ძებნის რეზულტატი:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოცაგენტების მოთხოვნებზე: ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს პროცესი არ შეწყვეტილა და ამ მხრივ ხარვეზი არც მომავალში შეიქმნება. რაც შეეხება სოციალური აგენტების მოთხოვნებზე ჩვენს რეაგირებას, ხელფასებთან და შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხზე. წინა კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, შრომის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით. სოციალურ აგენტებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები თებერვლიდან ეზრდებათ. ეს არის ის სახელფასო ბადე, რომელიც შესაბამისობაში მოდის როგორც ჩვენი სხვა სსიპების თანამშრომელთა ანაზღაურებასთან, ასევე დღეს არსებულ ბაზარზე მსგავსი კვალიფიკაციისა და ფუნქციის მქონე დასაქმებულთა ანაზღაურებასთან. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს - 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - აფასებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით, ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია. მათი ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე გამომუშავებით ანაზღაურება. სოციალური აგენტისთვის ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია, უფროსი სოციალური აგენტისთვის კი - 550 ლარი. ასევე გამომუშავებით ანაზღაურება თითოეულ დეკლარაციაზე 6 ლარია. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ამ პერიოდის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი საჭიროება არ არის. მატება ორივე კომპონენტს ეხება. ფიქსირებული ანაზღაურება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება გამომუშავებას, ერთი დეკლარაციის შევსება 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს განვითარების და გაძლიერების პროცესში ეს არის პირველი ეტაპი, შემდგომი ეტაპი არის არის ფინანსური და რესურსული გაძლიერება, ასევე აღსანიშნავია, რომ მუშაობა უვე დაწყებულია შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილების კუთხითაც. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს არ შეუწყდეთ სერვისები, ამის გარანტი ხდება სააგენტო. პროცესში ჩაერთვებიან სხვა თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გაფიცვის რეჟიმში. ასევე მოვაბილიზებთ დამატებით რესურსსაც, რომ ჩვენი მოქალაქეების განცხადებები მიუღებელი არ დარჩეს. ვფიქრობთ, დღეს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ. ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ აგენტებზე: დღევანდელი რეალობისთვის მათი ხელფასი ადეკვატურია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა ზ.გ.-მ 2012-2021 წლებში დაინტერესებულ პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საკუთრებაში უკანონოდ დაურეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ზ.გ.-მ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ხუთ ეპიზოდში. მას კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამოხელეო დანაშაულს მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინას ეწვევა

17 იანვარს, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინას ეწვევა, რათა დაადასტუროს შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე და გამოხატოს მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმებისთვის, განუცხადეს უკრაინულ მედიას კიევში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში. წერს უკრაინული მედია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რესპუბლიკელი სენატორები რობ პორტმანი, კევინ კრამერი, როჯერ ვიკერი და დემოკრატი სენატორები კრის მერფი, ჯინ შაჰინი, ემი კლობუჩარი და რიჩარდ ბლუმენტალი. სენატორები გეგმავენ შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან დენის მონასტირსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან. ისინი ასევე შეხვდებიან ენერგეტიკის მინისტრს გერმან გალუშჩენკოს და ენერგეტიკის სექტორის სხვა წარმომადგენლებს, რათა განიხილონ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. აღსანიშნავია, რომ კრის მერფი, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი უკრაინას ზაფხულშიც სტუმრობდნენ, რის შემდეგაც კონგრესის დელეგაცია საქართველოსაც ეწვია.

უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან $35 მილიონიან გირაოს ითხოვს

უკრაინელმა პროკურორებმა ორშაბათს მოითხოვეს 35 მილიონი დოლარის გირაო ყოფილი ლიდერის პეტრო პოროშენკოსთვის, რომელიც დღეს დაბრუნდა უკრაინაში. აეროპორტის მახლობლად შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს მიმართვის შემდეგ, პოროშენკო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან უნდა გადაიხადოს 35 მილიონი დოლარი და დათანხმდეს ელექტრონული სამაჯურის ტარებას მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ან ორი თვით დააკავებენ. საპასუხოდ, პოროშენკომ პროკურატურა „სამარცხვინო“ მოქმედებასა და ქვეყნის „გაყოფაში“ დაადანაშაულა. პროკურატურამ ასევე მოითხოვა პასპორტის ჩაბარება. სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო NATO-ს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შეხვედრაზე. გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა NATO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას. დავით ზალკალიანის თქმით, NATO-ს მხრიდან არის მზაობა, რომ გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი და არსებობს მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელია საუბარი, თუმცა, მინისტრის განმარტებით, არ იქნება კომპრომისი იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღის წესრიგი NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით შენარჩუნებული იქნება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ NATO-ელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს და რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, ყველა ჩატარდეს შესაბამის ვადებში და დატვირთული იყოს იმ შესაბამისი შინაარსით, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ მადრიდის სამიტზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. დავით ზალკალიანი: ჩვენმა NATO-ელმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ლაშა ბაქრაძე: მუზეუმში დარჩენილი წიგნები უკვე გადავეცით კულტურის სამინისტროს

