ძებნის რეზულტატი:

საქართველოში COVID19-ის 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 3 721. საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 35 კოვიდინფიცირებული. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 230 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 741, აჭარაში-1 019, იმერეთში-1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-391, აჭარაში-1 055, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18 882 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 845 პირი, აჭარაში-13 353, იმერეთში-4 578.

სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც უკვე ჰქონდა გამომუშავებული COVID-19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულები

სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც უკვე ჰქონდა გამომუშავებული COVID-19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ბავშვის დედა ახალი კორონავირუსით მარტში დაინფიცირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩემი ექიმი ეჭვობს, რომ ბავშვს COVID-19-ის ანტისხეულები გადავეცი ორსულობის პერიოდში“, - განუცხადა სელინ ჩანმა, გაზეთ Straits Times-ს. ვარაუდობენ, რომ ქალს ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა, რის გამოც ის ორი კვირის შემდეგ გაწერეს. ნიუ-იორკის და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრების თანახმად, დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ამის შანსი მაინც არსებობს.

ბარაკ ობამას მემუარების 1.7 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაიყიდა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ახალი წიგნის გაყიდვებით გამომცემლის რეკორდი მოხსნა, წერს Uniland-ი. მხოლოდ პირველ დღეს, A Promise Land- ის 887,000 ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-სა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო. მან თავის წიგნში გაიხსენა რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან საუბარი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო.

ხვალიდან მოქალაქეები მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას დროებით ვერ შეძლებენ

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. „ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. „კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლაში $3 მილიონი გადაიხადა, სადაც ისევ ბაიდენმა გაიმარჯვა

„დონალდ ტრამპმა უინსკონსინის შტატში ხმების გადათვლისთვის $3 მლნ დახარჯა, სადაც ისევ ბაიდენმა გაიმარჯვა. ჯო ბაიდენმა მთლიანობაში მილოუკის ოლქიდან 132 ხმა დაიმატა“, წერს Independent-ი. მილოუკში ხელახალმა გადათვლამ ორივე კანდიდატს მოუმატა ხმები მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა ათასობით დაუთვლელი ბიულეტენი იპოვეს. საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქალაქ მილუოკში, კლერ ვუდალ-ვოგმა ეს ფაქტი „ადამიანურ შეცდომას" დაუკავშირა. საერთო ჯამში, ბაიდენმა 257 ხმა მიიღო ტრამპმა კი 125, 640,000. უისკონსინის საარჩევნო ადმინისტრაციიდან ტრამპის შტაბს აცნობეს, რომ თუ მთელი შტატის ხელახალი დათვლა სურდათ, ეს 7.9 მილიონი დოლარი დაუჯდებოდათ. საბოლოოდ კი დეინი და მილუოკი შეირჩა.

როგორ ემზადება ფრანკფურტის აეროპორტი, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის დისტრიბუციისთვის

ფრანკფურტის აეროპორტი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთული ლოგისტიკური გამოწვევისთვის ემზადება. Covid-19-ის ვაქცინების დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპი დარჩა, ხოლო ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომლები მილიონობით საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოზის ტრანსპორტირებისთვის ემზადებიან“, - წერს Euronews-ი. ფრანკფურტი არის ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების უდიდესი ცენტრი ევროპაში, რის გამოც ის ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს, მილიონობით მოსახლის შეუფერხებლად აცრაში. კარინ კრესტანი, Lufthansa Cargo-ს ოპერაციების დირექტორმა, უამბო AFP-ს (ფრანგული პრესის სააგენტოს), რომ „სტრესი მატულობს, როდესაც ცხელ ფაზაში შევდივართ“. კრესტანი, რომელიც ამავდროულად არის ყოფილი მედდა, დარმუნებულია, რომ მისი გუნდი მზად არის დავალებისთვის.

საიდან წარმოიშვა „შავი პარასკევის“ იდეა

„შავი პარასკევი 2020“ მალე დასრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა შეთავაზება ამოიწურა. ოფიციალურად, ყველა ღონისძიება მთავრდება ორშაბათს, 30 ნოემბერს, ბოლო დღეს კი კიბერორშაბათს უწოდებენ “, - წერს Independent-ი. ეს იქნება თქვენი უკანასკნელი შანსი, იპოვოთ და შეიძინოთ ათასობით ნივთი, 80 პროცენტიანი ფასდაკლებით. „შავი პარასკევი“ თავდაპირველად (1952 წლიდან) ერთდღიანი ღონისძიება იყო, რომელიც ამერიკაში, მადლიერების დღის აღნიშვნიდან მეორე დღეს იმართებოდა, მაგრამ სწრაფად გაფართოვდა და იქცა ერთკვირიანი ფასდაკლებების ღონისძიებად, რომელშიც უკვე ძვირადღირებული ბრენდებიც მონაწილეობენ. წლევანდელი ღონისძიება ყველაზე გრძელი იყო, რადგან Amazon-მა ის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ამის შემდეგ მომხმარებლისადმი ყოველდღე ახალი შეთავაზება აქვს. „ჩვენ უკვე ვნახეთ შესანიშნავი შემოთავაზებები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა Apple-ის AirPod-ები, Samsung Galaxy-ს ტაბლეტები, Kitchenaid-ის კვების პროცესორები, Fenty Beauty-ს ნაკრები, Nespresso-ს ყავის აპარატები, Grenson- ის ჩექმები, LG-ის ტელევიზორები და Lego მოწყობილობები“, - წერს Independent-ი.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი ობიექტები გამოავლინეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ის დაწესებულებები შეამოწმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით, აკრძალვის მიუხედავად საქმიანობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა. „თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს „დიანა“ - ე.წ. „კიდობანი“. ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბებიც შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მეთიუ ბრაიზა: სირცხვილია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ აქტიური როლი ვერ შეასრულა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაში

„მთიან ყარაბაღზე მიღწეულმა შეთანხმებამ აშშ-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ინტერესისა და აქტივობის ნაკლებობა აჩვენა“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. ის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. ბრაიზა ამბობს, რომ ეს საკითხი მაშინ აშშ-ის ჩარევის გარეშე ვერ გადაწყდებოდა, ახლა კი სირცხვილია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა აქტიური როლი ვერ ითამაშა. მისი ქმით, ივლისში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებებს დროს, გასაგები გახდა, რომ აშშ და სხვათა შორის საფრანგეთიც არ აპირებდა აქტიური როლის თამაშს იმაში, რომ დაძაბულობა ჩამცხრალიყო და ასეც მოხდა. მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ეს ქვეყნები ბოლომდე აქტიურები არ იყვნენ, როლის შესრულება კი თავის თავზე აიღეს რუსეთმა და თურქეთმა. საბოლოო ჯამში კი გადაწყდა, რომ სამშვიდობოები რუსეთიდან და თურქთიდან იქნებიან ადგილზე - ამ ფაქტს ამერიკელი დიპლომატი ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, და სამხედროების რაოდენობით ნატოს რიგით მეორე სახელმწიფო, ბალანსს შეუწყობს ხელს. მეთიუ ბრაიზა აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. მისი თქმით, აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება. როგორც ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა "დროებით იურიდიულ სტატუსს" და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ბრაიზამ აღნიშნა, რომ ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“. მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში მაიკ პომპეოს ვიზიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში - ამასთან, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. „მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ არ შეხვდა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას. მან თქვა, რომ ყველამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ, არჩევის შემდეგ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში და ფოკუსირდნენ იმ რეფორმებზე, რომლებზეც სურთ მუშაობა - განსაკუთრებით, საარჩევნო რეფორმაზე. როგორც ელჩმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანს სჯერა, რომ არსებული დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება და მის გასაუმჯობესებლად მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის. მეთიუ ბრაიზას განმარტებით, როგორც აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ასევე სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცნობიერებენ, რომ ამ უკანასკენლის გადაწყვეტილება არ შეხვედროდა ოპოზიციას საკმაოდ არაპოპულარული აღმოჩნდა ქართული ოპოზიციიისთვის, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის დარჩენა თბილისში ოპოზიციასთან შეხვედრის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ისევე როგორც მაიკ პომპეოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან. რომ შევაჯამოთ, აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში. ამერიკას სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. არ ვიცი, რა წინადადებით ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი საქართველოში, თუმცა აღვნიშნავ, რომ თავად ფაქტი, რომ ეს ვიზიტი შედგა, შესანიშნავია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ღრმად პოლარიზებული გარემოს მიუხედავად, აშშ-ს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამასთან, ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სურვილს, დაეხმაროს საქართველოს, ნატოსთან კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.

