ძებნის რეზულტატი:
173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან 173 -ს კოვიდ-19 აქვს დადასტურებული, ინფიცირებულთან კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უტარდებათ. კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს და განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან. “მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების. ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
81 წლის იტალიელმა, რომელმაც მეუღლეს სერენადა საავადმყოფოს ფანჯრებთან უმღერა, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
იტალიელი ქალი, რომელსაც ქმარმა საავადმყოფოს გარეთ სერენადა უმღერა, გარდაიცვალა. 81 წლის იტალიელის სტეფანო ბოზინის ფოტომ, რომელიც მეუღლეს სერენადას საავადმყოფოს ფანჯრებს მიღმა უმღერის, მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მან საავადმყოფოს ადმინისტრაციას სთხოვა,შეიძლებოდა თუ არა სიმღერის შესრულება, რათა მეუღლისთვის ბედნიერების ხუთი წუთი ეჩუქებინა. სტეფანო ბოზინიმ ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ რეგულარულად უკრავს სოფლის ფესტივალებსა და მოხუცთა თავშესაფრებთან. წყვილი 47 წლის წინ დაქორწინდა.
BBC: იორკშირში საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები მიტოვებულ ძაღლს „ინგლისურს ასწავლიან“
„მიტოვებული ძაღლს, რომელსაც მხოლოდ გერმანული ესმოდა, ინგლისურს ასწავლიან, რომ ახალი თავშესაფარი იპოვოს“, - ამის შესახებ BBC წერს. ერთი წლის ამერიკული ბულდოგი, ჰექტორი დასავლეთ იორკშირში, საქველმოქმედო ორგანიზაციის კართან დატოვეს. თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ძაღლს არ ესმოდა ინგლისური, რადგან ამ ენაზე არ რეაგირებდა. ამიტომ, სხვა ენის გამოყენება სცადეს. „მისთვის ინგლისური სიტყვების გაცნობა დავიწყეთ და სიტყვიერი ბრძანებების პარალელურად ხელების მოძრაობასაც ვიყენებთ, ამიტომ, ჰექტორმა ძალიან სწრაფად დაიწყო ათვისებ“, - ამბობს ორგანიზაციის მენეჯერი. მისივე თქმით, ახალი ოჯახი, რომელიც ძაღლს მიიღებს, არამწეველი უნდა იყოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ძაღლს სხეულზე ამ გზით მიღებული დამწვრობა აღმოაჩნდა.
„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია „ლელო საქართველოსთვის "ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაივლიან ტექნიკურ დეტალებს, თუ რას აპირებს ოპოზიცია პარლამეტის პირველი სხდომის გამართვისას. „იცით, რომ გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. შესაბამისად, ყოველდღე შეგვიძლია ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს საბოლოოდ ამ ე.წ. არჩევნების შედგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვაკეთებთ პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან" შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ. შესაბამისად, დღეს ტექნიკურ დეტალებს გავივლით. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, ელჩებს დღეს ოპოზიციის ლიდერები, კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძე შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსისგან დასაცავად სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა და კორონავირუსისგან დასაცავად კედლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ჩრდილოეთ კორეამ ჯარისკაცების რაოდენობაც გაზარდა, ამათან ერთად კი, საზღვარზე ე.წ ძლიერ თავდაცვით კედელს ააშენებს. ვირუსის არარსებობაზე ჩრდილოეთ კორეის განცხადებას, არ ეთანხმებიან ექსპერტები და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა ესაზღვება ჩინეთს, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო. ჩრდილოეთ კორეის საზღვრები იანვრიდან დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება ჩინეთში Covid-19–ის გავრცელებას მოჰყვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემის თანახმად, ჩრდილოეთ კორეას 12000-ზე მეტი ტესტიდან, არც ერთი დადებითი პასუხი არ დაუფიქირებია.
ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს
29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს. კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
როგორ აღნიშნავენ ევროპის ქვეყნები შობა-ახალ წელს კოვიდპანდემიის პირობებში
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები დროებით შემსუბუქდება. კერძოდ, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3-15 იანვარი კი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებად გამოცხადდა. ქვეყანაში ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დაწესდა, კერძოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა, შეჩერდა მუშაობა რესტორნებსა და კვებით ობიექტებზე, ასევე სავარჯიშო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. საინტერესოა, სხვა ქვეყნები როგორ ემზადებიან შობა-ახალი წლისთვის, ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ. ავტორი წერს, რომ პანდემიამ ბევრი ადამიანი გამოკეტა სახლში, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ხელახლა ჩაიკეტა, ხოლო მთოვრობები ვაქცინას ელოდებიან. მაგალითად, გერმანიაში სოციალურ შეკრებებზე მსუბუქი შეზღუდვა მოქმედებს. გამონაკლისია 23 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით. ერთი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, შეხვდნენ 10-მდე ადამიანს საშობაო დღეებში, ხოლო 14 წლამდე ბავშვებზე შეზღუდვა არ ვრცელდება. კაცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ - სოციალური შეკრების ზღვარს მიღმა, შეზღუდვები არ შემცირდება საშობაო თარიღამდე, რადგან შემთხვევათა რიცხვი ზედმეტად მაღალია. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. საშობაო ამნისტია დამოკიდებულია ინფიცირების მაჩვენებლის კლებაზე. რაც შეეხება ახალ წელს, ფოიერვერკების შოუ გერმანიაში გაუქმდა. ესპანეთი პედრო სანჩესის მთავრობა მოსახლეობას შობისა და ახალი წლის გარკვეულწილად განსხვავებულ აღნიშვნას სთავაზობს. ხელისუფლება შეკრების შეზღუდვას ექვს ადამიანამდე გეგმავს. საფრანგეთი კომენდანტის საათი მხოლოდ საშობაოდ და საახალწლოდ გაუქმდება. ემანუელ მაკრონი მზად არის, კარანტინი გააუქმოს გარკვეული პირობებით, კერძოდ თუ 15 დეკემბრიდან ყოველდღიური ახალი შემთხევები არ აღემატება 5,000 ადამიანს, ის მზად არის გახსნას ქვეყანა, თუმცა კომენდანტის საათი, 19:00 დან 07:00-მდე, ძალაში დარჩება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ შობის და ახალი წლის დღეები. იტალიაში კომენდანტის საათი გაუქმდება, თუმცა არ იფუნქციონირებს საშობაო ბაზრობები ამ ეტაპზე, მარტის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ქვეყნის პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ნებისმიერი შეკრებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. იტალიის მრავალი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია და მათ შორის მოგზაურობა შეზღუდულია. ეს ზომები ძალაში იქნება 3 დეკემბრამდე, მაგრამ შესაძლოა, საგანგებო განცხადების შემდეგ მოიხსნას შეზღუდვები. დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთი კვლავ ჩაკეტილია, რადგან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა კოვიდთან ბრძოლის მესამე ფაზაზე გადავიდეს. სასტუმროები დახურულია, ხოლო რესტორნებს უფლება აქვთ, გატანის სერვისით მოემსახურონ მოსახლეობას. ღია სპორტული თამაშები, გოლფის და ჩოგბურთის ჩათვლით, გაგრძელდება, ისევე როგორც სამოყვარულო გუნდური სპორტი. მატჩებზე მოსახლეობის დაშვება კვლავ აკრძალული რჩება. საშობაოდ, ბორის ჯონსონის მთავრობამ დააანონსა შეზღუდვების დროებითი შესუსტება. სამამდე ოჯახს მიეცემა უფლება ერთად შეხვდეს შობას, კერძოდ, მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ოჯახებს უფლება ექნებათ, შეიკრიბონ ღია და დახურულ სივრცეებში (Christmas bubble) არაუმეტეს სამი ოჯახისა, 23-დან 27 ნოემბრამდე. პრემიერის განცხადებით, ახალ წელს შეზღუდვები არ შემცირდება.
ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს - უკრაინული მედია
ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ კიევში, თბილისსა და ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატოს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე უკვე მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა სამოქმედო გეგმის მოთხოვნები და ახლო მომავალში ალიანსის 31-ე წევრი უნდა გახდეს“, - წერს უკრაინული გამოცემა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე ყველა მოკავშირის პოლიტიკური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. წყაროების ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.
პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძრის ეზოში შეიკრიბება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიციური პარტიები მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბებიან, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხელმოწერით დაადასტურებენ. ამის შესახებ ჩიხლაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჩიხლაძის ინფორმაციით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. „თარიღი არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როდის ჩატარდება პირველი სხდომა. ადრეც გვქონდა ეს ვარიანტი, მთლიანი ოპოზიციური ფლანგის მეტეხის ეკლესიის ეზოში შეკრება, როგორც ბარიერ გადალახულის, ასევე იმ პარტიების, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და ერთობლივი ხელმოწერა იქნება არშესვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიებმა ასევე ისაუბრეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეც. „გვაქვს მოლოდინი ჩვენ, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მოვა მესამე რაუნდზე საერთოდ, თუ არ მოვა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება თუ არა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
30 ნოემბრის მთავარი გზავნილები ჯანდაცვის სპეციალისტებისგან
„ჩვენ უკვე პიკში ვართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა. მან იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ყოველდღიურად გვაქვს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, ხოლო დღეს რომ 3 216 შემთხვევა დაფიქსირდა, იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევა ჩატარდა. რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: როგორ დავიცავთ რეგულაციებს. „ვფიქრობთ, შესაძლებელია შემთხვევების ცოტა კიდევ ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. „სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო. სერიოზული ზრდა გვაქვს ქეყანაში. ამის შესაჩერებლად არსებობს რამდენიმე მიდგომა: შემზღუდავი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა. დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე. თუ რეკომენდაციებს არ აღვასრულებთ და თითოეული ადამიანი არ გავითავისებთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, არაფერი გამოვა. თუ ამას კარგად შევასრულებთ, 3-4 კვირის განმავლობაში მოგვცემს შედეგს და ახალი შემთხვევები თანდათან შემცირდება“. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მოქმედი ყველა პროტოკოლი და გაიდლაინი მტკიცებულებებს ეყრდნობა და ჩვენი ქვეყნის საჭიროებისამებრ საერთაშორისო პროტოკოლების ადაპტირებას წარმოადგენს. დღევანდელი სხდომის შემდეგ, ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველო გააფორმებს ხელშეკრულებას მწარმოებელთან და მისი გაფორმებიდან 2 კვირაში, სამკურნალო პრეპარატი - „რემდესივირი“ ქვეყანაში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. დღეს 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინა. 37 გარდაიცვალა. 30 ნოემბრის სტატისტიკა, ამ ბმულზე ნახეთ.
საქსტატი: მთლიანმა შიდა პროდუქტმა ოქტომბერში 3,9 პროცენტით იკლო
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა. 2020 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში მშპ-ს 5.1% -ით შემცირდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი იანვარ-სექტემბერში -5.0% -ს შეადგენდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5,6% იყო.
ირანი: ჩვენი მეცნიერის მკვლელობისთვის ისაელის წარმოების იარაღი გამოიყენეს
ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მეცნიერის მკვლელობაში გამოყენებული იარაღი, ისრაელში იყო წარმოებული. წერს Reuters-ი. ირანული მედია Fars News-ი წერს, რომ ფაჰრეზადეს მკვლელობაში გამოყენებული იარაღი დისტანციურად იმართებოდა, ხოლო არაბულენოვანი გამოცემა „ალ ალამის თქმით“, მკვლელობის იარაღი სატელიტით იმართებოდა. ირანის სამხედრო ლიდერები მეცნიერის მკვლელობის ინიციატორად ისრაელს ასახელებენ. ისრაელის დაზვერვის მინისტრმა უარყო რაიმე კავშირი მეცნიერის მკვლელობასთან, ხოლო ირანის საპასუხო ზომებზე საუბრისას განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტო სრულ მზადყოფნაშია. ფახრიზადე ირანის დედაქალაქთან ახლოს მოკლეს.
