ძებნის რეზულტატი:

ვან ი აცხადებს, რომ პეკინს „უკრაინის კრიზისში“ საბოლოო სიტყვა არ ეთქმის და ევროპის როლს უსვამს ხაზს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ევროპა, რომ „უკრაინის კრიზისის“ მოგვარების მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი „პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები.“ „ყველა რეგიონული პრობლემა დიალოგისა და კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. უკრაინის კრიზისთან [როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ ჩინეთში] დაკავშირებითაც ასეა, მაგრამ ჩინეთი არ არის უშუალოდ ჩართული მხარე. საბოლოო სიტყვა არ გვეთქმის. ჩვენ მშვიდომის მიზნით მოლაპარაკებებს ვუწყობთ ხელს,“ - განაცხადა ვან იმ. ვანმა გაიხსენა, რომ გასულ წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან მოითხოვა ევროპული ქვეყნების სავალდებულო მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და კვლავაც ამ პოზიციას ინარჩუნებს. „ევროპამ ამას გვერდიდან არ უნდა უყუროს. სწორედ აქ, მიუნხენში, გასულ წელს, იმ დროს, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ურთიერთობა რუსეთთან და ევროპა, როგორც ჩანს, გვერდიდან უყურებდა. და მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი აქ, ევროპაში დაიწყო, ევროპას აქვს სრული უფლება, დროულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა. „ევროპა "მენიუში" არ უნდა იყოს, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს,“ - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა წარმოადგინოს თავისი იდეები და გეგმები კრიზისის მოგვარების შესახებ.  ევროპამ უნდა მოიფიქროს იდეები და გეგმები, თუ როგორ გადაჭრას ეს საკითხი. ამ პროცესში ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპისთვის. ამით ჩვენ ვაგვარებთ კრიზისის ძირეულ მიზეზებს და შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მისი განმეორება. „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, ჩინეთი სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს სამშვიდობო პროცესს,“ - აღნიშნ ვანინმა. მისი თქმით, ახლ „შესაძლებლობების ფანჯარა” არსებობს და მხარეებმა „უნდა გამოიყენონ ის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.“ ერთი დღით ადრე, ვან ი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრას „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდა. შეხვედრაზე განიხილეს აპრილში დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის მზადება. თავის გამოსვლაში ვან იმ აღნიშნა, რომ აშშ-ში ზოგიერთი “ხმა” კვლავაც „ყველაფერს აკეთებს ჩინეთზე თავდასხმისა და ცილისწამებისთვის.“ მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა შეერთებულ შტატებთან „პრაგმატული“ ურთიერთობებისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ მან თავისი ჩინელი კოლეგა უკრაინაში მიიწვია და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია რუსეთთან ოთხწლიანი ომის დასრულებაში დახმარება. ვანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, უკრაინას ახალი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, თუმცა მას კიევში ვიზიტის შესახებ მოწვევაზე არაფერი უთქვამს. „სასიხარულოა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სხვადასხვა დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს,“ - განაცხადა ვან იმ მისი უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად. „ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია უკრაინასთან და ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კრიზისის ადრეული პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ,“ - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა. ცნობისთვის, ჩინეთს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირები აქვს და უარს ამბობს, შეუერთდეს მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. სიბიჰა: ჩინეთი უკრაინას ენერგეტიკული დახმარების პაკეტს გადასცემს  

ალიევის თქმით, რუსეთმა კიევში, აზერბაიჯანის საელჩოზე „მიზანმიმართული თავდასხმა“ განახორციელა

„უკრაინაში არამხოლოდ აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ, საელჩოსაც სამჯერ დაესხნენ თავს,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე [სახელწოდებით „ღია დერეფნის პოლიტიკა? ტრანსკასპიური თანამშრომლობის გაღრმავება] განაცხადა. „პირველი დარტყმის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ეს, შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო. ამის შემდეგ რუსულ მხარეს გადავეცით ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები, საკონსულო განყოფილების, კულტურული ცენტრის, საელჩოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა იყო. ეს განზრახ თავდასხმა იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე. სპეციალური განცხადებები გავავრცელეთ, ასევე დავპატიჟეთ ელჩი და დიპლომატიური ნოტა გადავეცით. მხოლოდ დიპლომატიური გზით ვმოქმედებთ, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არამეგობრულია აზერბაიჯანის მიმართ,” - განაცხადა ალიევმა.  

სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება. არა ზოჰრაბიანმა განმარტა, რომ კათოლიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. ეკლესიის ექვს მაღალი რანგის სასულიერო პირს მსგავსი ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენეს. ადვოკატის თქმით, „ეს არის ეკლესიის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.“ 15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 13 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრების სომხეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების გადაწყვეტილება კათოლიკოსატის სომხეთიდან „გამოდევნას“ ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოშლას და ა.შ. თავის მხრივ, ფაშინიანის მთავრობა კათალიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.  

შავი ზღვა: პორტების ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა

წყარო შავი ზღვის პორტებზე კონტროლი აღარ არის მხოლოდ ვაჭრობის საკითხი. მოსკოვს სურს, შეცვალოს არამხოლოდ რეგიონული ეკონომიკური მარშრუტები, არამედ, სამხრეთ ევროპისა და ევრაზიის სამხედრო გეოგრაფიაც. 2025 წლის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთს  „უკრაინის ზღვიდან მოწყვეტა“ სურს და ასეთი ნაბიჯი უკრაინის მხრიდან დარტყმებსა და კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერაზე პოტენციურ პასუხად წარმოაჩინა. რუსეთი აკონტროლებს: ნოვოროსიისკს (კრასნოდარის ოლქი) - შავ ზღვაზე რუსეთის უდიდესი კომერციული პორტია, რომელიც ნავთობს, ნაყარ ტვირთებს ამუშავებს და შავი ზღვის ფლოტის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ტუაფსეს და ტამანს - რუსეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ნავთობისა და მრავალფუნქციური ტერმინალები. ოკუპირებული ყირიმის პორტები (სევასტოპოლი, ქერჩი, ფეოდოსია, ევპატორია, იალტა) - 2014 წლიდან ფაქტობრივად რუსეთის კონტროლის ქვეშაა, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ტერიტორია. ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სევასტოპოლია, ის ისტორიულად შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზაა. თუმცა უკრაინის დარტყმების ფონზე, რუსეთის საბრძოლო მზადყოფნის მქონე საზღვაო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, გავრცელებული ცნობებით, ნოვოროსიისკში გადაიტანეს. მოსკოვისთვის ეს პორტები არამხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ, სტრატეგიულ სიღრმეს წარმოადგენს - უზრუნველყოფს საზღვაო ბაზირებას, საჰაერო თავდაცვის პოზიციონირებას, დაზვერვის დაფარვას და ლოგისტიკურ დომინირებას შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. უკრაინა აკონტროლებს: ოდესას - უკრაინის მთავარ კომერციულ და მარცვლეულის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან პორტს. ჩორნომორსკის (ყოფილი ილიჩოვსკი) - მსხვილი სატრანსპორტო კვანძი კონტეინერებისა და მარცვლეულის ტერმინალებით. პივდენი (იუჟნი) - ყველაზე ღრმა და სამრეწველო პოტენციალის მქონე პორტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნაყარი ტვირთების გადასამუშავებლად. ერთად, ეს სამი პორტი ქმნის დიდი ოდესის პორტების კლასტერს, რომელიც ომის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის ეკონომიკური გადარჩენისთვის. ფორმალურად, უკრაინა ასევე ინარჩუნებს კონტროლს ნიკოლაევსა და ხერსონზე, თუმცა მათი სრული საზღვაო ოპერაციები შეზღუდულია უსაფრთხოებისა და ნავიგაციის შეზღუდვების გამო. პორტის კონტროლის სამხედრო მნიშვნელობა რუსეთისთვის პორტების კონტროლი გეოპოლიტიკურ ბერკეტად იქცევა. საზღვაო ბაზები, ღრმაწყლიანი ნავმისადგომები, სარემონტო ობიექტები და სანაპირო დაცვის სისტემები ძალის გამოყენების, საზღვაო გზების დაცვისა და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გავლენის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. საზღვაო აქტივების სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადატანა ხაზს უსვამს ცვალებად ტაქტიკურ გარემოს, მაგრამ არ ამცირებს რუსეთის უფრო ფართო მიზანს: ჩრდილოეთ შავი ზღვის წყლებზე დომინირების შენარჩუნებას. უკრაინისთვის ოდესის, ჩერნომორსკის და პივდენის კონტროლის შენარჩუნება ეროვნული გადარჩენის საკითხია. მოქმედი საზღვაო დერეფანი უკრაინას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ექსპორტი, უზრუნველყოს უცხოური ვალუტის შემოდინება და შეინარჩუნოს კავშირები გლობალურ ბაზრებთან. ამიტომ, პორტების ინფრასტრუქტურასა და საზღვაო მარშრუტებზე დარტყმები სიმბოლური არ არის - ისინი მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ხაზის გარღვევას. უკრაინის შავი ზღვის პორტების ეკონომიკური ბრუნვა 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით: პივდენი: დაახლოებით 35.6 მილიონი ტონა ჩორნომორსკი: დაახლოებით 26.0 მილიონი ტონა ოდესა: დაახლოებით 18.3 მილიონი ტონა ერთობლივად, ამ სამმა პორტმა ერთ წელიწადში 80 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა, რაც ადასტურებს მათ ცენტრალურ როლს უკრაინის სავაჭრო სისტემაში. უსაფრთხოების რისკებისა და პერიოდული დარტყმების მიუხედავად, 2025 წლის დასაწყისის მონაცემები ტვირთების მოძრაობის გაგრძელებაზე მიუთითებს.  გავლენა მარცვლეულის ექსპორტზე დიდი ოდესის კლასტერი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის სისტემის ბირთვია. სოფლის მეურნეობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი - ხორბალი, სიმინდი, ქერი, ზეთოვანი კულტურები - ამ პორტების გავლით გადის. საზღვაო დერეფნის ფუნქციონირება პირდაპირ გავლენას ახდენს: - უკრაინის უცხოური ვალუტის შემოსავლებზე - მისი სოფლის მეურნეობის სექტორის სტაბილურობაზე - მარცვლეულის გლობალურ ფასებზე იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობაზე როდესაც საზღვაო ექსპორტი ნორმალურად ფუნქციონირებს, საზღვაო გადაზიდვები ყველაზე მომგებიან ვარიანტად რჩება. თუ პორტები შეფერხდება, დაზღვევის ხარჯები იზრდება, ლოგისტიკა შენელდება და ალტერნატიული სახმელეთო გზები იტვირთება. ბოლო წლებში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის 80-90%-მდე ოდესის საზღვაო დერეფნით გადაადგილდა, რაც მის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ისტორიული პარალელი: პეტრე დიდი და სამხრეთ ზღვის სტრატეგია რუსეთის სწრაფვა წყლებზე კონტროლისთვის, სიახლეს არ წარმოადგენს. მე-17 საუკუნის ბოლოს, პეტრე დიდის დროს, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი აზოვისა და შავი ზღვის რეგიონებში ოსმალეთის ბატონობის დამარცხება იყო. 1695-1696 წლების აზოვის კამპანიების დროს, რუსეთის ძალებმა აზოვის ციხესიმაგრე აიღეს, რითაც აზოვის ზღვაზე წვდომა უზრუნველყვეს. შემდგომში პეტრემ 1698 წელს ტაგანროგი დააარსა, რითაც რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამხრეთ საზღვაო ბაზა შექმნა. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების (1700) თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ აღიარა რუსეთის კონტროლი აზოვსა და მიმდებარე ციხესიმაგრეებზე. თუმცა, რუსეთს შავ ზღვაზე სრული და თავისუფალი წვდომა არ მიუღია. ქერჩის სრუტის კონტროლი რუსეთის ხელში არ რჩებოდა, რაც ფაქტობრივად, ზღუდავდა აზოვის ზღვის მიღმა საზღვაო მანევრირებას. ამგვარად, პეტრემ მიაღწია გარღვევას, მაგრამ არა შავ ზღვაზე სრულ წვდომას. მე-18 საუკუნის ბოლოს, ოსმალეთის იმპერიასთან შემდგომი ომების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის პორტების ყოვლისმომცველი სისტემა გაჩნდა. ისტორიული ანალოგია ნათელია. პეტრე დიდიდან დღემდე, სამხრეთის ზღვებზე წვდომა ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, ვაჭრობასთან და სტრატეგიულ ავტონომიასთან. დღეს რუსეთს უკვე მნიშვნელოვანი კომერციული და საზღვაო ინფრასტრუქტურა აქვს შავ ზღვაში, თავის მხარეს და ოკუპირებულ ყირიმში. თუმცა მისი სტრატეგიული რიტორიკა უკრაინის შავი ზღვიდან მოწყვეტის შესახებ, მიუთითებს არამხოლოდ საკუთარი წვდომის დაცვაზე, არამედ, მეტოქისთვის საზღვაო წვდომის უარყოფაზე. „ამასობაში, უკრაინა ოდესის დიდ დერეფანზეა დამოკიდებული, რომელიც მის მთავარ საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენს. მისი უნარი, შეინარჩუნოს ეს წვდომა, არამხოლოდ ეკონომიკურ მნიშვნელობას წარმოადგენს, არამედ, პოლიტიკურადაც გამოხატავს სუვერენული მდგრადობის დემონსტრირებას წნეხის პირობებში.  

