ძებნის რეზულტატი:
საქართველოს საგარეო უწყება: ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის - აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ცამეტი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. 13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად ძალისმიერი გზით გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. მსგავსი აგრესიული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მუქარას ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას. ამ ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, ინტენსიური სახე აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, აკრძალულია მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება და გალისა და ახალგორის მაცხოვრებლებს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში. ამასთან, ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რაც წახალისებულია საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების - დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებით. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისაკენ. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების ერთგულება, რუსეთის მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს აქტიურ ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად და აგრძელებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააარსა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რათა ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვის გზით განახორციელოს უფრო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები. ამ პროცესში საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში. საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო უწყება: სამხედრო აგრესიიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე
სამხედრო აგრესიიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, - ამის შესახებ ნათვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში. "საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი ისევ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუმინეთის საგარეო უწყება: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის 13 წლისთავს. რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთი ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებს, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს Twitter-ში ეხმაურება. ევროპარლამენტარის თქმით, რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება და დგას მისი მოსახლეობის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
სლოვენიის საგარეო უწყება: ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას
სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის 13 წლისთავს ეხმაურება. „სლოვენია კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოდის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა
ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ერთჯერადი ვაქცინის ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით მოვლენებად თრომბოციტოპენია, თრომბოციტების დაბალი დონე, თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური დაასახელა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მაინც აჭარბებს ნებისმიერ რისკს.
საბერძნეთში, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა - სიტუაცია უკონტროლოა
საბერძნეთში უკონტროლო ხანძრების გავრცელების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა. 6 რეგიონი საფრთხის ქვეშაა. როგორც BBC წერს, კვამლის უზარმაზარი ღრუბლები დგას დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, სადაც ხალხს მოუწოდებენ დატოვონ თავიანთი სახლები. პრემიერ-მინისტრის თქმით, სიცხის შედეგად ქვეყანა ფხვნილის ბუდედ გადაიქცა. ასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 20-მდე ვერტმფრენიცაა ჩართული. დამატებითი მეხანძრეები და თვითმფრინავები იგზავნება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და აშშ-დან. არაპროგნოზირებადი ქარის წყალობით, ყველაზე საშინელი ხანძრები ათენის ჩრდილოეთითა. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში - ოლიმპიაშიც. ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. 38 წლის მოხალისე მეხანძრე დაიღუპა ქალაქის გარეუბანში ელექტროენერგიის ძელის ჩამოვარდნის შედეგად. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია. მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს. "მთელი უძველესი ქალაქები იშლება. ფერმები იწვის. 2018 წლის ტრაგედიის მსგავსად, ადამიანები წყალში გადახტომით ცდილობენ თავის გადარჩენას - მაგრამ ჰაერი მაინც იმდენად მწველია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. ”ჩვენ ვსაუბრობთ აპოკალიფსზე, მე არ ვიცი როგორ აღვწერო ეს”, - განაცხადა კუნძულ ევიას სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა.
"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც ცნობილია, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებ ხელფასი 1-ლი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა "თბილსერვის ჯგუფთან " და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,მათ მიერ წარდგენილი 7-პუნქტიანი განცხადება, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი, 1-ლი იანვრიდან მოხდება. "ხელფასის გაზრდას სხვა პროცედურები სჭირდება, მაგრამ გარანტია არის, რომ პირველი იანვრიდან უეჭველად მომატებული იქნება... 15 დღეში გვეტყვიან, რამდენი იქნება მატება იანვრიდან“, - ასეთია აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ გახმოვანებული დაპირება. ასევე დაიდო პირობა, რომ არცერთი გაფიცული თანამშრომელი არ გათავისუფლება სამსახურიდან.
