ძებნის რეზულტატი:

ჯორჯიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის მაშველებმა ქართველ კოლეგებს სამაშველო ოპერაციების სწავლებები ჩაუტარეს

ჯორჯიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის მაშველებმა ქალაქ მარიეტადან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მაშველს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ერთკვირიანი სწავლებები ჩაუტარა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა. „ვულოცავთ კურსდამთავრებულებს! ჯორჯიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის მაშველებმა ქალაქ მარიეტადან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მაშველს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ერთკვირიანი სწავლებები ჩაუტარა. კურსდამთავრებულებს შორის, ასევე, არის საქართველოს ეროვნული გვარდიის 10 და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის 4 წარმომადგენელი.წვრთნები მოიცავდა სწრაფ წყლებში ოპერაციის ჩატარების ძირეულ უნარებსა და პროცედურებს, რომლითაც დამატებით გადამზადდნენ მაშველები.ამასთანავე, მათ ნამდვილი სამაშველო ოპერაციაც ჩაატარეს, როდესაც ნავიდან გადავარდნილი მგზავრი გადაარჩინეს. ეს სიცოცხლის გადამრჩენელი პროგრამა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მეშვეობით ჩატარდა“.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტი შეხვედა გამართა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონი იყო, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო ,რომ მექტოქეს ქულის აღების საშუალებაც არ მისცა. 27 წლის პეტრიაშვილმა, რომელიც გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, ამას გარდა კი, 3-ჯერ მსოფლიოს, ხოლო 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოუგია, ნახევარფინალში 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 6:3 სძლია. საინტერესოა, რომ ქართველმა მოჭიდავემ პირველი პერიოდი 0:3 წააგო, თუმცა, მეორეში ძალიან აქტიური იყო და 6 უპასუხო ქულა მიითვალა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

მედია: „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა

„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა, რაც უკანასკნელი ასეთი ფაქტია ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმების სერიაში. ამ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა Associated Press-ს განუცხადა, რომ დაჯგუფების მებრძოლებმა მოკლეს დაუა ხან მენაპალი, რომელიც მთავრობაში ხელმძღვანელობდა პრესის მიმართულებას ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის. „ის დაისაჯა თავისი ქმედებებისთვი“, - დაამატა მუჯაჰიდმა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ავღანეთი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. რამდენიმე ბოლოდროინდელი თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა მთავრობა ყველაზე ხშირად „თალიბანს“ აკისრებს პასუხისმგებლობას.

სალომე ზურაბიშვილი: მასშტაბური სამხედრო წვრთნები განამტკიცებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, რასაც მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ

„დღევანდელი დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მტკიცე სული 2021“ სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენს მიერ არჩეულ გზას, NATO-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ- NATO-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას. საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. „რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული. ჩვენს მიერ არჩეულ გზას - NATO-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაძლიერებით ვამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია. დღევანდელი დღე არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც ისინი მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მე-10 საიუბილეო მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

კვლევა: Johnson & Johnson-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინამ, სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისგან დაცვის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. კვლევის ფარგლებში, Johnson & Johnson-ის ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრნენ. კვლევა დაიწყო თებერვლის შუა რიცხვებში და დასრულდა მაისში. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის 477 234 მუშაკი აიცრა. კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი დოზით აცრილ ადამიანებს, ინფიცირების შემთვევაში, ვაქცინა სიკვდილისგან 91%-დან 96.2%-მდე იცავს. განსხვავებული მაჩვენებლებია ვირუსის "ბეტა" და "დელტა" ვარიანტებით ინფიცირებისას. პირველ შემთხვევაში, 57%-იანი ეფექტიანობა გამოვლინდა, მეორეში კი 71%-იანი. "ვაქცინის მიღების პარალელურად, ძალიან მცირე იყო სიკვდილიანობა ვაქცინირებულ ჯგუფში და აჩვენებდა 96.2 პროცენტამდე დაცვას სიკვდილისგან. ეს იყო ჩვენი მთავარი საბოლოო წერტილი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვაქცინა იცავს ჯანდაცვის მუშაკებს სიკვდილისგან,” - განაცხადა დოქტორმა გრეიმ. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 8.3 მილიონი ადამიანია აცრილი. სულ ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აჭარბებს.

ელჩი დეგნანი „მტკიცე სული 2021"-ის დასკვნით ღონისძიებაზე: ეს წვრთნები კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეჩერება შეძლოს

„Agile Spirit არის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისთვის და იმ უნარების, შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის შესაკავებლად“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც „მტკიცე სული 2021-ის“ დასკვნით ღონისძებაზე დაუსვეს შეკითხვა. „ძალიან მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო დღეს აქ სამხედრო წვრთნების Agile Spirit 2021-ის წარმატებულ დახურვაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საგულისხმო მაგალითი იმ საერთო ღირებულებებისა, რომლებსაც საქართველოს NATO-ელი მოკავშირეები და მეგობრები იზიარებენ. დღეს NATO-ს 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ იდგნენ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან. Agile Spirit არის ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისთვის და იმ უნარების, შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის შესაკავებლად, ასევე, იმ უნარების გასავითარებლად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის კოალიციაში ერთობლივი ოპერირებისთვის. ეს წვრთნები არის კარგი მაგალითი, რამდენად ძლიერია აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, ასევე საქართველოს, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობა. ეს წვრთნები არის კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეჩერება შეძლოს და ჰყავდეს ეფექტიანი სამხედრო ძალები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ბოლო 24 საათში ვაქცინა 19 067-მა ადამიანმა გაიკეთა

6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 583 647-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 182 915 ადამიანი. ბოლო 24 საათში ვაქცინა 19 067-მა ადამიანმა გაიკეთა. საქართველოში კორონავირუსი 3 780 ადამიანს დაუდასტურდა

კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზე: პირველ რიგში საჭიროა, რომ გაიყვანონ თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

„საქართველოს მხრიდან ამ განცხადების სერიოზულად აღსაქმელად პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც „მტკიცე სული 2021-ის“ დასკვნითი ღონისძების შემდეგ დაუსვეს შეკითხვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ „რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე“. „ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილები ადრეც მოუსმენიათ. თუმცა საქართველოს მხრიდან ამ განცხადების სერიოზულად აღსაქმელად პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელების. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: რუსეთი მორიგი პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას შეეცადა - საგარეო უწყება

როგორ უნდა აიღონ ვაქცინაციის ცნობა საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველებმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ვაქცინირებულ მოქალაქეებს მიმართავს. "საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა საჭიროა დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ წუხს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეუთოს მისიას დუმის არჩევნებზე დამოუკიდებლად დაკვირვების საშუალებას არ მისცემს

"შეერთებული შტატები წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუშლის ეუთო/ოდირის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, სექტემბერში დაგეგმილ დუმის არჩევნებს დამოუკიდებლად დააკვირდნენ.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება დუმის არჩევნების პროცესს. დეპარტამენტის განცხადებით, "რუსეთი ვერ გაექცევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრს". "ჩვენ პატივს ვცემთ ODIHR-ის პროფესიულ გადაწყვეტილებას, რომ "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შემოიღოს შეზღუდვები არჩევნებზე დაკვირვებისას, შეუძლებელი გახადა სანდო დამოუკიდებელი დაკვირვება". ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ODIHR-ისა და საპარლამენტო ასამბლეის პრინციპულ პოზიციას, რომ მათ არ შეუძლიათ, ასეთ შემზღუდველ პირობებში ეფექტიანად დააკვირდნენ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საარჩევნო დამკვირვებლები ვერ იქნებიან ადგილზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს დუმის არჩევნების პროცესს, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე თავად ხმის მიცემის დღეს - იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. რუსეთი ვერ გაექცევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრს", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. ეუთო რუსეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ვერ გაგზავნის

თავდაცვის მინისტრი: ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას ჩვეული ძალისხმევით განაგრძობს

„სწავლებაში მონაწილე ასეთი ქვეყნების რაოდენობა, მათი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობის მასშტაბი და სწავლების ცალკეული კომპონენტების მრავალფეროვნება მკაფიოდ ადასტურებს როგორც NATO-საქართველოს ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკას, ისე ცალკეულ ქვეყნებთან წარმატებულ სამხედრო თანამშრომლობას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“ -ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, „მტკიცე სული“ NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. „მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, კანადის, იტალიის, ლიეტუვასა და საქართველოს სამხედროებს და ვუსურვო საუკეთესო მომავალი სამხედრო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ მინისტრის მიერ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნებში NATO-ს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სწავლება NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.

თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე: გატანილია არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს, შენობა უნდა აღდგეს

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამართულ აქციებს გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც ცდილობს. მინისტრის თქმით, მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. "ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს და სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. კულტურის მინისტრმა 5 აგვისტოს გამართული აქციების მონაწილეებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დახმარება შესთავაზა და განაცხადა, რომ შეუძლიათ ჯაჭვის რგოლებად იმუშაონ: "თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ, სამწუხაროდ, თუ მათთვის სამწუხაროდ, შესაძლებელი. რაც შეეხება თვითონ საქმეს, იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია და იყო ყოველთვის ასე, რომ შალვა ამირანაშვილის მუზეუმი, რომელიც ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას აქვს განცდა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც "ძალიან ბევრს ყვირიან", ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები აქვთ იმიტომ, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის. თეა წულუკიანის თქმით, მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო და დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში გამოწვევას წარმოადგენდა, დღესაც გამოწვევად რჩება და სამინისტრო სწორედ ამ გამოწვევის დაძლევას ცდილობს. მინისტრის განცხადებით, მუზეუმიდან გატანილია არაერთი ექსპონატი და ამის სახელობითი სია სექტემბრის ბოლოს დაიდება. "მუზეუმი დღეს ღიაა, გამჭვირვალეა. ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამის სახელობით სიას დავდებთ ჩვენ სექტემბრის ბოლოს. მანამდე გასაგებია, რომ ვიღაცეებს მოუნდებათ წინასწარ ყვირილი. ეს ერთი, მეორე - შენობა უნდა აღდგეს. შენობის აღდგენას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა იქნება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა. პროექტია საჭირო. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. ასევე ამ პროცესში, რაც შეეხება უკვე სამუზეუმო საქმეს, ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ... და ჩვენ გვყავს ასევე მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი, რომელიც მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არასდროს არ ჰყოლია. ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ადგილზე რჩება. "ვისაც უნდა შრომა, შრომობს, ვისაც უნდა ყვირილი, იყვირებს, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს ბოლოს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო მუზეუმთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციებს განაგრძობს. "ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ შენობა რომ აღდგეს, იქ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი, ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, მანამ სანამ უკან დაბრუნდებიან. და შეირჩა ორი სივრცე, ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის მომზადებული უკვე საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს, დაიტევს მხოლოდ ნაწილს. მეორე სივრცე გახლავთ, შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა 2 კორპუსი, რომელიც მთლიან ფონდებს დაიტევს. ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლების და ფასეულობების ინტერესიდან გამომდინარე იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს.

ჩინურ Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა აღიარებს

მოგზაურობისას Sinovac-ით აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის შვიდი ქვეყანა აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებპორტალი Schengenvisainfo ავრცელებს. Sinovac-ით აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია. ამჟამად, ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს ვაქცინაციის მოწმობას, თუ იმუნიზაცია ჩატარებულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, ესენია Astrazeneca, Pfizer, moderna და johnson&johnson. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს მიერ, ასეთ შემთხვევაში ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. Sinovac-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მოგზაურობისთვის „სინოვაკით“ ვაქცინაციას აღიარებს ევროპის კონტინენტის კიდევ ხუთი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, სერბეთი და მაკედონია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო ევროპის ქვეყნების ნაწილმა საქართველო „წითელ ზონაში“ შეიყვანა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოდან ჩასული პირები, მათ შორის ვაქცინირებულებიც, ვალდებულები არიან, გაიარონ იზოლაცია.

მწერლების ნაწილის თქმით, წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ მისი გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და ხელი არაფერზე მოუწერიათ

გუშინ, 5 აგვისტოს, მწერალთა აკადემიის სახელით გამოქვეყნდა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისადმი მიძღვნილი წერილი, რომელიც მწერალთა სახლის წინააღმდეგ არის მიმართული. წერილს რამდენიმე ხელმომწერი ჰქყავს, თუმცა, მწერლების ნაწილის თქმით, წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ მისი გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და ხელი არაფერზე მოუწერიათ. წერილში წერია, რომ მწერალთა სახლში შეჭრილები არიან "მედროვე-მოროდიორები", "ბორდი თუ ბორდელი", რომლებმაც ისტორიული შენობა "ბარდაკად, რესტორნად და სასტუმროდ აქციეს". ასევე ხელმომწერები მოითხოვენ დირექტორის - ნატა ლომოურის გადაყენებას და მწერალთა აკადემიისთვის გრანტისა და საკონკურსო დაფინანსების გადაცემას. ხელმომწერებს შორის არიან მწერლები - ტარიელ ხარხელაური, ელდინო საღარაძე, თემურ შავლაძე, ჯუბა ღებელი და ლერი ალიმონაკი, რომლებიც ამბობენ, რომ წერილისთვის ხელი არ მოუწერიათ და მეტიც, მისი შინაარსის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ. პოეტი ტარიელ ხარხელაური წერს, ის მწერალთა კავშირს ტოვებს. "ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი!", - წერს ხარხელაური. მწერალთა აკადემიას ტოვებს ელდინო საღარაძეც სოცალურ ქსელში წერს, რომ მან წერილის შესახებ მისი შეშფოთებული მეგობრებისგან გაიგო. მისი თქმით, ის ემიჯნება წერილის პათოსს. "სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე! შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა", - დაწერა ელდინო საღარაძემ. წერილზე ხელი არ მოუწერია ლერი ალიმონაკმაც. მისი პოზიცია ელდინო საღარაძემ თავისივე პოსტში გააჟღერა და დაწერა, რომ "განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე". პოეტმა, თემურ შავლაძემ, "ტაბულასთან" საუბარში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წერილის ხელმომწერებში წერია, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და გუშინ მისი მეგობრისგან გაიგო. "არც ხელი მომიწერია, არც წარმოდგენა მაქვს წერილზე, წუხელ გამაგებინა ჩემმა მეგობარმა, ვნახეო და თქვენი სახელი და გვარი იყოო და გაკვირვებული იყო. მაინტერესებს ამ წერილის არსი და შინაარსიც და საერთოდ ვის რაში სჭირდება ასეთი რამის გავრცელება. ვინმეს თუ რამე ინტერესები აქვს, კი ბატონო, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მინდა ვიყო სრულ თავისუფლებაში და არ ვეთანხმები ამას, თავს დამცირებულად ვგრძნობ, ახლაც კი", - აღნიშნა შავლაძემ. როგორც პოეტი ჯუბა ღებელის აღნიშნავს, ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ამ მიმართვის შესახებ არაფერი იცოდა. "არც მე ვიცოდი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს, ახლაც კი არ ვიცი დაზუსტებით, ვის მიერ არის დაწერილი ეს წერილი, არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი. შეიძლება მანდ წამოყენებული საკითხები მართლა დგას კულტურის პოლიტიკის საქმეში, მაგრამ ამ კუთხით და ასეთი პათოსით არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაჟღერებული", - თქვა მან. გვანცა ჯობავა Facebook-ში ვანო ჩხიკვაძის სახელით წერს, რომ არც მისთვის შეუთანხმებიათ წერილის შინაარსი. "ვანო ჩხიკვაძესაც ვესაუბრე, ამ სითბოთი და სიყვარულით სავსე კაცს - მოკლედ ვიტყვი, არავინ არაფერი შეუთანხმა", - წერს გვანცა ჯობავა.

იმერეთში ახალი მღვიმე - „თეთრა" გაიხსნა

იმერეთს, „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ შემდეგ კიდევ ერთი უნიკალური მღვიმე - თეთრა შეემატა! - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მღვიმის დამთვალიერებლებს ადგილზე დაძველებული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ. "თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ. საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: - მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება. თეთრა მღვიმეში მკვლევარების მიერ მოპოვებულია 15 000 -მდე არქეოლოგიური ექსპონატი, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მღვიმე სულ 3 დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატების სვეტებითაა გამიჯნული", - წერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში.

ჯანმოს გაფრთხილების მიუხედავად, გერმანია და საფრანგეთი სექტემბრიდან ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას დაუშვებენ

გერმანია და საფრანგეთი სექტემბრიდან დაიწყებენ თავიანთი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი წევრებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გერმანია და საფრანგეთი უგულებელყოფენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილებას, არ გამოიყენონ ვაქცინის მოსამე დოზა, სანამ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა არ აიცრება. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სექტემბრიდან ხანდაზმულებსა და დაუცველებს COVID-19 ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს. "მესამე დოზა ალბათ საჭირო გახდება, არა პირდაპირ ყველასთვის, არამედ ჯანმრთელობის ყველაზე რთული მდგომარეობის მქონეებისა და მოხუცებისთვის" – თქვა 5 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Instagram-ზე ატვირთულ ვიდეოში. გერმანია აპირებს სექტემბრიდან მესამე დოზა შესთავაზოს იმუნიტეტის დარღვევის მქონე პაციენტებს, მოხუცებსა და მოხუცთა თავშესაფრებს. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ

დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

დღეს, თბილისის დროით 19:25 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.4 (ML) მაგნიტუდა იყო. დღეს პირველი მიწისძვრა 12:55 საათზე, ბოლნისთან მოხდა.

სალომე ზურაბიშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს, ეკატერინი საკელაროპულუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საბერძნეთში ხანძრის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილეს. "საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და საჭიროებებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ბერძენ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთულეს გამოწვევას საბერძნეთი დროულად გაუმკლავდება. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ეკატერინი საკელაროპულუს ამ ურთულეს ვითარებაში საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუს საქართველში ვიზიტით მოიწვია", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Forbes-ესპანეთმა მსოფლიოს 7 შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილს შორის ვარძია დაასახელა

Forbes-ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს. "ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან“ - აღნიშნულია სტატიაში. Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს Covid 19-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა - საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა. “მსოფლიო პანდემიის პირობებში მაშინ როდესაც ყველა ტურისტული ქვეყანა აქტიურად ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს ამა თუ იმ მიმართულების და ძალიან დიდია კონკურენცია, ფორბსის მიერ შვიდეუში საქართველოს და კონკრეტულად ვარძიის აღიარება, არის ერთერთი ძალიან დიდი წარმატება და სასიხარულო ამბავი,იმდენად რამდენადაც ეს კიდევ ერთხელ შეგვიწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ნიშა შევინარჩუნოთ და პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ძალიან მინიშვნელოვანი და წამყვანი ტურისტული მიმართულებისა თუ პროდუქტების”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფოროსის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

თურქეთში, ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ხანძრი ორი კერის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის ორ რაიონში ხანძრის გაჩენა. როგორც ცნობილია, ოთხმა ეჭვმიტანილმა 2 აგვისტოს მოლოტოვის კოეტეილები ისროლეს და გაქცევა სცადეს. თუმცა პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. ერთი მათგანი იზმირის მეზობელი პროვინციის შესასვლელთან დააკავეს, დანარჩენები კი შემოგარენში, სადაც ადგილობრივებმა მათი ცემა სცადეს გარდა ამისა, 3 აგვისტოს, 3 ადამიანი დაკითხვის შემდეგ, ბოდრუმის პოპულარული ტურისტული რეგიონის მახლობლად, მუმჯულარის ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ სიგარეტის ნამწვი მანქანიდან გადააგდეს.