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი

დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციაზე. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა. დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით. არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით. ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში. ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.  

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს - ანტიკორუფციული ბიურო

15 თებერვალს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას НАБУ-ს (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) დეტექტივებმა უკრაიანის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშკენკო დააკავეს. დაკავების შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო "НАБУ"-ს განცხადებას საჯაროდ ჯერ არ გამოხმაურებია. უკრაინის უმაღლესმა რადამ 19 ნოემბერს ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები - სვეტლანა გრინჩუკი და ჰერმან გალუშჩენკო - თანამდებობებიდან გაათავისუფლა. მანამდე გალუშჩენკომ განაცხადა, რომ „მინისტრის თანამდებობას არ ეჭიდება“ და რომ „გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან დროებითი ჩამოშორება ცივილიზებული და სწორი სცენარია. 10 ნოემბერს "НАБУ"-მ განაცხადა, რომ გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომლის ძირითადი მიმართულება იყო „კონტრაგენტებისგან კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაქტების ღირებულების 10%-დან 15%-მდე ოდენობით სისტემატური უკანონო სარგებლის მიღება.“ უწყების ცნობით, თანხები ლეგალიზდებოდა კიევის ცენტრში მდებარე „ბექ-ოფისის“ მეშვეობით, რომლის გავლითაც, დაახლოებით 100 მილიონმა დოლარმა გაიარა. გამოძიების მონაცემებით, ამ ოფისის ფართი „ეკუთვნოდა ყოფილი სახალხო დეპუტატის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის სენატორის, ანდრეი დერკაჩის ოჯახს. НАБУ და САП დერკაჩს სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც სდებენ ბრალს.“' НАБУ-ს დეტექტივმა ალექსანდრ აბაკუმოვმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიებისას დეტექტივებმა საეჭვოდ მიიჩნიეს მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის საქმიანობა. მისი თქმით, საუბარია სხვადასხვა პერიოდის თანამდებობის პირებზე.  

„ტრამპის მარშრუტი“ და ჩინეთის ინტერესები

წყარო ბოლო წლებში ევრაზიის სატრანსპორტო და სატრანზიტო სტრატეგია ღრმად ტრანსფორმირდა. ამ ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ელემენტი TRIPP პროექტია (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის), ახალი სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ სომხეთში, რომელიც რეგიონის ათწლეულების კონფლიქტის გადალახვას და დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოგისტიკური მარშრუტების რეფორმირებას ისახავს მიზნად. თავდაპირველად, ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ცენტრალური როლი ჰქონდა ევრაზიული ინტეგრაციის თვალსაზრისით.  ჩინური ინვესტიციები და მსხვილ სატრანსპორტო კვანძებში ჩართულობა, გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე პეკინის გავლენის გაძლიერებას გულისხმობდა. თუმცა TRIPP-ის წამოწევასთან ერთად, გეოპოლიტიკურ განტოლებაში ახალი ძალები შემოვიდნენ. შეერთებული შტატები არამხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობას, არამედ, სატრანზიტო პროექტის, კერძოდ, მეღრის გავლით არსებული გზის ზედამხედველობას ცდილობდა. ვიდრე TRIPP-ი გამოჩნდებოდა, ჩინეთი ძირითად ყურადღებას შუა და ჩრდილოეთის დერეფნების გაძლიერებაზე ამახვილებდა. განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ჩრდილოეთის მარშრუტი სულ უფრო პრობლემური გახდა, რამაც შუა დერეფანი, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს გადის, ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სატრანზიტო კავშირად აქცია. TRIPP ხშირად წარმოდგენილია, როგორც უფრო მოკლე და პოტენციურად უფრო ხელსაყრელი გზა ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ევროპაში - სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც გვერდს უვლის არამხოლოდ რუსეთსა და ირანს, არამედ, ჩინეთთან დაკავშირებულ მარშრუტებსაც. ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მომავალში ჩინეთის დერეფნებით ამჟამად გადაადგილებული ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, ამ ახალ გზაზე გადამისამართდეს, რაც ხსენებულ მარშრუტებს ნაკლებად მიმზიდველს გახდის. თუმცა ასეთ პროგნოზებს არ აქვს მყარი ეკონომიკური დასაბუთება. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც ვრცელდება და ხშირად რეგიონულ ლოგისტიკურ ასპარეზზე ჩინეთის ჩავარდნის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი. TRIPP-ის დაანონსებასთან ერთად, რეგიონულმა სახელმწიფოებმა მოიპოვეს თანამშრომლობის ახალი ვექტორი შეერთებულ შტატებთან, სადაც ვაშინგტონი არამხოლოდ შუამავლის, არამედ, პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის ოპერატორის როლსაც ასრულებს. ეს განვითარება პოტენციურად ასუსტებს პეკინის ტრადიციულ მიდგომას, რომელიც ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით გავლენის კონსოლიდაციას ისახავს მიზნად. RBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა წინსვლას განაგრძობს, სამხრეთ კავკასიაში უკვე ყალიბდება დერეფანი, რომელსაც შეუძლია, ჩინურ მარშრუტებს სიჩქარის, ტარიფებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, კონკურენცია გაუწიოს. ამავდროულად, ექსპერტები არ თვლიან, რომ TRIPP სრულად გამოდევნის ჩინეთს ევრაზიის სატრანსპორტო სტრატეგიიდან. პირიქით, ჩინეთი კარგავს მონოპოლიას და არა - წარმომადგენლობას/ყოფნას. TRIPP-ი გეოპოლიტიკური კონკურენციის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც ზოგიერთი ინტერპრეტაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი დაამარცხა. ზოგიერთმა კომენტატორმა ივარაუდა, რომ ვაშინგტონის დეკლარაციამ შანხაის დეკლარაციაზე გაიმარჯვა.  შანხაის დეკლარაციაში აზერბაიჯანმა და ჩინეთმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის" ფარგლებში თანამშრომლობა მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. ერთი შეთანხმების მეორეზე „გამარჯვების“ მტკიცება საკამათოა. აზერბაიჯანი კვლავ ჩინეთის საიმედო პარტნიორად რჩება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განუყოფელი კომპონენტია შუა დერეფანი და რომელიც აქტიურ ფუნქციონირებს და განვითარებას განაგრძობს. რაც შეეხება TRIPP-ს, ის ასევე აზერბაიჯანის მიერ დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერილი ე.წ. ზანგეზურის დერეფნის კონცეფციას ეფუძნება. აზერბაიჯანისთვის TRIPP საერთაშორისო ტრანზიტზე ნაკლებად არის ორიენტირებული და უფრო ნახიჩევანთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს — კავშირს, რომლის მიღწევაც მას გადაწყვეტილი აქვს. საერთაშორისო ტრანზიტის თვალსაზრისით, პროექტი შესაძლოა, უფრო მეტად საინტერესო იყოს სომხეთისთვის, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა „ერთი სარტყლის“ ქსელებში ინტეგრაციისთვის - გეოგრაფიული იზოლაციის, გადაუჭრელი კონფლიქტისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო. ლოგისტიკის მიმართულების სპეციალისტები ამბობენ, რომ TRIPP ვერ გაუწევს კონკურენციას შუა დერეფანს და შესაძლოა, ის მის განშტოებადაც კი იქცეს. პროექტის ერთ-ერთი პრობლემა მისი ფართო პოლიტიზებაა, რაც ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო ბევრ რამეს აშშ-ის ჩართულობა განსაზღვრავს. აშშ-ის ინტერესი TRIPP-ში, უკავშირდება დასავლეთის ბაზრებზე ცენტრალური აზიის რესურსების მიწოდებას ამერიკული ზედამხედველობის ქვეშ. პროექტმა შეიძლება, შეამციროს ჩინეთის გეოპოლიტიკური ბერკეტები, განსაკუთრებით, ურანის, ოქროს და იშვიათ მიწათა ლითონების ტრანზიტის თვალსაზრისით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. ჩინეთს პროექტში ადრე ჩართვა ტექნიკურად შეეძლო, მაგრამ კონფლიქტის შემდგომ რეგიონში, სადაც სამმხრივი შეთანხმებები ჯერ არ სრულდება, მისი აქტივობა შეზღუდული იყო. სწორედ აშშ-მ შესთავაზა ერევანს შეთანხმება, რომელზეც სომხეთისთვის უარის თქმა რთულია, ხოლო აზერბაიჯანს აძლევს ნახიჩევანთან კავშირის უზრუნველყოფის საშუალებას. ახლა ერთ-ერთი კითხვაა, დაუშვებს თუ არა აშშ ჩინური ტვირთების ტრანზიტს TRIPP-ის მეშვეობით. ეს სომხური და რუსულ კომპანიების კომერციული ინტერესია, რაც პროექტის ლოგისტიკურ და პოლიტიკურ ბალანსს ართულებს.  

აშშ ეჭვქვეშ არ აყენებს ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ განცხადების შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ,“ – განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან. კითხვას, რატომ არ შეუერთდა აშშ ხსენებულ განცხადებას, რუბიომ უპასუხა, რომ ეს ევროპული ქვეყნების ინიციატივა იყო. „ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით,“ – აღნიშნა რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკა ამ დასკვნებზე „არ დაობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის დასკვნები ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს. 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს.   

,European Aquatics''-ის პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

,European Aquatics-ის" პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ბატონ აბუშელიშვილს, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ანტონიო სილვას სახელით, გვსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენი არჩევა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თქვენი დანიშვნა მნიშვნელოვანია ქართული საწყლოსნო სპორტის სახეობათათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ფედერაცია გააგრძელებს განვითარებას და გაამყარებს თავის პოზიციას ევროპის დონეზე, სპორტულ საზოგადოებაში. ასევე გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, მისი მანდატის განმავლობაში გამოჩენილი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ერთგულებისთვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტსა და ევროპის საწყლოსნო ფედერაციას შორის თანამშრომლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიტიურ საფუძვლებზე გაგრძელდება თქვენთან თანამშრომლობა. ევროპის საწყლოსნო ფედერაცია სრულ მზადყოფნაშია, მხარი დაუჭიროს საქართველოს საწყლოსნო სპორტს ყველა დისციპლინაში და მოუთმენლად ელოდება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ წლებში," წერია წერილში. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი

მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს. ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას ეხება, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდება. ცნობისთვის, ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ირანიდან 2025 წლის აგვისტოში გავიდა და ვენესუელისკენ მიცურავდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა. ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ქართველი კაპიტნის მეუღლემ მისი დაკავების გასაჩივრება დიდი ბრიტანეთის სასამართლოში სცადა. სულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქე, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ქართველი კაპიტნის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდაძე „აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად გაიტაცა“.  

ირანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტის ნაწილს დროებით კეტავს

ირანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის ნაწილს დროებით დაკეტავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, 17 თებერვალს, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც 29 იანვარს ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, სამხედრო წვრთნების დროს ჰორმუზის სრუტის ნაწილს საზღვაო უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათით დაკეტავს. ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, წვრთნების მიზანს საზღვაო ქვედანაყოფების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს.  რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ხომალდები გაგზავნეს ერთობლივი წვრთნებისთვის. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების და ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები.  წვრთნები - „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ - 2019 წლიდან ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ინიციატივით ტარდება  

ესტონელი მინისტრი: ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ ვართ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირეთა ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განათავსოს. ბირთვული შეკავების საკითხის შესახებ საუბრისას, ცაჰკნამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ არ უნდა უარყოს NATO-ს ზეეროვნული ბირთვული შეკავება. „ჩვენ არ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი. არ გვაქვს დოქტრინა, რომელიც ამას გამორიცხავს, თუ ნატო საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი თავდაცვის გეგმების შესაბამისად, მაგალითად, ბირთვული იარაღის ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებას,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

აშშ-ის ელჩმა NATO-ში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მთავარი დაბრკოლება დაასახელა

