ძებნის რეზულტატი:

პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ლ.პ.-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მის მიერ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში შეუცვალა სახელწოდება და დაარეგისტრირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით. ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, არარეზიდენტ საწარმოებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, ელექტრონული ფოსტით მეშვეობით უგზავნიდა ყალბ ინვოისებს და არარსებული მომსახურების ანაზღაურებას მოტყუებით არიცხინებდა, მის საკუთრებაში არსებული, ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ლ.პ. 2020 წლის 9 ივნისიდან 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდში მოტყუებით დაეუფლა 17 არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ ჯამში 47 922 ევროს (165 047.17 ლარი). შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა დაანაწევრა და ფიქტიური ინვოისების საფუძველზე გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რითაც მოახდინა 17 271 აშშ დოლარის (52 708.95 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.პ. 2021 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ჯანმოს დირექტორი: საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტას სჯობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვისგან თავი შეიკავონ. ჯანმო-ს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა პლანეტის მოსახლეობას მოუწოდა „რთული გადაწყვეტილება“ მიიღონ და წელს შობა-ახალი წლის ღონისძიებებს არ დაესწრონ. „თითოეული ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ღონისძიების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტაზე უკეთესია. სჯობს ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ბელარუსის საგარეო უწყების ცნობით, ლონდონში მდებარე მის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 დეკემბერს ლონდონში უცნობი პირები თავს დაესხნენ ბელარუსის საელჩოს, დააზიანეს შენობის ფასადი და ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის ადგილზე მისულ ბელარუს დიპლომატებს. ბელარუსის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ მის თანამშრომელს დაუდგინდა მსუბუქი ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს კბილი და ცხვირი. ლონდონის პოლიციამ დააკავა თავდამსხმელები, რომლებიც, მინსკის ვერსიით, „რადიკალურად განწყობილ ემიგრანტთა ჯგუფს“ განეკუთვნება. ინციდენტის გამო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც „გადაჭრით მოსთხოვეს ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიება.“ ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად კვლავ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში. რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ მედია და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რასაც მძაფრი კრიტიკა ახლავს დასავლეთის ქვეყნებში, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციათა რამდენიმე რაუნდი ლუკაშენკას რეჟიმს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პერფორმანსი გაიმართა

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისმა თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და ასე მიულოცეს დაბადების დღე ექსპრეზიდენტს. აქციის მონაწილეების შეძახილების - „გილოცავთ, მიშა!“, - საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი პალატის ფანჯრიდან თეთრი ხელსახოცი ააფრიალა. მან მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა, რასაც შეკრებილების მხრიდან ტაში მოჰყვა. „მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. ნუ გეშინიათ რეპრესიების, მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე, მე ვიბრძვი თქვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის და თითოეული თქვენგანის ბედნიერებისთვის. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისაგან და უბედურებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა, არ ჩამოვუშვათ ხელები, მთავარია, „მივაწვეთ ბოლომდე“ და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაში როგორც მოწინავე ქვეყანა", - მიმართა სააკაშვილმა პალატიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის - 6.71% ხოლო 7 დღის - 6.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა - 272, იმერეთი - 532, ქვემო ქართლი - 121, შიდა ქართლი - 256, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი - 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 531, იმერეთში - 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 566, აჭარაში - 126, იმერეთში - 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პაციენტი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 - თბილისში, 251 - აჭარაში. 27 557 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია, ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა. "მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ. მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა. მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც. მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი - უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში. პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას“,- წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება. „ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო. საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და თითოეულ ქართველს ექნება უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს ჩვენს თანამემამულეებს აქვთ პოლონეთში, საბერძნეთში ან იტალიაში. გვეუბნებიან, რომ პროტესტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელიც ჭაობში იძირება, უთხრას, რომ ხელი არ გაანძრიოს. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ რუსეთთან ავანტურისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა მთავარი დამსახურებაა უზურპატორული ხელისუფლების. იმავე დღეს საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს თავიანთი გეგმები. თრუსოს ხეობის და ზემო რაჭის მითვისების და კიდევ 200 კვადრატული კილომეტრი ქართული ტერიტორიის ოკუპაციის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წლებში უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე 2008-ში. ოღონდ, თუ 2008-ში გვერდით გვედგა მთელი მსოფლიო, ახლა პრაქტიკულად არავინ ამბობს სიტყვას ჩვენს დასაცავად. და რატომ არ გვიდგას გვერდით? იმიტომ რომ იმავე გამოსვლაში ოლიგარქის "რაც გინდა ის უწოდებ"-მა თქვა, რომ ჩვენ თავს არ დავუხრით ევროპას. ეს ითქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა გვეუბნება, რომ ხალხის ძარცვა, გაღარიბება, უფლებების წართმევა, პოლიტიკური რეპრესიები უსამართლო სასამართლოს მიერ მიუღებელია. ევროპა გვეუბნება, რომ ევროპული ქვეყანა არ შეიძლება იყოს ერთი ცალკე აღებული ადამიანის კერძო საკუთრება, არამედ ყველა მის თავისუფალ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს. მე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ერთ-ერთ მშენებარე მაგისტრალს რუსეთში არ მივყავდეთ. არამედ იყოს ლაზიკა, ახალი აეროპორტები, რომლებიც, პირველ რიგში, გაგვიხსნიან გზას დასავლეთში და სხვა მიმართულებებით. თუ ერთ-ერთ მაგისტრალს რუსეთზე აშენებ, შენ შენს მტერს აძლევ გასაღებს ნებისმიერ მომენტში ჩაგიკეტოს სასუნთქი წყაროები, რაც წარსულში არაერთხელ გაუკეთებია. ევროატლანტიკურ მყარ კურსს არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ახლა საქართველო არ მიდის არსაით ე.ი. მიდის რუსეთში. რუსეთმა ჩანერგა თავის წარმომადგენლები ჩვენს სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში. ყველგან სახელმწიფო აპარატში და ეკლესიის ნაწილშიც კი. ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი. უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად - ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის“,- წერს სააკაშვილი. სააკაშვილი არჩევნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ. "საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ. ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ. აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო. მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!“,- წერს სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი სალომე სამადაშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. ზურაბიშვილთან შესვლამდე სამადაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს აგრძელებს. საუბრის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 743 ადამიანი აიცრა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 743 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 21 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 399 482 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი - მოსახლეობის 43.8%. სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი - 37.9%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 92 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მაია ჩხაიძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, რადგან „ომიკრონი" განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება. საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.

პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილს და მობილურ ტელეფონს მიაკვლია

სამართალდამცავებმა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია. წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს. ამასთან, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.

ჯეიკ სალივანი  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ტელეფონით ესაუბრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, სალივანმა დააფიქსირა აშშ-ის მზადყოფნა, ჩაერთოს დიპლომატიაში მრავალი არხით, მათ შორის ორმხრივი ჩართულობით, NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს ფარგლებში. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯეიკ სალივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ინტერესებს და ითვალისწინებდეს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ამასთან, ეს უნდა განხორციელდეს სრული კოორდინაციით ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებითი პროგრესი შეიძლება მოხდეს მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში.

სალომე სამადაშვილი: პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრე

"ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ შეიმუშაოს ერთი მხრივ არქიტექტურა ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც სამადაშვილი განმარტავს, პრეზიდენტთან საუბარი იყო მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იყო აზრთა გაცვლა და მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, რაზეც ასევე იყო საუბარი შეხვედრის მიმდინარეობისას. „ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ეს პროცესი, რომელიც უნდა შედგეს, არის ძალიან რთული პროცესი და კომპლექსური, ამიტომ კონკრეტიკაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ ჯერ არის ადრე. ამ ეტაპზე რასაც აკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა, სხვადასხვა ადამიანებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ უკვე შეიმუშავოს შეიძლება ითქვას არქიტექტურა ერთი მხრივ ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი. ამიტომ დღეს კონკრეტიკაზე საუბარი ადრეა", - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას აგრძელებს.

მალაიზიაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მალაიზიაში სამდღიანი ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას განგაშის გამოცხადების და დახმარების აღმოჩენის დაგვიანებაში სდებს ბრალს. გასული დღის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პოჰანგის რეგიონი და მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური. ამასთან, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თავშესაფრებში დიდი რაოდენობით ხალხის შეკრებამ, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ცნობით, ვაშინგტონის შტატის მცხოვრებმა, დელვინ თომფსონმა კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობისას პოლიციელს თავში ხელკეტი ჩაარტყა. თომფსონი უკვე დაკავებულია. ის ბრალს აღიარებს, რის გამოც ციხეში გატარებული დრო სასჯელის ვადას გამოაკლდება. ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ერთწლიან პატიმრობას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ თომფსონი აუტისტია და კარგად ვერ აანალიზებდა, რა ხდებოდა 6 იანვარს კაპიტოლიუმთან. „აუტიზმი არ არის და არ შეიძლება, იყოს ცუდი ქცევის გამამართლებელი მიზეზი. ეს შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს, როდესაც ეჭვქვეშ დგება ადამიანის ბრალეულობა და მისი სოციალური ქცევის გაგება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. გასულ კვირას კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებული ფლორიდის მაცხოვრებელია. სასამართლოს ცნობით, მან სამართალდამცველს ცეცხლლმაქრი ესროლა. სულ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი 700-ზე მეტ ადამიანს აქვს წარდგენილი.

ილია მეორე ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა. ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ „სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, – ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა. ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი, – მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

საფრანგეთმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის მარეგულირებელმა 5-11 წლის ყველა ბავშვში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. გასულ კვირას საფრანგეთმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ ბავშვების ვაქცინაციის მომხრეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს თავად მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ. ექიმ ლიზ ალტერის თქმით, „ომიკრონის ვარიანტის გავრცელებით, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტას“ ვარიანტი, შეიძლება ველოდოთ მძიმე ფორმების ზრდას ბავშვებში. გასულ თვეს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 5-11 ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოში 21 მლნ რუბლზე მეტი არადეკლარირებული თანხა შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს.შემოსავლების სამსახურის ცნოით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. „ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს. ამ თანხამ ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.

ქრთამის აღების ბრალდებით სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ სუს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

საქართველოში უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი; მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. „23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.