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 16 იანვარს მოითხოვა, წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მთელი ტირაჟი სამინისტროს გადაეცეს. ლაშა ბაქრაძეს უკვირს, რომ შეცდომები, რომლებიც, 2 იანვარს თავად აღიარა, „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. „ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია. ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავუბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“. მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში. ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული, უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს. მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა. შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო - ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება, გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“? კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია“, - წერს ლაშა ბაქრაძე. ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს Facebook-ზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაიპარა - „ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა“, - წერდა ლაშა ბაქრაძე. კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს გაავრცელა განცხადება, ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითა და ელენე ბაქრაძის წიგნის გავრცელების შეწყვეტა მოსთხოვა. ამავე თემაზე: კულტურის სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და ელენე ბაქრაძის წიგნის გავრცელების შეწყვეტას სთხოვს

ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის კვეთამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე. „20 იანვრიდან, 4 თვის განმავლობაში, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალ. წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.ხოლო მეტროსადგურ „სამასი არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებები გადაადგილდება თელავისა და ალ. წურწუმიას ქუჩების გამოყენებით. ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ნ. ბარათაშვილის აღმართზე.საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:ავტობუსები N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებს თელავის ქუჩის გადაკვეთამდე. მარცხენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგ ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით დაუკავშირდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით მგზავრებს მიიყვანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით დაუკავშირდება ლეხ კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.მიკროავტობუსები N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ თელავის ქუჩის მიმართულებით. ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ავლაბარს“, რის შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას გააგრძელებენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. საზოგადოებრივი მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებ-გვერდს ან მიმართეთ ცხელ ხაზს“, - იტყობინება თბილისის მერია.

„ომიკრონთან“ მიმართებით Pfizer-ის ვაქცინის მეოთხე დოზის ეფექტიანობაზე ისრაელში კვლევა ჩატარდა

ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონისგან“ არასაკმარისად იცავს. Times of Israel-ი ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტის, პროფესორ გილი რეგევ-იოხაის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია. „ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის“, - განაცხადა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ და აღნიშნა, რომ ანტისხეულების დონე იმატებს მეოთხე დოზის შემდეგ, თუმცა „ომიკრონით“ მაინც ბევრიც ინფიცირებული. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

Moderna-ს ცნობით, კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა შესაძლოა, 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იყოს

კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა შესაძლოა, 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი იყოს. კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ თარიღი საუკეთესო სცენარის შემთხვევაშია განსაზღვრილი. ბანსელი თვლის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი. იანვრის დასაწყისში, Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ადამიანებს შესაძლოა დასჭირდეთ მეოთხე დარტყმა 2022 წლის შემოდგომაზე, რადგან გამაძლიერებლების ეფექტურობა COVID-19-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ შემცირდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ირანელი დიპლომატები საუდის არაბეთში 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩავიდნენ

ირანელი დიპლომატები საუდის არაბეთს 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწვივნენ. მედიის ცნობით, თეირანი მზადაა, განაახლოს თავისი საელჩოს მუშაობა რიადში. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ასეთი ნაბიჯი „დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრაქტიკულ ზომებს მიიღებს საუდის მხარე“. ირანმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წლის იანვარში, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გაწყვიტეს. ბოლო თვეებში, ერაყის შუამავლობით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და უთანხმოების გადაჭრა იყო.

ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, დაზიანებულია 700-ზე მეტი სახლი. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში დაფიქსირდა.

ფრიდრიხ მერცი: SWIFT-ის სისტემაზე რუსეთისთვის წვდომის შეზღუდვა მსოფლიო ბაზრებზე „ატომური ბომბის“ ეფექტს მოახდენს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორის SWIFT სისტემაზე წვდომის შეზღუდვა მსოფლიო ბაზრებზე „ატომური ბომბის“ ეფექტს მოახდენს. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის გათიშვამ SWIFT-დან „შეიძლება შეარყიოს ამ საერთაშორისო გადახდის სისტემის საფუძვლები“. მერცი შიშობს, რომ ამას სერიოზული შედეგები ექნება არამარტო ევროპულ-რუსულ, არამედ მსოფლიო ვაჭრობისთვის. „SWIFT სისტემისადმი ნდობის დაკარგვა შეიძლება ატომური ბომბივით იყოს როგორც კაპიტალის ბაზრებზე, ასევე საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე. ეს გავლენას მოახდენს რუსეთზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ჩვენ, როგორც მთავარ ექსპორტიორ ძალას“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. შეგახსენებთ, გასულ კვირას, დემოკრატთა ჯგუფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით აშშ-ის სენატს წარუდგინა კანონპროექტი სახელწოდებით „უკრაინის სუვერენიტეტის 2022 წლის აქტი", რომელიც ასახავს რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში. ეს გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და თავდაცვის მინისტრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის წვდომის შეზღუდვას საერთაშორისო ბანკთაშორის გადახდების სისტემაზე - SWIFT. ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებული რეზოლუცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრას გმობს და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარა. მისივე მიხედვით, სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვას.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბილ ბერნსი გასულ კვირაში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინის სპეცსამსახურები ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებთანაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკები განიხილა. შექმნილი ვითარება და დაძაბულობის დეესკლაციის ძალისხმევა ბერნსმა ზელენსკისთანაც განიხილა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პენტაგონისა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.

ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და პუტინის გასაფრთხილებლად, იარაღის მიწოდებას პირდებიან

აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ორშაბათს, კიევში ვიზიტისას, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის გასაფრთხილებლად იარაღის მიწოდებას დაპირდა. ამის შესახებ აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სენატორები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აფრთხილებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს. Reuters-ი წერს, რომ უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განგაში ატეხეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვრებთან და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, მათ შორის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინას ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად

მექსიკელი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან მოკლეს

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში მექსიკელი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან მოკლეს. 49 წლის ფოტორეპორტიორ მარგარიტო მარტინესს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ამასთან, მარტინესი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტიხუანაში რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებისთვის მუშაობდა და ქალაქში კრიმინალსა და ძალადობას აშუქებდა. „ის ბოლო დროს დაცვის პროგრამით სარგებლობდა, რადგან მუქარები მიიღო“, – აღნიშნა ჟურნალისტმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. ცნობისთვის, უფლებადამცველების მონაცემებით, 2000-2021 წლებში მექსიკაში 145 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან შვიდი გასულ წელს.

კელი დეგნანი: მომავალი დღეები გვაჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიალოგს

"მომავალი დღეები გვაჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიალოგს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან - როცა ჩართული ვართ დიალოგში რუსეთთან, ჩვენი ქმედებები ეფუძნება პრინციპებს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სასტუმრო რუმსში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებები მიიღება NATO-ს წევრი სახელმწიფოების და წევრობის მსურველი სახელმწიფოს მიერ და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ხმის, ან ვეტოს უფლება. "მომავალი დღეები გვაჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიალოგს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენდი შერმანმა და აშშ-ს ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა — როცა ჩართული ვართ ამ დიალოგში რუსეთთან, ჩვენი ქმედებები ეფუძნება პრინციპებს, რომ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებები მიიღება NATO-ს წევრი სახელმწიფოების და წევრობის მსურველი სახელმწიფოს მიერდა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ხმის ან ვეტოს უფლება. ჩვენ არ მოვილაპრაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, NATO-ზე — NATO-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოში საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს დაყოს ალიანსი, ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონპოლიტიკური, ეკონომიკური პარტნიორების. ამ ფუნდამეტს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია, ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ. რომ საქართველოს მოსახლეობსი აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს აშშ ერტგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და სრულად ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით, რომ ევროპის უსაფრთხოებას გმოუთხაროს ძირი, ვიმეორებ ჩვენი ძალა ერთობაშია", - განაცხადა დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება ვენდი შერმანი: რუსეთის მიერ წარმოდგენილი ძირითადი წინადადებები უბრალოდ განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის - 10% ხოლო 7 დღის - 10.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 614, იმერეთში - 827. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 285 პაციენტი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს. ორგანიზაციის ცნობით, USAID/საქართველო ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, სასამართლოებთან, მოსამართლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი მართლმსაჯულებით. „USAID საქართველო იწყებს კანონის უზენაესობის ახალ პროგრამას, ხუთწლიან ინიციატივას, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა მიზანია მართლმსაჯულების უკეთესი წვდომა მართლმსაჯულებასა და სასამართლო ინსტიტუტებთან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. „USAID-ის სტრატეგიას საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის აქვს სამი ძირითადი მიზანი: ქვეყნის მდგრადობის გაზრდა, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია თითოეული ამ მიზნის მისაღწევად. დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით ჩვენი ახალი პროგრამა გააძლიერებს კანონის უზენაესობას საქართველოს სასამართლოებში. ხელს შევუწყობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის; გავაუმჯობესებთ იურიდიულ განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა. „თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფის ჩართულობა კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. რადგან სწორედ კანონის უზენაესობაა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველი. სასამართლოებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, მართლმსაჯულების სექტორის სხვა დაწესებულებებთან და სასამართლოსთან მჭიდრო პარტნიორობასთან ერთად USAID ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციით, ინოვაციური პროცესების დანერგვით და სხვა სახის აქტივობების განხორციელებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერ ვაქცინირებული იყო, ასევე ე.წ. ბუსტერ დოზა ჰქონდათ გაკეთებული და ამდენად, ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი რა თქმა უნდა, ხსნის ამ ფაქტს“, - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

ამირან გამყრელიძე: თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს

"პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი. „შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, - განმარტა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი