ძებნის რეზულტატი:

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.

სააკაშვილი მზადაა, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზად არის. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს მათ შეხვედრას დაბრკოლება არ შეუქმნან. „მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ. ​ მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მარგველაშვილი ასევე ითხოვს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.

დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, განხილვის თემა იყო ეროვნული თანხმობის საკითხი და ამ მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. „მე დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რამდენადაც ვიცი, ამ კვირაში უკვე დაიწყო და გაგრძელდება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღეს ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, პირველ რიგში, რაც შეეხება თანხმობა/შერიგების საკითხს. ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი, ძირითადი პრინციპებზე შეთანხმება თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და ვიდრე გვყავს ციხეში დაპატიმრებული, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში ვითარება ვერ დამშვიდდება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბადრი ჯაფარიძე: პრეზიდენტის მიწვევას ველოდებით

ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებზე. ალბათ, შეთანხმება ყველაფერზე ვერ შედგება, შეიძლება, ამ პროცესის ძალიან ამბიციური სახელწოდება იყოს შერიგება, მაგრამ თანხმობის მიღწევა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე აუცილებელია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რისი ინიცირებაც პრეზიდენტმა მოახდინა. „პრეზიდენტის მიწვევას ველოდებით, მზად ვართ, რომ იმ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ ან ორ კვირაში შეიძლება, ყველა პრობლემა გადაიჭრას, რაც დაგროვდა, მაგრამ აუცილებელია, პროცესი შედგეს, ფორმატზე შევთანხმდეთ და ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ინტერესები, ან სუბიექტური სიმპატია-ანტიპატია. განსაკუთრებულად პრიორიტეტულია უსაფრთხოების საკითხები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეკონომიკური გამოწვევები. ეს საკითხები ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ და მათში განხეთქილებაა იწვევს. რაც მთავარია, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ველი, ზიზღი და სიძულვილი უნდა გადავრქმნათ შესაძლო თანამშრომლობის ველში, როცა ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური აქტორები ახერხებენ შეჯერებას ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ. ავტორი - თეონა მანაგაძე

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინბისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 20 დეკემბერს ეწვია, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია, რომ ეკონომიკური კომისია უმაღლეს, პრემიერ-მინისტრების დონეზეა აყვანილი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურება მის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“, რადგან დემოკრატიული განვითარების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ღია და გამჭირვალე მმართველობის, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანი: მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს: ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში

თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, კლინიკურ სექტორზე დატვირთვა გაიზრდება

კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სექტორი მზადაა, დატვირთვას გაუძლოს. თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოში მოსალოდნელია „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა და მოსალოდნელია, რომ კლინიკურ სექტორზე გაიზრდება დატვირთვა, სწორედ ამიტომ, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მესამე „ბუსტერ“ დოზით აიცრან. „სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება. მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, რომ აქაც გავრცელდება. საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება. თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან. მან მოსახლეობას მოუწოდა, უმოკლეს დროში ჩაიტარონ ვაქცინაცია. „პირბადეების გამოყენება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. 28-30% ძალიან ცოტაა. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს „ომიკრონისგანაც“. ვიდრე მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, რასაც დასჭირდება 2-3 თვე, პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. „რაც შეეხება მკურნალობას, აქ უფრო კარგი ინფორმაცია გვაქვს, დღეს არსებული მედიკამენტები, პრაქტიკულად, ყველა მოქმედებს „ომიკრონის“ შტამზეც. ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდით ამ ყველაზე მძიმე ტალღას საქართველოში და ასევე მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი, ყველა ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგაც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაფიქსირდა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი საიდუმლო ხასიათს არ ატარებს

პრეზიდენტის ადმინისტაციის განცხადებით, პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მისივე თანახმად, ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქბამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ამავე თემაზე: გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული. მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ ე.წ. შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ. „სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, პოლიტიკოსთან და არამხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების და ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი. წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ფორმატია და ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. ცენტრალი ფიგურა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტია. შეხვედრაზე 3 ქალი მერი იყო წარმოდგენილი, ვსაუბრობდით რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. რამდენიმე დღის წინ თავად თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ სიტყვა „შერიგებას“ არჩევს „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, ალბათ უფრო სწორი ტერმინია, ვიდრე შერიგება ვიღაცებს შორის. დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი უზარმაზარი გამოცდილებით და რომელსაც ზუსტადაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მის გარდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

გერმანიის საპასუხოდ დიპლომატები რუსეთმაც გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი გერმანელი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საელჩოს ორი დიპლომატიური თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია გერმანიის მთავრობის არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ. ამ ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მტკიცე პროტესტი" გამოუცხადა რუსეთში გერმანიის ელჩს გეზ ფონ გაირეს. შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან, რის შემდეგად გერმანიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.

