ძებნის რეზულტატი:

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხი განიხილეს, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. მისივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგსა და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. „ყაზახეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლისას მათ კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ვითარება სწრაფად დასტაბილურდა, განსაკუთრებით CSTO-ს სამშვიდობო ძალების არსებობის წყალობით. მხარეებმა დაადასტურეს რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ალიევი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მხარეებმა სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომები განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი აქტიურობით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვისთვის. სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა მოიცავდეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიაში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს NATO-სა და გერმანიის წამყვანი როლისადმი მტკიცე ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე კომპრომისზე არ წავა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალური რჩება რუსეთის მიერ უკრაინასა და მის ირგვლივ სამხედრო („აუხსნელი და გაუმართლებელი“) გაძლიერების გამო. „NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ. ნებისმიერი შემდგომი აგრესია მოსკოვს მაღალი ფასი დაუჯდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად. „დღეს მე მოვიწვიე NATO-რუსეთის საბჭოს ყველა წევრი შეხვედრების სერიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე დაამატა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განიხილონ მთელი რიგი საკითხები რუსეთთან, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო კომუნიკაციების ხაზების გაძლიერება, რისკების შემცირება და გამჭვირვალობის გაძლიერება სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სივრცისა და კიბერ საფრთხეების შემცირება. „კონფლიქტის რისკი რეალურია. NATO-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი შემდგომი აგრესია მოსკოვს ძვირი დაუჯდება. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არცერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ორმხრივი მიდგომის ერთგულნი ვრჩებით: ძლიერი შეკავება და თავდაცვა დიალოგთან ერთად. ახლა მთავარი ამოცანა უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის აღკვეთაა. სწორედ ამიტომ ვუგზავნით ძალიან მკაფიო გზავნილს რუსეთს, რომ თუ ისინი კიდევ ერთხელ გადაწყვეტენ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს რუსეთს ძვირი დაუჯდება. NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, როგორც ყველა სუვერენულ ქვეყანას. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დაამატა, რომ მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა. ბერლინში ვიზიტის დროს გენერალური მდივანი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს და მონაწილეობას იღებს Körber Stiftung-ის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში.

ოლაფ შოლცი: თუ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია მოხდება, რუსეთს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრას საფრთხის შემცველი უწოდა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს, არ მოხდეს სამხედრო აგრესია. ამ საკითხზე შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც 18 იანვარს ბერლინში ვიზიტით ჩავიდა. „ის, რაზეც ახლა უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ არ მოხდეს სამხედრო აგრესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი აგრესია. მე ვგულისხმობ ჯარებსა და სამხედროების ფორმირებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ, უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საშიშია. ეს სიტუაცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჯარების შეგროვების სპეციფიკას. თუ ასეთი ჩარევა მოხდება და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საზღვრების მთლიანობის პრინციპი დაირღვა, ეს რუსეთისთვის დიდ პოლიტიკურ ფასს გამოიწვევს, ჩვენ ყველანი ერთგული ვართ ამ პრინციპების. როგორც ვთქვი, ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სასწრაფო რეაგირება, თუ ასეთი ქმედება იქნება რუსეთის მხრიდან მას მაღალი ეკონომიკური, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა შოლცმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია. მისი თქმით, რეგიონი ომს ვეღარ გაუძლებს და ასეთი ნაბიჯი არ იქნება სწორი „რუსეთის უკრაინაში შეჭრა რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია, რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, რუსეთმა უნდა გადახედოს მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საკუთარ ვითარებას. რეგიონი ომს ვეღარ შეეგუება და ასეთი ნაბიჯი არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ვლადიმერ პუტინთან უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების განთავსებაზე ისაუბრა

მოსკოვში ვიზითიტ მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების განთავსებას გასაგები მიზეზი არ აქვს. ანალენა ბერბოკის თქმით, ერთობლივ ევროპულ სახლში უსაფრთხოება არ იქნება, თუ წესებს ყველა არ დაიცავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნორმანდიული ფორმატის განახლება მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში პროგრესისთვის. „უკრაინის საზღვართან ასი ათასზე მეტი სამხედრო და ტექნიკაა კონცენტრირებული და ეს კონკრეტული მიზეზის გარეშე ხდება. ძალიან რთულია, ეს საფრთხედ არ იყოს განხილული“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინას, საქართველოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი, გახდნენ NATO-ს წევრები

„დიპლომატია ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზაა“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ბოლო სამი ათწლეულია, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ რუსეთთან. უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და NATO-ს თანამეგობრობის წევრები“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინას დღეს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ენტონი ბლინკენი უკრაინიდან ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ. ამასთან, ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

19-21 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, სეიმის სპიკერთან, ვიქტორია სმილიტე-ნიელსენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8545 ადამიანი. გუშინ საქართველოში 63 605 ტესტი ჩატარდა.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 340 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 340-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 632 527 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დროისთვის გზებზე მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ175–კმ200 (შროშა-არგვეთა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი- საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ცაგერი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი: „ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს. გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, საერთო ჯამში „ომიკრონი“ შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი ვარიანტია, არასწორია. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც „ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანები უფრო დაუცველნი არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე, თუ ისინი ვაქცინირებულნი არ არიან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. უკრაინაში ამერიკელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება. უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც განიხილავს რუსეთთან გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და დასავლეთის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.ა ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი უკრაინას და გერმანიას ეწვევა

სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პლატფორმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის. „არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებები ამ ტიპის დიდი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საკითხებისთვის, რადგან, დიახ, ეს ეხება უკრაინას. მაგრამ სხვა გაგებით, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი, ბევრად უფრო დიდი რამ დევს აქ სასწორზე. თურქეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლისთვის დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც თურქეთი, როგორც რუსეთის და უკრაინის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ასევე როგორც NATO-ს მოკავშირე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია

ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ომბუდსმენის აპარატთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, ექიმების აღნიშნულმა ჯგუფმა ის სამჯერ მოინახულა და დღეს წარდგენილი ანგარიში ამ ეტაპისთვის შემაჯამებელია. „ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. შესაბამისად, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე, ვინაიდან, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში (პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს), არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა; ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარების და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებითად თუ არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ანგარიში შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე. ვიზიტი განახორციელა ხუთმა ექიმმა, თუმცა კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას იღებდა რვა ექსპერტი და შესაბამისად, რვა სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს აღნიშნულ დასკვნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. „ვფიქრობ, სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა. ასევე წაიკითხეთ: სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს

ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა წმინდა კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მიღებული იქნება ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. აქამდე, კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამი-ოთხჯერ იაფი ღირდა აგერ, მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ გაიხსნას ბაზარი“, – განაცხადა თურნავამ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიმართულებაზე რუსული საარმიო ნაწილების სახმელეთო ჯარების შემადგენლობა 106 000 ჯარისკაცს მოიცავს, რასაც ემატება საზღვაო და სახმელეთო კომპონენტი. „რუსეთს საზღვრებზე გადაჰყავს შეიარაღების მარაგი, საველე საავადმყოფოები და გადაჰყავს უსაფრთხოების სამსახურები. რუსეთი მხარს უჭერს 35 000-ზე მეტ მეამბოხეს აღმოსავლეთ უკრაინაში და ჰყავს დაახლოებით 3 000 საკუთარი სამხედრო მოსამსახურე მეამბოხეების ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა დასავლეთ საზღვრებზე ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონებიდან გრძელვადიანი პერსპექტივით განათავსა. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია