ძებნის რეზულტატი:
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და პოლიტიკურ აქტორებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას წინ უძღვის მისი კოლეგების გაფრთხილება მიკროფინანსური ტრანშის შესაძლო შეჩერებაზე. „პროცედურებსა და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მარკეტა გრეგორევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-სთან“, - ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 30 ივლისს გააკეთა. Europetime-მა მარკეტა გრეგორევას ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვები. _როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე და მის გავლენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე? ეს ძალიან სამწუხაროა. არ მინდა, მკაცრი ვიყო, თუმცა გულწრფელად აღვნიშნავ, ბატონი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მთელ დროს უთმობდა ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწვნას გავს, რადგან ეს ითვლება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებად, ამიტომ, მისი გაუქმება აჩვენებს, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _თქვენმა კოლეგამაც აღნიშნა თბილისში ვიზიტისას, რომ ევროპარლამენტში, სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე. ასევე გვახსოვს ევროკომისიის განცხადებაც. ამ მიმართულებით თავად მუშაობთ და რა შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ. _უკვე მოვისმინეთ მმართველი პარტიის განცხადებებიც, რომ არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას. ამ შემთხვევაში, საჭიროა პასუხი ევროკავშირიდან. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია. _როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებების სინქრონიაზაცია მოხდება აშშ-სთან, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? ვნახე მათი განცხადებები, აშშ რეალურად უფრო იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. დიახ, მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება შედეგი, რადგან მათ ჯერ თავადაც არ იციან ეს შედეგი. მაგრამ თანამშრომლობით, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ვერ ვაიძულებთ საქართველოს, თუ მთავრობა ამას არ მოისურვებს. ასე რომ, საჭიროა, არსებობდეს ორმხრივი ან სამმხრივი ნება სიტუაციის შესაცვლელად. _ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური აქტორებისადმი თქვენი რჩევა რა იქნებოდა? დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ქმნის უფრო მეტ პრობლემას და განხეთქილებას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადალახონ ეს პრობლემა, რადგან ეს არ ეხებათ მხოლოდ მათ, ეს ეხება ქვეყანას და მათ მოქალაქებს. ისინი უნდა დასხდნენ ერთ მაგიდასთან („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა) და შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ქვეყნის სტაბილურობას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვწონს პანდემიურ ვითარებაში ცხოვრება, პრობლემები, და უკვე არსებობს სხვა პრობლემები დემოკრატიული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _როგორ უყურებთ 2024 წლის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის პერსპექტივას არსებული ვითარებიდან გამომდინარეც, როდესაც გვესმის ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადება, ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, ვიდრე ეს იყო თუნდაც 3 თვის წინ. შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფიქრობენ მთავრობა და პოლიტიკური აქტორები ევროკავშირსა და ევროპაზე. ასე რომ, ალბათ ამის თქმა ძნელი იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთავრობა განაცხადით მოითხოვოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, გულწრფელი ამბიცია არ არის. შეიძლება, არ ვარ მართალი და გამიხარდება, რომ არ ვიყო მართალი, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს. ეს არის ქაღალდზე, მაგრამ არ ჩანს მათ ქმედებებში. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე არის სამი წელი. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სულ რაღაც რამდენიმე თვეში იცვლება. მაგრამ პოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ევროკავშირმა რეალურად დაიჯეროს, რომ მათ გულწრფელად სურთ, შეუერთდნენ ევროკავშირს.
პაატა იმნაძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს
,,ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს - როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. „აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 670 ადამიანი დაინფიცირდა, 2 626 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა.
პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი ტატა იმნაძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულებს არ ცრიან. „ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. ის არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილში ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 102 წლის ქალმა გაიკეთა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 102 წლის ემინე ჯორბენაძემ გაიკეთა. ემინე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ვაქცინაციის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს. "COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია მისი დაჟინებული თხოვნა იყო, ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად", - ნათქვამია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძე: ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა
ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა, - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზოგიერთი ექიმის პოზიციას, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აიცრან. „ექიმების კატეგორია არის, რომელიც ამბობს, რომ არ აიცრათ, ეს არის ჩვენი ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ეს არის ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა, რადგან როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს, ძალიან მაღალი პროცენტით იცავს და პრევენციას უკეთებს მის დამძიმებას, და ეუბნები არ აიცრან, ეს არის ეთიკური კოდექსის დარღვევა და ჩემი კოლეგები ამას არ უნდა აკეთებდნენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ყველა ექიმი სწავლობს, რომ აცრა სამედიცინო სფეროში სამ მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის ერთ-ერთია.