NATO-ში შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში ყველაზე რთული საკითხი ტერიტორიების საკითხია. უიტაკერმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვები, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ „ყველაფერი ერთ საკითხამდე - ტერიტორიებამდე - დადის.“ „არსებობს ძალიან რთული საკითხები, როგორც სტივ უიტკოფმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, სინამდვილეში ეს ერთ საკითხამდე დადის და ეს ტერიტორიებია, ეს იქნება ყველაზე რთული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას,“ - აღნიშნა ელჩმა. Axios-ის ჟურნალისტი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მისი ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსკოვის წარმომადგენლის პოზიცია იყო. „ორმა ინფორმირებულმა წყარომ მითხრა, რომ ჟენევაში პოლიტიკური ჯგუფის მოლაპარაკებები დღეს „ჩიხში შევიდა“. წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს რუსეთის ახალი მთავარი მომლაპარაკებლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ გამოთქმული პოზიციებით იყო გამოწვეული,“ - წერს ჟურნალისტი. მედინსკი ცნობილია თავისი მსჯელობით უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ ფესვებზე.” სააგენტო AFP რუსეთის დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკება ძალიან დაძაბული იყო. ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ჟენევაში მოლაპარაკების პირველი დღის ბოლოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციები დასთანხმდნენ თავიანთი ლიდერების ინფორმირებას და მუშაობის გაგრძელებას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსამართლობაა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, და არა რუსეთს, მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. მან არასამართლიანი უწოდა იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კომპრომისებისკენ მუდმივად უკრაინას მოუწოდებს და არა რუსეთს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება. მოლაპარაკების მორიგი რაუნდის პირველი დღის ბოლოს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში ცალკე შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და შვეიცარიის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაში ამერიკელებიც მონაწილეობდნენ. უმეროვის ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებთან განიხილეს პირველი დღის შედეგები და შემდგომი ნაბიჯების სინქრონიზაცია. უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 18 თებერვალს განახლდა.  

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მოსახლეობა მას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის უფლებას არ მისცემს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსამართლობაა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, და არა რუსეთს, მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. „უკრაინის ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას, თუ ეს საკითხი რეფერენდუმზე დადგება.“ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს განუცხადა. ზელენსკიმ Axios-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს უკრაინაზე ზეწოლა, ვიდრე გაცილებით დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „გამარჯვების მიცემა“ არ არის. „ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება,“ - განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს. მან მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს. „ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს,“ - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ზეწოლის ქვეშ ადვილად ექცევა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინთან პირისპირ შეხვედრაა. ზელენსკის თქმით, თავის გუნდს დაავალა, წამოჭრან საკითხი ლიდერთა დონეზე ჟენევაში მომავალი შეხვედრის თაობაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმის გზით უნდა წარედგინოს. მისი თქმით, თუ ეს შეთანხმება უკრაინული მხარის მიერ დონბასიდან უბრალოდ გასვლას გაითვალისწინებს, მას ხმას არ მისცემენ. „ემოციურად, ხალხი ამას არასდროს გვაპატიებს. არასდროს. ისინი არ მაპატიებენ მე, ისინი არ აპატიებენ [აშშ-ს]“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს არ ესმით, რატომ უნდა მოსთხოვონ მათ დამატებითი მიწების დათმობა. „ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ყველა ეს მოქალაქე, დროშა, მიწა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ შეთანხმება დონბასში არსებული საბრძოლო ხაზების გაყინვას გაითვალისწინებს, უკრაინელი ხალხი მას მიიღებს. „ვფიქრობ, რომ თუ დოკუმენტში შევიტანთ იმის შესახებ, რომ ჩვენ იქ დავრჩებით, სადაც ვიმყოფებით შეხების ხაზზე, ვფიქრობ, რომ ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, პუტინის მსგავსად, რუსეთის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკისაც უყვარს ომის „ისტორიულ ფესვებზე“ ფილოსოფოსობა. „ჩვენ არ გვაქვს დრო ამ ყველაფრისთვის. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ომი დავასრულოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინაში არჩევნების შესაძლო ჩატარების შესახებ საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა ცეცხლის ერთდღიან შეწყვეტას არჩევნების ჩასატარებლად, ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის ნაცვლად, რაც, მისი თქმით, არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის არის საჭირო. აშშ-ის ელჩმა NATO-ში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მთავარი დაბრკოლება დაასახელა  

ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში “მშვიდობის საბჭოს” საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება. შეგახსენებთ, სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი წევრები გახდნენ. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“. მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.  

„მშვიდობის საბჭოს“ ფარგლები ღაზას გასცდება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს” მოახლოებულ პირველ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ღაზის საკითხით არ შემოიფარგლება, მიზანი მთელ მსოფლიოში მშვიდობის მიღწევაა. „მსოფლიოს ყველა ლიდერი უზარმაზარ თანხებს ჩადებს და ვფიქრობ, ეს ღაზის ფარგლებს გასცდება. ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ ის ვერ გამოავლინეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი, შეიძლება, ცოტათი დაგვეხმარონ,“ – აღნიშნა ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზის სექტორში დაწესებული მრავალი შეზღუდვა მალე მოიხსნება და რეგიონი გაიხსნება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“. მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.  

ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა იტალიაში რაშად ასლანოვმა რომში გამართულ კონფერენციაზე [ „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“] განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება [როგორც პარტნიორი - რედ.] თუ რუკას დააკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად გადის აზერბაიჯანზე. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას. საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება, არამედ, ელექტროკაბელის პროექტსაც, რომელიც მომავალში ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს, შემდეგ კი, ვიმედოვნებთ, მას სლოვენია და იტალია შეუერთდებიან. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მის შეფასებაში მონაწილეობს მილანში დაფუძნებული იტალიური კომპანია CESI,“ - განაცხადა ელჩმა. კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს მოეწერა ხელი საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს; სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელი 1,155 კმ-ზე მეტ სიგრძეზე იქნება გადაჭიმული - მათ შორის 1,115 კმ წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე - 525 კვ ძაბვით და 1,300 მეგავატი სიმძლავრით. შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.  

გაერთიანებული სამეფოს მეფე მისი ძმის დაკავებაზე: კანონი უნდა აღსრულდეს

კანონი უნდა აღსრულდეს. შესაბამის განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს. „უღრმესი შეშფოთებით შევიტყე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ. საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს. ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო. ამავდროულად, ჩემი ოჯახი და მე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და თქვენთვის მსახურს,” - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, ყოფილი პრინცი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხება პერიოდს, როცა ენდრიუ სამეფო ოჯახის წევრი იყო.  მას ყველა ტიტული ჩამორთმეული აქვს ამერიკელ ფინანსისტ, პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან კავშირებში დადანაშაულების გამო. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პოლიცია განიხილავს საჩივარს, რომელიც უკავშირდება ენდრიუს მიერ ჯეფრი ეპშტეინისთვის კონფიდენციალური მასალების მიწოდებას.  

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფედერალურ რეესტრში აისახა. შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომლებიც ამერიკელი პრეზიდენტების მიერ შემოღებული იყო 2014, 2018 და 2022 წლებში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014 წელს იქნა გამოქვეყნებული. მაშინ, პრეზიდენტი ბარაქ ობამას განკარგულება N 13660 რიგი პირების ქონების გაყინვას ითვალისწინებდა. თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. შემდგომში, სასანქციო სია რამდენჯერმე განახლდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს.  

ტრამპის თქმით, ხუთი ქვეყანა მზადაა, ღაზის სექტორში ჯარები გაგზავნოს

ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას ხუთ ქვეყანა - მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი მიიღებს. ამ შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში გამართული „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა. ტრამპის განაცხადებით, ღაზაში ჯარების გაგზავნას სწორედ ეს ხუთი ქვეყანა დათანხმდა. „ეგვიპტე და იორდანია ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უზრუნველყოფენ წვრთნებითა და მხარდაჭერით ძალიან საიმედო პალესტინის პოლიციის ძალებისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა. სხდომაში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაადასტურა მზადყოფნა, „მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს“ სამხედრო დანაყოფების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მშვიდობისმყოფელი დამკვირვებლების ღაზაში გაგზავნით. თოყაევის თქმით, ასტანა ასევე გამოყოფს დაფინანსებას, საკვებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის და მონაწილეობას მიიღებს დანგრეული შენობების აღდგენაში. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს ევალებათ ღაზის სექტორში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მტკიცე მშვიდობის დამყარებისთვის ხელშეწყობა. ISF-ის განთავსება დაიწყება რაფაში განლაგებით, სადაც პოლიციას მოამზადებენ და სექტორების მიხედვით გაფართოვდებიან. გრძელვადიანი გეგმა 20,000 ISF-ის ჯარისკაცის გამოყენებას და 12,000 პოლიციელის მომზადებას გულისხმობს.  ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭოს” გაეროს “შეფასების” ფუნქცია ექნება და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის საბჭო“ დააბრუნებს გაეროს. 19 თებერვალს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა ტრამპის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველი შეხვედრა, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის არ იყვნენ გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრის - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლები. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზის სექტორისთვის შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ.