ძებნის რეზულტატი:

თამარ გაბუნია: Sinopharm-ს და Sinovac-ს სხვა ვაქცინებთან შედარებით, ხანგრძლივი, ორწლიანი ვადა აქვს

Sinopharm-ს და Sinovac-ს ვადა ჯერჯერობით აქვს, თუმცა Sinovac-ს ათვისება ნაკლებია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების არჩევანის უფლება არ შეიზღუდება. Sinopharm-ს და Sinovac-ს სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვთ - ორწლიანი. ჯერჯერობით მათი ვადა არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არჩევანის საშუალება მივეცით მოსახლეობას და უპირატესობა მიანიჭეს Pfizer-ს, შემდეგ იყო Sinopharm-ი. იყო გარკვეული ჯგუფი, ვინც უპირატესობა Sinovac-ს მიანიჭა. არჩევანის უფლებას არ შევზღუდავთ, Sinovac-ის შემთხვევაში ათვისება ნაკლებია, მაგრამ ამ პროცესს გავყვებით“, - განაცხადა გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამირან გამყრელიძე: რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ივანე ჩხაიძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა, ყოველდღიურად 12-15 ათასს მიაღწიოს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის შეფასებით, თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასი შეადგინოს. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და სახიფათო სიტუაცია იქნება. „თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება არ არსებობს. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია

ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ამის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, უამრავი სხვა პრიორიტეტია კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში, გადაბარების პროცესში, ამიტომ ეკატერინე ტიკარაძის დრო შესაბამისად გადანაწილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს.

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხებათ კერძო სკოლებს, ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ. შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება.

რიკოთის უღელტეხილზე, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოიშალა

აღმოსავლთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ჯოზეფ ბორელი: საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებზე

„უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, თუმცა მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად შეიტანონ წვლილი კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში", - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილის პასუხად მიწერა. „ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 9 დეკემბრის წერილისთვის საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომ განვითარებაში ხელშესახები პროგრესის მიღწევისა და მავნე პოლარიზაციის, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე, შეწყვეტის საუკეთესო შანსად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად წვლილი შეიტანონ დეესკალაციასა და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში,“- აღნიშნულია წერილში. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე. „როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის სიღრმე და ფარგლები, სხვა ასპექტებს შორის, რეფორმების ტემპით და ხარისხით გაგრძელდება. ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი-მეტისთვის“ და „ნაკლებად-ნაკლებისთვის“) გააგრძელებს იმ პარტნიორებისთვის სარგებლის მოტანას, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები. ეს იყო ასევე ნათელი გზავნილი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია წერილში. ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის მიმართეს.

როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლას ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა

როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლას ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა. 21 დეკემბერს საღამოს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე როკის გვირაბთან ზვავში მოყვა. ყაზარმა როკის გვირაბთან ახლოს მდებარეობს. ცხინვალის საავადმყოფოში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე მოათავსეს, რომლებსაც ქვედა კიდურების მოყინვა აღენიშნებათ. მეხუთე სამხედრო მოსამსახურეს ისევ ეძებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა, უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს. ამავე თემაზე: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ზვავში რუსი სამხედროები მოყვნენ

ნინო ლომჯარია: შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები

"შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება შეაფასა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას. „შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი: წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, მათი მშობლებისა და სოციალური მუშაკების განცხადებების საფუძველზე დაწყებული საქმეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გაჭიანურება და სტერეოტიპული მიდგომა. „ჩვენ გავეცანით მიმდინარე საქმეების გამოძიებას. აქ შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლიდან დაწყებული საქმეები შევისწავლეთ, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. ეს არის საქმეები, რომლებიც ეხება განცხადებებს, რომლებიც გაკეთებულია სოციალური მუშაკის ან უშუალოდ ყოფილი ბენეფიციარებისა და მათი მშობლების მხრიდან და ეხება ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობრივ ფაქტებს, მათ შორის, ერთ -ერთი ასეთია სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი. შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე აჭიანურებდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენდნენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებდნენ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებდნენ ძალიან ხშირად სტერეოტიპულად, არ ანიჭებდნენ მსხვერპლებისა და დაზარალებულების სტატუსს, არ ცდილობდნენ, რომ შეეკრათ დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და არ ცდილობდნენ, გამოევლინათ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. ეს არის ძირითადი მიგნებები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები 2022 წლის პირველი მარტიდან გამკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები კიდევ შვიდ კანონში აისახა. პროექტით, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება - მმართველი გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის ცნება შემოდის. განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები. პირს შესაძლებლობა ექნება საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა მოითხოვოს. ასევე, მისი ოჯახის წევრიც უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით პირის მონაცემების რეესტრში შეტანა მოითხოვოს. დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიას შემოსავლების სამსახურის აწარმოებს. პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხუთი წლის ვადით მოხდება. ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება. გარდა ამისა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში - პროექტის საბოლოო რედაქციით, სატელევიზიო ეთერში რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება იკრძალება. ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

ნინო ლომჯარია: პრეზიდენტი ყველაფრისთვისაა მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა

"თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი ყველაფრისთვისაა მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს არ სურს, რომ შერიგების პროცესი აღქმული იყოს როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად. "პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. მას სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა. პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი იყოს აღქმული, როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად. ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონკრეტულად მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მოქმედ პრეზიდენტთან არ უსაუბრია და არ სურს, რომ ეს პროცესი "თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე დაავიწროვოს” "არ ვადასტურებ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ვახსენე ეს და სხვა საქმეები, სადაც ჩანს პოლიტიკური მოტივაცია. მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის და დამოუკიდებელი სასამართლოს შედეგად პოლიტიკურად მიმდინარე დევნები დასრულდება. არ მინდა, რომ დავავიწროვო ეს პროცესი თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც უნდა შეეხოს საზოგადოების ფართო ფენებს, ამისგან ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ირაკლი კობახიძე: 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს

შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. „მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავინს დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.

“თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის საქმეზე ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი 5000-5000-ლარიან გირაოს გადაიხდიან. გამოძიების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

ომბუდსმენი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: ჩვენც გვაქვს გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. პროცესს დავაკვირდებით

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აპარატს გაცემული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, დააკვირდებიან პროცესს და თუ ეს სერვისები არ იქნება მიწოდებული და ამის გამო დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა, შესაბამისი შეფასებას დადებს ომბუდსმენი. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არ იცის, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ცენტრი „ემპათია“, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ სერვისების მიწოდება გორის ჰოსპიტალში შეუძლებელია, რადგან სახალხო დამცველის ოფისს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს. „სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რეკომენდაციების წარდგენის დროს ითვალისწინებს სახალხო დამცველთან არსებული კომისიის შეფასებებს. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლებელია არსებობდეს ალტერნატიული აზრი, რომელიც, ასევე, შესაძლებელია იყოს დასაბუთებული, თუმცა ჩვენ ვიყენებთ ჩვენს დასკვნებს და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის დასკვნას, ან კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, ან რაღაც კონკურენტული დასკვნის მომზადება ხდება ჩვენი მხრიდან. უბრალოდ რადგან სახალხო დამცველს აქვს თავისი კონსილიუმი, ჩვენ ვიყენებთ ამ კონსილიუმის მიერ მომზადებულ შეფასებებს. რაც შეეხება მკურნალობა არის თუ არა შესაძლებელი, ჩვენ ჯერ დავაკვირდებით პროცესს, იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს გაცემული კონკრეტული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, დავაკვირდებით პროცესს, თუ ეს სერვისები არ იქნება მიწოდებული და თუ მოხდა ისე, რომ პაციენტის მდგომარეობა სერვისების მიუწოდებლობის გამო დამძიმდა, შემდეგ უკვე გვექნება შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ რაც სჭირდება პატიმარსა და პაციენტს, ის სერვისები მას უნდა მიეწოდებოდეს. მე არ ვიცი, რატომ და რაზე დაფუძნებით ამბობს „ემპათია“, რომ სერვისი არ შეიძლება მიეწოდოს პატიმარს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა მოხდეს თუ არ მოხდება შემდეგ გვექნება შესაბამისი შეფასება. შესაძლებელია მათ აქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც მათ აძლევთ იმის თქმით შესაძლებლობას, რომ ამ სერვისის მიწოდება შეუძლებელია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის საქმის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შესწავლის ფარგლებში როგორც თავად რამაზ გერლიანს, ასევე მისი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. „ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. პირადად მქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მივიღე ინფორმაცია, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. ვაპირებთ კონტაქტს ოჯახთან და თავად რამაზ გერლიანთან, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას. რა თქმა უნდა, შევისწავლით ამ საქმეს და დაწყებული გვაქვს შესწავლა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან. ამავე თემაზე: პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში კოვიდრეგულაციები დააწესოს, კიდევ ერთი წლით, 2023 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივა. კანონპროექტი გამარტივებული სახით გავიდა კენჭისყრაზე და მას 77 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, პარლამენტი საქართველოს მთავრობას 2020 წლის ივლისიდან რეგულარულად ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ისეთი კონსტიტუციური უფლებები, როგორებიცაა გადაადგილების თავისუფლება, დააწესოს კომენდანტის საათი, აკრძალოს საქალაქთაშორისო მიმოსვლა და შეაჩეროს სხვადასხვა დაწესებულების მუშაობა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. „სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში“, - აცხადებს უწყება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.

პრეზიდენტი: ეროვნული თანხმობის პროცესში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციაში, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა და ახალი გეოპოლიტიკურ გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა. „ეროვნული თანხმობის პროცესში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ძალიან ვამაყობ იმით, რომ თავის დროზე აქ დავაარსე ამბასადორიალის ეს ფორმატი, რომელიც ძალიან საჭიროა და დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია მიღებული. თუმცა, დღეს როცა უნდა ვიმყოფებოდეთ საზეიმო ვითარებაში, რელაურად არც და არც კოვიდი, არც დისტანციური ფორმატი და ამის გამო არც განწყობა დიდად არაა საზეიმო. როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს. პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა. მინდა ვისარგებლო დღევანდელი ჩემი გამოსვლით და ამ უაღრესად მძიმე ეტაპზე, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დიალოგის მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრისკენ. არსებული და ანაქრონული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ძალიან დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიპლომატები იმისთვის არიან, რომ ეს გზები გამონახონ, რაც არ უნდა უიმედოდ ჩანდეს მოცემულ მომენტში მშვიდობიანი გზა. იმავე დასკვნამდე მივედი შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში და ამიტომ დავიწყე ეროვნული საუბრისა და თანხმობისაკენ მიმავალი პროცესი. ამ პროცესში თქვენი, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რამეთუ თუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები. არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა. როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ. მჯერა, რომ მსოფლიოში ქალებს კიდევ გააჩნიათ გამოუყენებელი რესურსი კონფლიქტების დასაძლევად, მომავალ წლის მაისში ეუთოს ეგიდითა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მხარდაჭერით, ქალთა ლიდერების კონფერენცია მოვიწვიე. ასეთი კონფერენციის წარმატება ცხადია, დიდწილად, თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი მაქვს. მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი თქვენ, თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და ყველას ვუსურვო, რომ ეს წელი იყოს ჩვენთვის წარმატების, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და წინსვლის წელიწადი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვერტყვიჭალაში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. არმატურის საამქროს სახურავის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, დაშავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები და ისინი ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის კლინიკებში გადაიყვანეს. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არცერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. "დროებითი ნაგებობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი დასაქმებული, რომელიც ადგილობრივი იყო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა", – განაცხადა ზვიად შალამბერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.