგენის ფონზე, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწევს, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით იქნება დაფინანსებული და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2023 წლებში საშუალოდ მშპ-ს 3.5 პროცენტი იქნება. პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, Fitch არ მოელის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც წარმოადგენს საქართველოს რეიტინგის საფუძველს. საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ნათლად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ძლიერ მხარდაჭერაზე სარეიტინგო კომპანიის მხრიდან”,- აღნიშნავენ უწყებაში.
მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განკარგულება გამოსცა
საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინიტრაციის ცნობით, განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის. "მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით. გეგმიური ამბულატორიული მომსხურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით. მუნიციპალურ სააზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენრებს დააევალათ უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და ცივი ჯაჭვის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან. ასევე ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპრატიული შტაბის ჩამოყალიბება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადააუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტების მდეებარე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა. განათლებისა და მეცნიერეების სამინიტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში სგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში. თავდაცვის სამინისტროს, სააჭირობის შეთხვევაში დაევალა აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამდიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა. განკარგულების მიხედვით, განკარგულებით განსსაზღვრული ღონისძებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა წესში ცვლილებები დაამტკიცა. ინფორმაციას შსს ავრცელებეს. უწყების ცნობით, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში. "ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. გარდა ამისა, ბრძანებაში შესული ცვლილებით, განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესები. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. შესაბამისად, ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას", - ნათვქამია უწყების განცხადებაში.
ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 23 231-მა ადამიანმა გაიკეთა
7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 606 988-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 189 774 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 231-მა ადამიანმა გაიკეთა.
ლატვიის საგარეო უწყება: რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით
ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.