ძებნის რეზულტატი:
იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა წარსულში დარჩება - რუსეთის საგარეო უწყება
"გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ქუთაისში ახალი კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიოლოგს კორონავირუსის დიაგნოზის პარალელურად თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.
პატიმრებს ხანმოკლე პაემნისა და ამანათის უფლებებით სარგებლობა შეეზღუდათ
28 ნოემბრიდან, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ, ამანათების უფლებით კი ისინი 28 დეკემბრამდე ვერ ისარგებლებენ. პენიტენციური სამსახური ცვლილებებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეპიდსიტუაციით ხსნის. “მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში”, - აცხადებს უწყება. სამსახურის განცხადებით, შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.
გერმანიაში, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, BioNTech-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე წარმატებული კლინიკური ცდის შემდეგ გერმანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცებისთანავე ქვეყანაში პირველ რიგში საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების სამედიცინო პერსონალს აცრიან და დასძინა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება. „ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენს დასაცავადაა საჭირო, არამედ მათთვისაც, ვისზეც თქვენ ზრუნავთ,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. იენს შპანის ინფორმაციით, სხვადასხვა მწარმოებელთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გერმანიამ ვაქცინების 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა შეძლო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა 95%-ს აღწევს.
თენგიზ ცერცვაძე კლინიკიდან სახლში გაწერეს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდასტურდა, სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. „კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა“, - წერია განცხადებაში. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს, 19 ნოემბერს გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა - ზურაბ აბაშიძე
2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს არის რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. მისივე განმარტებით, ორმხრივი მზაობა არ ყოფილა არც „ქართველი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიმართულებით“, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დადო, არის ასეთი პასაჟი - „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.
ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილ ორასკაციან მიტინგზე ანტისამთავრობო შეძახილებიც ისმოდა. „სირცხვილი პოლიციას“, „პუტინი უნდა გადადგეს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი და სამი აქტივისტი დააკავა. ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით, ივლისში დააპატიმრეს. ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად აფასებენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი სპეცოპერაცია ჩატარდა
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი სპეცოპერაციის ფარგლებში სამ კონტინენტზე 45 ადამიანი დააკავეს, - აცხადებს ევროპოლი. ათასზე მეტმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა ევროპოლის მიერ კოორდინირებულ ოპერაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბელგიის, ბრაზილიისა და პორტუგალიის მაღალჩინოსნები. მის ფარგლებში 180 ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ქსელს ევროპის საპორტო ქალაქებში ყოველწლიურად სულ მცირე 45 ტონა კოკაინი შეჰქონდა, ფულადი მოგება კი წელიწადში 200 მილიონ ევროს აღემატებოდა.
არა ფობიას - გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის შობის აღსანიშნავად, დისკრიმინაციულია
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას", რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. ამ განცხადებით პლატფორმა ეხმაურება ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ კომენდანტის საათი არ იმოქმედებს 6-7 იანვრის ღამეს, რათა მართლმადიდებელმა მრევლმა შობის დღესასწაულის აღნიშვნა შეძლოს. თუმცა, მთავრობა გამონაკლისს არ უშვებს 24-25 დეკემბრის ღამეზე, როდესაც არაერთი ეკლესია, მათ შორის მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი აღნიშნავს შობას. პლატფორმა "არა ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. "ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას), ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას". – წერია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებენ. "გაზაფხულზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც". – წერია განცხადებაში. სამოქალაქო პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე; გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); თანასწორობის მოძრაობა; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); თბილისი პრაიდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საფარი; უფლებები საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი, 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას. ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ. 28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.
დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის საკითხებში მინისტრი დანიშნა
გაერთიანებული სამეფო ემზადება მილიონობით ადამიანის ასაცრელად, თანმხლები პრობლემების დასაძლევად კი ქვეყანამ ვაქცინის მინისტრი დანიშნა, წერს France 24-ი. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატორი დეპუტატი ნადიმ ზაჰავი გააკონტროლებს ქვეყნის ვაქცინაციის ყველაზე დიდ პროგრამას. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს წამლების მარეგულირებელი ორგანო განიხილავს ორ ვაქცინას: Pfizer–ის და BioNTech–ის, ასევე - AstraZeneca–ს. The Guardian-ი იტყობინება, რომ საავადმყოფოები გააფრთხილეს, მზად იყვნენ, რომ მიიღონ Pfizer– ის პირველი დოზები 7 დეკემბერს, დამტკიცების შემთხვევაში. ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 40 მილიონი დოზა Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, რაც საკმარისია 20 მილიონი ადამიანისთვის და ასევე - 100 მილიონი დოზა ოქსფორდის/ასტრაზენეკას მხრიდან. ბრიტანეთი მაქსიმალურად ემზადება ვაქცინაციისთვის, ამისთვის მათ 355 მილიონი დოზა შეუკვეთეს შვიდ სხვადასვა მწარმოებელს.
დიდი ბრიტანეთი რისკჯგუფში მყოფ 2.5 მილიონ მოსახლეს D ვიტამინით მოამარაგებს
დიდ ბრიტანეთში თითქმის სამ მილიონ სოციალურად დაუცველს, მათ შორის ავადმყოფებს და მოხუცებს, მთავრობა D ვიტამინის აბებს უფასოდ გადასცემს, წერს „ევრონიუსი“. წელს, კორონავირუსული ზომების გამო ხალხის დიდი ნაწილი სახლში რჩება და ვერ ახერხებს გარეთ გასვლას, ამიტომ, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რჩევაა, რომ ყოველ ზამთარს, ყველამ, განსაკუთრებით მოხუცებმა, რომლებიც გარეთ არ გამოდიან ან მუქი ფერის კანი აქვთ, ყოველღე მიიღონ D ვიტამინის დანამატი, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შესახებ გაკეთდა განცხადება, რომ ის კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს, დიდი ბრიტანეთის NHS– მა განაცხადა, რომ ამჟამად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა
მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა. „მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მსახიობის ძმამ დაადასტურა, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი გამოუვლინდა.
დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას უკანონო მიგრაციის შეჩერების მიზნით. ამის შესახებ Reuters-ი წერს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ოფიცრების რაოდენობა, რომლებიც პატრულირებენ საფრანგეთის სანაპიროზე, გაორმაგდება და ახალი ტექნიკას, მათ შორის დრონებსა და რადარებს გამოიყენებენ. „ჩვენ უკვე ვხედავთ მიგრანტების შემცირებულ რაოდენობას, საფრანგეთის სანაპირო ზოლის მხირდან”, - აღნიშნა პატელმა. მისივე თქმით, ბრიტანეთი ასევე გეგმავს თავშესაფრის ახალი სისტემის დანერგვას.
Pfizer-ი ვაქცინას ევროპისა და აშშ-ის საწყობებს აწვდის
კომპანია Pfizer-მა ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო. Wall Street Journal-ის ცნობით, ამის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ვაქცინაცია მას შემდეგ, რაც შესაბამისი ორგანოები პრეპარატის გამოყენების ნებართვას გასცემენ. ამერიკული მედიის ცნობით, United Airlines-მა უკვე შეასრულა ჩარტერული სატვირთო რეისები მიჩიგანის შტატსა და ბელგიაში. დაგეგმილია რეისები ვისკონსინის შტატსა და გერმანიაშიც.
„გირჩი“ ბოიკოტის შეწყვეტის პირობას ასახელებს
„გირჩი“ ბოიკოტის შეწყვეტის პირობას ასახელებს და ამასთან დაკავშირებულ პოზიციას ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან აფიქსირებს. „მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, „დაბარტერება“ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. „დააბარტერო მნიშვნელოვანში არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთს მოუგო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთის დამარცხებით მესამე შეხვედრა მოიგო. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.
პარიზში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
საფრანგეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პარიზში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ისინი კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა პოლიციისთვის ბოროტი განზრახვით ვიდეო ან ფოტო გადაღება. ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას, პოლიციის სისასტიკის აღბეჭდვის თვალსაზრისით, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ეს ოფიცრებს პირდაპირი შეურაცხყოფისგან დაიცავს. პროტესტი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის ქუჩებში დაახლოებით 46 000, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი 133 000 ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაში მონაწილეობის მიზნით.
მოტენეგრომ სერბეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მონტენეგრო სერბეთის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათიან ვადას აძლევს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სერბეთის ელჩმა, პირდაპირ შეურაცხყო მონტენეგრო, რომლის 1918 წელს შეერთებას სერბეთის სამეფოსთან, მონტენეგროელი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატულება და განმათავისუფლებელი აქტი უწოდა. მონტენეგროს გადაწყვეტილებით კი, ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს სუვერენტეტის გაუქმებად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს უკვე მიმავალმა მთავრობამ მიიიღო. საპარლამენტო არჩევნებში აქ პროსერბულმა კოალიციამ გაიმარჯვა.
იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობისას სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე 27 ნოემბერს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. 2013 წელს სარდინიაზე ციკლონისგან გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.
მედია: მელანია ტრამპი მემუარების გამოცემას გეგმავს
აშშ-ს პირველი ლედი მემუარებზე მუშაობას აპირებს. ამ მიზნით ის უკვე მართავს შეხვედრებს. იტყობინება Independent-ი. წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მელანია ტრამპს საკუთარ შემოსავალს მოუტანს. აშშ-ის ყოფილი ლედის, მიშელ ობამას მემუარები (A Promised Land) 17 ნოემბერს გამოიცა და გაყიდვების რეკორდს ხსნის. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებენ.