ძებნის რეზულტატი:

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებულები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები ყოველთვე 100 ევროთი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, მთავრობის მონაცემებით, საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის აცრილი, ან აცრის გასაკეთებლად ჯავშანი აქვს აღებული. დარჩენილია დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, რომლებიც დაჯარიმდებიან. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: საბერძნეთში კოვიდვაქცინით აცრა 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება

ეკონომიკის მინისტრი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება ინფლაციური კომპონენტის კომპენსაციაა

"სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს", - ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით - იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული იყო კოვიდ-პანდემია და იყო, რა თქმა უნდა, იყო გამართლებული ჩვენი მიდგომა, მაგრამ, ზოგადი ხედვა არის ის, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს უფრო მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ეს ყველაზე მეტად წაადგება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, იმიტომ, რომ სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსიბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს. „ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და, კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი: რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ

ჯანდაცვის ახალმა მინისტრს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უვადო პასპორტებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია. „აქტიური შემთხვევების 4% შეიძლება, მოხვდეს ჰოსპიტალში, აქედან გამომდიარე, პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი გაცილებით მეტია, ვიდრე თეორიულად დაგვჭირდეს“. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც და ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. „იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ამავე თემაზე ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უვადო "მწვანე პასპორტის“ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უვადო „მწვანე პასპორტებს“ მხარს არ უჭერს ეკატერინე ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტზე: სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ

მთავრობის სხდომაზე 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა. მათივე ცნობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული 2022-2030 წლების სტრატეგიის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და დაინვალიდების ტვირთის შემცირებაა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანია ექვსი სტრატეგიული ამოცანის შესრულება, ესენია: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სტიგმის შემცირება, ხარისხიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადიქციის მქონე პირთა მკურნალობის ხელშეწყობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეგულირება, მართვა, კონტროლი და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა. სტრატეგიის განხორციელების შედეგად როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, გაგრძელდება დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების ნაცვლად მცირე, სათემო სერვისების განვითარების პროცესი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკონომიკის მინისტრი: სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია. „ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - აღნიშნავს თურნავა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯანდაცვის მინისტრი: რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის საპროტესტო აქციაზე 2 პირი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის საპროტესტო აქციაზე 2 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ. ამასთან, ახალგაზრდული ფრთის წევრებს დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურდათ, რა დროსაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. როგორც ცნობილია, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გიორგი წულაია და დიმა ბიძინაშვილი დააკავეს. ასევე წაიკითხეთ: სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება

სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

პეჩორის რაიონული სასამართლო, სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სახელმწიფო ღალატის საქმეზე, უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლო იხილავს. პროცესს ესწრება ექსპრეზიდენტიც. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც სახელმწიფო ღალატშსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაშია ბრალდებული, კიევში 17 იანვარს დაბრუნდა. პოროშენკომ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. პოროშენკო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. „სამართალდამცველები არაკანონიერად ცდილობდნენ, უკრაინაში ჩემი შესვლა არ დაეშვათ. პასპორტს 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა უკრაინაში არ შევსულიყავი. ეშინიათ ჩვენი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. ასევე წაიკითხეთ: პეტრო პოროშენკო: ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შემიშალოს პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება

სენატორი რომნი: არ შეიძლება, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის უფლება მიეცეს

სენატორმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენაში. „[პუტინი] ცდილობს NATO-ს დაშლას - მის დასუსტებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი NATO არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთის გაჩენისთვის. მას უნდა გავაგებინოთ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ იფუნქციონირებს. მას არ ექნება ეს სიმდიდრე, თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ხელისუფლების დასამხობად“, - განაცხადა მიტ რომნიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია. „სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, როდესაც პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა კანონის გათვალისწინებით. გაუქმდეს 2 000-ლარიანი ჯარიმა“, – განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

ომბუდსმენი: როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კვალიფიკაციის გამოცხადება არასწორია

„როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, არასწორია პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კვალიფიკაციის გამოცხადება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას. „მე გავესაუბრე თვითმხილველებს შემთხვევის, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა და უბედური შემთხვევა. მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მით უმეტეს, რომ ამაზე არ მიუთითებს გარემოებები“, - განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს. ამავე თემაზე: ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ კაცის გარდაცვალებაზე: ეს არის უბედური შემთხვევა და დევნილების პრობლემასთან ნუ დავაკავშირებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, უნიკალურ მეგობრობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით საერთო საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს. გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წელს სრულდება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი და რომ მხარეები სათანადოდ აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე საპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატების შერჩევა მოხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიების მიერ. გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მინდობით აღზრდის ანაზღაურება გაიზარდა

მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში შევიდა, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. „ცვლილების მიხედვით, რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა კი – თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე. ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა. ასევე, გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები და ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება ნაცვლად 16 ლარისა, 35 ლარი იქნება. გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ-პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, მინდობით აღზრდაში 1 812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის 430 შეზღუდული შესაძლებლობის პირია.

ირაკლი კობახიძემ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთწლიან მუშაობას აჯამებს. კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს. „გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები: დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია; ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს; მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ლაშა დარსალია: სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს კონკრეტული თანამშრომლობის ნაბიჯები უნდა განვიხილოთ

მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რა სახის როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რომ მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები და ნაბიჯები, რომლებიც მეტად დააახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანს. „მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს გაჟღერებულ ორ წერილში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული სუვერენიტეტის პრინციპის წინააღმდეგ, კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. პირდაპირ იყო მიმართული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებსაც როგორც საჯარო, ისე დახურული შეხვედრების დროს ჩვენი პარტნიორები ავრცელებენ, რომ მკაფიო წითელი ხაზებია, რომლებიც ეხება საქართველოს სუვერენიტეტას და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს არჩევანს, გახდეს NATO-ს წევრი და რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოს, არ იქნება საქართველოსგან დამოუკიდებლად. ეს არის მთავარი ხაზი. ყველა შეხვედრაზე ისმის კონკრეტული მსჯელობები, რა ნაბიჯები უნდა გადადგან საქართველომ და პარტნიორებმა არსებულ ვითარებაში. მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც მიმდინარეობს, რა სახის, როგორი როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რათა მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რა საკითხები განიხილეს მინისტრ ზალკალიანის და NATO-ს წვერი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე

საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მათ შორის კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა NATO-ს წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანში, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის ასევე წვერი სახელმწიფოების მხრიდან ამ გზაზე შემდგომი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე NATO-რუსეთის დიალოგის ფარგლებში პარტნიორ სახელმწიფოებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რომ საქართველო წარმოადგენს NATO-ს ღირებულ და საიმედო პარტნიორს და ასევე აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში. „მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა NATO-ელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი და მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, შესაბამისად იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც იყო წამოწეული ცნობილ ორ დოკუმენტში, NATO-ელი პარტნიორების პოზიცია არის მყარი, რომ კერძოდ არ გადაიხედება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, და რომ არავის აქვს უფლება საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილოს ესა თუ ის რეგიონი და რომ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა თავად აირჩიონ თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსი სურთ გაწევრიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა NATO-ს ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდგომ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხედვებს, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მათ შორის კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა. მინისტრმა პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის შესახებ და მიესალმა პარტნიორ სახელმწიფოების მხრიდან კოორდინაციის გაზრდილ დინამიკას. NATO-ში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა პოლონეთის მისიის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის მიწვევით მიმდინარე წლის 17-18 იანვარს ხორციელდება.

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო, ჩვენ კიდევ გვაქვს კითხვები

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები" , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ელჩი აცხადებს, შეხვედრაზე ბევრი განსხვავებული საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დისკუსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თაობაზეც. „ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა

ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოდან ექსპორტირებულმა 18.2 ათასი ტონა თხილის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7,511 ტონა), გერმანიაში (3,523 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა)ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა)“, - აცხადებენ სამინისტროში.

აბუ-დაბის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში აფეთქება მოხდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში აფეთქება მოხდა. ინციდენტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, სამი სატრანსპორტო საშუალება აფეთქდა, რომელიც ნავთობპროდუქტებს შეიცავდა. „მცირე ზომის საფრენი აპარატის ნაწილები აღმოვაჩინეთ, რომელიც შესაძლოა დრონი იყოს, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია“, - განაცხადეს აბუ-დაბის პოლიციაში. ამასთან, იემენის ტერიტორიაზე მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფება „ანსარ-ალაჰმა“ (ჰუსიტები) განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა და უახლოეს საათებში განცხადებას გააკეთებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზებს ეძებს. ანალენა ბერბოკი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება. ამასთან, მედიის ცნობით, მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას Nord Stream 2-ის პროექტის შესაძლო შეჩერების შესახებ და აღნიშნა, რომ აგრესიის შემთხვევაში კრემლს მაღალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული ფასის გადახდა მოუწევს. ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა, რომ პროექტი გეოპოლიტიკურ გართულებებს უკავშირდება. „გერმანია კოორდინაციას გაუწევს თავის პოზიციას შეერთებულ შტატებთან 2021 წლის ივლისის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად და შეთანხმებულ ზომებს მიიღებს აგრესიის შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.