ძებნის რეზულტატი:

ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს - თურნავა

ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. "დავესესხებით ჯანმოს თავმჯდომარეს, რომ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი, ანუ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ უკვე აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა... ”, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, 29 ნოემბრიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდება.

იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი სავარაუდოდ განახევრდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში, დაწესება ერთია და მისი აღსრულება-მეორე. თუ ჩვენ ერთად, სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და სოლიდარული, მივაღწევთ შედეგს. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო, საზოგადოება და სამედიცინო პერსონალს შორის. ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი. მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამწუხაროდ ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - თურნავა

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ. „ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ პერიოდში 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს და მას რესტორნებიც დაემატება, რომელთაც 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ოპოზიციამ, შესაძლოა, მასშტაბური აქციები შეწყვიტოს

“ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს დამატებითი ფაქტორები არ უნდა დაუმატონ. “რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას ახალი ანტიკრიზისული საბჭო, სადაც ოპოზიციაც იქნება და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა “თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით ვერ გამოიჩინა”. “საზოგადოდ, შეზღუდვები, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში არის გარდაუვალი, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა. სამწუხაროა, რომ აქაც ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით. მივედით ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუ ასე განვითარდა სიტუაცია, არაინფიცირებული ადამიანი აღარ დაგვრჩება, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა არ გამოვიყენეთ. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ ყველა, როგორც ჩანს, ხელისუფლების იმედზე მაინცდამაინც ვერ ვიქნებით. ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კოვიდის გაგრძელება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს. ამავდროულად, გუშინაც მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით და იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაც. პარალელურად უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით. ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დროებით დახურულ ობიექტებში დასაქმებულთა სესხების გადავადებაზე მთავრობა ბანკებს ესაუბრება - თურნავა

„ჩვენ შევეცადეთ და მაქსიმალურად დავაბალანსეთ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსება ბიზნესთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს 750-ლარიან და 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მთავრობის სოციალური დახმარებას ასევე მიიღებენ შშმ პირები, კონკრეტული ქულის ქვევით მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მინისტრმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ საყოველთაოდ აპრობირებულ მექანიზმზე, როგორიცაა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება კიდევ 4 თვით, ასევე 300-ლარიანი დახმარების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა. „ჩვენ ასევე ბანკებთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას, რომ მოხდეს ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირების საბანკო სესხების გადავადება. ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნა, სერიოზული რისკია - ბიძინა კულუმბეგოვი

არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველო ახლა მაქსიმალურ ზღვარზეა და შეუძლებელია მეტს გაუძლოს მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით. „როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის ყველაზე მეტი გავრცელება დაავდების გავრცელების, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია მეტი ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმაც ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. მისივე თქმით, სერიოზული რისკია, რომ შეზღუდვები რამდენიმე დღით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნას. „ამაზე იყო ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე საუბარი. ჯერ ადამიანებს არ უნდა ჩავაშხამოთ ახალი წლის დღეები და მეორეც, მთელი თვის გაყიდვების 50% ამ დღეებზე მოდის. ამ ტიპის შეზღუდვები მსოფლიომ არ იცის, კი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ გვესმის, რომ ესეც მოცემულობაა. ალბათ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არის ესეც კომპენსაცია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, დამსაქმებელმა ხელფასი მისცენ. კომპრომისია სერიოზული, ბეწვის ხიდი, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მარადონას გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

ევროპარლამენტი ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. რეზოლუციას მხარი 631-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვაროშასთან თურქეთის უკანონო ქმედებებს გმობენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავისი ნაბიჯებით სულ უფრო შორდება ევროპას და გაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.

AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა. მისი თქმით, კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ვაქცინა უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, როცა მისი შედარებითი მცირე დოზის გამოყენება ხდება. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. ამგვარად, ორივე ტესტის გათვალისწინებით, AstraZeneca-ს ვაქცინის საშუალო ეფექტურობა 70%-ით განისაზღვრა. AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ. 18 ნოემბერს კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნოემბერში ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული. Moderna მისი ვაქცინის ერთი დოზის წინასწარ ღირებულებად 25-37 დოლარს ასახელებს, Pfizer — დაახლოებით 18 დოლარს. «Спутник V»-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა გაცილებით იაფი იქნება. AstraZeneca ასევე იუწყება, რომ მისი ვაქცინა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ძირითადი კონკურენტებისა, თუმცა ფასს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

4780 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი - 27 ნოემბრის სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 161 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 724, აჭარაში-1 020, იმერეთში-1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45. 3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-458, აჭარაში-1 034, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 327 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 087 პირი, აჭარაში-14 450, იმერეთში-4 816“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 61 მილიონს უკვე გადააჭარბა. მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ვებგვერდზე, ამ დროისთვის დაფიქსირებულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით 61 061 664 ადამიანი დაინფიცირდა. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 42 269 611 ადამიანი. გარდაიცვალა 1 432 995 პაციენტი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 259 662- ს შეადგენს. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების ხუთეულში ისევ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე - საფრანგეთია.

COVID-19-ით ინფიცირებული 976 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 976 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ პაციენტებიდან 375 მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. თბილისში 447 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 154, იმერეთში - 226. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 201 ადამიანია, აჭარაში - 49, იმერეთში კი - 45. დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648. 27 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.

რას ჰყვებიან მოხალისეები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

მოხალისეებმა, რომლებმაც აშშ-ის ქალაქ სიეტლში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს გვერდით მოვლენებზე საუბრობენ. ამის შესახებ Independent-ი წერს. Moderna-მ და Pfizer- მა განაცხადეს, რომ ვაქცინის კანდიდატებში პრეპარატი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. პრეპარატის გამოყენებისას 94.5 დან 95 პროცენტამდე დადებითი ეფექტი აჩვენა. ჯენიფერ ჰალერმა, რომელსაც 16 მარტს გაუკეთეს მოდერნას ექსპერიმენტული ვაქცინა, WVPI-TV- ს განუცხადა, რომ მას მხოლოდ მსუბუქი გვერდით მოვლენები ჰქონდა. „ვაქცინის ორი დოზა მივიღე ოთხი კვირის ინტერვალით“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მხარში, ინექციის მიდამოებში, ერთდღიანი მსუბუქი ტკივილი ჰქონდა. მას არც ერთი სხვა სიმპტომი არ ჰქონია. ჰალერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდერნას ექსპერიმენტული ვაქცინა მიიღო. დენიელ ჰოროვითსი ასევე ვაქცინის ერთ-ერთი მოხალისეა, ამბობს, რომ ინექცია ძალიან წააგავს გრიპის ვირუსზე ვაქცინაციას. დანიელ ჰოროვეცმაც ასევე თქვა, რომ მან მხოლოდ მსუბუქი ტკივილი ჰქონდა ინექციის შემდეგ მკლავში, გარდა ამისა, არც მასთან ჰქონდა ადგილი სხვა სახის გვერდით ეფექტებს. Pfizer-მა 20 ნოემბერს ვაქცინა წარადგინა ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციასთან (FDA) მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში გამოსაყენებლად. Moderna კი, თვის ბოლოს გეგმავს ამის გაკეთებას. ვაქცინების ხშირი გვერდითი ეფექტებია ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე ინექციის ადგილზე, მსუბუქი სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი და კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებათა სააგენტომ განაცხადა რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი იწყებს იმუნიტეტის შექმნას დაავადების წინააღმდეგ.აშშ-ი 12,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა მარტის შემდეგ, ხოლო 262,000-ზე მეტი შემთხვევა კი ლეტალური შედეგით დასრულდა.

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა იწყება

2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება. წელს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, სანდრა გადელია წარადგენს, სიმღერით „შენ მარტო არ ხარ“. საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 27 ნოემბრის 23:00 საათიდან, 29 ნოემბრამდე. ხმის მიცემის პროცედურის გასაცნობად იხილეთ ვიდეორგოლი: https://bit.ly/2KygpN3 ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელი საქართველოს პირველი არხის ეთერში, 29 ნოემბერს, 20:00-საათზე იხილავს. საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და ამ კონკურსში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა - მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ გამარჯვება 2008, 2011 და 2016 წლებში მოიპოვა. 2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

რა დახმარებას გამოყოფს მთავრობა - მაია ცქიტიშვილი

ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან. „დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის , თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის . ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს. ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, სამსახურს დაკარგავენ, ვთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან გააფორმა 170 400 ლარის ღირებულების, 12 თვიანი იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, საწყის ეტაპზე ერთჯერადად 28 000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2 400 ლარის გადახდა მოთხოვა. დანაშაულებრივი გზით მოთხოვნილი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მეიჯარეს გააფორმებინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა დანაშაულებრივი გზით გადასაცემი თანხის კანონიერება. 2020 წლის 26 ნოემბერს მეიჯარემ მოქალაქეს გადასცა თანხის ნაწილი 16 400 ლარი, რის შემდგომაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის შეკრების დღეს, საპროტესტო აქცია, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებმა გამართონ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, პროტესტი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს. როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე მიიღებენ. „პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე,“- განაცხდა საბა ბუაძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ. „მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია სოცდაუცველ ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანს

მერიამ სოციალურად დაუცველი მოხუცების კვებითი უზრუნველყოფისთვის 0.5 მილიონი ლარი გამოყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. მისივე თქმით, მერიამ გამონახა რესურსი და ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანენ. გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, არაერთი ბიზნესის წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ამიტომ იქმნება პლატფორმა, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლებს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან, მერმა გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, საკვების მიწოდების პროგრამაში, წესების სრული დაცვით, ჩაერთონ.

ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა, სხვაგან შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად,“ - განაცხადა გაბუნიამ. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ საწოლის დამატება მარტივია, თუმცა საწოლს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი უნდა ახლდეს, რაც შეზღუდულია. „ნებისმიერ ისეთი ტიპის გაფართოებულ სამედიცინო სივრცეებში, ეს იქნება საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება. სწორედ რეანიმატოლოგები, სამედიცინო პერსონალი ყველაზე ის შეზღუდული რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება მოსაზრებებს კოვიდვითარების მართვაში სამხედრო ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „უფრო იმითაც უნდა დაინტერესდნენ, რა რესურსია სამხედრო ექიმების ნაწილში“. „ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია და ის რესურსი, რომელიც დღეს არის სამედიცვინო სფეროში პრაქტიკულად სრულად ჩართულია ეპიდემიის მართვაში. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ამოცანა არის ნებისმიერი ასეთი ტიპის ასოციაციის, სხვა მოქალაქის თუ ორგანიზაციის, რომელსაც დღეს აწუხებს საქართველოში ეპიდემიის მართვა, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ მოწოდების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პირბადეების საყოველთაო მოხმარებას. ასევე, იმ სავალდებულო წესების დაცვას, რომელიც დადგენილია ყველა იმ ბიზნესისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმის ირგვლივ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, დამსაქმებლებს,ზედმიწევნით შეასრულონ ყველა რეგულაცია. ამით ყველა ვართ ჩართულნი იმ პროცესში - შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების ტემპი. შესაბამისად, შევამციროთ ზეწოლა ჩვენს სამედიცინო სექტორზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.