ნედ პრაისი: რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ნედ პრაისი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის. "13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანის საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. ახლაც რუსეთის ძალებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვთ ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება." - აცხადებს ნედ პრაისი.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
"ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი, ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. "მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა-გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდასაოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოს ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ დახვრიტეს... - აგვისტოს ომის გმირებს მეუღლეები Europetime-თან იხსენებენ
აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება იანვარში გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. Europetime-ს აგვისტოს ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები უზიარებენ ემოციებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დაეუფლათ. 2008 წლის აგვისტოში, ქორწინებიდან ორი წლის თავზე, მაკა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ 6 აგვისტოს უკანასკნელად ესაუბრებოდა და ისმენდა მეუღლის ხმას... რომ წინა დღეს, გულში ღრმად ჩაკრული შვილისთვის ეს მამასთან ბოლო შეხვედრა იქნებოდა... ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ გიორგი მისთვის ასე ნანატრი გოგოს მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ გახდებოდა... მაკა მაშინ სამი თვის ორსული იყო.. მერე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულის დაუსრულებელი ძებნა, სასოწარკვეთა, იმედები, მოლოდინები...მერე ის ვიდეო...სადაც გიორგი ანწუხელიძის არაადამიანური წამების კადრებია აღბეჭდილი...სადაც მას მტერი აიძულებდა, დაჩოქილიყო, რასაც მან სიკვდილი არჩია...მაკას რამდენიმე წამის გარდა, არასოდეს უნახავს ბოლომდე ეს კადრები...და ფიქრობს, რომ ამას ვერც ვერასდროს შეძლებს... „მიუხედავად ამ ომში, ჩემი პირადი ტრაგედიისა, დღეს ვთვლი, რომ ყველანი გამარჯვებულები ვართ და გიორგის თავგანწირვამ უშედეგოდ არ ჩაიარა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს და ყველას, ვინც ელოდებოდა ამ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავედ ცნეს რუსეთი მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ ეს ასეც იქნებოდა. დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - ამბობს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე. ეს დღე დეოკუაციამდე მიგვიყვანს - თეა ტაბატაძე, უშანგი სოფრომაძის მეუღლე „თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს...თურმე „ტყუილად არ დახოცილან“, - ამ სიტყვებით აღწერს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, უშანგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - ამბობს თეა... თვალცრემლიანი იხსენებს ომს, რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა...ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა... „მე უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ქვრივი ვარ! და ასევე ვარ დევნილი ჩემი სოფლიდან - ნული. ჩემს ოჯახს აგვისტომ უამრავი ტკივილი და ზარალი მიაყენა. ყველაფერი დავტოვეთ და რუსეთმა მიისაკუთრა! პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს სამშობლოს დღევანდელ გამარჯვებას! დღეს ისტორიული დღეა, რასაც მე პირადად და ჩემი ოჯახი 12 წელი ველოდებოდით. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია! ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველას გასაგონად დადასტურდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო! სიამაყეა... ტკივილია... სიხარულია... ემოციებია... სამართლიანობის განცდა... თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს... თურმე „ტყუილად არ დახოცილან“... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს. „ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, ვიდრე ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო”, - იხსნებენ მისი თანამებრძოლები. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ, რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ომში რომ წავიდა, მისი შვილი ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე კი, მეორე ბავშზე ორი თვის ორსული... ცნობისათვის, ინტერვიუები გამოყენებულია შარშანდელი არქივიდან
საბერძნეთში, ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით, 2 ადამიანი დააკავეს
საბერძნეთაში, ტყის ხანძრი გაჩენის ბრალდებით, 2 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახენ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Euronews-ი ავრცელებს. ბერძნული საინფორმაციო სააგენტო ANA-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 43 წლის ბერძენი კაცი და ავღანელი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელ ქალს დაკავებისას სანთებლები, ბენზინი და აალებადი მასალები აღმოაჩნდა. ცნობისთვის, საბერძნეთში ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. საბერძნეთში უკონტროლო ხანძრების გავრცელების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა. 6 რეგიონი საფრთხის ქვეშაა. ამავე თემაზე: საბერძნეთში, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 150-ზე მეტი კერაა - სიტუაცია უკონტროლოა.
საპატრიარქო: ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი. "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Forbes-ის რეიტინგში მყოფი ახალი ქართველი მილიარდერის ქონება კიდევ გაიზარდა
ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes--ის მილიარდერების რეიტინგში 592-ეადგილზეა 5,1 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით. Forbes-ის რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი აპრილში მოხვდა. იმ პერიოდში ლომთაძე რეიტინგში 804-ეპოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მისი კომპანია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური(ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახორციელებს ბევრ სოციალურ აქტივობას.
სალომე ზურაბიშვილი: მგონია, რომ გონს მოვალთ, დავუბრუნდებით ჩვენს ერთადერთ გზას და ეს გზა არის თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმებასთან და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის პესიმისტურად არ არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მხარეები შეთანხმების რაღაც ფორმატს დაუბრუნდებიან. სალომე ზურაბიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არ შეიძლება, არ გაგრძელდეს პროცესი, რომელიც იქნება „ჩვენი, ევროკავშირის და აქაური პარტიების ერთმანეთთან შეთანხმების პროცესი“: „იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთოთ - მარტო რჩება საქართველო? რას ვეუბნებით ევროკავშირს, თქვენთან არაფერი საქმე აღარ გვაქვს და ვაგრძელებთ მარტო? ეს კითხვაც არ არის, პასუხიც ჩემია - დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს., ეს არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ამ ქვეყანაში. შეიძლება, პოლიტიკური პოზირება ხდებოდეს ერთი და მეორე მხრიდან, მაგრამ გზა არის ეს. მეორე მხრივ, ჩვენს სიტუაციას რუსეთი უყურებს, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყენოს ეს ვითარება. ამიტომ. მგონია, რომ გონს მოვალთ, დავუბრუნდებით ჩვენს ერთადერთ გზას და ეს გზა არის თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტიორებთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ყოველთვის იქნება ჩართული ევროკავშირთან ურთიერთობებში, სადაც პრობლემა იქნება და ამას ყოველთვის დაუჭერს მხარს. „მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, წინა წელს იყო 8 მარტის შეთანხმება და რეალურად გაგრძელდა კრიზისი, ამ წლის დასაწყისში რეალურად გამოსული ვიყავით კრიზისიდან, კარგად მახსოვს რომ იანვარში ვიყავი ბრიუსელში სადაც შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ასევე NATO-ს ხელმძღვანელობასთან და იქ საქართველოს მიმართ კრიზისზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირიქით, საუბარი იყო ახალ გეგმებსა და ჩვენს წინსვლაზე. შენიშვნებიც არ ყოფილა. შემდეგ მოხდა რაც მოხდა და ისევ ჩავებით გაუთავებელ კრიზისში. იმ დოკუმენტში ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე ოღონდ გარედან და არა მოლაპარაკებებში. დოკუმენტში რა შედიოდა და რა არ შედიოდა, ეს ჩემი საქმე არ იყო. ეს იყო პარტიათა შორის შეთანხმება. მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი და პრობლემატურ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს თავისი გეგმები ევროკავშირთან და NATO-სთან, მიუღებელია, რომ ჩვენ მივდიოდეთ ერთპარტიულობის გზაზე, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ის რომ, ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა, ეს არის მისი არჩევანი და არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა. ფაქტი იყო, რომ ყველა ვინც მოვიდა და ხელი მოაწერა შეთანხმევას, თვლიდა, რომ შეთანხმება შედგა. ევროკავშირს აინტერესებს სტაბილურიბა ამ ქვეყანაში და ამის ნიშანი მივეცით. ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაც აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახლა ეტაპზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება მმართველი გუნდის არგუმენტებს შეთანხმებიდან გასვლაზე, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ ადრე უნდა ეფიქრათ, რა იყო მისაღები და რა არა საზოგადოებისთვის. „არჩევნები ლეგიტიმურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მე მგონია, რომ არ შეიძლება ზოგადად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ და ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მოგცა ხმა, მაგრამ შენ მას ეუბნები, რომ კიდევ უნდა დაამტკიცო ის, რომ ეს ხმა შენ მე მომეცი. ჩემი აზრით, დემოკრატიული არჩევნების თეორიაში ეს არ ჯდება. მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა. ამ შემთხვევაში ისეთ პრეცედენტზე მივდივართ, ან მივდიოდით, არ ვიცი, რომელიც მგონი, შეიძლება, აღმოჩნდეს ცუდი პრეცედენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერას და „ქართული ოცნების“ მიერ ამ საკითხის არგუმენტად გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა. „არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე. თუკი არსებობს შეთანხმება და ეს შეთანხმება არის ევროკავშირის ეგიდით, მაშინ რატომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი დესტრუქციული პარტიის გამო. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება შედგა, წინ უნ და წავიდეთ, ის ერთი პარტია ხდება მთავარი მოთამაშე ჩვენთვის? თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია, ესეც არასწორია. არიან პარტიები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას, ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მთავრობაზე მომავალში, მრავალფეროვნებაზე და მერე, სულ ვუბრუნდებით ერთ პარტიას. ამ პარტიამ ამოირჩია თვითონ მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი, დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი. შეთანხმებას მმართველი პარტია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთი პარტიის გამო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი 5 ივლისის მოვლენებზე: ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა
„როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით გავიარე ეკლესიის წინ და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში. „5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილი: მგონია, რომ გონს მოვალთ, დავუბრუნდებით ჩვენს ერთადერთ გზას და ეს გზა არის თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტიორებთან
სალომე ზურაბიშვილი: კოალიციური მთავრობა ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად
„კოალიციური მთავრობა ალბათ შემდეგი ნაბიჯია, როგორ წარმოგვიდგენია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია, ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო - კოალიციური მთავრობა. ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, კოალიცია აუცილებელია, არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს. „არ შეიძლება მუდმივად, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ზოგი საკითხების, შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და იმაზე, რაც ააუცილებელია - ტოლერანტობა. არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „იმედთან“ ინტერვიუში. შეკითხვაზე, არის თუ არა მისი კრიტიკა გულწრფელი მმართველი პარტიის მიმართ, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს დღევანდელობის შეფასებაა. „არ მაქვს სურვილი, გავაკრიტიკო მმართველი პარტია იმიტომ, რომ მომეპრიანა კრიტიკა. წინსვლა მინდა და ის, რომ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა, რაც ახლა ჩანს, არ დავკარგოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი: არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერას და „ქართული ოცნების“ მიერ ამ საკითხის არგუმენტად გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა. „არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე. თუკი არსებობს შეთანხმება და ეს შეთანხმება არის ევროკავშირის ეგიდით, მაშინ რატომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი დესტრუქციული პარტიის გამო. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება შედგა, წინ უნ და წავიდეთ, ის ერთი პარტია ხდება მთავარი მოთამაშე ჩვენთვის? თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია, ესეც არასწორია. არიან პარტიები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას, ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მთავრობაზე მომავალში, მრავალფეროვნებაზე და მერე, სულ ვუბრუნდებით ერთ პარტიას. ამ პარტიამ ამოირჩია თვითონ მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი, დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი. შეთანხმებას მმართველი პარტია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთი პარტიის გამო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში. „ზოგჯერ ისეთი განცდაც არის, რომ მმართველ პარტიას აწყობს, იყოს ძლიერი ისეთი ოპოზიცია, რომელიც არის დესტრუქციული, ოდიოზური, მიუღებელი და რაღაც კუთხით, საარჩევნოდ შეიძლება იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ჩვენ უნდა ავაწყოთ ეს ქვეყანა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება იმის მიუხედავად, რომ ერთი ძალა არ თანამშრომლობს... და ადრეც ვთქვი, რომ არ შეიძლება, გარედან მუშაობდე ქვეყნის დისკრედიტაციაზე. იქ უფრო აქტიურად მუშაობენ. არაერთხელ მქონდა მმართველ პარტიასთან საუბარი, რომ აუცილებელია, მმართველ პარტიასაც ჰქონდეს უცხოეთში სხვა ფორმით მუშაობის საშუალებები. მე ვგულისხმობ ლობირებას, რომელიც არ არის პიარი და პროპაგანდა...არ შეიძლება, გარე სამყარო მივანდოთ მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საკმაოდ აქტიურობენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: ჩემთვის წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვით და შიშით უყურებენ ვაქცინას
„კოვიდთან ბრძოლაში გვაქვს მარტივი იარაღი - ვაქცინა. დღეს ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია. არანაირი დეფიციტი რომელიმე ვაქცინის არ არსებობს. ყველას აქვს არჩევანი, აიცრას იმ ვაქცინით, რომელიც ურჩევნია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. „მე ადრეც ვთქვი, რომ პატრიოტიზმი დღეს გადის ვაქცინაციაზე. ხშირად ისმის საუბრები დემოგრაფიულ პრობლემებზე - 6000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და ეს ძალიან მძიმე რიცხვია. თუ გვინდა, რომ გავუფრთხილდეთ ამ ქვეყანას და საკუთარ ოჯახებს, როგორ ვიღებთ საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომ არ მივდივართ ასაცრელად და საფრთხეს ვუქმნით სხვას და ზოგადად ქვეყანას, ვინაიდან ამ პატარა ქვეყნისთვის ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევაა. არ შეიძლება, ყველაფერზე მთავრობას მიუბრუნდე და თქვა, რომ ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია. ეს არის ყველა ადამიანის გასაკეთებელი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავარწმუნოთ მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები. ყველანი ამ კამპანიის ნაწილი ვართ. უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს არის აუცილებელი. არ გეშინია, რომ სხვის სიკვდილზე პასუხისმგებელი გახდები? იღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვით და შიშით უყურებენ ვაქცინას. უნდა ავიცრათ, რათა გადავარჩინოთ ეს პატარა ქვეყანა. საქართველოს სჭირდება ყველა თავისი მოქალაქე - ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, საზღვარგარეთაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.