ძებნის რეზულტატი:

ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის და მომღერალის ჯემალ ჭკუასელს სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს სამების ეკლესიაში. ცოტა ხნის წინ, ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

საქართველოს პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ რამდენიმე დღის წინ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესში, დღეს, 21 დეკემბერს შეხვდა პარლამენტის ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ზოგადად, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს და ეს უნდა შეჩერდეს. დეკანოიძის ინფორმაციით, შეხვედრისას არ უხსენებიათ სიტყვა შერიგება ან შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმება თამაშის წესებზე და იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის კედელი ქვეყნის განვითარებისთვის. ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტი აპირებს პარტიებთან შეხვედრები უფრო ფართო ფორმატით გააგრძელოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შეხვედრებზე თავისი წარმომადგენლები ეყოლება.

ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან

მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 ხელს უშლის საშობაო ტრადიციების აღნიშვნას, ქვეყნები მაინც ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. საშობაო სულისკვეთების შენარჩუნებას კი ლამაზად მორთული ნაძვის ხეებით ცდილობენ. მას შემდეგ, რაც რიგ ქვეყნებში დომინანტური ხდება კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონს“ მთავრობები ახალი შეზღუდვებით შეხვდნენ. რამდენიმე დიდმა ქვეყანამ გააუქმა საშობაო ბაზრობები და საჯარო დღესასწაულები. მოსახლეობა კი ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია საახალწლო განწყობა თავიანთი ქალაქების მთავარ ნაძვის ხესთან იკრიბებიან... მოდით, გადავავლოთ თვალი, როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეები. ნაძვის ხე ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში ეროვნული ნაძვის ხე ვაშინგტონში, აშშ-ს კაპიტოლიუმის წინ ნარჩენებით დამზადებული ნაძვის ხე რიგა, ლატვია ჟოლოსფერი ნაძვის ხე უინძორის ციხესიმაგრეში, ინგლისი მთავარი ნაძვის ხე ლისაბონში, პორტუგალია განათებული ნაძვის ხე დასავლეთ კოულუნის მთავარ უბანში, ჰონგ კონგი გიგანტური ნაძვის ხე მადრიდის სიმბოლო ქანდაკებასთან საკულტო ნაძვის ხე პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში დიდი ზომის ნაძვის ხე ტორონტოში ნაძვის ხე ბერლინში, ქალაქის მერიის წინ, გერმანია მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, თბილისი, საქართველო

ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა

ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა. ევროკომისიის განცხადებით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა. მსოფლიოში ამ დროისთვის 4,4 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 56% ადამიანია აცრილი კოვიდვაქცინის ერთი ან მეტი დოზით. ვაქცინებმა სულ მცირე 750 000 სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ჯანმოს და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ გასულ თვეში, შვედეთში, გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 470,000 სიცოცხლე გადარჩა ევროპის 33 ქვეყანაში, მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. Covid19-ის ვაქცინის თითქმის 10 მილიარდი დოზა იყო ადმინისტრირებული მთელ მსოფლიოში 2020 წლის შუა პერიოდიდან, აქედან 8,5 მილიარდი - 2021 წლის ბოლოს.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ აქციას ელოდება. ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. „მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იწყება

რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დაიწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე შეკრებილია. აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდებიან მოქალაქეებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობით რესპუბლიკის და კოლმეურნეობის მოედნიდან მიემართებიან. პარლამენტის შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. აველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე შეკრებილია. აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდებიან მოქალაქეებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობით რესპუბლიკის და კოლმეურნეობის მოედნიდან მიემართებიან. პარლამენტის შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

