ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: ნიურნბერგის პროცესი რომ არ მომხდარიყო, ჰიტლერი 30-40 %-ს აიღებდა, ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება
დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა - შეფასება უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ე.წ. შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, არანაირ წინაპირობას და არც ულტიმატუმს არ აყენებენ, მაგრამ არსებობს ბუნებრივი წინაპირობები, რომლის შემდეგაც შეიძლება შერიგებაზე ისაუბრონ. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინიციატივას გამოვეხმაუროთ, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგმება. ქვეყანაში თუ რაიმე შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, ეს არის ბუნებრივი წინაპირობები. ჩვენ არანაირ წინაპირობას და არც ულტიმატუმს არ ვაყენებთ, მაგრამ არსებობს ბუნებრივი წინაპირობები, რომლის შემდეგაც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზე. რაღაცები უნდა შეფასდეს და ეს შეფასებები გააადვილებს, თუნდაც იმას რასაც ჰქვია შერიგება. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა და აქცენტი გააკეთა შეფასების მნიშვნელობაზე. რაღაცების შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც პროცესში წინ წავიდეთ, მათ შორის პოლიტიკურ პროცესში. იმისათვის, რომ მოხერხდეს თანამშრომლობა, თუნდაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის, მნიშვნელოვანია რაღაცებთან დაკავშირებით საერთო შეფასება გაკეთდეს. ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს საერთო ფორმატში. ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ ინიციატორები, სააკაშვილმა ახსენა შერიგება პირველად, შემდეგ გაგრძელება იყო ქალბატონი სალომეს მხრიდან. თუ საუბარია რაიმე პროცესზე, რომელიც საქართველოში შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, ამას მივესალმები და ამაში მონაწილეობას მივიღებთ მაქსიმალურად“, - განაცხადა კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა“. „ჩვენ ვსაუბრობთ მარტივ სტანდარტზე. ეს მარტივი სტანდარტი არის - როდესაც პოლიტიკოსი ჩადის დანაშაულს, ის გადის პოლიტიკიდან. ეს არის ისეთი მარტივი სტანდარტი, რომლის გარეშეც ევროპული დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს ვერცერთ სახელმწიფოში. ეს პოლიტიკური სტანდარტი, რაც არის პოლიტიკური კულტურის პროდუქტი ევროპაში, დავამკვიდროთ რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილებით საქართველოში. მგონია, რომ საქართველო ამას იმსახურებს. ჩვენი დემოკრატია არის საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ ეს მინიმალური ევროპული სტანდარტი ჩვენთან დავამკვიდროთ. ამისთვის საჭიროა ავიღოთ კონკრეტული დანაშაულები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. იქნებ ვცდებით ასეთი რამ, რომ წარმოვიდგინოთ თეორიულად. კონკრეტული ტელევიზიები არ მიუტაცებიათ შეიძლება ამაშიც ვცდებით, შეიძლება ვცდებით, რომ მათზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუპოვებია კონტროლი. შეიძლება ადამიანები არ დაუხოციათ, ციხეებში არ კვდებოდა 12-ჯერ მეტი კაცი, ვიდრე ჩვენ დროს ხდება ეს ყველაფერი და ა. შ. შეიძლება ჩვენ ვცდებით და ეს ყველაფერი ბუნებაში არ არსებობდა. ამიტომ ერთად დავსხდეთ და ვნახოთ რატომ კვდებოდა ციხეებში 12-ჯერ მეტი ადამიანი, იყო თუ არა წამება, როდესად ამას კონკრეტული ადამიანები ამბობენ. თუ მათ უნდათ საუბარი შერიგებაზე, მაშინ ეს პროცესი წარმოგვიდგენია ჩვენ. დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა. რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტელრი მინიმუმ 30-40 პროცენტს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან იყო რაღაც სენტიმენტები. ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის. მთავარია რაღაცა შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე. შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. თუ ეს ყველაფერი არ უნდათ, ეს ჩვენი ინიციატივა არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას მიესალმება
სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას მიესალმება. „მივესალმებით აზერბაიჯანის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით 10 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა. „მოვუწოდებთ ყველა დანარჩენი დაკავებულის სწრაფ გათავისუფლებისა და დაკარგულების აღრიცხვისკენ. ხაზს ვუსვამთ დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის მნიშვნელობას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - წერს ნედ პრაისი. სომხური მედიის ცნობით, ათი სომეხი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 16 ნოემბერს, სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანთან შეტაკების დროს ტყვეს ჩავარდნენ,19 დეკემბერს აზერბაიჯანიდან სამშობლოში ევროკავშირის შუამავლობით დაბრუნდნენ. 19 დეკემბერს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა Twitter-ზე დაწერა, რომ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში დაბრუნდა. „ბედნიერი ვარ, რომ 10 სამხედრო მოსამსახურის სამშობლოში დაბრუნება შევძელით. აზერბაიჯანის მხრიდან მნიშვნელოვანი ჟესტია ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების პროცესში. ევროკავშირის განგრძობს მუშაობას ორივე ქვეყანასთან“, - წერს ტოივო კლაარი. ამავე თემაზე: ევროკავშირი საექსპერტო მისიის შექმნას სთავაზობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა საზღვრების დელიმიტაციის საკითხებს მხარი დაუჭიროს
საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს
გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. 2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ.,წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით. საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 19 დეკემბერს, გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ მისი ახლობლები იუწყებოდნენ. შესაბამისი პოსტი ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. „ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, „სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით“. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“, - აცხადებდა სააკაშვილი. გიგი კალანდაძეს, რომელიც პირველად 2012 წლის ნოემბერში დააკავეს, სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. სასამართლომ ის გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციომ დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. მას სასჯელის სახედ სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით განესაზღვრა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლდა ამ ზომისგან. 2015 წელს კი, მთავარმა პროკურატურამ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.
ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, Helpdesk-ი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. „ახალი პლატფორმა არის ევროკომისიის იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესის დახმარებას ვაჭრობის გაფართოების კუთხით. ის მცირე ბიზნესს, ვაჭრობის ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფს. Helpdesk-ი წარმოადგენს ბაზარზე ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზის დანამატს, რომელიც ევროპულ კომპანიებს ეხმარება სავაჭრო შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში რთული სავაჭრო წესების პრაქტიკული და მათზე მორგებული ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით. Helpdesk-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk პროექტსა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), როგორც განმახორციელებელი პარტნიორის, თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის helpdesk-ი სამ პრინციპზეა აგებული: 1. შესაძლებლობების გამოვლენა: მომხმარებლების დახმარება რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიული ბაზრებისა და პროდუქტების გამოვლენის მიზნით. ბაზრისა და დარგების მიხედვით რეგიონში და ევროკავშირთან სავაჭრო მაჩვენებლებისა და პოტენციური ვაჭრობის შედარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს გადაწყვეტილებებში დარწმუნება. 2. საბაზრო ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ბაზარზე წვდომის იმ პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ კონკრეტულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასატანად, აგრეთვე მათი დაკავშირება შესაბამის პარტნიორებთან თავიანთ ქვეყანაში ან სამიზნე ბაზარზე. 3. დახმარების ცენტრი: მომხმარებლების მხარდაჭერა პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და შესაძლო კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან დასაკავშირებლად. ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.
ახლობლების ცნობით, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა
ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს გუშინდელი დღის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. „ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს... დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი. ახლობლების ინფორმაციით, რამაზ გერლიანის გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებული და პროცესში ჩართულია, თუმცა უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
ოლივერ ვარჰეი: ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩვენ მიერ მომზადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალება ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებში - აღდგენა, მდგრადობა და რეფორმებში დახმარების გაწევა“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. შეგახსენებთ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა.
დევი ტაბიძე: „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა, ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება
„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს - ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“განაცხადა. როგორც ტაბიძე განმარტავს, „ომიკრონის“ გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს. „შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ "მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. "მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ტაბიძე. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი: ახალი ინსტრუმენტი დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში
ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. შეგახსენებთ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. ოლივერ ვარჰეი: ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა
ნათია თურნავა ჟურნალისტს: გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში?
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უტიფრობას უწოდებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა მედიის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ალბათ „ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს“ და აქცენტი სხვა მიმართულებით ამიტომ გადააქვთ. „ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს და გნებავთ, რომ აქცენტი პიროვნებაზე გადაიტანოთ. ეს გასაგებია, მაგრამ არაფერს მოიტანს. მაინტერესებს, ის ტელევიზიები, რომლებიც ამ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ... გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში, თქვენი კოლეგების თანდასწრებით. თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება, მომიხდით თუ არა ბოდიშს, იფიქრეთ ამ პასუხზე“, - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს სამრეწველო-ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა და როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო - ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება. ეს სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების ,,ბ’’ კატეგორიის ლოგისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიენიჭა. პროექტის თანახმად, რომელსაც შპს ,,თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოგისტიკური პარკი 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეებისა და სასტუმროსთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის. ამასთან, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, კომპანია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით - 108,07ჰა, ყოველწლიურად ჩაის მოყვანა განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას აღნიშნული მიწები იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაფიქსირდა
საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ახალი შტამით დაინფიცირებული ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია. ისინი იზოლირებული არიან. ორივე „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მსუბუქია", - განაცხადა გამყრელიძემ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მარგველაშვილი ასევე ითხოვს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“.
