ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ
„ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 50 პროცენტი ცირკულირებს „ომიკრონი“. „ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას, დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული
თამარ გაბუნია: მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „წახალისების მექანიზმი ეფექტურად მუშაობდა. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“, - განმარტავს გაბუნია. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
ამირან გამყრელიძე: ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნება აცრილი, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას
შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, 3 მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა სწორედ არაიმუნურ ფენაში გახლავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: თამარ გაბუნია: მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს
კელი დეგნანი: დავით ზალკალიანის NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა კარგი ნიშანია
"დავით ზალკალიანის NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის", – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. კელი დეგნანის თქმით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, ისევე, როგორც უკრაინასთან და საქართველოსთან, რათა უპასუხონ ევროპული არქიტექტურის არსებულ საფრთხეს. „ევროპული არქიტექტურის მშენებლობისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის. გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე. სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან; რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში; რუსეთია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს. ჩვენ ღია ვართ შეხვედრისთვის და მოსმენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით: პრეზიდენტის შეშფოთებას ვიზიარებ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეშფოთებას იზიარებს. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ საკითხს სიფრთხილე სჭირდება. „ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება“, – განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
კელი დეგნანის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს. „აშკარაა, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანია. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სიჩქარე და პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 14 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.
„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარს მიაღწია
„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად 88 დოლარს მიაღწია. „ბრენტის“ ნავთობის ფიუჩერსული ვაჭრობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 1.76 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მარტის მიწოდებისთვის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარი შეადგინა. „ბრენტის“ ბარელი ნავთობი 88 დოლარი ბოლოს 2014 წლის ოქტომბერში ღირდა. როგორც „როიტერი“ წერს, რომ ნავთობის გაძვირება დაკავშირებულია მიწოდების შესაძლო შეფერხების საფრთხესთან, რადგან იემენის შიიტმა ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობისგადამტან ავტომობილებეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ემენური დაჯგუფება იმუქრება, რომ სამიზნე შესაძლოა, სხვა ობიექტებიც გახდეს.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე 17 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია ESOL B.V, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე – რ.ა. წარმოადგენდა. სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომის და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე – ს.პ. წარუდგინა, რომლის მიერ გაცემული მითითებები რ.ა-ს დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს უპირობოდ უნდა შეესრულებინათ. „რ.ა.-ს და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდათ საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს „კაპიტალ ბანკის“ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ. უკანონო დავალების შესასრულებლად, სს „კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები – გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას. რ.ა. და ს.პ. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და საბანკო რეგულაციების გვერდის ავლით, ფიქტიური დანიშნულებებით და რიგ შემთხვევებში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საბანკო დაწესებულებაში რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა. რ.ა.-მ და ს.პ.-მ, სს „კაპიტალ ბანკის“ თანამშრომელთა – გ.გ.-ს, ს.ს.-ს და ლ.ხ.-ს აქტიური დახმარებით, მათთან კავშირში მყოფი ათეულობით იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის ლეგალიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, – ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. პროკურატურის მიერ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად“, – განაცხადეს პროკურატურაში.
გაეროს გენერალური მდივანი: შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ
"შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ", - ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ. თითოეულ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მონიტორინგში, ადრეულ გამოვლენასა და სწრაფი რეაგირების გეგმებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი გავაძლიეროთ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, საჭიროა გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირება, რათა მას ყველა ქვეყნისთვის მიუკერძოებლად მუშაობა შეეძლოს. „თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რობერტა მეცოლას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. „ვულოცავ რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტობას. ევროპარლამენტი არის ჩვენი ევროპული დემოკრატიის გულისცემა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას“, – მიმართავს შარლ მიშელი რობერტა მეცოლას. ცნობისთვის, ევროპარლამენტის წინა პრეზიდენტი დავიდ სასოლი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 860 000 ლარი. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.833 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება პირველ აპრილამდე შეჩერდა
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება პირველ აპრილამდე შეჩერდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ მორატორიუმი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის პირველ აპრილამდე შეჩერდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მოგეხსენებათ, „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა. ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ. მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული, მათ გაძლიერებაზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის განვითარება უმთავრესი საკითხია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაიზარდა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაიზარდა. რეხვიაშვილის თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 35-მა პაციენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ საშუალოდ მომართვიანობა დღეში 7-8 პაციენტს შეადგენდა. „კლინიკაში ჯერ ადგილების საშუალება არის, თუმცა თითქმის სრულად დატვირთული ვართ. დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და შესაბამისად, იქ რესურსი უკვე ამოწურული გვაქვს. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის. ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში უფრო მძიმე პაციენტები მკურნალობენ. ძირითადი გამოვლინება არის მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რესპირაციული ნიშნები. მოგვმართავენ ასევე ქრონიკული დაავადებებით, დიაბეტით და სხვა ქრონიკული დაავადებებით, რომელიც კოვიდმა უფრო გაუმწვავა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა. ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
კარლ ჰარცელი: ცესკოს საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი რთულია
"ცესკოს საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი რთულია. იმედი მაქვს, ყველა მთავარი დაინტერესებული პირი, ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში ჩართული იქნება", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, იყო გასულ ზაფხულს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ნაწილი და ამ წინადადების მთელი იდეა იყო, რომ გაზრდილიყო ნდობა და ხალხის მხრიდან საკუთრების განცდა მთავარი მოქმედი პირების მიმართ. ეს პროცესი და სიტუაცია რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 14 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. ასევე წაიკითხეთ: კელი დეგნანის თქმით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი", - განაცხადა ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. აქ ვართ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება
ევროკავშირის ელჩი: ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
"მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგომარეობის შესაფასებლად. „ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში,“- აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ენტონი ფაუჩი: ზედმეტად ადრეა იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღაა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, არის თუ არა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პანდემიის ბოლო ტალღა. „ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. თუმცა ეს ასე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს აარიდებს. ის კვლავ დარჩება , თუმცა დარჩება ისეთ დონეზე, რაც არ აფერხებს საზოგადოებას. ამ დაავადების სრულად აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის იქნება იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ დაარღვევს ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებს“, – განაცხადა ფაუჩიმ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციები: სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედია უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სანატორიუმში მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების „უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია“. განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „ღია საზოგადოების ფონდი“; „უფლებები საქართველო“; ქალთა ფონდი „სოხუმი“; „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია. სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა. უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო. დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის გასამართად მიიწვია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-რუსეთის საბჭოზე შეხვედრების ჩასატარებლად მიიწვია. იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, გამართოს რუსეთთან დისკუსიები სამხედრო წვრთნებთან, შეიარაღების კონტროლთან, განიარაღებასთან და ბირთვულ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით. „კონფლიქტის რისკი რეალურია. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ და ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მოსკოვისთვის მაღალი ფასი ექნება. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას“, – თქვა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.
ენტონი ბლინკენი უკრაინას და გერმანიას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18-20 იანვარს უკრაინას და გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევსა და ბერლინს ეწვევა. 19 იანვარს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა განამტკიცოს აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, რათა წარუდგინოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაწერილი გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მოვლენების შემდგომი ესკალაციის გზას აირჩევს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 13 იანვარს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად. ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და ევროპელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.