იენს სტოლტენბერგი: გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ

„გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსული შეირაღებული ძალების თავმოყრის თაობაზე ისაუბრა. „ახალი წლიდან, რაც შეიძლება მალე ვაპირებ NATO-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და NATO-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გააცნო. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. „მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება და მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. სად? - ალბათ გაქვთ ეს შეკითხვა. არ მინდა და პრინციპულია ეს ჩემთვის, ბავშვები ნამდვილად გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარე. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე. არ გვინდა, ხელი შევუშალოთ სალომე ზურაბიშვილს, განავითაროს ის პროცესი, რომელიც მან წამოიწყო. ჩვენ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ძალიან ბევრნი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და ჩემი მხრიდანაც სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. თქვენთვისაც მოსმენა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები იმ ტერიტორიაზე ვართ, სადაც ხდება ის, რაც ყოველდღიურად ხდება, როცა ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ ქართველები და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებიც, იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აწყობს პოლარიზება, რომ მათზეც ვერ ვესაუბროთ, ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს, გარდა შეტევისა და გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ნიკა მელიამ აღნიშნა, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე დაიწყებენ, სადაც ამ წუთებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა და ამ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტმა, დაზვერვის ხელმძღვანელს დახურულ ფორმატში მოუსმინა. ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მომხსენებელმა დეპუტატებს მათთვის საინტერესო თემებზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომაზე განხილული საკითხი შეაფასა. „კომიტეტმა დახურულ ფორმატში, ფართო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაცია, მათ შორის, ეხებოდა სამხრეთ კავკასიას, უკრაინას და უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მოვლენებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მთლიანად რეგიონში. ჩვენ საინტერესო და დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ, სადაც აღნიშნა, რომ რუსული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში უსაფრთხოების გარემო მკვეთრად გაუარესებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მოსალოდნელ გამოწვევებზე, მოვლენების შესაძლო განვითარების საფრთხეებზე და მათ შესაძლო გავლენებზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, იყო მაღალ დონეზე მომზადებული, ეს ადასტურებს დაზვერვის სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს, ჩვენი ღირსეული მზვერავების, როგორც ოპერატიული თანამშრომლების, ასევე ანალიტიკოსების საქმიანობის ეფექტიანობას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლიერებას და მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებაში, რასაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, პროგნოზირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის მიწოდება წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის შენობის წინ კორდონის გარღვევას ცდილობს

ვითარება დაიძაბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას შეეცადნენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. მოგვიანებით ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომლებსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ. ადრე გავრცელებული ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ავტობუსებით არის ჩახერგილი. დღეს, 21 დეკემბერს აფხაზეთის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები სოხუმში „არასანქცირებულ“ მიტინგს მართავენ. მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. “ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, - განაცხადა ბჟანიამ რადიო თავისუფლების ცნობით. ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

საქართველოს პრეზიდენტი: მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა. ,,დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ, რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი, ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან. ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია. როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება დღეს, აქაც არის ამ ტრადიციის დაკარგვის და რაღაც სრულ პოლარიზაციაზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც არცერთ დარგს არ ტოვებს ამ პოლარიზაციის გარეთ. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვრცელდება დღევანდელ დღეს. მე არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ეს ადვილი პროცესია, ან ხვალვე რამე შედეგს დავდებთ, მაგრამ თუ არ დავიწყებთ, ქვეყანასთან ერთად ჩიხურ სიტუაციაში ჩავიძირებით. ამიტომ, მე მინდოდა თქვენთანაც ამ ინიციატივის გაზიარება და თქვენი მხარდაჭერის იმედის გამოხატვა. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაულები და ვისურვო, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, რაც ამ პატარა ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და იყოს სამაგალითო, როგორც იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიღებას ასევე ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

მიხეილ სააკაშვილი: ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება

მიხეილ სააკაშვილის წერილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გააცნო. „ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს“, - აცხადებს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. მისი შეფასებით, „ევროპული ინტეგრაცია ახლა საფრთხეშია“. „ამიტომაც, ახლა, ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს. ამ შეგნებამ და ამ შეგრძნებამ გადამარჩინა ფიზიკურად და ბრძოლის მოტივაცია კიდევ უფრო გამიძლიერა გლდანის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც სიკვდილთან ისე ახლოს ვიყავი, როგორც არასდროს. ეს „ოცნება“ არასდროს გაქრება. შეიძლება, მე მომკლან, მაგრამ მას ვერავინ ვერ მოკლავს ქართველი ხალხის გულებსა და გონებაში. ჩვენ უკვე გავიგეთ წარმატების და მსოფლიო კლასის მოთამაშედ ყოფნის გემო, რაც ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ცდილობს, ეს წარმატების განცდა, რომელის გემოც დიდი ხნის განმავლობაში პირველად გავიგეთ, შხამად ამოგვადინოს. დღეს, ჩვენ დაგვიტოვეს მხოლოდ ორი არჩევანი - მონობა ან ამ ქვეყნიდან წასვლა. ჩვენ ამაზე ვპასუხობთ ერთი წინადადებით - ჩვენ არ ვართ მონები, მონები არ ვართ ჩვენ. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ“, - წერს სააკაშვილი. მისივე თქმით, „დასავლური ოცნების აღსრულების მთავარი წინაპირობა მოქმედი რეჟიმის შეცვლაა და სხვაგვარად ეს მისწრაფება არათუ ვერ გახდება რეალობა, არამედ შეიძლება სამუდამოდ აუხდენელ ოცნებად დარჩეს“. „დიახ, ამ რეჟიმის შეცვლა, კორუფციის დამარცხება, შერჩევითი და უსამართლო მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის დასრულება, რუსული გავლენის ზრდის კატასტროფული ტემპის შეჩერება და შემდეგ გაქრობა, რუსული იმპერიალიზმის ორბიტიდან სამუდამოდ მოწყვეტა და ევროპულ ორბიტაზე გადასვლა - ესაა ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი და ჩვენი ხალხის ისტორიული ოცნებაც“, - აღნიშნავს სააკაშვილი. მისივე შეფასებით, „ამ უმძიმესი ისტორიული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“: „ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, როგორც არასდროს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვიმოქმედოთ უშეცდომოდ, სწორად და რაციონალურად. უნდა დავდგეთ ჩვენ ლეგიტიმურ ბრაზზე მაღლა და ემოციებს არ მივცეთ შესაძლებლობა, გზა-კვალი აგვირიოს და ვერ დავაყენოთ შედეგი“. „არც უფლება გვაქვს და ვერც ავიტანთ ამდენ ურთიერთზიზღს. შიდადაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მტერი ჩვენს კარებთანაა მომდგარი და ამ ურთიერთშუღლს ჩვენს წინააღმდეგ მთელი სისასტიკით და დიდი ოსტატობით იყენებს, უნებლიეთ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. დღეს, მინდა გამოვაცხადო და მწამს და მჯერა, რომ დამეთანხმებით: ჩვენ აქ ვდგავართ და გვაერთიანებს არა შურისძიების წყურვილი, არამედ საერთო მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ ოჯახში, რომლის ბუნებრივი და ისტორიული წევრიცაა. დღეიდან ჩვენი ბრძოლა უნდა გახდეს უწყვეტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჯერ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისთვის და ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამოხსნისთვის ბოროტების იმპერიისა და მისი დამქაშებისგან. არანაირი დაღლა, არანაირი ხელების ჩამოშვება. ჩვენი მოწინააღმდეგე იმდენად ძლიერია, რამდენადაც ჩვენში ხედავს სისუსტეს და როგორც კი დაინახავს იმ თავგანწირვას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მათ მიერ აშენებული კედელი გარდაუვლად ძალიან მალე ჩამოიშლება. თუ გვინდა, ჩვენი ხალხი გამოგვყვეს, უნდა ვაჩვენოთ თავგანწირვა! თუ გვინდა, მსოფლიომ მხარი დაგვიჭიროს, უნდა ვაჩვენოთ ბრძოლა! თუ გვინდა, ჩვენმა შვილთაშვილებმა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ჩვენით იამაყონ, გამარჯვება აუცილებლად და უპირობოდ უნდა მოვიპოვოთ! მე ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და ახლაც მზად ვარ, თავი შევწირო ჩემი თავი ქართველი ხალხის და ჩემს ოცნებას ევროპულ მომავალს. ჩემი სიცოცხლე, როგორც ფასეულობა, ვერაფრით შეედრება ამ ისტორიული მისიის შესრულებას. მისიის, რომელიც იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი მისწრაფება და ჩემი თქვენდამი დადებული მთავარი პირობა და ფიცი. ფიცი პრეზიდენტის და მძევლის, ლიდერის და თქვენი მსახურის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი ქართველი პატრიოტის ფიცი. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას! ჩვენ უნდა ამოვაბრწყინოთ ჩვენი ქვეყნის ცისკრის ვარსკვლავი! მჯერა და მწამს თქვენი! აბა თქვენ იცით!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

