ძებნის რეზულტატი:
სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები 24 დეკემბრამდე გახსნის საშუალებას ითხოვენ
მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ. ამ საკითხზე მათ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციის შემდეგ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განაცხადა, თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ იმისთვის, რომ კოლაფსი არ მოხდეს. „გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იგივე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ექიმების მხრიდან მოთხოვნა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე იყო. საბოლოოდ, გადაწყდა, რაც გაჟღერდა, საშუალო. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა ნატა გოგოლაძემ. რა შეეხება თანამშრომლების უმუშევრად შესაძლო დარჩენას, გოგოლაძე ამბობს, რომ თბილისი მოლში დაახლოებით 2700 ადამიანია დასაქმებული და მათი მუშაობის საკითხს მაღაზიები ინდივიდუალურად წყვეტენ.
ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს - Reuters
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია. ცნობისთვის, 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.
ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი
ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.
უკვე გვაქვს მოწვევა - ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ ის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს. "ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ ჯო ბაიდენთან შეხვედრას და ჩვენ უკვე გვაქვს მოწვევა, რომ ასეთ შეხვედრაში [მონაწილეობა მივიღოთ]. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშ წასვლას - ახლა არ მახსოვს, მაგრამ ჩვენს სიაში აღმოსავლეთის ქვეყნებიც არის" - თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჯო ბაიდენმა, თქვა, რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოთხოვნას სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე. "მამაცი ბელარუსი ხალხი აჩვენებს, რომ მათ ხმას ვერ ჩაახშობს დაშინება ან წამება" - წერს ჯო ბაიდენი აგვისტოში. მაშინ მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.
Covid-19-ის ვაქცინა შესაძლოა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით დაინიშნოს
AstraZeneca-ს პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო შესაძლოა სხვადასხვა ვაქცინა ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით დაინიშნოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გასულ კვირას კომპანიამ გამოაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა შეადგენს 70%-ს. ეს მაჩვენებელი პრეპარატის მწარმოებელმა მიიღო გამომდინარე იქიდან, რომ მოხალისეთა უმრავლესობას მიეცა ორი სრული დოზა, ერთთვიანი ინტერვალით, სადაც 62%-იანი შედეგი დაფიქსირდა, ხოლო 3,000 პაციენტს შეცდომით დაენიშნა პრეპარატის ნახევარი დოზა, სადაც ვაქცინამ 90%-ანი შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია რომ არც ერთმა პაციენტმა, მიუხედავად დოზირებისა, არ აჩვენა გვერდითი ეფექტები. მარეგულირებელმა საშუალებებმა, როგორიცაა FDA, განცხადა, რომ ისინი დაამტკიცებენ ვაქცინას, რომელიც ხელს უშლის კოვიდს ან ამცირებს დაავადების სიმძიმეს ვაქცინირებულთა არანაკლებ 50% –ში. AstraZeneca- ს შედეგებმა დიდი იმედები გააჩინა და 90%-ანი ეფექტურობის მაჩვენებელმა კონკურენტუნარიანი გახადა Moderna- ს და Pfizer / BioNTech- ის ვაქცინებთან მიმართებით. მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ოქსფორდის ვაქცინის წარმოება შედარებით იაფი ჯდება და მისი შენახვა არ არის საჭირო ძალიან ცივ ტემპერატურაზე. კომპანია ასევე უზრუნველყოფს 355 მილიონი ვაქცინის დოზის წარმოებას, ხოლო 100 მილიონი დოზაზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უზრუნველყო ადრეული წვდომა. ჯანდაცვის დეპარტამენტის იმუნიზაციის ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმა დევიდ სოლსბერიმ, BBC Radio 4-ის გადაცემაში განაცხადა, რომ შემდგომი კვლევები მნიშვნელოვანია.
ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი მოკლეს
ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი, მონსენ ფაჰრაზადეჰი თეირანთან, მანქანაში მოკლეს. ამ ინფორმაციას ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. მონსენ ფაჰრაზადეჰი ქალაქ აბსადში თავდასხმის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარი ფაქტი თავდასხმად შეაფასა. დასავლური დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, ფაჰრიზადეჰი ირანისთვის ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა. 2015 წელს, New York Times - მა ის შეადარა რობერტ ოპენჰაიმერს, ფიზიკოსს (ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს) რომელმაც პირველი ატომური იარაღი შექმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.
კარლ ჰარცელი: ვიყოთ ფხიზლად და დავიცვათ უსაფრთხოების წესები
„ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ამ სიტყვებით აღწერს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სპეციალისტებთან შეხვედრას. „ევროკავშირის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შევხვდით. კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის ექსპერტების რჩევების საფუძველზე მიღებულ ახალ ზომებს მხარს ვუჭერთ. უდიდესი პატივისცემა სამედიცინო პერსონალის ყველა წარმომადგენელს. ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, - წერს ევროკავშირის ელჩი.
ილია მეორე მრევლს მიმართავს
საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად. ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, მანქანების ქურდობისთვის ძებნილი, საქართველოში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.
შეზღუდვების პერიოდში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებს
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვის გამო "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება. როგორც "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. „ამ პერიოდში განახლდება „საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანები. რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დააბრუნოთ ბილეთები, რადგან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას“,- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას - ჯანმო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება. შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.
4472 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - 28 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 195 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 760, აჭარაში-1 016, იმერეთში-1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-150, იმერეთში-214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში-179, აჭარაში-119, იმერეთში-41. 3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში-1 049, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 132 პირი, აჭარაში-14 670, იმერეთში-4 765“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბრიტანეთში საავადმყოფოები Covid-19-ის ვაქცინას 10 დღეში მიიღებენ – Guardian
დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემამ [NHS] საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, 7 დეკემბერს მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოებმა მიიღეს განკარგულება 10 დღის ვადაში მოემზადონ ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას უპირველესად მედიკოსები მიიღებენ. საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდაში დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში 20 000 ადამიანი იყო ჩართული. მთლიანობაში COVID-19 გამოუვლინდა 30 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის 2 დოზა მიიღო და 101 პირს, ვისაც პლაცებო ინექცია გაუკეთეს. მკვლევრების თანახმად, ვაქცინა 70%-ით იცავს ორგანიზმს ვირუსისგან. საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას. ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა, შემოწმდეს ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სტანდარტებთან შესაბამისობა. შემოწმების პროცესს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უახლოეს კვირებში გაივლის. ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად. მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.
რამდენი ხნით არის ადამიანი დაცული განმეორებითი ინფიცირებისგან – კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ინფიცირების შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, დაავადებაგადატანილი პაციენტები განმეორებითი ინფიცირებისგან მინიმუმ 6-დან 8 თვემდე არიან დაცულები. "ძალიან ავტორიტეტული კვლევები, რომლებიც ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, აჩვენებს, რომ ადამიანს მახსოვრობის ორი სისტემა აქვს: ერთი ანტისხეულები და ე.წ მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსი და სხვა ნებისმიერი ინფექცია შეხვდება ადამიანს. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდეგ არ აქვთ ანტისხეულები, ან ძალიან დაბალი ტიტრი აქვთ, არ ნიშნავს, რომ მათ იმუნური მახსოვრობა არ აქვთ. რაც კი დაკვირვება არსებობს, 6-დან 8 თვემდე მსუბუქად დაავადებაგადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან". – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.
10 263 პირი ბინაზე მკურნალობს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 263 პირი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, 6 286 ადამიანი კი საავადმყოფოში მკურნალობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 942 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში -150, იმერეთში -214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში -179, აჭარაში-119, იმერეთში -41. 3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში -1 049, ხოლო იმერეთში -35“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 62 004 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 798 107 ადამიანი, 1 449 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 17 757 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ ირანი მეცნიერის მკვლელობისთვის შურს „შესაფერის დროს“ იძიებს
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი აცხადებს რომ ირანი მეცნიერის მკვლელობისთვის „შესაფერის დროს“ შურს იძიებს. ირანი შურს იძიებს გამოჩენილი მეცნიერის მკლელობისთვის „შესაფერის დროს“, ხოლო ბირთვული სამუშაო კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. როუჰანიმ კომენტარი გააკეთა Twitter- ის არხზე, მას შემდეგ, რაც მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს ირანის დედაქალაქთან ახლოს.
ალექსეი ნავალნი: რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ევროპა არ უნდა გაჩუმდეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოუწოდებს ევროკავშირს, არ სცნოს ლეგიტიმურად რუსეთის საპარლამენტო არჩვენები, თუ რომელიმე კანდიდატი მიიღებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, ამასთან მან მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს პუტინთან დაახლოებულ პირებს. წერს ABC news-ი. „პუტინის პირადი მტერი, ალექსეი ნავალნი ამჟამად გერმანიაშია. ის რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც მისი მოწამლა სცადეს. ოპოზიციონერმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ „ევროპა არ გაჩუმდეს“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. გასულ თვეში, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანსა და რუსეთის საგამოძიებო ინსტიტუტს, ნავალნის მოწამლისთვის. ამის საპასუხოდ კი, რუსეთმა დააანონსა სანქციები, გერმანელი და ფრანგი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომლებიც ნავალნისთან არიან დაახლოებულნი. ალექსეი ნავალნის რამდენჯერმე უთხრეს უარი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე, მან განაცხადა რომ ევროკავშირის მიდგომა მარტივი უნდა იყოს „თუ ყველას მიეცემა მონაწილეობის უფლება, შეგვიძლია დიალოგი გავაგრძელოთ, თუ რომელიმეს არ დაუშვებთ, ჩვენ არჩევნებს ვერ ვაღიარებთ“, - აღნიშნა ნავალნიმ.