ამირან გამყრელიძე: ორჯერადად აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი უნდა იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს გამყრელიძე. ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.
ამირან გამყრელიძე: ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება
"იმის გამო, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც. ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები ამბულატორიული იქნება. „ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები, ამიტომ „ომიკრონის“ გამოჩენა, რომელსაც ჩვენ ველოდით, რა თქმა უნდა, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს", - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს: ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში
საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ სომხეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. „ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოში. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში. ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. მე ასევე კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ ერევანში ოფიციალური ვიზიტით მეც ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით დღეს გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დონეზე, პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება და მე მადლობას გიხდით ამისთვის. რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში. „ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, რომ მე გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი: მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი და ესეც უპრეცენდენტოა. „გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის. კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. 2019 წელს, საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცენდენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ შარშან, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც ჩვენს დონეზე, ასევე დარგობრივი პასუხისმგებლობის დონეზე, ტარდებოდა დინამიურად. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას, რის მნიშვნელობაზეც უკვე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. „მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არამხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი უკვე ოთხჯერ შევხვდით. მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო
რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო და მას „თითქმის სატანური“ უწოდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული განცხადება ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში გააკეთა. რომის პაპმა საკუთარი წუხილი გამოთქვა, რომ რიგ ქვეყნებში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა, განსაკუთრებით კი კოვიდპანდემიის პირობებში, და ძალადობის მსხვერპლებს მოუწოდა, არ დაკარგონ საკუთარი ღირსება. რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, ოჯახური ძალადობა მისთვის „თითქმის სატანურ“ ცოდვასთან ასოცირდება, რაც რომის პაპის მხრიდან ყველაზე მკაცრი შეფასებაა. მისი თქმით, დაუცველის მიმართ ძალადობა დაუშვებელია და მას „ძალიან დამამცირებელი“ უწოდა. გაერო-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 13 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულ ქალთა უმეტესობა აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იტალიაში, პოლიციის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის 90 ფაქტი ფიქსირდება, რომელთაგან 62 პროცენტი ოჯახურ პირობებში ხდება.
ამირან გამყრელიძე: წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ
"2021 წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული სტატისტიკის პირობებში, დეკემბრის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრას. "ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და ავიცრათ. „ომიკრონის“ შემდგომი გავრცელების და სიტუაციის შემდგომი პრევენციის ერთადერთი საშუალება გვაქვს - ეს არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, აცრის მოცვის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ორჯერადი აცრის მაჩვენებელი დღეისთვის არის 37.6%; მოცვა მაღალი არ არის და წლის ბოლომდე ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ. იმისთვის, რომ „ომიკრონმა“ მდგომარეობა არ გააუარესოს, უნდა ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 10 ათასია, თუმცა საჭიროა დღეში 30 ათასი ადამიანი აიცრას, იმისთვის, რომ ეპიდემია შეჩერდეს. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია ე.წ. ბუსტერიზაცია. „შესაძლოა, უწყებათშორის საბჭოს წარვუდგინოთ წინადადება, რომ ორჯერადად აცცილებისთვის ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა გახდეს აუცილებელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ადამ კინზინგერი: ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას. თუ 6 იანვრის საქმეზე დონალდ ტრამპის გამოძახება გახდება საჭირო, ამას გავაკეთებთ
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე კონგრესში მისი ზოგიერთი კოლეგა იყოს პასუხისმგებელი, თუმცა ამაზე ჯერ ფაქტებმა უნდა მიუთითონ. კინზინგერმა ყოფილ პრეზიდენტზეც ისაუბრა. „არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ მის გარეშეც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ამ ეტაპზე. ცხადია, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს გამოიძახებთ, ამას მოჰყვება ცირკის გარემო, მაგრამ თუ ის გვჭირდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება.
ნათია თურნავა: აუდიტის დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია
ეკონომიკის მინიტრმა სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია. ნათია თურნავას თქმით, რაიმე„განსაკუთრებით კრიტიკული არაფერია“. „აუდიტის სამსახურის დასკვნები და მიგნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ; რამდენადაც ვიცი, დასკვნაში საუბარი არის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სამეურნეო საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ინვენტარიზაცია, ანგარიშგება და ა.შ. რაიმე ისეთი, განსაკუთრებით კრიტიკული, რაც განსაკუთებულ რეაგირებას საჭიროებს, არ იკითხება, თუმცა რა ტექნიკური შენიშვნებიც არის, გაცნობილებიც ვართ და უკვე არსებითად გათვალისწინებულიც არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.