ძებნის რეზულტატი:
ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მომავალ კვირას შეხვდება. ეს ინფორმაცია ნიკა მელიას მისმა კოლეგამ ხატია დეკანოიძემ მიაწოდა, რომელიც პრეზიდენტს 21 დეკემბერს შეხვდა. „როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, სანამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ სატელევიზიო მედიასთან. ამავე თემაზე: საქართველოს პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე შეხვდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ158 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ182 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ182 (დიზი-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა, ყინვა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ასევე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გერმანიაში, 28 დეკემბრიდან კოვიდ შეზღუდვები მკაცრდება
გერმანიაში, ფედერალური და რეგიონული ლიდერები კოვიდ შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება. რაც შეეხება რესტორნებს, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კვლავ საჭირო რჩება. გერმანია გააძლიერებს ვაქცინაციის „ბუსტერ“ კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია, 70.4% სრულადაა აცრილი, 32.6%-ს კი - „ბუსტერ“ დოზა მიღებული აქვს.
პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა
3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა. გერლიანი ცოცხალია და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გერლიანი თბილისიდან იყო გასული, შესაბამისად, სამართალდამცველებმა მის კვალს სხვა ქალაქში მიაგნეს. შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.
ჯანმო: „ომიკრონი" მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული
მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის „დელტა“ შტამია დომინანტური, თუმცა „ომიკრონ“ ვარიანტი გავრცელებას განაგრძობს და წარმოადგენს რისკს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმოს მონაცემებით, „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული. „ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობის იმუნიტეტის მაღალი დონეა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, მონაცემები სიმძიმის შესახებ შეზღუდულია, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იზრდება. „შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთოს. წინასწარი მონაცემების იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ ნეიტრალიზება შემცირებულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინების პირველი და მეორე დოზა აქვთ მიღებული და ასევე მათში, რომლებმაც SARS-CoV-2-ი უკვე გადაიტანეს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჰუმორალური იმუნური აცილების დონეზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ჯანმო განმარტავს, რომ ამ ფაქტორების გამო, „ზოგადი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტთან, რჩება ძალიან მაღალი.“
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 160 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 993 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის - 6.58% ხოლო 7 დღის - 6.19%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 237, აჭარაში - 544, იმერეთში - 1 105. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 555, აჭარაში - 129, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პაციენტი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 33, იმერეთში - 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 629 - თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მან მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელში 60 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ
ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფში აცხადებენ, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა ქვეყნისთვის „ომიკრონის“ დამარცხებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო და აიცრან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში „ომიკრონით“ ერთი კოვიდინიფიცირებული გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბევრი თანხმლები დაავადება აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია 12 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 პირი დააკავეს. კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს. ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. 2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინია" ამოღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ. მინდა გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები. მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ. ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა. საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში 5 იანვრიდან დაიწყება. „დღეს მინდა სიახლე მივაწოდო ინფორმაციის სახით საზოგადოებას, შემოგვაქვს სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დაინერგება 1-ელი თებერვლიდან და ძალაში შევა, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში", - განაცხადა კალაძემ. მან განმარტა, შინაარსობრივად როგორი ტიპის აბონიმენტები იქნება. „გვექნება ულიმიტო 90- წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივ ვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად შეეძლებათ მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით სარგებლობა. ამ ტრანსპორტს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში. ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- დღიანი ბარათი, რომელიც ეღირება 3 ლარი. 1- დღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად. იხდის 3 ლარს და მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერაც უნდა, შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული არ იქნება. ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- კვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. 1- კვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს ბარათი ძირითადად გათვლილია ტურისტებზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა, რომელიც შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას. ასევე, ულიმიტო 1- თვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. 1- თვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად, ეს ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღე საშუალოდ 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს 40-60 ლარით განსაზღვრავს“,- განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ასევე იქნება ულიმიტო 3- თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება. „ასევე გვაქვს ულიმიტო 6- თვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება, ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის. ასევე გვაქვს 1- წლიანი ბარათები, რომელიც 250 ლარი ეღირება. 1- წლიანი ბარათის მფლობელს შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება პროცესს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, დაცვის მხარეს კი რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, რომელიც მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის მოთხოვნას შეეხება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა 9%-ით იკლო
გასულ კვირას მსოფლიოში COVID19-ით 44 616 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების გლობალური რაოდენობა კი იგივე დარჩა, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 9%-ით იკლო. მონაცემი მოიცავს 13-დან 19 დეკემბრამდე პერიოდს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი აფრიკის გარდა ყველგან შემცირდა. „ომიკრონი" მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი „დელტა“ ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მიხეილ სააკაშვილის თაობაზე პირადად ვარ ჩართული საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად არის ჩართული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში და აქვს „პირადი ხაზი“ სააკაშვილთან ინფორმაციის გაცვლისთვის. „გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს. ის კი ჩემგან - ინფორმაციას. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მის მეორე ნახევარსა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. მე დავურეკე, ვთხოვე. გულწრფელად გეუბნებით, მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 21 დეკემბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ერთი საკითხი - უკრაინელი ექიმების ჩართვა სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით თბილისთან მოლაპარაკება ვერ შეძლო. „მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი შეიკავა. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.
პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება
პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, თავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება. „სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს პირველი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გიორგი ღიბრაძე: კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. როგორც ღიბრაძემ განაცხადა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კლუბები ფუნქციონირებდა, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ, იკეტებიან. „საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“ და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში ლიბერალიზაცია არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დასაშვები იყო კლუბების მუშაობა, შეზღუდვები ამოქმედდა. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, არასწორია, რომ მათ არ მოუხდენიათ შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დაფიქსირებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ომიკრონის“ შტამს, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ასევე, შესაძლებელია არასახარბიელო გამოსავალიც დადგეს. „კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, ამდენად აქ საუბარია იმაზე, რომ მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის იმ მთავარ რისკს რაც უკავშირდება ამ შტამს. შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე. ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და გამოჩნდეს ნიშნები დაავადების, უფრო მეტად ვრცელდება 20-დან 45- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ბავშვებშიც შესაძლებელია მათი გავრცელება. მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებია უპირატესად ჯერჯერობით, თუმცა აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც. გვაქვს დადასტურებული 24 შემთხვევა ყველა არის მსუბუქი მიმდინარეობის. პირველი ორი შემთხვევა, რომ გამოცხადდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა განხორციელდა და ყველას დაუდასტურდა, უმრავლესობა იყო ვაქცინირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მანვე აღნიშნა, რომ დადასტურებული შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ არის მოსალოდნელი. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ ყველა შემთხვევა არის ამბულატორიული და ამ დროისთვის, დადასტურებული შემთხვევების 53 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.
თამარ გაბუნიას თქმით, მოსალოდნელია „ომიკრონის“ გავრცელების ზრდა და კლინიკები ისევ მობილიზებულები უნდა იყვნენ
„ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 9112 საწოლია მობილიზებული, რომლის მხოლოდ 30% ანუ 3227 საწოლია თავისუფალი. „საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვარშიც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განმარტებით, მოქალაქეებს აცრის მეორე დოზის გაკეთებას ოჯახის ექიმთან ერთად SMS-ის საშუალებით შეახსენებენ. „სრული ვაქცინაცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. 60 წელს გადაცილებულების 43% უკვე მოვიდა, რომ ჩაიტაროს მეორე აცრა. ნაწილს უბრალოდ არ უწევს მეორე აცრის გაკეთება, ჯერ არ არის შესაბამისი დრო. ჩვენი მხრიდან ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ მეორე აცრა ჩაიტარონ. მთავარია, აქ ოჯახის ექიმების აქტიურობა. ოჯახის ექიმებს აქვთ ინფორმაცია იმ აცრილი პირების შესახებ, ვინც მათ უბანზეა რეგისტირირებული და ისინი აქტიურად მოიწვევენ. ასევე გამოვიყენებთ SMS შემახსენებელს, პირს რომ შევახსენოთ მეორე აცრაზე მოსვლა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს მიმართავს
გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში - ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს. აღნიშნული მიმართვა სოციალურ ქსელში მის გვერდზე ვრცელდება. „იუსტიციის მინისტრს - გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას. პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა. ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ NATO-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას. ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულად შესაძლოა, „ბუსტერ“ დოზით აცრილი ადამიანი ჩაითვალოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული. „მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ "ბუსტერიზირებული". რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან "ბუსტერ" დოზით", - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
თამარ გაბუნია: კოვიდის გადატანის შემდეგ, რაიმე დარღვევა შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს
კოვიდის გადატანის შემდეგ, რაიმე დარღვევა შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს და მთავარია, ადამიანებმა დროულად მიმართონ შესაბამისი პროფილის ექიმს. „პოსტკოვიდის სინდრომი უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამეცნიერო ყურადღების საგანი გახდა. ბუნებრივია, საქართველოს ამასთან დაკავშირებით აქვს გაიდლაინი, რომელიც მეტად სისტემურია და ნაკლებად ითვალისწინებს კოვიდთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გართულებებს. შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს რაიმე დარღვევა კოვიდის გადატანის შემდეგ, ამიტომ, მთავარია, კოვიდგადატანილმა დროულად უნდა მიმართოს იმ სპეციალისტმა, ვინც მას სჭირდება შესაფერისი მიმართულებით, მოქმედებს რეაბილიტაციის პროგრამა, აბასთუმნის ცენტრი ორიენტირებულია იმაზე, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში რეაბილიტაცია შევთავაზოთ პაციენტებს. სხვა, მეტად სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, არ არის. მთავარია მიმდინარე ყურადღება და ზოგადად გამოკვლევები, თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: პოსტკოვიდური გართულებები არ არის დრამატული