საბერძნეთის ორ კუნძულზე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საბერძნეთის ორ კუნძულზე, ზაკინთოსსა და კრეტაზე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეზღუდვები ძალაში შევა პარასკევს და 13 აგვისტომდე იმოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში ასევე იკრძალება მუსიკა გასართობ ღონისძიებებზე. კუნძულ ზაკინთოსზე, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 69%-ით გაიზარდა. კუნძულ კრეტას ქალაქ ხანიაში კი ეს მაჩვენებელი 54%-ით არის გაზრდილი. ”ჩვენ მოვუწოდებთ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებს და ვიზიტორებს, სრულად დაიცვან ზომები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით,” - თქვა სამოქალაქო დაცვის სააგენტომ. ცნობისთვის, საბერძნეთში ოთხშაბათს კორონავირუსის 2 856 შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის
ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს. „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავატარებთ რუსეთში დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგს. არჩევნებზე ეფექტიანი და სანდო მონიტორინგისთვის დამკვირვებლების რაოდენობის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა არის არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების საკვანძო ელემენტი. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება ითხოვდა ჩვენს მიერ დამკვირვებლების რაოდენობის შეზღუდვას პანდემიასთან დაკავშირებული რამე მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფონზე, რის შედეგადაც ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი გახდა“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეუთო-მ აცნობა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენლებს. ეუთო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელტმა კი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს. ეუთო/ოდირი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიწვეული იყვნენ რუსეთში 17-19 სექტებერს დაგეგმილი სახელმწიფო დუმის წევრების არჩევნებზე, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინსტიტუტებიდან დამკვირვებლების რაოდენობა 50 და 10 დამკვირვებლით შეზღუდა. რუსეთის ხელისუფლება მონიტორინგის მისიების წევრების რაოდენობაზე შეზღუდვებს ქვეყანაში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის.
აშშ-მ ტაივანისთვის 750 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის ხელშეკრულება დაამტკიცა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 750 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის ხელშეკრულება დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური ჯერ არ ნიშნავს, რომ კონტრაქტი საბოლოოდ დამტკიცებულია და მოლაპარაკებები აშშ-სა და ტაივანს შორის დასრულდა. შეთანხმება ტაივანისთვის M109A6 Howitzer ტიპის საარტილერიო იარაღის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს. პენტაგონის თავდაცვის და უშიშროების თანამშრომლობის სააგენტომ შესაძლო სავაჭრო გარიგების შესახებ კონგრესს ინფორმაცია ოთხშაბათს, 4 აგვისტოს მიაწოდა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. სამინისტროს თანახმად, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა გააძლიერებს ქვეყნის სახმელეთო ძალებს და საჭიროების შემთხვევაში საფრთხეზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა შეიარაღების საკითხებში რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იარაღის შესყიდვაზე ტაივანის და აშშ-ს შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ჩინეთის შეფასებით, ეს ჩინეთის შიდა საქმეში ჩარევაა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. ჩინურმა მხარემ აშშ-ს ტაივანთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ბელარუსის საზღვრის ყოველი მეტრის დახურვა დაავალა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვან უწყებებს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ყოველი მეტრის დახურვა დაავალა. როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკომ საზღვარზე არსებული სიტუაციის საკითხზე გამართულ თათბირზე ისაუბრა. „დღეიდან, მომიჯნავე მხრიდან, იქნება ეს სამხრეთიდან თუ დასავლეთიდან, ბელარუსის ტერიტორიაზე არავინ უნდა შემოდგას ფეხი. როგორ უნდა გააკეთოთ ეს, განვიხილოთ ამ თათბირის მერე, შეიკრიბებით სახელმწიფო მდივანთან. აქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. დახურეთ საზღვრის ყოველი მეტრი. ჩვენ ტყუილად არ ვდებდით კოლოსალურ თანხებს სასაზღვრო ძალებში, ზოგადად ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენმა ხალხმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, უნდა იცოდეს, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მათ დასაცავად მზად არიან. ღმერთმა ნუ ქნას, მათ (მეზობელმა ქვეყნებმა) დაიწყონ იმ ხალხის ოფიციალური გამშვები პუნქტებიდან გაძევების ტაქტიკის განხორციელება, რომელსაც იქ თავად დაუძახეს. თქვენ იცით შედეგები, მათაც იციან. ამიტომ, იფიქრონ. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, მათ კი იფიქრონ“, -განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიეტუვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უკან ბელარუსში გააბრუნოს ის მიგრანტები, რომლებსაც ლიეტუვაში უკანონო გზით გადასვლისას დააკავებენ.
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. დიპლომატიური უწყების ცნობით, 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების "ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის" (a very high-risk area) სტატუსი. საელჩო ნიდერლანდებში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს: "საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება"ნარინჯისფერი კოდი" და მას არ მიენიჭება "წითელი კოდი". ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი: ვიმედოვნებთ, საქართველოს მხარდაჭერით ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირება მიულოცა. მისალოც გზავნილს სომხური მედია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი. „აშშ მოხარული იყო დახმარებოდა აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების ძალისხმევას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ მოწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი ამ სფეროში გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის მისალოც გზავნილში. აშშ-ის ლიდერის თქმით, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება სომხეთში ხაზს უსვამს სომეხი ხალხის სწრაფვას უფრო მეტად დემოკრატიული, სამართლიანი, აყვავებული, კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ. აშშ ასევე მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ არსებით მოლაპარაკებებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და TAV-ის პრეზიდენტმა აეროპორტების უსაფრთხოების გაზრდის საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც, პანდემიის გამო, ტურისტულ და ავიაციის სფეროს გლობალურად შეექმნა. აღინიშნა, რომ საქართველოში შეზღუდვების თანმიმდევრული და ეტაპობრივი შემსუბუქების შედეგად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დაიწყო, რაზეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ხაზი გაესვა ტურიზმისა და ავიაციის სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს. საუბარი შეეხო აეროპორტების უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და TAV-ის შემდგომი განვითარების გეგმებს საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ბიზნესის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ,რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.
კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა და მის შტაბს პარლამენტარი გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია. „მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია, რომელთან ერთადაც, საარჩევნო კამპანიას ისე წავრმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არამხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბს და თბილისს წარმატება უსურვა. „წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს - ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს; სადაც ქალაქელობა ნიშნავს - გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ებრაჰიმ რაისი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. „ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც ამ მიზანს განახორციელებს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ებრაჰიმ რაისმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო ზეწოლა და სანქციები ხელს არ შეუშლის ირანს მისი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ირანის პარლამენტში გაიმართა.
ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა
არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ცნობისთვის,მესის ფეხბურთის თამაში 4 წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ არგენტინელი ფეხბურთელის პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით. მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა. ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.
დავით ზალკალიანი: ეს არის ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება
ეს გახლავთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშორებით განაცხადა. „ეს არის ასევე აღიარება იმ როლისა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონალურ მასშტაბში. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო იყოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი მოკავშირე, რათა შემდგომი რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები განხორციელდეს. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ თბილისი გახდეს პლატფორმა ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული, როგორც აშშ, ასევე დაინტერესებული არის საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დაინტერესებული არიან ჩვენი მეზობლებიც, რადგანაც სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი, რომ ჩვენც მომავალშიც ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით დავადასტურო მზაობა, რომ საქართველო მომავალშიც მზად არის შეასრულოს როლი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მხარდაჭერით სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი.
Moderna: ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზით აცრიდან 4-6 თვის განმავლობაში 93%-ს შეადგენს
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღებიდან 4-6 თვის განმავლობაში 93%-ს შეადგენს. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინის ეფექტურობა სტაბილურია და ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში 93%-ს შეადგენს. ეფექტურობის ეს ძლიერი ხანგრძლივობა სარგებელს მოუტანს Moderna-ს ვაქცინით აცრილ ასობით მილიონ ადამიანს“, - აღნიშნა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა. 23 ივლისს ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 29 ივნისს კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. კომპანიაში აცხადებენ, რომ Moderna-ს ვაქცინა ანტისხეულებს წარმოქმნის, რომელიც ეფექტურია კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.
CNN-ი: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ვუჰანის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდისა და როგორ შეძლო ამერიკულმა დაზვერვამ ამ მონაცემებზე წვდომის მიღება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული უხანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შემდეგ მოხდა. CNN-ის ცნობით, შეერთებულ შტატებს ამჟამად აქვს ინფორმაცია უჰანის ლაბორატორიაში შესწავლილი 22 000 ვირუსის შესახებ. „გენეტიკური ინფორმაციის მასივი მოითხოვს ფრთხილ ანალიზს, რათა რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. ასეთი სამუშაო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში, სუპერკომპიუტერების დახმარებით ხორციელდება“, – წერს CNN. ტელეკომპანიის ცნობით, ანალიზის პროცესი გართულებულია იმის გამო, რომ თანმხლები ჩანაწერები ჩინურ ენაზეა და ამერიკულ სპეცსამსახურებს სჭირდებათ არამხოლოდ ჩინურის მცოდნე სპეციალისტები, არამედ ამ საკითხში სანდო კონკრეტული ადამიანების მოძიება. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ევროკავშირი გეგმავს, 2035 წლამდე შეწყვიტოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა
CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებს გადაშენების პირას მყოფი მანქანების სიაში შეიყვანენ და ელექტროავტომობილებზე სრულად გადასვლას უზრუნველყოფენ. როგორც გამოცემა წერს, ავტოინდუსტრია 2030 წლიდან ვალდებული იქნება, ახალი მანქანების საშუალო გამონაბოლქვი 55%-მდე შეამციროს, ხოლო 2035 წლიდან რეგისტრირებული ყველა მანქანა უნდა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვით. ევროპას სურს იყოს პირველი კონტინენტი, რომელიც იქნება კლიმატურად ნეიტრალური 2050 წელს. "წიაღისეული საწვავის ეკონომიკამ მიაღწია ზღვარს. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ჯანსაღი პლანეტა, ასევე კარგი სამუშაო ადგილები რომელიც არ დააზარალებს ჩვენს ბუნებას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ელექტრო მანქანებზე გადასვლის გასაადვილებლად, კომისიამ აპირებს მოთხოვოს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ელექტრო ავტომობილების დატენვის შესაძლებლობა გააფართოვონ. როგორც ცნობილია, დამუხტვის პუნქტები დამონტაჟდება ყოველ 60 კილომეტრზე (37.3 მილი) მთავარ მაგისტრალებზე, ხოლო ბენზინისა და დიზელის საწვავის მინიმალური გადასახადის განაკვეთი გაიზრდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. „დღეს სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე. სახელმწიფო მდივანმა და მისმა უკრაინელმა კოლეგებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვაშინგტონში 30 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტის დროს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.