ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის, ამერიკას მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში. გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში, გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. იგი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ. არჩეულმა პრეზიდენტმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში იგი პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე ჯეიკ სალვინი წარადგინა. იგი 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა. არჩეულმა პრეზიდენტმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა. ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.
მაშველებმა ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოიყვანეს
მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. "112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს - კახა კალაძე
მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს. „ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან, რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დიეგო მარადონა გარდაიცვალა
ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - წერს BBC, მედიის ცნობით, მარადონა საკუთარ სახლში, ბუენოს აირესში გულის შეტევით გარდაიცვალა. ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს და სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა. ფიფას გამოკითხვით, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. მარადონა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო, როდესაც 1986 წელს მსოფლიო თასი მოიგო.
Reuters: როდის გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი
როდის და როგორ გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი? ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი აქვეყნებს. კომპანიებმა Pfizer- მა, Moderna- მ და AstraZeneca- მ უკვე დაიწყეს ვაქცინების წარმოება. COVAX- მა, პროგრამამ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და GAVI-ს ვაქცინების ჯგუფი ხელმძღვანელობს, 2 მილიარდი დოლარი გამოყო ათობით ღარიბ ქვეყანაში ვაქცინების შესაძენად და განაწილებისთვის. ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კანადა და ავსტრალია ვაქცინების რეგულირების სწრაფ პროცესებს აწარმოებენ. ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი კომპანიის თანახმად, ვაქცინა დეკემბერში გვექნება, პირველად კი მას სავარაუდოდ ხანდახზმულები და მოხუცები მიიღებენ. იტალია მომავალი წლის დასაწყისში Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ინექციის პირველ დოზებს ელოდება. კოვაქსი საწყის ეტაპზე გეგმავს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის 3%-ს ვაქცინაციას, ხოლო ბოლო ეტაპზე ეს ციფრი 20%-მდე გაიზრდება. კოვაქსმა დროებითი ხელშეკრულება დადო AstraZeneca-ს თან, მათი ვაქცინა არ საჭიროებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვას, განსხვავებით Pfizer-ის გან. მოსალოდნელია, რომ 2021 წლისთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა და აფრიკამ პრეპარატი დაბალ ფასში, ან უფასოდაც კი მიიღონ.
ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა, მაგრამ გახსოვდეთ, ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს - ბაიდენი
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგან. „ყოველთვის იმსახურებთ სიმართლის მოსმენას თქვენი პრეზიდენტისგან. უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის ზრდა, რომელმაც მოგვიტანა ტკივილი, მსხვერპლი და იმედგაცრუება. მან დაგვყო, გაგვაბრაზა, ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყო. ვიცი, რომ ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა. უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს,”- აღნიშნა ბაიდენმა და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ატარონ პირბადეები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ”გრძელი მძიმე ზამთარი” ელოდება, მაგრამ ბოლოდროინდელ პოზიტიურ სიახლეებს ვაქცინებთან დაკავშირებით იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.
რუსეთმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა
რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე გამოცადეს. “რუსეთის კოსმოსური ძალების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ჯარების ოპერატიულმა ეკიპაჟმა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა ყაზახეთში, სარი-შაგანის პოლიგონზე წარმატებით გამოცადა”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისათვის, ახალი ბალისტიკური რაკეტის წინა საცდელი გაშვება ოქტომბრის ბოლოს ამავე პოლიგონზე განხორციელდა.
კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა - UN Women
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა და შესაძლოა, 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დააბრუნოს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ანიტა ბატია აცხადებს, რომ პანდემიამდე მსოფლიოში ქალების მიერ არაანაზღაურებადი სამუშაო 16 მილიარდ საათს შეადგენდა, რაც ვირუსის გავრელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, დღესდღეობით ქალების მიერ შესრულებული არაანაზღაურებადი სამუშაო მამაკაცებისას სულ მცირე 3-ჯერ აღემატება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის გარეშე გაცილებით უფრო მეტი ქალი დარჩა, ვიდრე მამაკაცი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბ ქვეყნებში 2020 წელს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რამდენიმე მილიონით გაიზარდა, რაც ადრეულ ქორწინებათა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი შეიწყალა. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, ახლა ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს იგი აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.
მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3დღიანი გლოვა გამოცხადდა
ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. დიეგო მარადონა 26 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი, სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.
კორონავირუსის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით - 26 ნოემბერი
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 26 ნოებრის ახალი შემთხვევების რეგიონულ განაწილებაზე ისაუბრა. როგორც მანდ აღნიშნა, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი-232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი-371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი-70, სამცხე-ჯავახეთი-62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 728, აჭარაში-1 000, იმერეთში-1 215. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42. 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200- თბილისში, 2 154-აჭარაში, 265-იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში-412, აჭარაში-1 035, ხოლო იმერეთში-33. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 029 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის თბილისში-17 841 პირი, აჭარაში-14 605, იმერეთში-4 782“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე. გარდაიცვალა 39 ადამიანი, საერთო რაოდენობა კი უკვე 1 124-ა.
COVID-19–ს საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ემსხვერპლა
თსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, ვირუსოლოგი ბორის კორსანტია 25 ნოემბერს 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. "სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს მან საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბორის კორსანტია შეიწირა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში. ბორის კორსანტია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მას გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. 25 ნოემბერს აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე დაიღუპა. იგი ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ მკურნალობდა.
მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე ხანგრძლივდება
მოსკოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეზღუდვები ითვალისწინებს 65 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის თვითიზოლაციის რეჟიმს, აგრეთვე საწარმოების თანამშრომლების 30% -ისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობას. „გადავწყვიტეთ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომები, რომელიც 2020 წლის 29 ნოემბერს იწურება, გავახანგრძლივოთ. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმად, 2021 წლის 15 იანვრამდე: 65 წელზე მეტი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები კვლავ სახლებში უნდა დარჩნენ, ბიზნესებმა და ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მათი თანამშრომლების მინიმუმ 30% -ისთვის,”- წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მისივე თქმით, დედაქალაქში დაიხურება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი დაწესებულებებიც. ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელებლის მაჩვენებლით მოსკოვი პირველ ადგილზეა რუსეთში. ქალაქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 571 102-მდე გაიზარდა. ამასთან, მოსკოვში ვირუსს დღემდე 8 530 ადამიანი ემსხვერპლა.
კლინიკა "გული" დაიხურა - ინფიცირებულია 60 თანამშრომელი, მათ შორის ანზორ მელია
კლინიკა „გული“ 10 დეკემბრამდე დაიხურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, ანზორ მელიამ განაცხადა, დაინფიცირებულია კლინიკის 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ექთნები და ექიმები. როგორც მელია ამბობს, 60-მდე ინფიცირებულიდან უმრავლესობა წამყვანი ექიმია და მათ შორის თავადაც არის, რის გამოც იძულებული გახდნენ, კლინიკა დაეხურათ. „ყველანი კარგად ვართ, მძიმე ფორმაში არც ერთს არ გვაქვს ვირუსი, ამიტომ იზოლაციაში ვართ და სახლებში ვმკურნალობთ. გავრცელებას რაც შეეხება, ორ ეტაპად მოხდა ეს - მძიმე ავადმყოფებს ვიღებდით მხოლოდ და ნაწილს აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, როცა დავაწვინეთ, ხოლო ტესტის აღების შემდეგ დაუდგინდათ კორონავირუსი. სხვა სპეციალიზებულ კლინიკებში ადგილები არ იყო, ამიტომ იძულებული ვიყავით 2-3 დღე ეს პაციენტები ჩვენთან გვყოლოდა. ამ დროში ახალი პაციენტები შემოდიოდნენ და იძულებული ვიყავით, თვითონ განყოფილება დაგვეხურა 10 დღის წინ. დავტოვეთ მხოლოდ ემერჯენსი და ინტენსიური. ამის შემდეგ კვლავ ვიღებდით გულის ინფარქტიან პაციენტებს, რომელთაგან რამდენიმეს ვირუსი აღმოაჩნდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ფაქტობრვად ყველა წამყვანი ექიმი დაინფიცირდა“, - განახადა ანზორ მელიამ. კლინიკას სულ 200 თანამშრომელი ჰყავს.
28 ნოემბრიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ ცნობილია. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა; · რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: - პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway - „დელივერი“ - „დრაივი“ · ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; · ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. · სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა. დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში; · ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები; სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; · კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. სათხილამურო კურორტეზე ასევე: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: ქვეყნის მასშტაბით: · იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; · აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით: · ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; · აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; · არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით: · აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). · შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება: ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის: 1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; 2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას; 3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; 4. დელივერსა და გატანის სერვისებს; 5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; 6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; 7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; 8. აგრარული ბაზრობის მუშაობას 9. და სხვ. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.
გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს
გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურავა მინიმუმ იანვრის დასაწყისამდე სურს. „ღიად ვიტყვი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის რეგიონების ლიდერებთან გამართული საუბრის შემდეგ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო სეზონის გადადების ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი ევროპის მასშტაბით უნდა იყოს მიღებული. ზამთრის კურორტების დახურვის იდეასთან დაკავშირებით ავსტრიამ შეშფოთება გამოხატა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ზამთრის კურორტებს დახურავს, ამისთვის „საფასურის გადახდა მოუწევს“ და კომპენსაციის თანხამ, შესაძლოა, მილიარდობით ევრო შეადგინოს.
მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება პირებს, რომელთა საქმიანობაც იზღუდება
დღეს მთავრობამ შეზღუდვების ახალი სია წარმოადგინა, რომელიც ქვეყანაში მომავალი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე მთავრობა ფინანსურად დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებსაც ახლად დაწესებული შეზღუდვები შეეხებათ. გახარიას თქმით, ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლების იმ სექტორებში მუშაობენ, რომელთა მუშაობაც დროებით შეიზღუდა. გახარიას ვარაუდით ესეთი სულ 100-120 ათასი ადამიანი იქნება, ვინც შეძლებს აღნიშნული კომპენსაციის მიღებას.
თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება - პრემიერი
პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც ჰქონდა თვითდასაქმებულებს პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300-ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღირიცხვა იმ კომპანიებთან, სადაც არიან დასაქმებულები და ამ 300-ლარიანი დახმარების გადა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი გააჩნია, ჩვენ მიზნობრივად, ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მიზნობრივად მივეხმარებთ, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“,-განაცხადა პრემიერმა.
რომელ სფეროებს არ შეეხება ახალი შეზღუდვები
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ახალი შეზღუდვები რიგ სფეროებს არ ეხება. ესენია: ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის: 1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; 2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას; 3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; 4. დელივერსა და გატანის სერვისებს; 5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; 6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; 7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; 8. აგრარული ბაზრობის მუშაობას 9. და სხვ. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.