მარადონას ექიმი აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის

დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის. „თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ. ცნობისათვის, არგენტინის პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, გამოიჩინა თუ არა ექიმმა გულგრილობა მარადონას მკურნალობისას და არის თუ არა ის ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავე. ამ მიზნით სამართალდამცავებმა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიება მარადონას სამი ქალიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 63 070 279 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 544 373 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის პრესმდივნად 41 წლის ჯენიფერ ფსაკი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ბაიდენის გუნდის მიერ შექმნილ გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს. ამასთან, ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტდა. მათ შორისაა 39 წლის კეი ბედინგფილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების საკითხი დირექტორის პოზიციაზე იმუშავეს. მანამდე ბედინგფილდი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის მოადგილე იყო.

მოულოდნელად დაგვიბარეს - ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძეს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, კობა ნაყოფიასა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გარდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ არის. „მესამე რაუნდი არაა, მოულოდნელად დაგვიბარეს და მოვედით,"- აღნიშნა მან. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.

3216 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი - 30 ნოემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. “დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-455, აჭარაში-1 042, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რუსეთი მზადაა, საქართველოს სურვილის შემთხვევაში რუსული ვაქცინა უწილადოს - კარასინი

რუსეთი მზადაა, საქართველოს სურვილის შემთხვევაში რუსული ვაქცინა უწილადოს - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. "ზურაბ აბაშიძესთან დეტალურად არ განგვიხილავს კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი, უბრალოდ აღვნიშნეთ, რომ ამ დაავადებამ შეცვალა ცხოვრება რუსეთშიც და საქართველოშიც და ამის გამო დაზარალდა ჩვენი ორმხრივი კონტაქტებიც, ვაჭრობაც, ტურიზმიც, ჩვენ ყველანი დავზარალდით ვირუსისგან, მაგრამ, თუ საჭირო გახდება კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხების განხილვა, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველა ფორმატში განვიხილოთ. ამას უკვე ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. ახლა ვასრულებთ მუშაობას ვაქცინაზე და, თუ იქნება ქართული მხარის ინტერესი, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ვაქცინაც გავუნაწილოთ. საამისო კონტაქტები ჩვენ გვაქვს. მედიკოსების და ვირუსთან ბრძოლის სტუქტურების ხაზით. ეს საკითხი ვახსენეთ მე და ბატონმა ზურაბმა, თუმცა ეს არ იყო ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა. თუმცა, იყო იმ საკითხებში, რაც განვიხილეთ", - განაცხადა კარასინმა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში შექმნილი ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა თავად მას ჯერ არ იკეთებს.

გავრილოვზე არ გვისაუბრია, თუმცა, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი - კარასინი

გავრილოვზე არ გვისაუბრია, თუმცა, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. "ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხები იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი". - თქვა კარასინმა იმედის თარგმანის მიხედვით. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 27 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ სხვა თემებთან ერთად განხილვის საგანი გახდა, თბილისში ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებიც. "მხარეებმა გაცვალეს აზრები რიგი პრაქტიკული საკითხების შესახებ. დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოგვიანებით განმარტება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და თქვა, რომ შეხვედრაზე 2019 წლის ზაფხულის მოვლენებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ზურაბ აბაშიძე ამას რუსული მხარის ინტერპრეტაციას უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც და მოუწოდეს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

აშშ-ში არსებული შეზღუდვები განსაკუთრებით შობის პერიოდში იქნება საჭირო - ფაუჩი

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი, თვლის, რომ აშშ-ში ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები და მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საშობაო დასვენების პერიოდშიც საჭირო იქნება. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ დეკემბერში მოსალოდნელი იყო შემთხვევების უკვე გაზრდილი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. აშშ-ში ეპიდმდგომარეობაზე ენტონი ფაუჩიმ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. იმუნოლოგი ამერიკელებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე მადლიერების დღესთან დაკავშირებული მგზავრობისას, გამოიყენონ ნიღბები, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა მადლიერების დღის დასვენების პერიოდში მგზავრობის საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცეს. ამის მიუხედავად, დღესასწაულის პერიოდში, დაახლოებით, 9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა შიდა ფრენებით. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შეზღუდვები განსაკუთრებით საჭირო იქნება შობის პერიოდში, ვინაიდან ქვეყანაში "ძალიან სარისკო მდგომარეობა" იქმნება. ის ამბობს, რომ ამერიკელებმა თავადაც უნდა გადადგან ნაბიჯები ვირუსის გავრცელების შესანელებლად, რათა ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მკაცრი კარანტინის შემოღება არ გახდეს საჭირო. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა და, სულ მცირე, 266 000-ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს პაციენტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად (იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა) 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.