მერკელი შობა–ახალი წლის დღეებში სასტუმროების მუშაობის წინააღმდეგია
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შობა-ახალი წლის დღეებში სასტუმროების მიერ მუშაობის განახლების წინააღმდეგია, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. როგორც კანცლერმა განაცხადა, სასტუმროების გახსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს. სასტუმროების მუშაობის განახლების თაობაზე გერმანიის თითოეულმა რაიონმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ შობა-ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აჭარბებდეს. კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს. ამასთან, დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივებას საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 560 პაციენტი გარდაიცვალა.
შრომის ინსპექცია გარემოვაჭრეებს ყვავილების ინტერნეტით გაყიდვას სთავაზობს
შრომის ინსპექცია გარემოვაჭრეებს სთავაზობს, ყვავილები ონლაინ რეჟიმში გაყიდონ. "მათ შეუძლიათ, დისტანციურად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აკრძალული". - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ. ყვავილების ბიზნესში ჩართული გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან შეზღუდვებს, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერი წყაროა.
დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მათხოვრობას აიძულებდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც თავის 12 და 9 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მამამ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის გეგმა და მათ შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, 2019 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე იგი აიძულებდა მოზარდებს მოეთხოვათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები თბილისის სხვადასხვა უბანში. გამოძიების თანახმად, მამამ შვილებს სავალდებულოდ დაუწესა ყოველდღე, მისთვის 20 ლარის მიტანა, რასაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. თუ ბავშვები თანხას არ მიუტანდნენ, კაცი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულ კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, NATO-ს ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ
„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, NATO-ს ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადი საკითხების განსახილველად ორი დღის განმავლობაში შეიკრიბებიან. „ასევე შემოგვიერთდებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიის ფარგლებში, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ. განსახილველ საკითხთა შორისაა ამ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინულმა მედიამ დღეს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დავით გარეჯის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახელმწიფო ბრალმდებელს სტვენით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეხვდნენ. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარმოადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში ჩაუდგნენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
პრემიერი ორთვიანი შეზღუდვებით მობილობის კლებასა და ჰოსპიტლების განტვირთვას მოელის
"პრემიერი 2-თვიანი შეზღუდვებით მობილობის კლებას და ჰოსპიტლების განტვირთვას იმედოვნებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრეს. „ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას. „ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალოდა მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციაში იუწყებიან, რომ ამ მხრივ, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით. მათივე ცნობით, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე და ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაც. კლინიკებთან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავს.
პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებს შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას. პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, ასევე, მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს
Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ხალხს კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ამავდროულად Pfizer-მა, რომელსაც მსგავსი ინექცია აქვს, აშშ-ში განცხადება უკვე შეიტანა. გაერთიანებული სამეფო, ასევე Pfizer-ის ვაქცინის განხილვის პროცესშია, ამასთან ისინი AstraZeneca-ს პრეპარატსაც მოისაზრებენ. Moderna-ს თქმით, მათ იმედი აქვთ რომ ბრიტანეთში პრეპარატს დაუშვებენ, რადგან მათ, კლინიკური ცდების შედეგები, 30,000-ზე მეტი მოხალისისგან აქვთ, მათ შორის კი რისკჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ ხანდაზმულებიც არიან. გამოცემა წერს, ვაქცინების მოწინავე კომპანიებს, აქვთ თავისი უპირატესობები და უაყოფითიც. კერძოდ, AstraZeneca უფრო იაფია, ერთი დოზა სამი ფუნტი ჯდება, ხოლო Pfizer-ის 15 ფუნტი, მოდერნა კი საკუთარი პრეპარატის ერთ დოზას 25 ფუნტად აფასებს. ამასთან ერთად, ოქსფორდის AstraZeneca-ს ვაქცინა უფრო მარტივი გადასატანია, რადგან ის კრიტიკულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს, თუმცა ბრიტანული კომპანიის ვაქცინის შედეგიანობა სხვებთან შედარებით (62-დან 90%-მდე), უფრო დაბალია. დიდმა ბრიტანეთმა, ვაქცინის დოზები, სამივე კომპანიისგან ნაადრევად შეისყიდა. ქვეყანას, 7 მილიონი Moderna-ს, 40 მილიონი Pfizer-ისა და 100 მილიონი AstraZeneca-ს პრეპარატი აქვს მომარაგებული.