უნგრეთი მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბლოკის კანონებს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმამ შესაძლოა, ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მძიმე ჯარიმის დაკისრება გამოიწვიოს. სექტემბერში, ბლოკის უმაღლესმა სასამართლომ ყოველდღიური ჯარიმა დააკისრა (1,2 მილიონი აშშ დოლარი) პოლონეთს, რომელიც უნგრეთის მთავარი მოკავშირეა. პოლონეთმა ვერ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება მის სასამართლო სისტემაში ცვლილებების შეჩერების შესახებ. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არაფერს გავაკეთებთ საზღვრის დაცვის წესის შესაცვლელად. ჩვენ არ შევცვლით მას და არ ვაპირებთ არავის შეშვებას“, - განაცხადა ორბანმა. გასულ თვეში ევროკავშირის სასამართლომ (CJEU) დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონი, როცა უფლება მისცა პოლიციას, სერბეთის საზღვრის გავლით უნგრეთში შესული თავშესაფრის მთხოვნელი მიგრანტები შეევიწროებინა.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აზრთა გაცვლისას მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება სიტუაციის სტაბილიზაციის, მშვიდობის დამყარების და რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით გატარებული ძალისხმევის გამო. მათ განაცხადეს, რომ რუსეთი და საფრანგეთი სინქრონულად მოქმედებენ პრობლემების გადასაჭრელად და მომავალშიც აპირებენ, იმოქმედონ თანმიმდევრულად“, - ნათქვამია კრემლის პრესრელიზში ორი სახელმწიფოს მეთაურის სატელეფონო საუბრის შემდეგ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს დაბადების დღე მიულოცა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ზვავში რუსი სამხედროები მოყვნენ

როკის გვირაბთან ახლოს ზვავი ჩამოწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 5 რუსი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლებოდა, მათი სამძებრო სამუშაო უკვე 5 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, ორი ჯარისკაცი მალევე იპოვეს მესამე კი - 5 საათიანი ძებნის შემდეგ. დაშავებულები ოკუპირებული ცხინვალის და ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკარგულია ორი ჯარისკაცი. ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა, უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს და პარტიის მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები 4 კარავში განთავსდნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის ამ ფორმას წინ უძღვოდა აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც მელიამ „მთავარ არხს“ განუცხადა, კონკრეტული სიის შედგენა ახლა მიმდინარეობს.

პუტინი დასავლეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს თავის „აშკარად აგრესიულ რიტორიკას“, რუსეთი მიიღებს „შესაბამის საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“. პუტინის თქმით, რუსეთი „მკაცრ რეაგირებას მოახდენს არამეგობრულ ნაბიჯებზე და მოსკოვს ამის სრული უფლება აქვს“. კონფლიქტის შესახებ მინიშნების მიუხედავად, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთს სურს, თავიდან აიცილოს „სისხლისღვრა“. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს. მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. მოსკოვი გარანტიებს ითხოვს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. კრემლს NATO-დან შეახსენეს, რომ გავლენების სფეროების ხანა დასრულდა. თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ აშშ არ დათმობს პრინციპებს და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. Europetime-თან კომენტარში NATO-ს ოფიციალურმა პირმა რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა. ასევე წაიკითხეთ: ჯეიკ სალივანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ტელეფონით ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის მიუღებელია პოპულარული თეორია, რომ უკრაინა ევროკავშირში 30 წელიწადში გაწევრიანდება, NATO-ში კი 50 წელიწადში

უკრაინა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, NATO-სგან მკაფიო პოზიციას ელის. ამის შესახებ მედია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინას სურდა, NATO-დან მიეღო, ძალიან მკაფიო ვადები 2022 წელს წევრობის პერსპექტივის შესახებ. „ჩვენთვის მიუღებელია თეორია, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია (უკრაინის გაწევრიანებაზე), ევროკავშირში - 30 წლის შემდეგ და NATO-ში 50 წელიწადში“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის ელჩებთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს

„უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Facebook-ზე დაწერა. „დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, რომელსაც მრავალი წელია, ვიცნობ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა, მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება და სულის სიმტკიცე, რომელიც მას არ აკლია. მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება და ეს არ არის ცარიელი სიტყვები პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის. მათგან განსხვავებით, ვინც მიჩვეულია რაიმე თემის საკუთარ პიარამდე დაყვანას, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ის უკრაინაში დაბრუნდეს“ , - წერს ანდრეი ერმაკი.