ძებნის რეზულტატი:
ივან კორკოკი: სლოვაკეთი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორკოკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. „13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან. სლოვაკეთი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში“, - წერს კორკოკი Twitter-ზე. ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 202 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 202 მილიონს გადააჭარბა, 4 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, დღემდე, 4 მილიარდ 300 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზაა რეგისტრირებული. 9 აგვისტოდან საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის საშვის მოქმედება ფართოვდება, რაც ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც სურს ისადილოს რესტორანში ან დალიოს ბარში, თუნდაც გარე ტერასაზე, საშვი დასჭირდება, ისევე როგორც მგზავრებს, რომლებიც შორ მანძილზე მიემგზავრებიან მატარებლით ან ავტობუსით ან ეწვევიან მოხუცთა თავშესაფრებს და საავადმყოფოებს. მანამდე, საბუთის წარდგენა კინოთეატრებში, მუზეუმებში და დიდ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე იყო აუცილებელი. ჯანმრთელობის საშვი ადასტურებს, რომ ადამიანი ორჯერ აცრილია, კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია. ე.წ. ჯანმრთელობის საშვი ასევე მოქმედებს იტალიაში, რამაც ორივე ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. კოვიდ-პასპორტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ რეგულაცია მათ სამოქალაქო თავისუფლებებს არღვევს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი ამტკიცებს, რომ საშვი მათ თავისუფლებებს იცავს. იტალიაში აქციები გაიმართა მილანში, რომში და ნეაპოლში. იტალიაში 12 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობის 63 პროცენტი სრულად არის აცრილი. covid-19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდაა იაპონიაში, სადაც ინფექცია 15 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას განცხადებით, მაყურებელთან ერთად პარაოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილება ხუთპარტიულ შეხვედრაზე განიხილება, რომელიც ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩატარდება. პანდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირების და მსხვერპლის რეკორდული ზრდაა ირანში, სადაც COVID-19 39 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 542 ადამიანი კი დაიღუპა. ქვეყანაში რეკორდულად არის გაზრდილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც. ირანის ხელისუფლება ქვეყნის სრული ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავს. ირანის 80 მილიონი მოქალაქიდან, სრულად მხოლოდ მოსახლეობის 3.3 პროცენტი არის აცრილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა. მთავრობის მეთაური Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა. „დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი Pfizer-ის ვაქცინით. ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.
ჯანდაცვის მინისტრი: დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს, თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდგეთ ექიმების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაშია ნათქვამი. „საქართველო COVID-19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის. ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა. მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს, წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი. დღეს COVID-19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრი მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს. „მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ ხართ გმირები! მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში! კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის – ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია! დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდგეთ ექიმების გვერდით!“, – ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 08:03 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციითვე, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელებს. როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, მსჯელობა შეეხება გარკვეული რეგულაციების შემოღებას, როგორიცაა ნიღბების ტარება. „ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთში, კუნძულ ევიადან ტყის ხანძრების გამო კიდევ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტურისტები და ადგილობრივები კუნძულიდან ბორნებით გაიყვანეს. ჯამში საბერძნეთის მასშტაბით ხანძრების გამო უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ადგილზე მობილიზებულია 17 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ცეცხლის ქრობაში მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც მონაწილეობენ. ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში საბერძნეთში 56 ათას ჰექტარი დაიწვა. ქვეყნის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერების გაჩენის რისკი კვლავ მაღალია.
ხვალიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში, ყველგან, სადაც 5 ადამიანზე მეტი შეიკრიბება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება გახდა. 22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა, – ამის შესახებ სახელმწიფო აპარატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად ფეისბუქგვერდზე ე.წ. პირდაპირ ეთერში საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახულნი იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. „ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას. კერძოდ, ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემი: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები. აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. ბულინგის (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს. ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია. 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა, მიჩნეულ იქნას ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით, აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად, პანსიონატის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი – დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში. როგორც სამსახურში აღნიშნავენ, შემოწმების პროცესში პანსიონმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. „სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსი 2 236 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 236 ადამიანს დაუდასტურდა, 3 146 გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 439 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 146 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.74% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.75%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 146 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 , მათ შორის, თბილისში - 587, აჭარაში - 134, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, აჭარაში - 5 186, იმერეთში - 3 846.
გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ, კაცი დაიხრჩო
გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ, კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში. შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ. ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა“, - აცხადებენ უწყებაში.
ღარიბაშვილი: აცრა იცავს სიკვდილისგან
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მან კიდევ ერთხელ სთხოვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა და აიცრან. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს უბრალოდ, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება და რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, „ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს“. 6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო „Fitch“ ის რეიტინგი, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამას გარდა Fitch-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას
„ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომლებიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, სამინისტროების დონეზე ცალკეული ლოკალური გადაწყვეტილებების გარდა. „ამ საკითზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც. სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აშშ-მ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად, რომ რუსულ აგრესიას გაუწიოს წინააღმდეგობა - ამერიკაში საქართველოს ელჩის წერილი
აშშ-მ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად, რომ რუსულ აგრესიას გაუწიოს წინააღმდეგობა. ამ შინაარსის სტატიას ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე გამოცემა Newsweek-ში აქვეყნებს. ელჩი აღნიშნავს, რომ დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთთან „თანაბარი თამაშის წესების“ უზრუნველყოფის მიზნით, რაც გულისხმობს საქართველოსთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაზრდას, შეკავების შესაძლებლობების გაზრდას შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს და აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის შექმნას. დავით ბაქრაძის შეფასებით, „საბედნიეროდ, ვაშინგტონი და ევროპელი მოკავშირეები მტკიცენი რჩებიან თავიანთ მხარდაჭერაში და მისასალმებელია ბაიდენის ადმინისტრაციის განახლებული მხარდაჭერა, თუმცა ფრონტის ხაზზე მყოფი ერები, მათ შორის ქართველები აგრძელებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ახლა დროა, აშშ-მ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „ბოლოდროინდელი რუსული კიბერშეტევები აშშ-ის წინააღმდეგ აშკარად შეახსენებს ამერიკელებს, რომ აგრესიული პროვოკაციები არის ვლადიმერ პუტინის „თამაშის წესების“ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის მიზანიც მძიმე ზიანის მიყენებაა. უკრაინაში რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ აგრესიას, იყენებს თავის სამხედროებს, როგორც პუტინის ძალაუფლების ბლაგვ ინსტრუმენტს. ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოდან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას. ცამეტი წლის წინ, აგვისტოში, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დღემდე არ დაუტოვებია ჩვენი ტერიტორიები. გრძელდება სუვერენული ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველოს და აშშ-ს აკავშირებთ საოცრად ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავღანეთისა და ერაყის მისია, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 000 -ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი ამერიკელების მხარდამხარ მსახურობდა, მათგან 30 -ზე მეტმა გაიღო მსხვერპლი. NATO-ს ხელმძღვანელობით შავი ზღვის უსაფრთხოების წვრთნები და წარმატებული რეგიონული დიპლომატიური თანამშრომლობა ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის სხვა მაგალითებია. სულ ახლახან, აშშ-მა გამოავლინა თავისი მხარდაჭერის და ქართველ ხალხზე ზრუნვის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც გამოიხატა 500,000 დოზა COVID-19 ვაქცინის მიწოდებაში. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. რუსეთის მთავრობა ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა აიძულოს ეს მძიმე წნეხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები, უარი თქვან მოქალაქეობაზე და ენაზე, წაშალონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და გადაწერონ ისტორია. გარდა ამისა, რუსეთი ითვლის თითქმის 9000 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც განლაგებული არიან ორივე რეგიონში. რუსეთის მავნე ქმედებებს უნდა შეებრძოლოს ნდობის აღდგენის პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობის აღდგენას და ხელშეწყობას საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დასაბრუნებლად. დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთთან „თანაბარი თამაშის წესების“ უზრუნველყოფის მიზნით, რაც გულისხმობს ჩემი ერისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაზრდას, შეკავების შესაძლებლობების გაზრდას შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებით და აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის შექმნით“, - აღნიშნავს საქართველოს ელჩი. დავით ბაქრაძე საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზეც ამახვილებვს ყურადღებას, მათ შორის არის „მტკიცე სული“, რომელიც 6 აგვისტოს დასრულდა. ელჩის შეფასებით, ეს წვრთნები აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. „შავი ზღვა აჩენს სავაჭრო ურთიერთობების უდიდეს შესაძლებლობებს, რომელიც ეძებს უსწრაფეს გზას ევროპიდან აზიისკენ და აზიიდან ევროპისკენ, მათ შორის ამერიკული ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც აშშ-ის ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში, საქართველო კვლავაც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ გზას, რომელიც შეესაბამება NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ცამეტი წლის წინ, აგვისტოში, მსოფლიო შეშინებული უყურებდა, როგორ შემოიჭრნენ რუსული ძალები და ტანკები ჩემს ქვეყანაში, სადაც ისინი დღემდე რჩებიან. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ აშშ გვერდში გვიდგას, რომ გაანეიტრალოს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების გავლენა. ახლა, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და სამუდამოდ მოვაშოროთ რუსეთი ჩემს ქვეყანას“, - წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი.
ღარიბაშვილი: უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას
უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკოს თანამშრომლებს ვაქცინაციას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე ,თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება „ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატებს და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე. „და კიდევ ერთი, ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მე მინდა ერთის მხრივ ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნით, რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ატარონ ანალოგიურად პირბადე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოვიდვაქცინით ჯამში 641 242 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 9 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად 641 242 აცრა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი. ცნობისთვის, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 16 028-მა ადამიანმა გაიკეთა.
ნათია თურნავა: მთავრობა მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკა", - განაცხადა თურნავამ. დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ,,6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეიდან, ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური კომპანია KASPI-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძეა, რომლის ქონებასაც Forbes-ი $5 მილიარდად აფასებს. მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა. მისი კომპანია, „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახორციელებს ბევრ სოციალურ აქტივობას.
დენიელ ფრიდი: ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს
ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ მაშინ რუსეთის განზრახვა ცხადი იყო. ,,ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში ფრიდი 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მოუწოდებს არ გაფლანგოს ვაშინგტონში დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალი. – აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. გვიამბეთ უშუალოდ იმდროინდელი დისკუსიების შესახებ ვაშინგტონში, როგორი რეაქცია გქონდათ, რა გახსოვთ? – ჩემი მოგონებები ძალიან მკაფიო და ცოცხალია. ვიცოდით, რომ ხიფათი ახლოვდებოდა. რუსების განზრახვა ნათელი იყო. ვშიშობ, მოვლენებს ალბათ ერთი ან ორი კვირით ჩამოვრჩებოდით. ვისურვებდი, უფრო მაღალი დონის გაფრთხილებები გაგვეგზავნა რუსებისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ვამზადებდით უფრო მაღალი რანგის დიპლომატიურ ჩართულობას, რომელიც ბერლინში უნდა გამართულიყო ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ეს ყველაფერი დაიწყო. შოკირებულნი ნამდვილად არ ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ბედნიერნი იმით, როგორ წამოეგო სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას, მაგრამ ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ომი ვლადიმირ პუტინს სურდა. ბრალეულობა იყო ნათელი. მახსოვს, ვმუშაობდით ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად, სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და ფრანგულ მხარესთან ერთად. პრეზიდენტ სარკოზისა და სხვა მეგობრების მოლაპარაკებების შედეგად, რა თქმა უნდა, ნაკლოვანი, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც სულ არაფერს სჯობდა, მიღწეული იყო. ქართული შეიარაღებული ძალები დამარცხდა, მაგრამ არ განადგურდა. ის მზად იყოგანეგრძო ბრძოლა თბილისის დასაცავად. ვფიქრობ, რუსულმა ჯარებმა ამიტომ არ სცადეს თბილისში შესვლა და სრულიად საქართველოს დაპყრობა. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და ქართულმა ჯარმაც რთულ გარემოებებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ქვეყანა. საქართველომ ომის შემდეგ დაკარგა ტერიტორიები, თუმცა რუსები ისედაც აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებდნენ. საქართველომ მცირედით მეტი ტერიტორია დაკარგა სამხრეთ ოსეთში და ისინი წევენ დე-ფაქტო ხაზს უფრო ღრმად, მაგრამ საქართველო თავისუფალი დარჩა. საქართველო ომის შემდეგ ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდა და ვფიქრობ, ქართველებს უნდა ახსოვდეთ, როგორ გაიცა ეს დახმარება: ბუშის ადმინისტრაცია აღმოჩნდა დემოკრატების სკეპტიციზმის პირისპირ. უფრო კი ერთი დემოკრატის, ჯო ბაიდენის სკეპტიციზმის, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს. მან საჯაროდ თქვა, რომ ამერიკა საქართველოს 1 მილიარდი დოლარით უნდა დახმარებოდა. ჩვენ კი ბუშის ადმინისტრაციიდან მაშინვე მივიღეთ ეს შემოთავაზება. ვიცოდით, რას აკეთებდა ბაიდენი, ის ამას ორპარტიულ ძალისხმევად აქცევდა. მისთვის ამას არანაირი პოლიტიკური უპირატესობის, ქულების მოტანა არ შეეძლო. მაგრამ მან ეს გააკეთა, რადგან ეს იყო მართებული ნაბიჯი, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ბუშის ადმინისტრაცია მიჰყვა ბაიდენის ლიდერობას. მანაც და ჩვენც ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ეს არ იყო პარტიული საკითხი, არ იყო დემოკრატები რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ეს იყო ძალისხმევა საქართველოსთვის. ეს იყო ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.ჩვენ ეს 1 მილიარდი დოლარი ბუშის ადმინისტრაციიდან მოგვიანებით, საქართველოს და მისი ეკონომიკის სტაბილიზაციის დახმარებებლად 3.5-4 მილიარდ დოლარად ვაქციეთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შემოდგომის დასაწყისში გაიმართა. მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ეს იყო მართებული. ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი ქვეყანა. მათ ეს გააკეთეს ამერიკელთა და ევროპელთა დახმარებით, მაგრამ, პრინციპულად, საკუთარი ძალისხმევით, და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კვლავ შესაძლებელია, რომ იწერებოდეს ქართველების მიერ. ზუსტად ისე არა, როგორც ქართველებს გაუხარდებოდათ, თქვენ დიდი, ცუდი მეზობელი გყავთ, ვიცი, მაგრამ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა და ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი. – გარდა უდიდესი ფინანსური მხარდაჭერისა, რას ნიშნავდა ამერიკის დახმარება მაშინ საქართველოსთვის, რა განცხადება, რა გზავნილი იყო ეს შეერთებული შტატების მხრიდან? – ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული სისტემის მსოფლიოში და არა დამცინავი, ფსევდო-პოლიტიკის. ეს იყო უფრო ფართო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, და რაც კარგია ამერიკისთვისაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის. – ომის შემდგომ პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა და გააქტიურდა. იყო უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭრა, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. დღემდე ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი დასავლური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია. რა როლი ითამაშა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში? იყო ის ერთგვარად გარდამტეხი? და რამდენად იყენებს საქართველო ახლა ამ პოლიტიკურ კაპიტალსა და ორპარტიული მხარდაჭერის უპირატესობებს? – ომი არ იყო გარდამტეხი მომენტი. ეს იყო გამოცდის მომენტი, და ამერიკა იდგა საქართველოს გვერდით. ეს იყო ბუშისა და ობამას ადმინისტრაციები. მათ განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი იდგნენ საქართველოს გვერდით. ბაიდენის ადმინისტრაციას ლიდერობენ ადამიანები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისასაც იდგნენ საქართველოს გვერდით: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მდივნის მოადგილე ვიქტორია ნურლანდი… შეკითხვა ახლა სწორედ ისაა, იყენებს თუ არა ამას საქართველო ბოლო წლებში ისე, როგორც ამას უნდა აკეთებდეს. პოლიტიკური კაპიტალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ქართველების მიერვე. რა წარმოქმნის ამ პოლიტიკურ კაპიტალს? საქართველოს მიღწევები ქვეყნის ევროპეიზაციისკენ. სააკაშვილმა, მის ყველაზე კონსტრუქციულ პერიოდში, მისი ლიდერობის ადრეულ წლებში, ეს პოლიტიკური კაპიტალი გაამდიდრა, რადგან მან გადაარჩინა ეკონომიკა და ვითარდებოდა ბიზნესი. ამან ქვეყანა უფრო დინამიკური გახადა, გააფართოვა ეკონომიკა და ჩანდა, რომ საქართველო ვითარდებოდა. ამან გაამდიდრა საქართველოს პოლიტიკური კაპიტალი. სააკაშვილი ამ პოლიტიკურ კაპიტალს ნატოსთან დასაახლოვებლად იყენებდა. ბუქარესტის სამიტისას ამან არ იმუშავა ისე კარგად, როგორც ის იმედოვნებდა, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ ის იყენებდა ამ კაპიტალს. ჩვენ არ გვაღელვებს, რომელი პარტია მართავს საქართველოს, „ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუ ვინმე სხვა. ეს ჩვენი საქმე არაა. თუმცა ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დააწინაურებს და სკეპტიკურად ვართ განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს. ჩვენ არ ვიყავით პრო- ან ანტი-სააკაშვილი,პრო- ან ანტი-ივანიშვილი. შეკითხვა ისაა, რას აკეთებდნენ ისინი თავიანთი ლიდერობის პერიოდში? პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია. მოსწონდა იანუკოვიჩის მმართველობის დროინდელი უკრაინა. მას მოსწონს ოლიგარქიები. არ მოსწონს დიდად ლუკაშენკო, მაგრამ მის დემოკრატიულ ალტერნატივას, ხალხს, ვინც ბელარუსში მასობრივ პრო-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს, ნამდვილად ურჩევნია. შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად? არა ამერიკისთვის, არამედ მათი საკუთარი თავისთვის? აკეთებს საქართველო საკმარისს? ვშიშობ, რომ პასუხია – არა. საქართველოს აქვს ლიბერალური პოლიტიკის ტრადიცია. მას მე-19 საუკუნეშიც ვხედავთ… ესაა საქართველო. ის არაა სტალინი. მე ვუყურებ ამ პოლარიზაციას და ბრალი შეიძლება ორივე მხარეს მიუძღოდეს, მაგრამ მმართველ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი მართავენ ხელისუფლებას. შემაშფოთებელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე ჩანდა, რომ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმები ლგბტქ დემონსტრანტებზე. და ამ თავდასხმებს შედეგად ჟურნალისტის გარდაცვალება მოჰყვა. საქართველოს, როგორც თავისუფალ ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამგვარ საკითხებზე, მაგრამ ღირსეული პატივისცემა და ის, რომ არ ჩანდეს ისე, თითქოს მხარს უჭერ ძალადობას ქუჩებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პოლარიზაცია პრობლემაა. ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ევროკავშირი და ამერიკა დაეხმარა მხარეებს პოლიტიკური კომპრომისის მიღწევაში და ვწუხვარ,რომ ამას ვამბობ, მაგრამ მან ვერ იმუშავა. „ქართული ოცნება“ გავიდა შეთანხმებიდან. ეს ქართული პოლიტიკაა, ქართველების საქმეა და არა ამერიკელების, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც სერიოზულ ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ გულდასწაყვეტ წარუმატებლობას და როგორც სერიოზული ქვეყნისგან, ჩვენ მოველით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაიაზრებს მის საუკეთესო პეტენციალს. მისი უსაფრთხოება, მისი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმირ პუტინს, საბოლოოდ შიგნიდან მოდის. – შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შედეგად კი დასავლელი მეგობრების შეშფოთებული განცხადებები – აძლევს ეს ყველაფერი კრემლს იმის ფიქრის საფუძველს, რომ დასავლეთი ჩვენით იმედგაცრუებულია? რომ შესაძლოა უფრო მეტი აგრესიული ქმედებისთვის სწორედ შესაბამისი გარემო იყოს შექმნილი? – დიახ, ნამდვილად. ეს სწორედ ასე მუშაობს. რუსები დასავლეთს ეუბნებიან: ქართველები უიმედონი არიან. რას ელით მათგან, ისინი ემოციურები, ისტერიკულები არიან. [რუსები] იყენებენ და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა სტერეოტიპი იმისთვის, რომ დაარწმუნონ დასავლეთი, რომ საქართველო უსარგელოა, „უმჯობესია დაგვანებოთ, ჩვენ გავუმკლავდებით ქართველებს“. მეორე მხრივ კი, ქართველებს ეუბნებიან: დასავლეთს არ მოსწონხართ, მაინ მიგატოვებენ და ჯობია ჩვენ მოგვანდოთ რაღაცების გაკეთება, მართვა, მოგვარება. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ეს ჩემგან გესწავლებათ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გვესმის. ესაა ის, რასაც რუსები აკეთებენ. მათ სურთ დასუსტებული, დაყოფილი საქართველო. მათ მიერ ასეთი საქართველოს მართვა და კონტროლი უფრო ადვილია. მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოსთან დაკავშირებით და თქვას, რომ ის ზედმეტად შორეული, უცხო და რთულია. არ მგონია, ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდეს და ქართველებს სურდეთ რუსეთისა და კრემლის კონტროლქვეშ მოქცევა. მათი პოლიტიკის [პოლიტიკური პრობლემების] მოგვარება ქართველების საქმეა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. რუსებს კი უყვართ პოლარიზაცია, და არა მხოლოდ საქართველოში, ამას ცდილობენ ამერიკაშიც და ყველგან. იყენებენ დეზინფორმაციას, რომ შიდა დისკუსიები ქვეყანაში უფრო პოლარიზებული, უფრო ემოციური და უფრო მტრული გახადონ. ეს მათი სტანდარტული პრაქტიკაა. – რა უნდა გაკეთდეს ახლა პოლიტიკური ელიტის ორივე მხარეს იმისთვის, რომ სრულად იყოს გააზრებული ეს საფრთხეები – იქნება ეს კრემლთან დაკავშირებული თუ ის შეკითხვები და შეშფოთება საქართველოს მიერ დასავლური მისწრაფებების ერთგულების თაობაზე, რომელიც მეგობრებისგან ისმის. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არც ის პოლიტიკური კაპიტალი დაიკარგოს, რომელზეც ვისაუბრეთ და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებაც ოპტიმისტურად განწყობილი იყოთ? – „იფიქრეთ ქვეყანაზე!“ ამას ვეტყოდი „ქართულ ოცნებას“: არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი. ეს მხოლოდ ელიტებს შორის მანევრირება არ უნდა იყოს. ქართველი ხალხისთვის მუშაობა და მათი დახმარების გზის პოვნა არის ის, რაც უკეთეს პოლიტიკას შექმნის. და ლიდერი, რომელიც აღმოაჩენს ამ გზებს, დაიწყებს არჩევნების მოგებას. ვიცი, ეს საშინლად გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე უსასრულო პოლიტიკური მანევრირება, რაც აუცხოებს ადამიანებს… ჩვენ, ამერიკელებს არ შეგვიძლია ვინმეს რჩევა მივცეთ პოლიტიკაზე, ჩვენი „სახლიც არეულია“, მაგრამ ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მათ, ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა დაეხმარონ სხვებს, ვისაც ასევე სჯერა დემოკრატიის. – რა დევს სასწორზე დღეს საქართველოსთვის? მაშინ, როდესაც უდიდეს ფინანსურ, პოლიტიკურ დახმარებაზე ვსაუბრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ევროკავშირისა და ამერიკის დახმარებით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლაზე, პოლიტიკურ ჩიხზე, შეშფოთებაზე – ევროატლანტიკურ გზაზე მდგარი ქვეყნისთვის, რა დევს სასწორზე? რას ემუქრება საფრთხე? – საქართველო და უკრაინა, და სხვა ქვეყნები რომლებიც ცდილობენ ევროპული მომავალი ჰქონდეთ, რისკავენ დაკარგონ მთელი ეს ძალისხმევა, თუკი ისინი იქნებიან დომინირებულნი კრემლის და მისი აგენტების მიერ. თუკი საქართველოს სურს ევროპული მომავალი, მას აქვს შესაძლებლობა შექმნას ეს მომავალი. მაგრამ ის შიგნიდან უნდა გაძლიერდეს. დიახ, საქართველოს 20 % ოკუპირებულია, გერმანიაც დიდხანს იყო ოკუპირებული, მაგრამ დასავლეთ გერმანია წარმატებული გახდა. ვიცი, საქართველოს გეოგრაფია ბევრად უარესია, გერმანიას ამერიკელი სამხედროები იცავდნენ. მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ საქმე იმ შესაძლებლობების გამოყენებას ეხება, რომელიც საქართველოს აქვს იმის მისაღწევად, რასაც ქართველები ამბობენ, რომ უნდათ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ბაიდენის ადმინისტრაციაში უამრავი ადამიანი მუშაობს მაღალ პოზიციებზე, ვინც 2008 წლის ომისას ასევე იყო ჩართული საქართველოს დახმარებაში. მათ ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. საქართველომ ბევრს მიაღწია. მას აქვს საძირკველი, რაზეც ბევრის დაშენება შეუძლია. როგორც აქამდეც ვთქვი, მას აქვს პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც მოიცავს ლიბერალურ, ევროპულ ღირებულებებს…