ევროპის წამლის სააგენტომ Novavax-ის ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

Novavax-ის ვაქცინა მეხუთეა, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა. მას ავტორიზაცია ბლოკის წამლების მარეგულირებელმა, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) მიანიჭა. Nuvaxovid - ი - მეხუთე ვაქცინაა, რომელიც ავტორიზებულია ევროკავშირში Pfizer / BioNTech, AstraZeneca / Oxford, Moderna და Johnson & Johnson-ის შემდეგ. მომდევნო ეტაპზე ევროკომისია ამ ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესს დააჩქარებს. Nuvaxovid-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ათწლეულების განმავლობაში B ჰეპატიტისა და ყივანახველას ვაქცინებში გამოყენებული ტექნოლოგიის მსგავსია და არ საჭიროებს ულტრა დაბალ ტემპერატურაზე შენახვას.

ექსპერტ რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ეკონომიკური ექსპერტის რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის პროცედურებს გერლიანის ავტომობილს უტარებენ, რომელიც მან ავჭალის სამმართველოს წინ, სადგომზე დატოვა. რამაზ გერლიანის ძმას „რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ხელს აფარებენ პოლიციელს, რომელიც მისი ძმის Facebook პოსტში არის მითითებული“. მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის განცხადება, რომელშიც ის შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გამქრალია, თუმცა უცნობია, ვინ წაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამავე თემაზე: ახლობლების ცნობით, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა

თემურ ალასანიას დაკითხვა სასამართლოში დღეს ვერ შედგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე იყო დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა. მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს. „დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს. მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე. თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში 20 დეკემბერს დანიშნულ გამოკითხვაზე. ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.

პრეზიდენტი: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ერთიანობის, დეპოლიტიზაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული გვარდიის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისა და სამშობლოს წინაშე ერთგული, ხანგრძლივი და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ ბერელიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის ძალებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, ხალხისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლებში დაღუპულ გვარდიელთა ხსოვნას და აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდია თანამედროვე ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილია. ,,მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს და საზოგადოებას, რამეთუ, დღევანდელ დღეს ჩვენ ბევრად უფრო საშიში და ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც პოლარიზაცია და ქვეყნის ორად დაყოფა ჰქვია. ამ მდგომარეობაში, თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ადგილი გიჭირავთ და ხართ ერთიანობის, დეპოლიტიზაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის სიმბოლო. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვიძლიერებს ზურგს და რაც გვიცავს იმისგან, რომ ამ დაპირისპირებაში მთიანად დავიშალოთ. ამიტომ, მე მინდა თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი წინადადება და ინიციატივა, რომ დავიწყოთ ეროვნული თანხმობის პროცესი. მინდა ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რადგან ეს ყველას არ ესმის: ეს არ არის მარტივი - დღეს მოვილაპარაკეთ და ხვალ შევრიგდით, ეს არის რთული, კომლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ყველას: პოლიტიკურ ძალებსა და პირველ რიგში, საზოგადოებას. ეს არ იქნება ერთდღიანი, ან ორდღიანი პროცესი, ამას ყველას ჩართულობა სჭირდება. მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები ვერაფერს ვერ შეძლებენ, თუ მათ ზურგს უკან არ იქნება მთავარ მიმართულებებზე გაერთიანებული საზოგადოება - არა რაღაც კონსენსუსის ირგვლივ ხელოვნურად გაერთიანებული, არამედ შინაგანად, ამ ქვეყნის მოთხოვნებისა და ქვეყნის საფრთხეების მიმართ გაერთიანებული საზოგადოება. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ერთად ვიდგეთ მთავარი გამოწვევების დაძლევისთვის. ამაში, თქვენ წინა ფრონტზე ხართ, მაგრამ თქვენს უკან მდგომი საზოგადოების გაერთიანების გარეშე ტერიტორიული გაერთიანების, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიების დაცვის ვერცერთი გეგმა ვერ იქნება სრულყოფილად დაცული, თუ არა ეს საზოგადოებრივი ძალა, რომელიც თქვენ გაძლევთ მიმართულებას, თქვენ ვალდებულებას, მისიას კი, რეალურად აზრს აძლევს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ორბელიანების სასახლეში გვარდიის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა.

ჯანმოს ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და უკვე ვაქცინირებულების ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების ინფიცირებაც შეუძლია

კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი და ვრცელდება უკვე ვაქცინირებულ ადამიანებში ან მათში, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, ამისთვის უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. „თანმიმდევრული მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. უფრო სავარაუდოა, რომ ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები დაინფიცირდნენ ან ხელახლა დაინფიცირდნენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

რუსი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს

რუსი კანონმდებელი, ქალაქ მაგადანიდან, ალექსანდრ კრამენკო საკუთარ ოფისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაცვლილი იპოვეს. იკითხებიან პოტენციური მოწმეები, ახლობლები, თვითმხილველები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება არ გამორიცხავს თვითმკვლელობასაც. 59 წლის დეპუტატი პოპულარული გახდა ერთ-ერთი ფოტოს ირგვლივ სკანდალის გამო, რომელზეც ჩანს კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და 200 იშვიათი სახეობის გარეული იხვით გაკეთებულ წარწერა „კამჩატკა 2021“-თან დგას. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოზე ასახული თოფიანი კაცი კრამარენკო იყო. თავად მან უარყო ეს ინფორმაცია. მოგვიანებით განაცხადა, რომ იხვები, სანადირო სკოლის სათამაშოებია და არა ცოცხალი ფრინველები. „ერთიანმა რუსეთმა“ კრამარენკოს წევრობა გამოძიების დაწყების შემდეგ შეუჩერა.

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. Reuters-ი იტყობინება, რომ პეტრო პოროშენკოს ბრალად დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან კავშირი ედება ბრალად. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაში. პეტრო პოროშენკოს პარტიაში „ევროპული სოლიდარობის პარტია“ აცხადებენ, რომ ბრალდება ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით არის ფალსიფიცირებული და ის ფარსად იქცევა, როგორც ყველა წინა ბრალდება. პარტიაში აცხადებენ, რომ პეტრო პოროშენკო სტამბოლსა და პოლონეთში ვიზიტით გაემგზავრა.

გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ერთვებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვნენ. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ამასთან, უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიენიჭა. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. ამავე თემაზე: საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს

ილონ მასკი აცხადებს, რომ  წელს გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს გადაიხდის

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ წელს გადასახადებში 11 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის. ამ კვირის დასაწყისში, დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა დაწერა ამავე ქსელში, რომ მასკმა უნდა შეწყვიტოს „სხვების ხარჯზე“ ცხოვრება. „მათთვის, ვისაც აინტერესებს, წელს 11 მილიარდ დოლარზე მეტ გადასახადს გადავიხდი“, - უპასუხა მილიარდერმა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ახლახან ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად დაასახელა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, Tesla კი დაახლოებით ერთ ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო SpaceX-ი 100 მილიარდ დოლარად.

ნედ პრაისი: არცერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერი უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები

არცერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერი უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს და აიძულოს პატარა ქვეყნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „საუბარია საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, არც ერთ ქვეყანას, რამდენადაც დიდი და ძლიერი უნდა იყოს ის; როგორ სამხედრო ძალას უნდა ფლობდეს ის; იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ბირთული იარაღი; არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები, აიძულოს ისინი, რომ მის ინტერესებს მისდიონ. ამ კონტექსტში ამ პრინციპის დარღვევას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნედ პრაისმა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს დიალოგს, თუმცა ნებისმიერი დიალოგი უნდა ემყარებოდეს ნაცვალგების პრინციპებს. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, რუსეთთან დიალოგი ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით უნდა წარიმართოს. „თეთრმა სახლმა დღეს აღნიშნა, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიურად მრავალი არხით, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს, ეუთო-ს საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, ორმხრივ დონეზე. დიალოგი და დიპლომატია არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, თუმცა ნებისმიერი დიალოგი და დიპლომატია უნდა ემყარებოდეს ნაცვალგების პრინციპებს; მან უნდა უპასუხოს ჩვენს შეშფოთებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ის უნდა გაიმართოს ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. არაფერი მათ შესახებ მათ გარეშე. ევროპის უსაფრთხოებაზე რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება. ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები“, – აცხადებენ უწყებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.